გადმოცემის თანახმად პირამიდები ააშენეს მონებმა, ამერიკა ააშენეს ყოფილმა ევროპელმა კრიმინალებმა, რომლებიც მერე კომერსანტებად გადაიქცნენ, საქართველო კი ააშენეს ჯიგრებმა.
ამიტომ ჯიგარი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იდენტობაა. ერთგვარი საიდენტიფიკაციო კოდი. თუ იაპონელებს ჰქონდათ სამურაის კოდექსი, ჩვენ გვაქვს ჯიგრის კოდექსი, რომელიც ყველამ უნდა დაიცვას განურჩევლად პროფესიის, სქესისა და აღმსარებლობისა.
წარმოუდგენელია, რამხელა დივიდენდებს იძლევა სიჯიგრე. მაგალითად, შეიძლება ადამიანი იყო ბოლო ***, მაგრამ ჯიგარი. რამდენჯერ გაგიგიათ: “კი, ბიჭო, მაგრად უყლევებს, მარა ჯიგარია რა”. რაც უკვე ანეიტრალებს ყველა სხვა ცუდ თვისებას. სიჯიგრე თითქმის გადამწყვეტი ფაქტორია კარიერული ზრდისთვისაც - შენი პროფესიონალიზმი ერთი თეთრიც არ ღირს თუ ჯიგარი არ ხარ.
დააკლიკეთ ბმულს და შემოგვიერთდით „ლიბერალის“ ლიტერატურულ კლუბში, ფეისბუქზე
შეიძლება სწორედ აქ იმალება ქსენოფობიის ფესვებიც, რომელსაც არასწორად ჰქვია “ქსენოფობია”. ჩვენ უცხოელებთან კი არ გვაქვს პრობლემა, ჩვენ უბრალოდ არაჯიგარი ხალხი არ გვიყვარს, უცხოლები კი 90 პროცენტი გაქანებული პროჭები აღმოჩნდნენ, როგორც აღმოვაჩინეთ. მაგრამ საკმარისია, ერთი ჯიგარი უცხოელი გამოჩნდეს, რომ ის მთელ საქართველოს უყვარს.
ამ სიბრტყეზე წყდება ქართველის ქვეცნობიერში ისტორიული პრობლემებიც, მაგალითად, ცოტნე დადიანი ჯიგარი იყო, გიორგი სააკაძე კი ტრაკს ათამაშებდა, მერაბ კოსტავა ჯიგარი იყო, სააკაშვილი - არა. კოტე ყუბანეიშვილმა და ზაზა ბურჭულაძემ აბსოლუტურად იდენტურად რომ შეიგინონ, განსხვავება მაინც ცხადი იქნება - კოტიკო გარკვეული ხალხის თვალში ჯიგარია, ზაზა - არა.
ჯიგარ ადამიანს ნებისმიერ ადგილას შეიძლება გადაეყარო - ქუჩა, ფართი, პარლამენტი, ტელევიზია, ტაქსი... ისინი ყველგან არიან. რა თქმა უნდა, სიჯიგრე სხვადასხვა ფენაში სხვადასხვანაირად ფასდება, მაგალითად, სულ სხვაა ფულიანი ჯიგარი და სულ სხვაა უფულო ჯიგარი, სულ სხვაა პარლამენტარი ჯიგარი და სულ სხვაა ბანკის თანამშრომელი ჯიგარი, სულ სხვაა უცნობი ჯიგარი და სულ სხვაა ნაცნობი ჯიგარი, თუმცა საბოლოო ჯამში ჯიგარი ჯიგარია. არის შემთხვევები, როცა ჯიგარ ადამიანს ცოტა სპეციფიკური სუნიც უნდა ასდიოდეს, რასაც “ჯიგრის დაწვა” იწვევს ხოლმე. ვისაც ეს სუნი არ ასდის, სტერილური უფორმო ყლეობაა. მაგალითად, ხშირად უბნის კოლორიტები ურბანული სიჯიგრის პიკია, ცოცხალი მანქანა, რომელიც ჯიგარს წვავს.
ჯიგარი ხარ ძმაო - ყოველი ასეთი ფრაზა თითო ქულაა შენი სულისთვის. რაც მეტი ქულა გაქვს, მით უფრო ჯიგარი ხარ, რაც ნიშნავს, რომ უკვე შენც ავრცელებ მადლს ხალხში: ვინმეს უჯიგრებ.
ჯიგარი საკმაოდ ჩახლართული ფენომენია თავისი დიდი პლიუსებით და მინუსებით და ალბათ რთული დასადგენია, ისტორიულად როდის ან როგორ ჩამოყალიბდა, მაგრამ აქ შეგვიძლია რამდენიმე აზრს გავყვეთ.
ნახე:
ა] ჯიგარი - როგორც ველური კაპიტალიზმის მტერი
რაღაც გაგებით, სიჯიგრე აუცილებლად უნდა გაჩენილიყო საზოგადობაში, სადაც ხალხი ისტორიულად ცუდად ცხოვრობდა. მარტივი ბიოლოგიური თვითგადარჩენის პრინციპი მოითხოვს კოოპერაციას. ჯიგარი ადამიანი ხომ ის ადამიანია, რომელიც პურის უკანასკნელ ლუკმასაც გაგიყოფს. ცხრა ძმამ რომ ერთი თხილის კაკალი გაიყო, ეგ სიჯიგრის ისტორიაა. ამის გარდა, თუ გლობალურად შევხედავთ, ჯიგარი ადამიანი წითელ წიგნში შესატანი, ალაგ-ალაგ შემორჩენილი, მომაკვდავი პლანეტარული ფენომენია, რომელიც ჯერ კიდევ წინააღმდეგობას უწევს მსოფლიო ველურ კაპიტალიზმს. ამ მხრივ სიჯიგრე ანარქიზმთან უფრო ახლოს დგას, იმიტომ, რომ ნამდვილად ჯიგარი ადამიანი რუსოს პრინციპებს უფრო იზიარებს, ვიდრე იმას, რომ “ადამიანი ადამიანისთვის მგელია”. ეს კარგია.
მაგრამ სიჯიგრეს, როგორც ყველა საინტერესო ფენომენს, სხვა მხარეებიც აქვს:
ბ] ჯიგარი - უკანასკნელი ნაძირლების თავშესაფარი
იმის გამო, რომ ჯიგარი არის ფენომენი, რომელსაც შეუძლია ორ წამში გაგხადოს ყველასთვის მისაღები ადამიანი, ხშირად ის უკანასკნელი ნაძირლების თავშესაფარი ხდება. როცა ქურდები აშენებენ ეკლესიებს, ან კორუმპირებული ჩინოვნიკები ალამაზებენ უბნის ეზოს, ან ტვ ვარსკვლავები მთელი "სულით და გულით" ერთვებიან ქველმოქმედებაში ამაზრზენი ფამილარულობით, ეს სიჯიგრის ლეველების აწევის მცდელობაა. ყველა ნაძირალა ცდილობს იყოს ჯიგარი, იმიტომ რომ ჯიგარი ფასდება.
მაგრამ ამის გარდა, რაც ყველაზე საინტერესოა, ჯიგარი არის ის ცნება, რომელიც ორივე ტიპის, მოდი ასე დავარქვათ: “პოზიტიურ” და “ნეგატიურ რადიკალიზმს” ანეიტრალებს.
გ] ჯიგარი - რელიგიური ფანატიზმის მკვლელი
ნეგატიური რადიკალიზმის განეიტრალება რაღაც გაგებით კარგია, მაგალითად, მმკ-სნაირი ტიპის ორგანიზაციები ვერ ხდება ისეთი სახალხო, რომ რელიგიური ნიადაგის სახელმწიფო გადატრიალება მოხდეს, მარტივი მიზეზის გამო - რელიგიური ფანატიკოსი ვერ იქნება ჯიგარი, ესეიგი არ ექნება საერთო სახალხო მხარდაჭერა. ეს ორი ცნება გამორიცხავს ერთმანეთს. თუ შენთვის მთავარი ცნება ღმერთია და მის გამო მზად ხარ ახლობელ ადამიანს, ოჯახის წევრს, ძმაკაცს და ა.შ. გადააბიჯო, ესეიგი ჯიგარი არ ყოფილხარ, მარა თუ ადამიანის გესმის და მზად ხარ შენს მთავარ პრინციპებს გადააბიჯო და იყო ჯიგარი (ანუ ყველასთვის მისაღები), მაშინ ვერ იქნები კარგი მოჯაჰედი. ასე რომ ჯიგარი ჯერჯერობით ანეიტრალებს ასეთი ტიპის რადიკალიზმს.
მაგრამ, მეორე მხრივ, სიჯიგრე ანეიტრალებს ე.წ. “კულტურულ რადიკალიზმსაც”, რასაც მივყავართ ბოლო პუნქტამდე:
დ] ჯიგარი -- (ანტი)კულტურული ომების მკვლელი (“არტისტი არ უნდა იყოს ჯიგარი”)
იმის გამო, რომ ჯიგრის კოდექსი საყოველთაოა, ყველა ის ელემენტი, რომელიც საზოგადოებრივ ცნობიერებას აფორიაქებს და აფეთქებით ემუქრება, მაინც, საბოლოო ჯამში, საყვარელ ლეკვად იქცევა, იმიტომ, რომ უარს ვერ ან არ ამბობს სიჯიგრეზე. ამის თვალსაჩინო მაგალითია ირაკლი ჩარკვიანი, როგორც "ბრენდი", რომელიც ჯერ ამოუცნობი მფრინავი ობიექტი, ანტისაზოგადოებრივი კრეატიული დემონი იყო ხალხის თვალში, მერე გიჟი და "ნარკამანი", მერე კიდევ რაღაც, კიდევ რაღაც, სანამ საბოლოო ჯამში არ აღმოჩნდა, რომ ირაკლი პროსტა ნიჭიერი, ცოტა “გასული”, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ჯიგარი და “ჩვენიანი” ბიჭია. მისი სახელი საბოლოოდ "არასახიფათო" და "კორექტული" გახადა ჯიგარი კულტურის ანექსიამ. ასე კლავს და თავის თავში მარხავს სიჯიგრის წარმოუდგენლად დიდი გრავიტაცია მენტალურ რადიკალიზმს, მამათა, შვილთა და შვილიშვილთა ომებს და საფრთხისშემცველ ელემენტებს. როგორც კი ხელოვანი გადაწყვეტს, რომ ჯიგარი (საზოგადოებისთვის მისაღები) იყოს, ის იმ მომენტში სადავეებს კარგავს საკუთარ თავზე და იმ კლოუნად იქცევა, რომელსაც პუბლიკის ტაშის გარდა არაფერი გააჩნია. და თავისდაუნებურად კორუფციულ გარიგებაში შედის ამ საზიზღარი, მორალისტი ქართული ოფიციოზის და ინტელიგენციის კულტურასთან, რომელიც მას ადრე თუ გვიან გამოუყოფს საიდენტიფიკაციო კოდს (გალიას) და მოათვინიერებს, როგორც კარგი მწვრთნელი ათვინიერებს ყველაზე ავ ძაღლსაც კი.
დასკვნის სახით ვერც ვერაფერს დავწერ, როგორც ჩანს, ეს თემა ცალკე კვლევას ითხოვს და ალბათ ოდესმე ნამდვილი “ჯიგრის მანიფესტიც” დაიწერება, მაგრამ ჩემი მოკრძალებული, ამ წამს დაჩილაუთებული აზრით, ჯიგარი კაია მეგობართან მიმართებაში, კულტურასთან - არა. “Culture is Not Your Friend” - იძახდა თერენს მაკენა. “მე გეუბნებით თქვენ, რომ ვერ იქნებით ჩემი ძმები” - იძახდა შავი პრინცი, "კარგი ხელოვანი არ არის ჯიგარი" - წერდა სადღაც თავის დღიურებში აგამბენი. და ეს კიდევ ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც მიყვარდა რამაზ კინგკონგი - როცა ვინმე “ქართულ კულტურასთან” დაახლოებული პირი ეტყოდა რომ რამაზიკო ჯიგარი იყო, კინგკონგი დამცინავი მზერით აათვალიერებდა სუბიექტს და გამოთქმით პასუხობდა: “ჯიგარი ბებიაშენია”.