პარანოიული დისკურსი:
ახლა ჩემს ნამუშევარზე მინდა მოგიყვეთ, რომელიც თურმე, როგორც აღმოჩნდა, ჩემი სამხატვრო აკადემიის რექტორობის კანდიდატობის ყველაზე დიდი და მოუნელებელი პრობლემა გამოდგა და რომლის გამოც (ისევ თურმე) ჩვენს კულტურის სამინისტროს კულუარებში ჩოჩქოლ/მითქმა-მოთქმა დგას. ვინმე გიორგი გეგეჭკორი, მინისტრის ვაი-მრჩეველი ვიზუალურ დარგში და დიდი ქართველი მეფეების დიდი მხატვარი, ყველა ახალმოსულ მინისტრს პირველ “ნიუსად” (სიახლედ) ამ ჩემი ნამუშევრის დეტალებს აცნობს და ისინიც, ქართული უმწიკლო სულის მატარებლი მინისტრები, შოკში თუ არ ვარდებიან, მინიმუმ გულის პრანჭვა მაინც ეწყებათ, აღშფოთებულები კიდევ უფრო უმაგრებენ ზურგს სამხატვრო აკადემიას (“უზნეობებისგან” ახალგაზრდა მხატვრების დაცვის მედგარ ციტადელს). ჰოდა ასე ერთად უნდათ გადაარჩინონ საქართველო დასავლეთიდან შემოსული საშინელი და ტოტლური სენისგან - ”სტაფილოს” უადგილო და ურიგო მოხმარებისგან! (რომელიც დასვლეთში თურმე ქართველ მხატვარს შეუტანია და ქართული მორალის ექსპერტთა ერთსულოვანი აღიარებით შიდს-ზე ბევრად უარესია).
უახლესი ცნობით ამ შიშს სამხატვრო აკადემიის უმწიკლო სტუდენტთა ნაწილიც კი შეუპყრია. ისე, რომ ახალგაზრდობსაც ამ შიშ/ვარამში ჩაუდგამს შიშისგან მოკანკალე ფეხი.
პარანოიული დისკურსის დასასრული და ჯანმრთელი ფსიქიკის ანალიზის დასაწყისი:
ამ “სენსაციურ” ნამუშევარს გრძელი, საინტერესო და დაძაბული თავგადასავლის ისტორია აქვს.
90-იანების დასაწყისში, შტუტგარტში გაიმართა დიდი საერთაშორისო გამოფენა “ქანდაკება ევროპა-აფრიკა”, რომლეში მეც ვიყავი მიწვეული. ამ შოუს კატალოგის ყდაზე ჩემი ნამუშევარიც დაიბეჭდა და მასში ასევე ჩემი სტატია “თუთიყუშები და სტაფილოები” (Parrots and Carrots) შევიდა. ამ სტატიასთან დაკავშირებით შოუს მთავარმა კურატორმა ვერნერ მაიერმა პირადად დამირეკა და მითხრა, რომ ასეთი დახვეწილი და ასეთი სიღრმის სტატია დიდი ხანია არ წაუკითხავს ხელოვნებასთან დაკავშირებით და ბედნიერია რომ ის გამოფენის კატალოგშია. სტატია იმ ობიექტთან მიმართებაში დავწერე, რომელიც გამოვფინე. ეს ნამუშევარი სტაფილოების ბორცვს წარმოადგენდა, რომლის წვეტზეც,ყინულზე საციგურაო გოგონას თეთრი ფეხსაცმელი იყო დამაგრებული ციგურიანად; ფეხსაცმლის ყელში კი ასევე სტაფილოები იყო ჩატენილი. ასეთი ორი უშორესად მოაზრებული საგნის დაახლოება (სტაფილო და საციგურავო ფეხსაცმელი) უკვე დიდი ინტერპრეტაციების ველს ჰქმნიდა, მაგრამ ერთმანეთთან კონტექსტუალურ თამაშში თვითოეული საგანი ძალიან მნიშვნელოვან მეტაფორებად იქცა! სტაფილოს ეროტიული ფორმა და ფერი, (დედა)-მიწის საშოს სიბნელიდან ამოგლეჯილი არქაული ფალოსის მეტაფორაა, რომელიც ზოგადად ეროსის სიცოცხლისუნარიან საწყისს უკეთებს პრეზენტაციას. მაგრამ ამავდროულად, სხეულ დაკარგული და ეს ეული სტაფილო-ფალოსი კასტრაციის (დაკოდვის) შიშის მომგვრელ სიმბოლოდაც იკითხება. ისე რომ, ეს ერთი ციცქნა ობიექტი-ბოსტნეული გრანდიოზულ პარადიგმებს (იდეებს) უყრის თავს: ეროსი და თანატოსი ხომ ბუნების მთელ გრძლივობას მოიცავს. გოგონას საციგურაო ფეხსაცმელი სრიალთან, დინამიკასთან, სიმსუბუქესთან, გამჭვირვალობასთან, ელეგანტურობასთან, ხელოვნებასთან და ღმერთმა უწყის სულის კიდევ რამდენ მახასიათებელთან ასოცირდება. ამ ორი სიმბოლოს კავშირი დრამატულ სურათს წარმოადგენს, მითუმეტეს რომ სტაფილოების კონუსისებურ ბორცვს საციგურაო ფეხსაცმელი (სულის ნიშანი) თავზე ადგება, მაგრამ ამავე დროს მისი თეთრი სხეული მაინც სტაფილოებითაა გამოჭედილი. ეს ყველაფერი - ერთის მხრივ სულის მიერ მატერიაზე და ბუნებაზე ტრიუმფის მაჩვენებელია, მაგრამ მეორეს მხრივ სულის, მატერიალურ სამყაროში, მატერიაზე გადაულახავი დამოკიდებულებისაც.
აი ასეთი წარმოსახვითი სირთულეების მატარებელი იყო ჩემი სადა და უბრალო ობიექტი, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა - გამოფენაში მონაწილე მხატვრებისგანაც კი. სწორედ ასეთი განზოგადებების და ინტერპრეტაციების ანალიზი იყო სტატიაშიც რომელიც კატალოგში დაიბეჭდა.
ისე რომ აი ასე, და ასეთი კონოტაციებით შემოიჭრა ჩემს შემოქმედებით ენაში სტაფილოს მეტაფორის ფენომენი.
შემდეგი ეტაპი ბუდაპეშტის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, ჩემი პერსონალური შოუს დროს სტაფილოსგან შექმნილი კიბის უჯრედი იყო, რომელმაც ამ გამოფენაზე ცენტრალური პოზიცია დაიჭირა. ეს კიბის უჯრედი საშუალო ადამიანის სიმაღლისაა (180სმ) შვიდი აღმავალი ნაბიჯისგან შედგება და შემდეგ ციცაბოდ წყდება სივრცეში - ისე როგორც ადამიანის სიცოცხლე. ეს უამრავი სტაფილოთი აშენებული სისხლისფერ წითელ-ორანჯისფერი მკვრივი მასა მუზეუმის სივრცის ცენტრში გამოკიდებულ სიკვდილ-სიცოცხლის (ეროს-თანატოსი) კუნძულად იკითხებოდა.
სტაფილოს შემდეგი თავგადასავალი სწორედ ის ვიდეოა, რომელმაც ქართველ მინისტრებს და მათ მრჩეველებს თავზარი დასცა და მათ თავზე მფრინავი ანგელოზები დაუფრთხო. ეს ვიდეო ნამუშევარი სტაფილოს სერიიდან ყველაზე დრამატული და წარმატებული გამოდგა. ამ ვიდეო ნამუშევრის კადრში მე პროფილში ვდგავარ ოთხზე და კბილებით და უკანალით ორი სტაფილო მიჭირავს. ამ მონურ/ცხოველურ პოზას და ამ სტაფილოებით ბრიყვულ დაცობილ/გამსჭვალულობას კონტრასტად გასდევს ჩემი უწვრილეს ხმაზე ნამღერ/ნაყმუილარი ბახის ერთერთი ულამაზესი კანტატა - რომელიც ხმის ასეთი მაღალი ტონის გამო განუწყვეტლივ წყდება და ხროტინში გადადის…
ადამიანის შიშველი, დაუცველი სხეულის მონური უმოძრაობა, სხეულის სტაფილოებით (ეროს-თანატოსი) გამსჭვალულობა და ასეთ განწირულობაში და სიბეჩავეში რაღაც ღვთაებრივი სილამაზის და სიმაღლის სიმღერის მცდელობა ადამიანის ბედის იმეჯია. ადამიანის, არსების, რომელშიც ერთად იყრის თავს დამიწებულობა, განწირულოაბა, დაუცველობა და ამასთან ერთად გმირული მცდელობა ამაზე შემოქმედებითი ძალიასხმევით ამაღლების და ამ გარემოებებზე ზემოთ დადგომის! ამ ნამუშევრის სიღრმემ, ეფექტურობამ და დრამატულმა ტკივილმა ბევრი კურატორი და მნახველი მოხიბლა და ამიტომ იყო ეს ვიდეო ნაჩევენები ევროპის წამყვან მუზეუმებში - ტეიტის გალერეაში, ბუდაპეშტის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, დიუსელდორფის კუნსტ პალასტში, მიუნხენის ნუსერ-ბაუმგარტის გალერეაში…
ისევ ქართული პარანოიული დიკურსი:
ადამიანი ასეთ ვიდეოში რაიმე გარყვნილებას, სექსუალურს ან მახინჯს რომ დაინახავს ეს მისი დიდი პრობლემაა და ნიშნავს, რომ მასში ჯერ კულტურული არსება არ დაბადებულა, რომელსაც კულტურის პირობითი ვიზუალური ნიშნებით ოპერირების უნარი გააჩნია; მათი წაკითხვა, მოაზრება შეუძლია - შინაარსის ამოკითხვა და დასკვნების გამოტანა ძალუძს. ასეთია კულტურული ადამიანი - ადამიანი, რომელსაც ესმის ენობრივი-კულტურული ტერიტორიების ბუნება და რა ტერიტორიაზეც იმყოფება იმ ტერიტორიის პირობითი ენა ესმის, ფლობს და იმ ენაზე საუბრობს.
წარმოიდგინეთ, რომ კაცს ცოლი გაუხდა ავად და გენიკოლოგ ექიმთან წაიყვანა, უკან დაბრუნებულებს კი ამ კაცის ძმაკაცი დახვდა სახლში და კაცს ჰკითხა: სად იყავით? კაცმა უპასუხა ცოლი მყავდა გენიკოლოგთანო. ძმაკაცმა ჰკითხა: ის გენიკოლოგი კაცი იყო? კაცმა უთხრა: კი. ძმაკაცი გამხეცდა: შენი ცოლის მუტ--ი სხვა კაცს როგორ უნდა აჩვენო შეჩემა!!!
რას იტყვით? - იტყვით ეს რა გოიმია ვინ არიო - რაებს იძახისო? არა? ალბათ იტყვით. ჰოდა იგივე სიგოიმის ნიშანია სამინისტროს კულუარებში ჩიფჩიფი სტაფილოებზე! რადგან, ხელოვნების ტერიტორიაზეც სიშიშვლე სიშიშვლე არ არის - ის მხოლოდ ნიშანია, რომელიც შექმნილი ნამუშევრის მიხედვით იცვლის შინაარსს; სტაფილო, ბოსტნეული არ არის და არც დილდოა - მხოლოდ ნიშანია, რომელიც შექმნილი ნამუშევრის მიხედვით იცვლის შინაარსს; კიბეს ხელოვნების ტერიტორიაზე შეიძლება არსად არ მიყავდე, ის სიმბოლოა და გარკვეული შინაარსების შექმნაში მონაწილეობს.
ასეთია ქართველი მინისტრების შიშები, ქართველი ხალხის უკანალის უსაფრთხოებას რომ უფრთხილდებიან - ვინცობა ეპიდემია არ დაიწყოს სტაფილოს უადგილო ხმარების და საქართველოს (ამ თვალსაზრისით) მაღალ კულტურას არ გაედოსო. უკანალის დიდო დარაჯებო, თუ მინისტრები ხართ (და მინისტრების ვაი-მრჩეველები) წინ და ევროპისკენ ყურება დაუვალებიათ თქვენთვის (ეს მე მგონი არც გაქვთ გაცნობიერებული), მოიკრიფეთ თვითირონია და ასეთ “საშიშროებებზე” ძალიან ნუ იღელვებთ - ყველა თავის უკანალს მოუვლის.