რამდენიმე დღის წინ მთელი საქართველო შეძრა ახალმა ტრაგედიამ: ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ყოფილმა ქმარმა ლექტორ ქალბატონს სამი ტყვია დაახალა, შემდეგ კი თავი მოიკლა. ამ ბოლო დროს მეტისმეტად გახშირდა ქალთა მკვლელობა ყოფილი, ან „მოქმედი“ ქმრების მიერ. 2010 წელს ერთი ასეთი ფაქტი დაფიქსირდა; 2011 წელს – სამი, 2012 – რვა, 2013 – შვიდი. მიმდინარე წელს პირველი ათი თვის მანძილზე უკვე ოცზე მეტი ქალი გამოასალმეს სიცოცხლეს, ანუ სტატისტიკის თანახმად ოჯახური ძალადობის ნიადაგზე თვეში ორ ქალს კლავენ. თუკი ეს ტენდენცია არ არის, მაშინ რასთან გვაქვს საქმე? რა მოსდით ქართველ მამაკაცებს? დროა გავერკვეთ რა გვჭირს და საპრევენციო სტრატეგიაზე ვიფიქროთ.
ოდესღაც საქართველოში
ქალთა წინააღმდეგ მიმართულ აგრესიას, ე.წ. ფემინოფობია ასაზრდოებს. ამ მოვლენის ფესვები უხსოვარ წარსულში უნდა ვეძიოთ: „ხმელეთსა და ზღვაში მობინადრე უცნაურ ცხოველთა შორის ქალი ყველაზე ამაზრზენი პირუტყვია“, – წერდა კომედიოგრაფი მენეაგრე. ეკლესიის მამებმა უარყვეს წარმართობა, სამაგიეროდ აიტაცეს და იდეოლოგიურად გააძლიერეს ფემინოფობია: 565 წელს საეკლესიო კრებამ მთელი სერიოზულობით იმსჯელა საკითხზე ჩაეთვალათ თუ არა ქალი ადამიანად. ნებისმიერი ფემინოფობი მტკიცედაა დარწმუნებული, რომ ქალის „ნებაზე მიშვება“ არ შეიძლება. ასე ჩამოყალიბდა, თუკი ილიას დავესეხებით, „ჩატეხილი ხიდის“ გენდერული ვერსია.
საქართველოც ფემინოფობიით შეპყრობილი სამყაროს ნაწილია. ჩვენს წინაპრებს დესპოტი ქმრების შესაკავებლად შესაბამისი ნორმების დაწესებაც კი მოუხდათ: „კაცი რომ ცოლს სტანჯავდეს და უპატიურად ეპყრობოდეს და ურიგოს უშვრებოდეს, მეფემ ის კაცი დააბას და დატუქსოს, ავად მოეპყრას და კათალიკოზმაც ასე უყოს. სხვა რამ ამას გარდა თუ ცოლ–ქმრობაში რამე ურიგო მოხდეს, ის კათალიკოზმან იცის“ (ვახტანგ VI–ის სამართლის წიგნი; მუხლი 64). ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ პროტესტი მკაფიოდ აისახა ეგნატე ნინოშვილისა და დავით კლდიაშვილის შემოქმედებაში.
XIX საუკუნეში გაჩაღებული „მამათა და შვილთა ბრძოლა“ ყველასათვის ცნობილი ქრესტომათიული ფაქტია; სამაგიეროდ მხოლოდ თითო–ოროლა სპეციალისტმა თუ იცის სქესთა უმწვავესი დაპირისპირების შესახებ იმავე საუკუნის 80–90 წლებში. აღნიშნული პერიოდის პრესა გადაჭრელებულია ქალთა და მამაკაცთა პაექრობის ამსახველი პუბლიკაციებით. ამ ისტორიული ფაქტის პერიპეტიები დაწვრილებითაა განხილული ლელა გაფრინდაშვილის წერილში „დედათა კითხვა და/თუ „ქალთა საკითხი საქართველოში“ (კრებული „გენდერი, კულტურა, თანამედროვეობა“ თბილისი 2005 წ.) ძალიან სიმპტომატურია, რომ ქალები ანონიმებად ყოფნას არჩევდნენ. გამონაკლისი ბარბარე ჯორჯაძე აღმოჩნდა:
„პირველიდანვე დაწყებული ყველა კაცი დედაკაცის გაკილვაში ყოფილა და არის. ყოველივე ბრალეულობა ქალს მიაწერეს და დიდად ცდილობენ ეს თავისი ამხანაგი ყოვლის გზით დაეცათ და დაემდაბლებინათ... შენი წესი ის უნდა იყოს: ხმაგაკმენდილი ჩუმად იყო... სწავლა და სხვა ენებით განათლება რა შენი საქმეაო... თვითონ მამაკაცმა კი შეისხა ამპარტავნობის და ზვაობის ფრთები... გაიფართოვა გზა და დედაკაცი ვალდებულებაში ჩააგდო: თუ მე არა, ლუკმას ვერ შესჭამო, რა იყო უფრო დაემონებინა“ („ორიოდე სიტყვა ყმაწვილ კაცების საყურადღებოდ“; ჟურნალი „კვალი“ 1893 წ).
მაინც რამ გააგულისა მამაკაცები? თურმე ნუ იტყვით და ზოგიერთმა „გამეტიჩრებულმა“ ქართველმა მანდილოსანმა განათლება და საზოგადოებრივი აქტიურობა მოინდომა. სწორედ ასეთებს ამკობს მწერალი, პუბლიცისტი, თეატრალური, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე დავით კეზელი: „ის მირჩევნია.. შავი ზღვის ცხრილით ამოხაპვა განვიზრახო, მანამ ქალს მეცნიერული ბაასი გავუბა, როგორი ჭკუისა და განათლებისაც არ იყოს ის... გამოირეკეთ თავიდან ოცნებები ექიმობაზედ, პროფესორობაზედ და შეეცადეთ შეიქმნათ დროის შესაფერი დედები... ამერიკელ და ევროპელ ქალებთან თქვენ თვალის სარგო არ გაქვთ. იმიტომ რომ „Quod licet Jovi, non licet bovi“ (რაც ნებადართულია იუპიტერისთვის, არაა ნებადართული ხარისთვის)...“ როგორც ვხედავთ, ბატონი კეზელი ყველა ქართველ ქალს – „ტვინარეულსაც“ და „სამაგალითოსაც“ მეორეხარისხოვან არსებებად აცხადებს.
გენდერული სტიგმა ვერ დაძლიეს აგრეთვე ილია ჭავჭავაძემ და აკაკი წერეთელმა. საუბედუროდ, ისინიც მანდილოსნების მლანძღველთა შორის აღმოჩნდნენ:
„დღეს ღვთის მადლით ქალებიც არიან თითო–ოროლა რომ ჩვენს სჯულზედა დგანან, მაგრამ თქვენ ვერც იმათ იცნობთ... თქვენის წრის ქალებზედა კი კარგა ხანია გულგატეხილები ვართ. შრომასა და თანაგრძნობას არ გთხოვთ, მხოლოდ ნუ სცდილობთ, რომ ჩვენს მტრებთან ერთად ხელი გვიშალოთ და გვაბრკოლოთ... სულ რომ ჩამოვთვალო თქვენი ცოდვები, მაშინ მელნად შავი ზღვა მოგვინდება, საწერლად იალბუზი, კალმად კი თქვენი გრძელი ენა“, – უქნევს თითს აკაკი წერეთელი მიზანში ამოღებულ ქალბატონს.
„თუ „ცისკარი“ უვარგისია, კიდევ თქვენგან, ყვავებო ფარშავანგის ფრთებითა, ბულბულებო ყორნის ჩხავილითა!... ესტეტიკური, სენტიმენტალური, დრამატიზმი და სხვანი... ეს სიტყვები სუსტი არსებებისთვის ძნელი მოსანელებელია... მაღალსასწავლებელს დაბალი გონება ვერ მისწვდება, ტყუილია..“ – ეს კი დიდი ილია ამკობს ბარბარე ჯორჯაძეს.
ამ ანტიფემინურ ბაკქანალიაში ეულად გაჟღერდა ცნობილი პუბლიცისტის, მწერლისა და საზოგადო მოღვაწის სერგი მესხის საღი აზრით აღსავსე სიტყვები: „ჩვენ ისეთი თვალით ვუყურებთ ქალს, რომ იმის ნახვით პირუტყვული გრძნობის დაკმაყოფილებისა და არშიყობის მეტი აზრი არაფერი მოგვდის. საზარელია ამისთანა შეხედულება ქალზე... ყველასათვის, ვისაც გონება მამაპაპური აზრებითა და ცრუმორწმუნოებით არ აქვს დახშული, ცხადია, რომ ქალი კაცის თანასწორად არის გაჩენილი, რომ იმის დამონება და სხვადასხვა უფლებების წართმევა სიკეთის მაგივრად ვნებს კაცობრიობას და აფუჭებს იმის ბუნებას და ხასიათს, როგორც საზოგადოდ გაფუჭებულია ყოველი „მონისა“ და „ბატონის“ ბუნება..“
რა შეხებაშია ეს უკვე ისტორიას ჩაბარებული „სქესთა პაექრობა“ ჩვენს თვალწინ გაჩაღებულ ცოლების ხოცვასთან? – იკითხავს მკითხველი. ახლავე მოგახსენებთ: ერთსაც და მეორესაც გენდერული სტიგმა ასაზრდოებს. ამ საზოგადო ჭირის უნივერსალურ ფორმულად შეიძლება მივიჩნიოთ ცნობილი ფრაზა: „არარაობავ, დედაკაცი უნდა გერქვას შენ!“ აქედან მოდის ყბადაღებული: „ქალი – „კუხნაში“!“. „მეტიჩარა“ კი უნდა დაისაჯოს. სასჯელს ფორმა დამოკიდებულია „დამსჯელი ინსტანციის“ კულტურულ დონეზე: ერთი კრიტიკულ წერილს დაწერს, მეორე – შეაგინებს, მესამე სცემს, მეოთხე კი... მოკლავს! ამ ბოლო ხანს „მეოთხეები“ მეტისმეტად მოგვიმრავლდნენ.
პარალელი: მსოფლიოს ხალხთა ზღაპრებში არსებობს უნივერსალური სიუჟეტი, რომელშიც კეთილშობილი ქალი ურჩხულად ქცეულ ვაჟს ადრინდელ იერს უბრუნებს. ფსიქოანალიტიკური ხედვით „ურჩხული“ ფემინოფობად გარდაქმნილი მამაკაცია. ხალხურმა ფანტაზიამ ტრანსფორმირებული სახით შემოგვინახა სქესთა შორის ჩატეხილი ხიდის აღდგენისკენ არქეტიპული ლტოლვა. ძალზე საინტერესოა, რომ მთავარი როლი სწორედ ფაქტობრივად უფლებააყრილ ქალს დაეკისრა. თუმცა ეს ცალკე გასაანალიზებელი თემაა.
ყელშიწაჭერილი „ლომის ბოკვრები“
„ურჩხულების“ მომრავლებაში ლომის წილი მიუძღვის აღზრდის ტრადიციულ მოდელს, რომელიც დედის მხრიდან გადაჭარბებულ მზრუნველობა–მეურვეობაზეა დაფუძნებული. ფიზიოლოგიური მშობიარობა წესით უნდა დაგვირგვინდეს სოციალური „მშობიარობით“, ანუ პიროვნების ჩამოყალიბებით. საქართველოში ეს პროცესი დარღვეულია, რამეთუ დედები „კენგურუს კომპლექსით“ არიან შეპყრობილნი. ისინი განსაკუთრებით, „გვარის გამგრძელებელს“, ანუ ვაჟს ელოლიავებიან; შედეგსაც ვიმკით: მეტისმეტად მოგვიმრავლდნენ ბავშვობაში ჩარჩენილი „დედიკოს ბიჭები“ - ინფანტილური მამაკაცები.
საინტერესო დეტალი: ფსიქოლოგ ერიკ ბერნის უნივერსალური მოდელის თანახმად, ნებისმიერ ადამიანში ზის „ბავშვი“, „მშობელი“ და „მოზრდილი“. „ბავშვი“ იმპულსური ქცევის წყაროა, „მშობელი“ - რაციონალური საწყისი, რომელიც „ბავშვს“ აკონტროლებს, ხოლო „მოზრდილი“ორივეს აწონასწორებს; სრულფასოვან პიროვნებაში რაციონალური და ემოციური მხარე დაბალანსებულია. ტრადიციული მოდელი ანგრევს „მოზრდილს“, ამდენად, წონაწორობა „ბავშვის“, ან „მშობლის“ სასარგებლოდ ირღვევა. პირველ შემთხვევაში ვღებულობთ „დოყლაპიას“, ხოლო მეორეში – დესპოტს. საბოლოო ჯამში ორივე არასრულფასოვანი, ინფანტილური ადამიანია.
მაგრამ რატომ იქცევა ქართველი დედა ასე არაადაკვატურად? ათიოდე წლის წინათ პრესაში გამოქვეყნდა კარიკატურა საკმაოდ გროტესკული სიუჟეტით: ქართლის დედა ასეირნებს ორ, კისერში აღვირწაჭერილ ბიჭუნას. ნახატის ერთი დეტალი პასუხზე მიგვანიშნებს: დედას თავად აქვს ყელში წაჭერილი აღვირი, რომლის დამჭერი „კადრს“ მიღმაა. ვინ არის ეს იდუმალი პერსონა? პასუხი აშკარაა: საზოგადოებრივი სტიგმა, რომელიც ქალს „კუხნაში“ აგზავნის. „ქართლის დედა“ თავადაც ძალადობის მსხვერპლია. მას ასპარეზი მოუსპეს, ან შეუზღუდეს; ამიტომ შვილების ხარჯზე ახდენს თვითრეალიზაციას.
„ყელშიწაჭერილი“ ქართველი დედები პოტენციურ მოძალადეებს ზრდიან. როდესაც თავისუფლებაშეზღუდული „ბოკვრები“ „კიდევაც დაიზრდებიან“, არც კი გაახსენდებათ, რომ „ლეკვი ლომისა სწორია“ და ცოლს „წაუჭერენ ყელში“. ალბათ გინახავთ როგორ აყენებს კუთხეში, ან სულაც ამტვრევს ბავშვი „ურჩ“ სათამაშოს. მოზრდილი „პატარაც“ ასე უსწორდება დიდ „ტიკინას“ – მეუღლეს. სრულ სიმართლეს ღაღადებდა სერგი მესხი: ქალის დამცირება საზოგადოებას დამღუპველი პრობლემებით უბრუნდება. „დედიკოს ბიჭის“ არაადეკვატური აგრესიულობა ადრე თუ გვიან შხამიან ნაყოფს გამოიღებს ოჯახში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სამსახურში და... პოლიტიკაში.
მნიშვნელოვანი დეტალი: დედის დიქტატმა ქართველ მამაკაცს მის მიმართ ქვეცნობიერი აგრესია ჩამოუყალიბა. სწორედ ამის მაჩვენებელია, ე.წ. „ჩემი დედა..“. საკუთარი დედის გინებით მოსალოდნელი საფრთხისგანაც თავს იზღვევს - სხვისი დედის შეურაცხყოფისთვის , შესაძლოა, დანა გაუყარონ. თავის სილაჩრეს „დედიკოს ბიჭი“ ხშირად „მამაკაცური“ მანერებითა და ხაზგასმული უხეშობით ნიღბავს.
ოცი განაწყენებული „დედიკოს ბიჭი“
ფსიქიატრ მანანა შარაშიძის სიტყვით, ქართულ საზოგადოებაში, ტრადიციულად, ხდება „ძლიერი სქესის“ საკრალიზაცია და მისი დომინირების წახალისება. პოზიციების დაკარგვა მამაკაცისთვის სტრესის წყაროდ იქცევა. მძიმე განცდების ფონზე ხშირად გულ–სისხლძარღვთა დაავადებები და ნევრალგიური დარღვევები უვითარდება. სწორედ ამაზე მეტყველებს ორმოცს გადაცილებულ მამაკაცთა გახშირებული სიკვდილიანობა გულის დაავადებებით.
პარალელი: იგივე სიმპტომები აღენიშნებათ ხანშიშესულ ბაბუინებს (პრიმატთა სახეობა), რომლებიც ჯოგის დაცვას ვეღარ ახერხებენ. სხვა მამრთა უპირატესობა მათ სასოწარკვეთილებაში აგდებს და მწვავე ნევროტული დარღვევები ეწყებათ.
ნებისმიერ მამაკაცს სურს იყოს „ყველაზე მთავარი ბაბუინი“ თუ არა, ანგარიშგასაწევი პერსონა მაინც. წარუმატებლობა სასოწარკვეთილებაში აგდებს: „რა კაცი ვარ მე ახლა? აი, კაცი მაშინ ვიყავი, როდესაც მთელ კურსს რესტორანში ვპატიჟებდი და მერე ყველა გოგონას ტაქსით ვუშვებდი სახლში!“– მითხრა ერთმა ორმოცს გადაცილებულმა მამაკაცმა. საკუთარი უსუსურობის განცდით ნაკვები აგრესია ნელ–ნელა გროვდება და რაღაც მომენტში გადმოხეთქავს; საკითხავია მხოლოდ როდის, ვის წინააღმდეგ და რა ფორმით. დეპრესიისკენ მიდრეკილმა ადამიანმა, შესაძლოა, თავი მოიკლას.
მხოლოდ ციფრები: 2008 წელს თვითმკვლელობის 67 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 2009 წლის სტატისტიკური მონაცემებით, სიცოცხლე თვითმკვლელობით 183-მა ადამიანმა დაასრულა, აქედან 149 - მამაკაცი იყო, ხოლო 39 - ქალი. 2009 წელს თავი მოიკლა 49 მამაკაცმა, 39–მა ქალმა. 2010 წლის პირველ ორ კვარტალში თვითმკვლელობის 161 შემთხვევა დაფიქსირდა (134 – მამაკაცი, 27 – ქალი).
ზოგადად, თვითმკვლელობისა და მკვლელობის იმპულსები საერთო წყაროდან საზრდოობს. ფსიქოლოგებმა ია ახვლედიანმა, მარინა ბალიაშვილმა და აწ განსვენებულმა ნატა ზაზაშვილმა „რეზონანსისთვის“ მიცემულ კომენტარებში გააფრთხილეს საზოგადოება, რომ საკუთარი თავისკენ მიმართული აგრესია ადრე თუ გვიან სხვათა წინააღმდეგ მიმართულ ანგარიშსწორებად გადაიქცეოდა.
ჩნდება კითხვა: რატომ კლავენ მაინცდამაინც ცოლებს ცხოვრებაზე გულმოსული მამაკაცები?
პატრიარქალური გაგებით სწორედ ცოლია „დაბალი ღობე“, მაგრამ ეს ახსნის მხოლოდ ნაწილია. კრიზისულ წლებში სწორედ ქალებმა გამოიჩინეს სიყოჩაღე: წამოიწყეს მცირე ბიზნესი, ვაჭრობა; ზოგი საზღვარგარეთ წავიდა ოჯახისა და არაფრის მაქნისი (ხშირად კი გალოთებული) ქმრის გადასარჩენად. მათ აშკარად აჯობეს კაცებს გამძლეობაში. ბებერ ბაბუინს თუ სხვა მამრთა უპირატესობა აგდებს სასოწარკვეთილებაში, კრიზისით გასრესილ ქართველი მამაკაცი საკუთარი ცოლის სიყოჩაღემ დააკომპლექსა. მაშინაც კი, როდესაც მამაკაცი არჩენს ოჯახს, მისი კონკურენტები ხშირად ქალები არიან და „დედაკაცთა გამეტიჩრებით“ აღძრული გაღიზიანება ნელ–ნელა გროვდება. გადაიქცევა თუ არა ბოღმა დამანგრეველ აგრესიად კონკრეტულ სიტუაციაზეა დამოკიდებული.
საუბედუროდ, ფსიქოლოგთა პროგნოზი გამართლდა. რაღაც მომენტში ერთიმეორის მიყოლებით გამოჩნდა ოცი ცხოვრებაზე განაწყენებული „დედიკოს ბიჭი“, რომლებსაც ხელიც კი არ აუკანკალდათ ისე გაიმეტეს საკუთარი შვილის (შვილების) დედა.
წახალისებული ძალადობა და „კანონიერი მოძალადენი“
საზოგადოება წლების განმავლობაში თვალს არიდებდა გენდერულ პრობლემებს, რამეთუ პანიკურად ეშინოდა ცვლილებების ამ სფეროში. არც თუ იშვიათად მამაკაცები შიშს გაკილვა–დაცინვით ნიღბავდნენ. ათიოდე წლის წინ პროფესორმა ლელა გაფრინდაშვილის გენდერულ თემაზე დისერტაცია დაიცვა. არასოდეს დამავიწყდება დაცვაზე შექმნილი სიტუაცია: დამსწრე მამაკაცებმა არააქტუალურად მიიჩნიეს გენდერული თემატიკა. ზოგმა ისიც კი ბრძანა, ასეთ საკითხებზე საუბარი ჩემში ღიმილს იწვევსო.
უფრო ადრე ადა მარშანიამ პარტიულ სიებში ქალთა რაოდენობის კვოტირების პროექტი წარადგინა. პარლამენტარ მამაკაცთა რეაქცია გამაოგნებლად ოდიოზური აღმოჩნდა:
– კი ბატონო, სულ ქალბატონები, თანაც მხოლოდ ლამაზები დავსვათ პარლამენტში; ისინი საქმეს უკეთ გააკეთებენ. ჩვენ კი თოხი დავიჭიროთ! – „დიდსულოვნად“ დათმო ჯემალ გოგოტიძემ.
– მეშინია, რომ პარლამენტში მოსახვედრად მამაკაცები ქირურგიული წესით სქესს გადაიკეთებენ! – „შეშფოთდა“ გიგი წერეთელი.
– ოხო, ხო, ხო!... კუზანოვს რიგი დაუდგება! – გამხიარულდა გივი შუღაროვი.
– მოდით ზედა და ქვედა პალატა დავაარსოთ! ზედაში ქალბატონები დავსვათ, ჩვენ კი ქვედაში ვიყოთ! – „მიაგნო“ კომპრომისულ ვარიანტს ვასილ მაღლაფერიძემ.
ჩვენ ვიხილეთ არა „მოზრდილთა“ რეაქცია, არამედ ახუნტრუცებულ „ბავშვთა“ გნიასი. კულუარებში უარესებიც ითქვა. გთავაზობთ ორ ტიპურ „მარგალიტს“:
„კი მაგრამ, სად მოვნახოთ ამდენი ჭკვიანი ქალი ერთად?“
„რა საჭიროა ეს მეტიჩრობა? ბოლოსდაბოლოს ქალის საქმე ქმარი და ოჯახია!“
ამ სიცილ–ტკარცალისა და მიუღებლობის უკან იკითხება ქვეცნობიერი, ან სულაც ცნობიერი ფემინოფობია – შიში საკუთარი პოზიციების დაკარგვის წინაშე. სწორედ ფემინოფობიით საზრდოობს აგრეთვე გენდერულ პრობლემათა არსებობის ჯიუტი იგნორირება. ყველას კარგად გვახსოვს როგორი მწვავე დებატების ფონზე მიიღეს კანონი „ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ“; პარლამენტართა დიდი ნაწილი ჯიუტად უარყოფდა საქართველოში ამ მოვლენის არსებობას. ამ დროს ცოლების ხოცვა უშველებელი აისბერგის მხოლოდ წვერია. მსგავსი ტრაგედია შესაძლოა ნებისმიერ ძალადობრივ ოჯახში მოხდეს. როგორც სავსებით სამართლიანად აღნიშნა ფსიქოლოგმა მანანა შარაშიძემ, არაფერი გვეშველება, სანამ ჩვენი საზოგადოება და ეკლესია „მაჩოებს“ წაახალისებს, ხოლო ქართველ დედები და მამები „მაჩოებს“ გაზრდიან.
ცნობისათვის: ოცდამეერთე „განაწყენებული ბოკვერი“ პოლიციელის ტყვიამ სწორედ მაშინ იმსხვერპლა, როდესაც ამ ესეზე ვმუშაობდი. ქალი გადარჩა, მაგრამ გენდერულ სტიგმას ამჯერად ქმარი შეეწირა. უკიდურესად მნიშვნელოვანია ძალადობის საპრევენციო სტრატეგიის შემუშავება და გამართული ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემის დანერგვა. თუკი რამე არ ვიღონეთ, გამწარებული ქალები პოლიციას აღარ დაელოდებიან და პისტოლეტს აქეთ მოიმარჯვებენ. საბოლოოდ კი ცხოვრებაზე გამწარებული ხალხი ერთმანეთს სქესის და ასაკის განურჩევლად დაერევა.