Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

"ქართველი ქალის კულტი"

02 დეკემბერი 2014

გენდერულ თანასწორობაზე დისკუსიისას ოპონენტებისგან ხშირად გამიგია, რომ საქართველოში არსებობს ქალის კულტი, რომ  ქალი ჩვენს საზოგადოებაში ისედაც საკმარისად დაფასებულია და განსაკუთრებული თაყვანისცემითაც კი სარგებლობს.  

ქალის კულტი წარმოდგენილია როგორც დამამტკიცებელი საბუთი იმისა, რომ თანასწორობა ქალებს არ სჭირდებათ, რადგან ისინი პრივილეგირებულები არიან. მსგავს შეხედულებებს ხშირად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქიც გამოთქვამს. მაგალითად:

„ძალიან ხშირად გვესმის, რომ საჭიროა თანასწორობა ქმარსა და ცოლს შორის. არ შეიძლება ასე მსჯელობა. თანასწორობა კი არა, დიდი პატივისცემა უნდა ჰქონდეს ცოლს. უნდა სარგებლობდეს ამ პატივისცემით ქმრის წინაშე. ქალის ავტორიტეტი მუდამ მაღალი იყო საქართველოში და ეს უნდა შევინარჩუნოთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქალმა, დედამ დაიკავოს თავისი მაღალი წოდება და მაღალი ადგილი“, - ამბობს ის თავის ბოლო საკვირაო ქადაგებაში.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს საზოგადოებაში ქალის დაფასებულობის შესახებ მითი ემპირიულად მცდარია (ბოლო თვეებში მომხდარი უამრავი ოჯახური ძალადობისა და ქალთა მკვლელობის ფაქტი ამის  ყველაზე ნათელი დადასტურებაა), საკითხი უფრო სერიოზულ მიდგომას საჭიროებს, რადგან ვფიქრობ, რომ,  ე.წ „ქალის კულტი“  ქალების ჩაგვრისა და დისკრიმინაციის ძირითადი წყაროა.

მეცხრამეტე საუკუნის ამერიკაში და ბრიტანეთში ქალებს ღირებულებათა  სისტემაში უწევდათ ცხოვრება, რომელსაც დღეს მკვლევართა უმეტესობა ქალურობის ან ოჯახის კულტს უწოდებს. იმ დროს, რელიგიური ტექსტები მოუწოდებდნენ ქალს, რომ ის ბიოლოგიურად კაცზე უფრო დაბლა იდგა და ამიტომ თავისი ფუნქციები ოჯახური საქმიანობით და შვილების გაჩენით უნდა შემოეფარგლა. სასულიერო პირები ქადაგებდნენ, რომ ღმერთმა ქალი იმისთვის შექმნა, რომ კაცს დამორჩილებოდა. იბეჭდებოდა ჟურნალები, რომლებიც ხოტბას ასხამდნენ სუსტი და ნაზი ქალის იდეას. ხელოვნების ნაწარმოებების ძირითადი თემაც სწორედ ქალურობის იდეა იყო. მოკლედ რომ ვთქვათ, ვიქტორიანულ ეპოქაში ქალების თავისუფლების შეზღუდვის იდეით იყო გაჟღენთილი კულტურის თითქმის ყველა ასპექტი.

მაშინ ქალის ღირსება ოთხი თვისებით განისაზღვრებოდა: უბიწოება, მორჩილება, ღვთისმოშიშობა და ოჯახისადმი ერთგულება. ქალებისთვის არ იყო სასურველი არარელიგიური წიგნების კითხვა, მათთვის შესაფერის საქმიანობად ითვლებოდა საჭმლის კეთება,  ქსოვა,  ყვავილების მოვლა, ბავშვების გაზრდა და ა.შ. ქალი მთლიანად ოჯახური ცხოვრების ატრიბუტად აღიქმებოდა, ის არ მონაწილეობდა სოციალურ და პოლიტიკურ საქმიანობაში და ხელი არ მიუწვდებოდა განათლებაზე. გაღმერთებული იყო ქალის კონკრეტული სტანდარტი, ამ სტანდარტისადმი დაუმორჩილებლობა კი უღირსობად აღიქმებოდა.

 „ქალის კულტის“ ცნებას ქალის დაფასებასთან საერთო არაფერი აქვს, რეალურად ეს გარკვეული თვისებების აბსტრაქცია და მათი თაყვანისცემაა. მაგალითად, ჩვენი კულტურა პატივს სცემს „დიასახლის ქალს“ და „ეკლესიურ ქალს“, მაგრამ ზიზღითაა განწყობილი იმ ქალების მიმართ, რომლებსაც თავისუფალი სექსუალური ცხოვრება სურთ ან გამომწვევად აცვიათ. ქართული საზოგადოება დადებითადაა განწყობილი იმ ქალების მიმართ, რომლებიც განქორწინების შემდეგ კაცებთან ურთიერთობაზე უარს ამბობენ და დაქვრივების შემდეგ მთელ ცხოვრებას თვითგვემაში ატარებენ. თუმცა, როცა საქმე ეხება წარმატებულ ქალს, რომელიც ყოფილმა ქმარმა მოკლა, ეს იმ მოტივით მართლდება, რომ „ქალმა“ დაიმსახურა, რადგან ის კულტურის მიერ ქალისთვის დადგენილი წესებისადმი დაუმორჩილებელი - ანუ „ბოზი“ იყო.

ქალურობის კონკრეტული სტანდარტების სიყვარულს, ანუ ქალის სიძულვილს ყველგან ვხვდებით, განსაკუთრებული ხარისხით კი ეს სიძულვილი ეკლესიის ამბიონიდან მოდის. ეს გასაკვირი არ არის, რადგან ქრისტიანობა საფუძველშივე პატრიარქალური წარმონაქმნია, ეკლესია კი ისტორიულად ყოველთვის  ქალების თავისუფლების წინააღმდეგი იყო.

ქრისტიანობის ქალთმოძულე ბუნების საილუსტრაციოდ რამდენიმე ციტატას მოვიტან:

პავლეს ეპისტოლე. პირველი ტიმოთეს მიმართ, თავი მეორე:

11. ქალი სწავლობდეს მდუმარედ, სრული მორჩილებით.

12. მე არა ვრთავ ქალს სწავლების ნებას, და არც ქმარზე მბრძანებლობისას, არამედ რათა იყოს მდუმარედ.

პავლეს ეპისტოლე, პირველი კორინთელთა მიმართ, თავი მეთოთხმეტე:

34. ქალები ეკლესიაში დუმდნენ, რადგანაც ლაპარაკის ნება კი არა აქვთ, არამედ მორჩილება მართებთ, როგორც გვიწესებს რჯულიც.

35. ხოლო თუ რისიმე სწავლა სურთ, ქმრებს ჰკითხონ სახლში, რადგანაც ქალისთვის საძრახისია ეკლესიაში ლაპარაკი.

პავლეს ეპისტოლე კოლოსელთა მიმართ:

3.18 ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც გმართებთ კიდეც უფალში.

პავლეს ეპისტოლე ტიტეს მიმართ:

2.5 კეთილგონიერნი იყვნენ, უმანკონი, მეოჯახენი, კეთილნი, თავიანთი ქმრების მორჩილნი, რათა არ იგმობოდეს ღვთის სიტყვა.

 

მოკლედ რომ შევაჯამოთ, თუ ჩვენს ქვეყანაში ქალის კულტი არსებობს, ის არა თანასწორობის ალტერნატივა, არამედ მისი მთავარი მტერია. ქალის ქართული იდეა ეს არის იდეა რეპრესირებული, ქმრის მორჩილი, თავისუფლებას მოკლებული ორგანიზმისა, რომლის ერთადერთი ფუნქცია რეპროდუქცია და ბავშვების გაზრდაა. ჩვენი კულტურა არ სცემს პატივს ქალს, ჩვენი კულტურა ეთაყვანება ქალის ისეთ იდეას, რომელიც რეალურ ცხოვრებაში მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცის პირადი მოხმარების ნივთია და არა დამოუკიდებელი ინდივიდი. ამ ყველაფერს კი მნიშვნელოვნად განაპირობებს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის პოლიტიკა  და ქრისტიანული იდეოლოგიის ის ინტეპრეტაცია, რასაც ის გვთავაზობს, რომელიც, სიმართლე გითხრათ, უფრო გამოხატავს ქრისტიანობის არსებას, ვიდრე ის ბოდვა, რასაც ლიბერალი მორწმუნეები ფიქრობენ, რომ ქრისტიანობა ქადაგებს.

 

დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^