Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დღიური ერთი გოგონასი - კაბა

11 ნოემბერი 2014

დილას მეგობარმა ახალი კაბა მომიტანა. იცოდა რომ მინდოდა. თვითონაც მატყობდა, ახალი კაბა ძალზედ მჭირდებოდა. ის ძველი გავცვითე, უკვე გახუნებული ფერიც მიიღო. ამდენი ხმარებისგან  (5 წელი მეცვა ბოლოსდაბოლოს) გაცვდებოდა, აბა მაშ რა მოუვიდოდა?!

პრობლემა განა ყიდვა იყო, უბრალოდ რამდენჯერაც ვიყიდე კაბა, იმდენჯერ არ მომერგო; ზოგი პატარა მქონდა, ზოგი დიდი… ჩემთვის მთავარი იყო, რომ რომელიმე კაბა მომრგებოდა, მომეწონებოდა თუ არა, ამაზე საუბარი ზედმეტი იყო. ჰოდა ჩემმა მეგობარმა დაბადების დღისთვის საჩუქარი გამიკეთა -ახალი კაბა მაჩუქა.

კაბა ძლიერ მომწონს, პატარაა, კოხტა, თითქოს ჩემთვისაა შეკერილი. ტანზე მაქვს მომდგარი და ძალიან ელეგანტურად გამოვიყურები. სარკეში ვიმზირები, საკუთარი თავი მომწონს; კაბა ზუსტად იმხელას მაჩენს, რამხელაც ვარ და ეს მეუცხოვება, სასიამოვნოდ მხვდება თვალში. ადრე, რაც თავი მახსოვს, სულ დიდი, განიერი კაბები მეცვა და ყოველი მათგანი მეც დიდს მაჩენდა, უშნოს…

წეღან ჩემი ახალთახალი კაბა რომ ვიხილე, ვიგრძენი სახე როგორ გამებადრა, თვალები გამიბრწყინდა, გულიდანაც დარდი მომეხსნა - ვიფიქრე ჩემი მოსაწონი კაბა როგორც იქნა აღმოვაჩინე მეთქი. მაგრამ ოჰ, საოცრებავ… სარკეს გავშორდი თუ არა და ხელსაქმეს შევუდექი, მაშინვე ვიგრძენი, რომ ამ კაბაში არაკომფორტულად ვარ, ყოველი მოძრაობის გაკეთებისას უცნაური შიში მიპყრობს, ისეთი შეგრძნება მეუფლება, თითქოს კაბა სადაცაა გაიხევა და  შიშველი დავრჩები. იმდენად მივეჩვიე ფართო კაბებს რომ ჩემი სხეული სივიწროვეს ვეღარ იტანს, რადგან ვიწრო კაბაში თავს დაცულად ვერ გრძნობს, ისე როგორც წინა კაბაში გრძნობდა.

თავს არ ვუტყდები, მაგრამ ვხვდები, რომ ამ ახალ კაბას ჩემი ძველი სამოსი მირჩევნია, რომელიც, აგე, სავარძლის მახლობლად გდია საცოდავად, მოჭმუჭნული, დაძენძილი. დედამ უკვე მითხრა რომ მას დაბლა, სარდაფში ჩაიტანს და ყოველ შემთხვევითვის შეინახავს სხვა, არასაჭირო ნივთებთან ერთად. მე კი გული მეწურება ასე უპატრონოდ მიგდებულს რომ ვხედავ. მიყვარს ეს დაძონძილი ქმნილება, 5 წელი ტანს რომ მიფარავდა. ვინ იცის მასში რამდენი ტკივილი განმიცდია, რამდენი ბედნიერი წამი გამიტარებია, ვინ მოითვლის ამ კაბაში რამდენჯერ მომიწყენია, რამდენჯერ მიცეკვია… ღმერთო, რა სულელი ვარ - მეცინება ჩემს თავზე,- ვის გაუგონია უსულო საგნის ასე შეყვარება, როგორც მე ეს ,,კაბა” მიყვარს!?

თავს ბევრი ვეჩიჩინე, რომ დროთა განმავლოობაში ამ კაბასაც მიეჩვევი და ზუსტად ისე შეგიყვარდება, როგორც ის ძველი კაბა გიყვარს მეთქი. დედაც ცეცხლზე ნავთს ასხამს, მეუბნება, რომ  ახალი კაბა უფრო ლამაზი და პრაქტიკულია, ვიდრე ის ძველი, და ამ სიტყვებით ცდილობს ეს ახალი კაბა მომაწონოს, მისი სიყვარული დანერგოს ჩემში. მაგრამ ადამიანი როცა ჯიუტია, რა გინდა რომ მასთან გააწყო?! მე გული მაინც ძველ კაბისკენ მიმიწევს. დღის ბოლოს მხნეობას ვიკრებ და დედას ვუცხადებ, რომ ამ ახალ ეტლში თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობ და ვთხოვ ცოტა ხნით მაინც ისევ ძველ ეტლში გადამსვას, ანუ ვემუდარები,  ისევ ძველი ,,კაბა” ჩამაცვას.

დიახ, ჩემს ეტლს ისე ვუყურებ როგორც ნებისმიერი გოგო თავის კაბას ან სხვა რაიმე სამოსელს უცქერს. სხვას შეიძლება გაეცინოს, მაგრამ ეტლი ჩემთვის ჯვარს, ტვირთს კი არ წამოადგენს, არამედ ის ჩემი სამოსელია, სპეციალური კოსტიუმი, რომლის გარეშედაც მე ვერ ვიცეკვებ და ამ დიდ სცენაზე იმ როლს ვეღარ შევასრულებ, რომელიც  რეჟისორმა მარგუნა.

 

მაკა ნათელაური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა უფლებების შესახებ გამართულ კონკურსში გახდა "ლიბერალის" რჩეული, გადაეცა სერთიფიკატი და საკონკურსო პოსტის "ლიბერალის" ბლოგზე გამოქვეყნების უფლებით  დაჯილდოვდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^