თითქოს ჩვეულებრივი დილაა. ადრე გავიღვიძე, ყავა დავიდგი. საქმეს უნდა შევუდგე. „ტრანსგენდერი ადამიანების დისკრიმინაციის კვლევა“, რომელზეც ბოლო 3-4 თვის მანძილზე ვმუშაობდი, დასასრულს მიუახლოვდა და ახლა, როგორც წესია, რესპონდენტებთან ჩატარებული გამოკითხვის აუდიოჩანაწერები უნდა წავშალო. სტანდარტული პროცედურაა ანონიმურობის შესანარჩუნებლად. მივყვები და ერთი მეორეს მიყოლებით ვშლი ჩანაწერებს. ბოლოს კი ვხვდები, რომ უნებლიეთ საქაღალდეში ერთი ფაილი დამიტოვებია, რომელსაც თითსაც ვერ ვაკარებ. ვზივარ, ვუყურებ ეკრანს და ვხვდები, რომ ეს ჩანაწერი, შეიძლება, ვერასოდეს წავშალო - აბა, როგორია, ერთი ხელის მოსმით მოსპო ბოლო რამ, რაც ადამიანისგან (არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ახლო ურთიერთობა გქონდა მასთან) დაგრჩა?
საბი ბოლოს დაახლოებით ორი კვირის წინ ვნახე. კვლევაში მონაწილეობაზე დამთანხმდა და სახლში დამპატიჟა. სამზარეულოში დავსხედით. სანამ საბი ყავას ადუღებდა, მე გარშემო მორბენალ მოუსვენარ პატარა ძაღლს ვეთამაშებოდი. საბოლოო ჯამში, საუბარი იმაზე მეტხანს გაგვიგრძელდა, ვიდრე ამას კვლევა მოითხოვდა. ბევრი ვილაპარაკეთ არა მარტო იმ უარყოფითზე, რაც მის ცხოვრებაში ხდებოდა იმის გამო, რომ „დღისით მზისით“ (ხშირად იმეორებდა ამ ფრაზას) გამვლელების მხრიდან ლანძღვა-გინების მიუხედავად არ ეშინოდა გარეთ გამოსვლის, არამედ მის სამომავლო გეგმებზეც, რომლებიც უახლოეს 1-2 წელიწადში უნდა მოეყვანა სისრულეში. იმ დღეს ღიმილით დავშორდით ერთმანეთს და, მგონი, იმასაც კი შემპირდა, ერთხელ ჩემს გაკეთებულ ხაჭაპურს გაჭმევო.
უკანასკნელი სამი დღის განმავლობაში სულ ეს სცენები მიტრიალებს თავში. ეს გაუთავებელი „ფლეშბეკი“ მაშინ დაიწყო, როდესაც პეკინის ქუჩაზე მოკლული „ახალგაზრდა კაცის“ შესახებ, რომელიც „სალონში მუშაობდა და ლგბტ თემის წევრი იყო“, პირველი ვიდეოჩანაწერი გავრცელდა და სადარბაზო და ბინის კარი ვიცანი. არ მინდოდა დაჯერება, თუმცა მომხდარი მალე მეგობრებმა დამიდასტურეს. მახსოვს, მაშინ დავჯექი და ვიფიქრე: აი, ჩვენთანაც დაიწყო...
2008 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის მარტის ჩათვლით მსოფლიოს 57 ქვეყანაში ტრანსგენდერი ადამიანების მკვლელობის 1,123 შემთხვევა აღირიცხა. თუმცა, არავის ეპარება ეჭვი, რომ მოკლულ ტრანსგენდერ ადამიანებს შორის ბევრი ისეთია, ვინც არავინ მოიკითხა, არავის გაახსენდა, არავინ მოძებნა და ვერავინ იპოვა. ტრანსგენდერი ადამიანები ლგბტ თემის შიგნითაც კი უკიდურესად გარიყული ჯგუფია. მათზე მოდის საზოგადოებრივი აგრესიის დიდი წილი იმიტომ, რომ ისინი უფრო ხილვადები არიან საზოგადოებისთვის და ხშირად თავდასხმის პირდაპირ სამიზნედაც იქცევიან ხოლმე. ბიოლოგიური სქესის მიხედვით თავს მოხვეულ გენდერულ როლთან მათი კონფლიქტი ოჯახის წევრებისათვის იშვიათად რჩება უხილავი და უარყოფითი რეაქციაც არ აყოვნებს - „გამოსწორების“ მცდელობები (ექიმთან, ფსიქოლოგთან, მღვდელთან და ასე შემდეგ), „ნეტა არ დაბადებულიყავი“, მე „კაცად გზრდიდი და შენ რას მიკეთებ?!“ - მხოლოდ დასაწყისია. ამას ხშირად ემატება ფიზიკური ძალადობა, გაუთავებელი ფსიქოლოგიური ზეწოლა, სახლიდან გაგდება (ან გამოქცევა, თუკი ადამიანი არჩევს თავად გაერიდოს მისთვის საზიანო გარემოს), უსახლკარობა და ზოგადად უკიდურესი დაუცველობა შრომით და სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სხვა ტიპის ურთიერთობებში, რომლებზეც მისაწვდომობა მხოლოდ „მკაცრად განსაზღვრულ“ ქალებს და კაცებს აქვთ.
ესეც რომ არ იყოს, ტრანსგენდერი ადამიანები ნათლად გვაჩვენებენ, რომ გენდერი არ არის მყარი და უცვლელი ფენომენი, როგორადაც პატრიარქალურ სისტემას სურს, დაგვაჯეროს. ამის გააზრება ბევრში ძლიერ შფოთვას იწვევს, ტრანსგენდერი ადამიანები კი, მეტისმეტად მაღალ ფასს იხდიან „ნორმალური“ საზოგადოების სიმყუდროვის დარღვევისთვის.
მიუხედავად პოლიციის მიერ გაჟღერებული მკვლელობის ოფიციალური მოტივისა, დარწმუნებული ვარ (და საქმის ირგვლივ ზედაპირზე ამოსული ახალ-ახალი დეტალებიც ამას მიუთითებს), საბიმაც იმავე მიზეზის გამო გადაიხადა საფასური, რომელსაც ვერცერთ ვალუტაში ვერ მოთარგმნი და შეაფასებ - საკუთარი სიცოცხლე. სამწუხაროდ, ამ (პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით - ყელიდან ამოგლეჯილ) მსხვერპლს თითქმის არავინ სცემს პატივს: ინტერნეტისა და ტელევიზიის მომხმარებლების ნაწილი ზეიმობს, რომ „ერთი იმნაირით“ ნაკლებია ქვეყანაში. ხოლო ჟურნალისტები, რომლებიც საბი ბერიანის მკვლელობის ფაქტს აშუქებენ, ჯიუტად უწოდებენ მას კაცს და მოიხსენებენ საპასპორტო სახელით, რომელიც საბის უკვე წლების განმავლობაში არ გამოუყენებია და „თავისად“ არც არასოდეს მიუღია.
საბიმ ვერ მოასწრო საზოგადოებისთვის იმის დამტკიცება, რომ ტრანსგენდერი ქალი ქართულ რეალობაში შეიძლება იყოს წარმატებული, მან ვერ გახსნა საკუთარი სილამაზის სალონი, რომელზეც მასთან სტუმრობისას მიყვებოდა და კიდევ ბევრი გეგმა თუ ოცნება ვერ მოიყვანა სისრულეში. ჩვენთვის კი, რაღა თქმა უნდა, არაა საკმარისი ის, რომ ადამიანს „უბრალოდ“ საკუთარი თავი არ ეცოდება, ღირსეულად უჭირავს და, საერთოდაც, კარგად იცის, ვინ არის და რა უნდა. ჩვენ ის მაინც უნდა გვეცოდებოდეს, სხვანაირად არ შეგვიძლია.
ამ ყველაფერს იმიტომ ვყვები, რომ არ მინდა, საბი საზოგადოების (ვისზეც ხელი მიმიწვდება) თვალში ერთ „საწყალ“ ან თუნდაც „ეგზოტიკურ“ და „გაურკვეველი გენდერის თუ ორიენტაციის“ (ეს ორი ხომ ჯერაც ვერ გაგვირჩევია ერთმანეთისგან) „ბიჭად“ დარჩეს, რომლის დედის დანახვაზეც მეზობლები და ნაცნობები ახლა გასამმაგებული ძალით დაიწყებენ ჩურჩულს.
მე არ ვიცნობდი ამ „ბიჭს“, მეტსაც გეტყვით ეს „ბიჭი“ არ არსებობდა. სამაგიეროდ ვიცნობდი ახალგაზრდა, ხალისიან ქალს, რომელიც ამაყობდა საკუთარი თავით და საკუთარი ამტანობით; ქალს, რომელიც არ მალავდა საკუთარ გენდერულ იდენტობას; ქალს, რომელიც კიდევ ბევრს მიაღწევდა, ბევრს მისცემდა მაგალითს თავისი გამბედაობით; ქალს, რომელსაც მთელი ცხოვრება წინ ჰქონდა. მე ვიცნობდი ქალს, რომელიც ჩვენში ფესვგადგმული სიძულვილის მორიგი მსხვერპლი გახდა.