დიდი შანსია, რომ 26 წლის რეჟისორი ლაშა ცქვიტინიძე თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ერთ-ერთ აღმოჩენად იქცეს. მით უმეტეს, თუ მისი ფილმის, „მე ვარ ბესო“, ჩვენების შემდეგ „ამირანის“ დიდ დარბაზში ახალგაზრდების მოწყობილ ყიჟინას გავითვალისწინებთ. თუმცა ტაში და გულმხურვალება რომ ფესტივალებზე წარმატების გარანტია არ არის, ეს ჟიურის თავმჯდომარემ, ცნობილმა კინოკრიტიკოსმა და კინოისტორიკოსმა, მარკო მიულერმა, ყველაზე უკეთ იცის. 2014 წლის ზაფხულში ფილმი მონაწილეობდა სარაევოს მეოცე საერთაშორისო კინოფესტივალზე და გარკვეული წარმატებითაც.
ერთი მოკლემეტრაჟიანი („ჰობუნი“) და ერთიც დაუმთავრებელი ფილმის („თემო“) ავტორმა, ლაშა ცქვტინიძემ, უსახურ და ურბანისტულ ყოფიერებაში, უფრო ზუსტად ამ ყოფიერების გაუსაძლის რეალობაში საათ-ნახევრის განმავლობაში გამოგვკეტა. ალბათ იმიტომ, რომ ცოტა ხნით დაგვევიწყებინა, ვისი გორისა ვართ და გაგვეხსენებინა, რომ ჩვენს დანიაშიც რაღაც დალპა. უბრალოდ, სახელმწიფო ტახტის მპარავი მეფეები, მოღალატე დედოფლები და რეფლექსიურ-შეჭმუხნული პრინცები ჩერნობილით დაღდასმულმა და გონებაჩლუნგმა მამებმა, ბაზრებში დაბერებულმა დედებმა და რეალისტ-რეპერმა თინეიჯერებმა შეცვალეს.
არავითარი დარგული სილამაზე, ან გარდასულ კინემატოგრაფიულ ლანდებთან ლაციცი. მოცახცახე ხელის კამერა ლამის ნეიტრალური სიმშვიდით დაყვება15 წლის ბესოს, რომელიც სადღაც მივარდნილ დასახლებაში ცხოვრობს. რომც მოინდომოთ, მაინც ვერ იცნობთ, სად ხდება ფილმში მოქმედება. ალბათ, ეს არის რაღაც საშუალო ლტოლვილების დასახლებასა და დეკლასირებულ მუშათა კვარტალებს შორის. ბესოს სკოლაში წასვლა ეზარება, რეპერობაზე ოცნებობს და მეგობარ ბექასთან ერთად, გოგოებს ლუდზე ეპატიჟება. ჰყავს ჩერნობილის ატომურ სადგურზე დაინვალიდებული მამა, მარჩენალი დედა, რომელიც მთელი დღე ბაზარში ატარებს და ჰომოსექსუალი ძმა, რომელიც ცეკვის გაკვეთილებს ატარებს.
მკვეთრად შავ-თეთრ და სლენგით გაჯერებულ დრამატურგიას არანაკლებ „აფერადებს“ ლამის დანგრეული საბჭოთა მემორიალის გვერდით ძველბიჭური გარჩევები. აქვე, ამავე არეალშია თითქმის დანგრეული კულტურის სახლი, რომელშიც ბესოსა და მის მეგობარს ფიზიკურად უსწორდებიან, მიგდებული და გაპარტახებული საავადმყოფო, უსახური საერთო საცხოვრებლები...
უმთავრესი შეგრძნება, რაც ლაშა ცქვიტინიძის ფილმის შემდეგ გეუფლება, ესაა ჯანსაღი, მაგრამ ნაივური ცინიზმი და ახალგაზრდული ენერგია, რომლიც ერთდროულად ანაყოფიერებს და განდევნის ჩვენს უსასოობას. და ეს რაღაცით ჰგავს ჭაობში ჩაფლული კაცის მდგომარეობას, რომელმაც მაინც იცის, რომ სადღაც ახლო გზაა. გადაღმა კი ზღვის ჰორიზონტი იშლება... ზღვამდე ჯერ კიდევ შორია!
„მე ვარ ბესო“, როგორც კინოფაქტი, როგორც მოვლენა რაღაცით გასული საუკუნის 80-იან წლებში, ალეკო ცაბაძის მიერ გადაღებულ „ლაქას“ (რასაკვირველია, არ ვგულისხმობ ამ ორი ფილმის მხატვრულ შედარებას) მაგონებს. მაშინაც სწორედ ფილმის მთავარმა გმირმა - მუსიკოსმა „ქიშომ“ შეატორტმანა დამყაყებული, გახევებული რეალობა და ფსკერი დაგვანახა, რომელსაც აღლუმებით საგულდაგულოდ ნიღბავდნენ. ამჯერად ამას თინეიჯერი რეპერი ბესო ცდილობს. ცხადია, ძალიან გულუბრყვილოდ, სასაცილოდ, მაგრამ ჯობს ახლა და სასაცილოდ, ვიდრე არასდროს...