„ისტორია - კონსტრუქციის საგანია, რომლის ადგილიც ცარიელი და ჰომოგენური დრო კი არ არის,არამედ „აქტუალური აწმყოთი“ სავსე დრო“. ვალტერ ბენიამინი
ისტორიის ცნების შესახებ.
საზოგადოებების კრიზისი ყველაზე მეტად ალბათ სიტყვებთან/მეტყველებასთან დამოკიდებულებებში მჟღავნდება. როცა ფორმა იმდენად შორდება შინაარსებს, იმდენად ცარიელდება, რომ იკარგება აქტუალური აწმყოს შეგრძნება, ყველა ქმედება სიცარიელის შესავსებად ხდება და არა რამე საზრისული გამოხატვისთვის.
სამწუხაროდ, ასეთი სიცარიელის შევსების მცდელობის შთაბეჭდილებას ტოვებს დებატები სამხატვრო აკადემიის პრობლემების ირგვლივ. თავისთავად ეს პროცესი ზოგადად საზოგადოების გასაჭირსაც ირეკლავს. კონტექსტის სპეციფიკის გათვალისწინებით, მას უფრო ფართოდაც შეიძლება შევხედოთ. პირველ რიგში, რაც ყველაზე დრამატულად გამოიყურება, ეს არის ორი მხარის სრულიად მონოლოგის რეჟიმი, სადაც არცერთი მხარე არც უშვებს მეორესთან დალაპარაკების შესაძლებლობას, რომ სადღაც მოხდეს მათი გადაკვეთა და ამ პირობებში მათი ფორმალური დებატები ცინიკურად და აუდიტორიისათვის შეურაცხმყოფელადაც ჩანს, ანუ მაყურებელს/მსმენელს უჩნდება კითხვა: ამისთვის დავკარგეთ დრო!?
თუ ამის წაკითხვისას ფიქრობთ, რომ აკადემიის პრობლემებს ხელოვნურად გამოგონილად მივიჩნევ, ძალიან ცდებით. აკადემიას აქვს სერიოზული პრობლემები, და არამარტო აკადემიას. საერთოდ განათლების სისტემა საქართველოში ძალიან სამწუხაროდ გამოიყურება. მისაღები გამოცდების პროცედურა კიდევ ცალკე თემაა, რომლის შედეგად აკადემიაში ხშირად ხვდებიან ისეთი სტუდენტები, რომელთაც ეროვნული გამოცდებისთვის შევსებულ განაცხადის ფორმაში უნივერსიტეტების ჩამონათვალში ყველაზე ბოლოს მიაწერეს აკადემია და სრულიად ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ ზოგადად ხელოვნებაზე, ამ მიმართულებით მუშაობაზე კი საერთოდ არასდროს უფიქრიათ. ლუიზა ლაფერაძემ, რომელსაც კარგად ვიცნობ და კარგ ხელოვანად ვთვლი, არაერთგზის აღნიშნა, რომ დღევანდელ აკადემიაში მას არ მისცეს უფლება სტუდენტებისთვის შიშველი ნატურა დაეხატვინებინა. თუ მართლა ეს გახდა მიზეზი, რომ მისთვის კონტრაქტი აღარ გაეგრძელებინათ, ნამდვილად არასამართლიანი გადაწყვეტილება იქნებოდა. თუმცა, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, აკადემიაში ისეთი სტუდენტებიც სწავლობენ, ვისშიც შიშველი ნატურა მძიმე სტრესს იწვევს. პირადად მე მქონდა ასეთი შემთხვევა, როცა ლექციაზე ერთ-ერთი პერფორმანსის დოკუმენტაციას ვაჩვენებდი, სადაც შიშველი პერფორმერები მონაწილეობდნენ. პროტესტის ნიშნად რამდენიმე სტუდენტმა ლექცია დატოვა. ამ შემთხვევამ სერიოზულად დამაფიქრა იმ რეალობაზე, რაც ჩვენს განათლების სფეროშია. კონკრეტული სტუდენტები აქ მხოლოდ მსხვერპლებად შეიძლება მივიჩნიოთ. საბედნიეროდ, აკადემიაში ისეთი სტუდენტებიც სწავლობენ, ვისთან მუშაობაც ბედის საჩუქრად შემიძლია მივიღო და ვისაც ახსნა არ სჭირდება, თუ რას ნიშნავს პროფესიის არჩევა.
მე თვითონ პერესტროიკის დროს ვსწავლობდი აკადემიაში და მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა რეჟიმის ცენზურა ჯერ კიდევ მძლავრობდა, ხოლო თანამედროვე ხელოვნება იგნორირებული იყო, შიშველი ნატურა არავისთვის წარმოადგენდა პრობლემას და უფრო იმიტომ, რომ აკადემიაში შემთხვევით თითქმის არავინ ხვდებოდა, ხელოვნების განზომილება კი მეტ-ნაკლებად ყველასთვის ახლობელი იყო. ეს ნამდვილად არ ნიშნავს ნოსტალგიას იმ დროზე, უბრალოდ ძალიან დასანანია ის ამბავი, რომ წინ წასვლის ნაცვლად ბევრ რამეში უკან დავიხიეთ. ყველასთვის ცნობილია კონფორმისტული ფარისევლობის ტალღის მოზღვავება, რომელიც უახლესი ისტორიის კრიზისული წლების უშუალო შედეგია და რომელიც ქრისტიანობის სახელით ებრძვის თავისუფალი აზროვნების ნებისმიერ გამოვლინებას და ზოგჯერ ინკვიზიციურ მიდრეკილებასაც იჩენს. სამწუხაროდ, გვაქვს ფაქტები, როცა ავტორები მათ პერსონაჟებთან გააიგივეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ჩვენ ძალიან რთულ და დაძაბულ დროში ვცხოვრობთ და ყოველდღიურად გვიწევს არჩევანების გაკეთება, რამაც ჩვენი მომავალი უნდა განსაზღვროს. თუ ეგზალტირებულ სტუდენტთა თუ მათ მშობელთა შიშით ჰუმანიზმის ეპოქის მიერ მოტანილ ღირებულებებსაც გავაქრობთ და მოდერნიზაციის პროცესს საერთოდ იგნორირებას გავუკეთებთ, არა მგონია სასიკეთო შედეგი მივიღოთ. ამ პრობლემაზე უნდა ვიმუშაოთ, კომპლექსურად გავიაზროთ და არ დავემორჩილოთ ბნელი ინსტიქტების აგრესიულ თავდასხმებს, არც მათი პირობები მივიღოთ.
თავის დროზე ფეისბუქზე დავწერე და ახლაც გავიმეორებ, რომ მაინც ვერ ვიგებ სახვითი ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის კონკურსის დროს კომისიამ რატომ არ იფიქრა თვითონ ფაკულტეტის ან ზოგადად აკადემიის რეპუტაციაზე, როცა პროფესორად არ მიიღო გია ეძგვერაძე. ამის მერე ძნელი დასაჯერებელია, რომ აკადემიის ბედი ან სტუდენტების ინტერესები აღელვებთ. ავტორიტარიზმით და "განსხვავებულის" არმიღებით განვითარების საშუალება იხშობა, მერე არც რემონტი უშველის და არც საერთოდ ახალი შენობა. აქ რექტორობაზე არ არის საუბარი. ჩემი აზრით, მმართველობის არსებული ფორმა საერთოდ შესაცვლელია. მაგრამ მართლა გაუგებარია, რატომ არ უნდა მისცე სტუდენტებს საერთაშორისო არტინსტიტუციების მიერ აღიარებულ და დაფასებულ არტისტთან მუშაობის შესაძლებლობა.
აქ კიდევ დავამატებდი, რომ სოციალურ ქსელებში ეს თემა ცოტა არ იყოს, ისტერიულ ლოგორეად განვითარდა და რაციონალიზმის შეგრძნებაც დაიკარგა. ახლახან საზოგადოებრივ მაუწყებელზე გამართულ შეხვედრაზე (თავისთავად დასაფასებელია ამ თემისადმი პროგრამის ავტორების ყურადღება) ორივე მხარეს აკლდა არგუმენტაცია, შეიძლება ითქვას, რომ თანაბრად სუსტები იყვნენ. მთავარი ნაკლი მაინც პრობლემის ვერბალიზაციის უუნარობაა, როცა ერთმანეთისათვის მეორეხარისხოვანი ფაქტების სროლა ხდება ნიშნის მოგებით და არა ღრმად და ფართოდ გააზრებული არგუმენტაციით. იმ სტუდენტებს, რომლებიც უკვე რამდენიმე წელია საპროტესტო მოძრაობაში არიან, ამ დროის მანძილზე შეეძლოთ უფრო გაეღრმავებინათ თავიანთი პოზიცია და პროგრამად ჩამოეყალიბებინათ. თვითონ მათ შორის არ ჩანს მსოფლმხედველობის ქონა და კოორდინაციის უნარი. როცა რიტორიკა კონცენტრირებულია ძალიან მწირ ლექსიკონზე, სადაც ძირითადი სტაფილოსა და ფალოსის დაპირისპირებაა, ეს ყველაფერი სერიოზულად უკვე აღარ გამოიყურება. და იმ სტუდენტებს, რომლებიც თვლიან, რომ მხოლოდ ერთ კონკრეტულ პერსონას შეუძლია აკადემია პროგრესულსა და მოქმედ ინსტიტუციად აქციოს, ისეთივე ტოტალიტარული სისტემის მსხვერპლების ნიშნები აქვთ, როგორც კომისიის წევრებს, რომლებიც განსხვავებული კანდიდატის ხსენებაზე შიშით თრთიან.
ზემოთ უკვე აღვნიშნე, რომ მმართველობის არსებული ფორმის პირობებში არ მაქვს რადიკალური ცვლილებების მოლოდინები და თან უახლოეს მომავალში. თუ ახალი რექტორი ფუნდამენტურ ცვლილებებზე დაიწყებს მუშაობას, რასაკვირველია მისასალმებელი იქნება და წარმატებებს ვისურვებ. მთავარი კი ჩვენი ყველას თანაბრად გადანაწილებული პასუხისმგებლობაა და არა პრიმიტიული კინკლაობა და ოპონენტებზე მდარე ხარისხის ქილიკი. ამ დებატების შემყურე საზოგადოებას უიმედობის განცდა უჩნდება და ფიქრობს ამათი გაკეთებული ხელოვნება რა იქნებაო. თუ დებატების ხარისხის გაზრდამდე მივალთ, იქნებ თავისუფლების განზომილებამდეც მივაღწიოთ, რომელშიც შეიძლება ხელოვნებაც კი შედგეს.