სწორედ ჩვენი 200–წლიანი წარსული, აკვანში ზედმეტად ნარწევ ბავშვს რომ დაგვამგვანა და უკვე (ტერმინად) გაჟღერებული “საბჭოთა მეტასტაზები” გვკიდია ქართველებს სხეულზე ძონძებივით და სწორედ ეს ძონძები გვიშლის წინ მოძრაობას! – მეტასტაზების მიერ დაკრუნჩხულ–გაუკუღმართებული "ეთნიკურ–ტრადიციული" გაგებების მარაზმები! – მხოლოდ ახლა უნდა ვისწავლოთ და გავარჩიოთ რა არის და რა არ არის ღირებული, ჭეშმარიტად და ნამდვილად მაღალი და დაბალი, დახვეწილი და კიჩი (კიჩში ვზივართ ყელამდე!) და არ ველაქუცოთ ყველაფერს და პირველ რიგში ერთმანეთს!
დადგა ნამდვილი, კულტურული თვითგამორკვევის დრო და სწორედ ამიტომ დრო "სკალპელის" და არა ვარდისფერი პომადით მოდღაბნილი ტუჩებით კოცნაობის! მახინჯი სქემებით და დაზუთხული “მხატრულობით” გაკეთებული კულტურის ქმნილებები, რომელსაც ამკვიდრებს და პოპულარიზაციას უკეთებს ჩვენი კულტურა (და რომლის ფლაგმანია სამხატვრო აკადემია!) უნდა ჩამთავრდეს და ჩვენი შვილების ესთეტიკური გემოვნება არ უნდა მოშხამოს! როგორც უკვე მოშხამა და დააბეჩავა ჩვენი თაობა! ამის დაშვება აღარ შეიძლება! ეს ყველაფრის მიმღებლობის და მორბილების, ერთმანეთის ლოკვის და უკლებლივ ყველაფრის ლამაზ ქაღალდებში შეფუთვის ფსიქოლოგია მეგობრულ, ნათესაურ, კლანურ დონეზე აბსოლუტურად დამაკნინებელი და კეთილშობილებისგან ძალიან შორს მდგომი ფსიქოლოგიური პლატფორმაა, სადაც ადამიანი ფორმას ვერ იღებს და პლაზმად იქცევა! ვერ იგებს, რა რა არის – სად არის ხარისხი, სად არის სიმაღლე (ვისაც ამაში სერიოზულად გარკვევა უნდა წაიკითხეთ გრინბერგის ცნობილი "კიჩი და ამაღლებული")!!!
დღეს უკლებლივ ყველა დარგში სერიოზული, თავგადადებული პროფესიონალები და ექსპერტები გვჭირდება. ისეთები, რომლებმაც იციან თავიანთი საქმე და შეუძლიათ ხალხი დაარწმუნონ იმაში, თუ რა არის პროფესიონალური ღირებულებები, რაშიც მაღალი მორალურ/ეთიკური ბუნებრივადაა ჩაქსოვილი – რახან მაღალ ფორმაში, რომელიც "ეთნიკურ-ტრადიციულ" კიჩს გამორიცხავს მაღალი მორალური ღირებულება იგულისხმება (არავის ეგონოს, რომ ეთნიკურ-ტრადიციულის ულამაზეს და უღრმეს ძირს ეხება აქ ვინმე! რაც ჯვრის მონასტრის პროპორციებში ან მისი დეკორის სისადავის სპეციფიკაში გამოიხატება). საბჭოთა ბანალური აგიტაცია/პროპაგამდის ენობრივი კალკა-ლაპსუსები "ეთნიკურ/პატრიოტული" ხასიათის და ასე შემდეგ უნდა წავიდეს ხელოვნების ენიდან!!! იესოს ქანდაკება რიოს თავზეც ისეთივე ერთმნიშვნელოვანი ბანალობაა და გულისამრევად პრიმიტიულ-სენტიმენტლურია, როგორც ჩვენი “სამამულო” პროდუქციის აგიტპროდუქტები (ყვერებმაგარი ქართველი ლომ-ბიჭები ხმლით). ერის გემოვნებაზე უნდა ვიზრუნოთ და არა ერთმანეთის "მოფერებებზე" და ბამბებით მოვფინოთ ქვეყანა – არიქა ვინმე არ დაეცესო... ეს გარდამავალი დროა(!) – სიბეციდან, სიბრმავიდან და კიჩის სიბნელიდან თვითშეგნებისა და თვითგამორკვევისკენ. ეს ყველა სიბრმავ-სიბეცე, საბჭოთა ანონიმური ტერორის წინააღმდეგ ქართველების მიერ გამომუშავებული გადარჩენის უმახინჯესი ფორმებიდან მოდის – რაც ნათესაურ-მეგობრულ-კლანურობაში გამოიხატება. ქართველი უნდა გაფორმდეს როგორც პიროვნება – ინცესტუოზურ ტენდენციებზე ამაღლებული და ისეთი საღი და გამჭვირვალე ფსიქიკის მქონე, როდესაც მის ისტორიის ძონძებჩამოგლეჯილ შიშველ სულსა და ღმერთს შორის არავინ და არაფერი იდგება. არც მამული, არც ენა, არც სარწმუნოება (სულ ერთია ჩამოთვლის რა რიგით!). ეს უკიდეგანოდ გადახსნილთან თანხვედრაა და ამაზე ფიქრი მან უნდა დაიწყოს – დრო დაუდგა! ეს დიდ სიმამაცეს მოითხოვს და ქართველმა ასეთი ძალები საკუთარ თავში უნდა იპოვოს მხოლოდ! ის უნდა გაფორმდეს, როგორც ინდივიდუმი და პიროვნება – ამის დრო დადგა!
სოციუმის დონეზე კი, დღეს, ასეთ გარდამავალ დროს, ვეერები, ბამბები და კარგი სურვილებით ჩატკბილებული ან მოსულელო სურათ-სიმღერა-ბაიათები არ გამოდგება! გამოდგება მხოლოდ ანალიტიკური უმკაცრესი მსჯელობა ყველაზე სრულფასოვანი ექსპერტების, რომელთა ცოდნა უსაშველოდ გვაკლია (ვინც გვყავს იმათაც თავს ვერ ვუყრით და ვერ ვიყენებთ სრული დატვირთვით). ჩვენ გვჭირდება მაღალი ესთეტიკურ-მორალური პოზიციების ძიება და მოპოვება (ევროპულ აზროვნებას ამის მდიდარი გამოცდილება აქვს), რომ ჩვენი შვილები ჯერ ოჯახზე და მერე სახელმწიფო სტრუქტურებზე გადაბმული "маминкины деточки" (დედიკოს შვილუკები) არ გამოვიდნენ, კიჩური გემოვნებით და შემგუებლობისკენ ერთმნიშვნელოვანი სწრაფვით და ჩალიჩით. ეს არის ამოცანა, რომელიც ჩვენი ფსიქიკის სტრუქტურებში დიდ დესტაბილიზაციას და დეკონსტრუქციას გულისხმობს – ისტორიაში ასეთი “პოზიტიური ნეგატივიზმის” უამრავი მაგალითები გვაქვს (დასავლეთში ისტორიულ-სოციალური ვითარება ძალიან სწრაფად იცვლება და უამრავ ამოსაკითხ და სასარგებლო კვალს სტოვებს). და ეს ძირეული გადაფასება/განთავისუფლება და დაძაბული ბრძოლა ამ პროცესის ინიციაციისთვის არავის აერიოს ქართველების ერთმანეთში ძაღლებივით ძიძგნაობის და ყეფის "ქებულ პრაქტიკაში“. სიმბოლურად გეტყვით – ეპოქათაშორისი ცნობიერების (გარდამავალი) პროდუქტები და მათი სუროგატული განსხეულებები დღესვე უნდა გადაფასდეს: თბილისის გვირგვინად მოედანზე დადგმული ყალბ/კიჩ/ოქროსფერად მოლივლივე წმინდა გიორგი სწორედ ისეთი ეპოქათშორისი განსხეულების სუროგატია, რომელიც, სულიერების და ფორმის ნამდვილ ხარისხთან მიმართებაში უმდარესი ანტი-არტ-ფაქტია. მხატვრული ღირებულებით მას ლენინის ქანდაკებაც კი სჯობდა, რომელიც მის ადგილზე იდგა. და ასეთებით და ამგვარი გარდამავალი ცნობიერების სუროგატი პროდუქტებით ივსება დღეს ქვეყანა. მათ უნდათ გადაგვიღობონ გზა ხარისხიანი ცნობიერებისკენ მოძრაობაში!
მაგრამ აქ აღწერილ სულისკვეთებას გაგება უნდა! რევოლუციები სწრაფია და მათი შიშველი იდეოლოგია (ხარისხის არ მქონე აზროვნების კულტურაში) ან ანგრევს ან აშენებს, იმიტომ რომ, ფორმის და სულის ხარისხის გაგებას – ექსპერტები და "ექსპერტების კულტურა", მათ კი რუდუნებით აღზრდა და პატივისცემა სჭირდებათ. ეს ექსპერტების კულტურა (თავგადადებული პროფესიონალების) ჩვენში არ მოიპოვება არცერთ დარგში და არცერთ უბანზე... ისინი არსებობენ მხოლოდ კანტი-კუნტად, როგორც გამონაკლისები. არადა, ასეთი მოვლენა თუ ჩვენს საზოგადოებაში არ გაფორმდა ასე ქუჩაში მოხეტიალე ძუკნა ძაღლს ვემგვანებით დიდხანს – ხან რომ კუდს აქიცინებს, ხან ყმუის, ხან იღრინება, ხან კუდს ამოიძუებს და წკმუტუნებს – მოკლედ ფართო და დიდი სუნთქვით დაკვალიანებული, ქცევის წესსა და მომავლის ორიენტირს ვერ შევქმნით. სწორედ ამ ორიენტირის უქონლობის გამოა, რომ დღეს ევროპულობას და “ეკლესიურობასაც” დაბნეული, თვალებცეცება “ქუჩის ძუკნებივით” ვჩირთი-ფირთობთ.
უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები: ახალი დრო გვინდოდა? გვინდოდა. – ახალ დროს კი იურგენ ჰაბემასი "ექსპერტების კულტურას" ეძახის! დავიმახსოვროთ და შევძლოთ ინტერიორიზაცია გავუკეთოთ ამ ტერმინს, გავაცნობიეროთ და ღრმად შევიგრძნოთ მისი არსი, მარგი ქმედების პოტენცია და მყარად დავიწყოთ მისკენ მოძრაობა (რასაკვირველია და უპირველეს ყოვლისა მთავრობის შეგნებული დახმარებით და ბერკეტებით!).