- კურიოზული ანტინარკოტიკული კამპანიები
- „ქალაქში მკვლელია!!
- ეს აქცია, ალბათ, ერთ-ერთ მინისტრს ეძღვნება!.. უფრო სწორად, დამნაშავის ადგილზე ლიკვიდაციის გადაწყვეტილების მიღების გამოა ეს ამბები (როგორც ამბობენ). ეს ალბათ „კმარას“ თანამედროვე ვარიანტია...
- ხომ გაიგეთ ახალი ამბები? უნივერსიტეტებთან ნაფეხურები არის.
- მე არ ვიცი, მაგრამ თავად მესიჯი - ქალაქში მკვლელია! - ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე საშინელი მესიჯია!!!! მეჩვენება - ვინც ეს კამპანია აწარმოა, საერთოდ არ იცის არაფერი. არ იცის, როგორ შეადგინოს მსგავსი ტექსტები. ეს ხომ ისედაც დათრგუნულ ფსიქიკაზე საშინლად მოქმედებს. იმ დღეს ტაქსით ვმგზავრობდი, მძღოლმა ეს წარწერა რომ შეამჩნია გამსახურდიაზე, მომიბრუნდა და მეუბნება - იცით რა, შემეშინდა, აწი კაცებს აღარ გავუჩერებო. მე ვეუბნები - ბატონო, კაცი და ქალი რა შუაშია - იქნებ მკვლელი მეც ვარ-მეთქი. ასე ნუ მიუდგებით ამ საკითხს ან რაღაც შეცდომაა, ან ვერ აგიხსნით ამით რა უნდოდათ ეთქვათ-მეთქი... და თუ ეს მართლაც ნარკომანიის საწინააღმდეგო კამპანიაა, საოცრად უგუნურად არის გაკეთებული!!!!
- ქალაქში მკვლელია?.... ამ ჩემს ფეხებს კიდე!!!!
- თუ მართლა ანტინარკოტიკული აქციაა, ძალიანაც კარგადაა გაკეთებული და ზუსტადაც მიზანში ურტყამს.
- ამაზე უგუნურად აგებული გზავნილის მოფიქრება, როცა არ იცი რაზეა საუბარი, საერთოდ წყალში ყრის ყოველგვარ კამპანიას. ეს დესტრუქციული მესიჯია, რომელსაც არ აქვს გამართლება. ნარკომანია თეთრი სიკვდილია? კი ბატონო, მაშინ მესიჯი სხვა უნდა მოიფიქრო. აქ უნებურად პერსონიფიცირება მოხდა ხალხის ცნობიერებაში - მკვლელია - ის აუცილებლად ორფეხა არსებად წარმოიდგინეს. მიზანში მარტო მაშინ „მოარტყავდა“, სამიზნე ჯგუფი და გზავნილი სწორად რომ ყოფილიყო შერჩეული.
- მიზანში მაშინ მოარტყამდა, ვინმესთვის თავი რო გაეპოთ და რომელიმე პარკში დაეგდოთ. აი მაშინ იქნებოდა პანიკა.
- თუ მართლა ანტინარკოტიკული აქციაა, რატომ ხსნიან ღამე?...
- რა ნაფეხურები.............სისხლიანი იყო თუ რა?
- არა, თეთრი. ეტყობოდა რომ სპეციალურად იყო გაკეთებული. რუსთაველზე, გპი-სთან, კიდე სად იყო არ ვიცი.
- იმხელა პლაკატების გაკვრას რამდენი დრო სჭირდება.... სად არის მაშინ პატრული, რას აკეთებს?!!!!!!!!!!!! ეჰ, ყველა ჩვენ გვატყუებს რა“.
ზემოთ მოყვანილი აზრთა ურთიერთგაცვლა 2005 წლის 18-19 ნოემბერს ხდებოდა, ვებპორტალ „თბილისის ფორუმზე“. ის ეხება 2005 წლის ნოემბერში თბილისის რამდენიმე ბანკისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული ანტინარკოტიკულ კამპანიას.
მოყვანილი მსჯელობები კარგად ასახავენ ასოციაციების მიმართულებას, რომელიც აღძრა კამპანიამ: მოსახლეობის ნაწილს ეგონა, რომ ეს ნულოვანი ტოლერანტობისა და ადგილზე ლიკვიდაციის საპასუხო საპროტესტო პოლიტიკური აქცია იყო; მოსახლეობის ნაწილი „ორფეხა მკვლელის“ შიშმა დაზაფრა - რის ფონზეც, როდესაც გაიგეს, რომ საქმე „ნარკოტიკებს“ ეხებოდა, შვებით ამოისუნთქეს; ზოგმა თავი შეურაცხყოფილად იგრძნო - „ყველა ჩვენ გვატყუებსო“; საზოგადოების ნაწილში კი კამპანიის ძირითადმა გზავნილმა ძალადობისა და სისხლის ასოციაციები აღძრა, რამაც არავინ იცის, რა შედეგი მოუტანა იმხანად ქართულ საზოგადოებას. სავარაუდოდ - ვერც ვერავინ გაიგებს, იმიტომ, რომ კამპანიის არც დაგეგმვაში, არც განხორციელებაში პროფესიონალებს, ანუ წამალდამოკიდებულების პრევენციის სპეციალისტებს, მონაწილეობა არ მიუღიათ. რადგან პროფესიულად არ იყო დაგეგმილი, რასაკვირველია, არც კამპანიის შედეგების გაზომვა-შეფასებაზე იზრუნა ვინმემ. ასე დარჩა ეს კამპანია დამთავრების შემდგომ ისეთივე გამოცანად, როგორიც დაწყებისას იყო. თუმცა შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ შემზარაობის, ადამიანების მიმართ შიშის, სისხლისა და ძალადობის მიმართულებით აღძრული ემოციები და ასოციაციები საზოგადოებას კარგს ვერაფერს მოუტანდა.
ძალიან ხშირად საქართველოში ნარკოტიკების მოხმარების პრევენციაზე მიმართული ღონისძიებები მოგვაგონებს ხოლმე კარგად ცნობილ ხუმრობას: ქერტლის საუკეთესო წამალი გილიოტინააო. საილუსტრაციოდ ძალიან ბევრი პრევენციული გზავნილის მოყვანაა შესაძლებელი: მაგალითად, გახმაურებული „ანტისუბუტექსის“ კამპანია, რომელიც დაახლოებით, „მკვლელის“ კამპანიის პარალელურად მიმდინარეობდა და მოუწოდებდა (თავადაც არ იცოდა - ვის, რამდენადაც სამიზნე ჯგუფი განსაზღვრული არ ჰყავდა) - „ყველაფერი, სუბუტექსის გარდა!!!“ როდესაც კამპანიის ორგანიზატორებს ჰკითხეს - თუ ყველაფერი, ესე იგი, ჰეროინიც კი შეიძლება ოღონდ სუბუტექსი არ იყოსო?!.. ორგანიზატორებმა უპასუხეს: ჩვენ ჰეროინი არ გვიგულისხმია, ღვინო-დუდუკი-ქალები ვიგულისხმეთო... გასაგებია, რომ ბოროტი განზრახვა არ ჰქონდათ და ჰეროინი არ უგულისხმიათ, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე გამოუვიდათ. ისევ და ისევ „გილიოტინა“-მიდგომა. გამოდის, ისიც არ იცოდნენ, რომ ნარკოტიკების ავადმოხმარების პრევენცია სწორედ რომ „ღვინო-დუდუკი-ქალების“ პრევენციით იწყება. ანუ ალკოჰოლის მოხმარებისა და შემთხვევითი სექსუალური კავშირების პრევენციით, და კიდევ უფრო ზუსტად რომ ვთქვათ - ჯანსაღი ცხოვრების წესსაა და სტილზე მოდის გავრცელებით. თუ მავანი და მავანი ნარკოტიკების მოხმარების საპრევენციოდ ალკოჰოლის მოხმარებისა და შემთხვევითი სექსის პროპაგანდას ეწევა, ეს უკვე „გილიოტინის“ სცენარსაც კი სცილდება: ეს გილიოტინაც არის და ხარაკირიც, ერთდროულად.
- სკოლის სახელმძღვანელოს შემთხვევა
პრევენციული მესიჯების სხვადასხვა საგნობრივ სახელმძღვანელოებში გაბნევა თავისთავად ერთ-ერთი ეფექტური პრევენციული სტრატეგიაა, რომელსაც საქართველოს განათლების სამინისტრომ ამ რამდენიმე წლის წინ მიმართა. სხვა საგანმანათლებლო პრევენციულ აქტივობებთან ერთად კომპლექსში, ამ სტრატეგიას დადებითი შედეგი მოაქვს; მაგრამ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის გზავნილები, რაც ვრცელდება სახელმძღვანელოებით, არ არის დესტქრუციული, არ არის „გილიოტინა“-გზავნილები. მათ შედგენაში მნიშვნელოვანია პროფესიონალების (დამოკიდებულების პრევენციის სპეციალისტების) მონაწილეობა. წინააღმდეგ შემთხვევაში შეცდომების რისკი მაღალია. სავარაუდოდ, ასე მოხდა გამომცემლობა კლიოსა და მერიდიანის მიერ 2012 წელს გამოცემული 8-ე კლასის ბიოლოგიის, განათლების სამინისტროს მიერ გრიფირებული, სახელმძღვანელოს შემთხვევაში, სადაც შესულია შემდეგი დავალება:
„სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ ბრძანა, რომ ნარკომანია სირცხვილია. როგორ გესმის ილია მეორის ეს ფრაზა? მოიფიქრე, რატომ შიძლება ნარკომანი გახდეს საზოგადოებისთვის საშიში პიროვნება?“
დავიწყოთ იმით, რომ ნარკომანია დაავადებაა და როგორც ნებისმიერი სხვა დაავადება (გნებავთ, ის დაავადებები, რაც სახელმძღვანელოს ავტორებს აქვთ განხილული შესაბამის ქვეთავში - ცე ჰეპატიტი და შიდსი) არ შეიძლება იყოს სირცხვილი. ნებისმიერი დაავადება - იქნება ეს ქოლერა, ათაშანგი, ჭლექი, კიბო, ჭარბი წონა, შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერტონია, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ჰეპატიტები, შიდსი, გრიპი და ა.შ. - არ არის სამარცხვინო. ეს არის ავადმყოფობა, და ამისაგან არავინ ვართ დაზღვეული. ნურავინ დაიქადნის, რომ დაზღვეულია შიდსისგან, ჰეპატიტისგან, გნებავთ, ტუბერკულოზისგან. მართალია, ადამიანები განვსხვავდებით ამა თუ იმ დაავადების განვითარების მეტ-ნაკლები რისკებით, მაგრამ, მიუხედავად ამისა, საბოლოო ჯამში, ჩამოთვლილი დაავადებები ყველას შესაძლოა დაგვემართოს. სამწუხაროდ, ასეა ნარკომანიაც.
დაავადების შერაცხვა სირცხვილად ართულებს ამ დაავადების მკურნალობას და სხვა მრავალ პრობლემას წარმოშობს დაავადებული ადამიანისა და მისი უახლოესი გარემოცვისთვის, რასაც საბოლოოდ ადამიანის დისკრიმინაციისა და უფლებების შელახვამდე მივყავართ.
ჩემი ვარაუდით, პატრიარქმა თავის დროზე იგულისხმა, რომ „ნარკოტიკების მოხმარებაა“ (ქცევა) სირცხვილი და არა ნარკომანია (დაავადება). ამ ვარაუდის საშუალებას მაძლევს ის ფაქტი, რომ „სირცხვილის“ გზავნილი მის მიერ ნარკომანიით დაავადებული ადამიანების დახმარებისა და მკურნალობის საჭიროებაზე საუბრის ფონზე იყო გავრცელებული. ესა თუ ის ქცევა, გამომდინარე ფასეულობათა სისტემიდან, შესაძლოა ადამიანმა ან ინსტიტუტმა ჩათვალოს სირცხვილად, და ეს მისი ნებაა. მაგრამ დაავადების სამარცხვინოდ ჩათვლა ეწინააღმდეგება დაავადებული ადამიანის უფლებების დაცვას, და ამიტომ - შეცდომაა.
ვთქვათ, ჩემი ვარაუდი არ არის მართალი და პატრიარქმა მართლაც დაავადება მიიჩნია სირცხვილად. ნიშნავს ეს რომ უკლებლივ ყველა ადამიანმა საქართველოში უნდა გაიზიაროს ეს აზრი, მიიღოს როგორც დოგმა და ის სკოლის სახელმძღვანელოებიდან ისწავლებოდეს? ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება შეცდეს, ისევე როგორც - აღიქვას შეცდომა, კრიტიკულად გაიაზროს და საკუთარი ხედვა შეიმუშავოს. შეცდომის დაშვება - ადამიანური ბუნების ნაწილია, უშეცდომო არავინაა. არ შეიძლება პატრიარქს წავართვათ ეს უფლება - ამით ჩვენ მას კერპად ვაქცევთ, რითიც საკვანძო ქრისტიანულ მცნებას ვარღვევთ და ეს უკვე არა მისი, არამედ ჩვენი შეცდომა და პასუხისმგებლობაა.
სახელმძღვანელოს ავტორები კიდევ უფრო შორს წავიდნენ: პატრიარქის სიტყვებზე დაყრდნობით, ისინი მოსწავლეს სთავაზობენ მტკიცებულებას იმის თაობაზე, რომ „ნარკომანი შეიძლება გახდეს საზოგადოებისთვის საშიში პიროვნება“. „სირცხვილიდან“ „საშიშზე“ ეს გადასვლა, რბილად რომ ვთქვათ, მოკლებულია თანმიმდევრულობას: ყველაფერი რასაც „სირცხვილად“ ჩათვლი, „საშიშიც“ რომ იყოს, ეს ორი სიტყვა ერთმანეთის სინონიმი იქნებოდა. ავტორები ერთგვარ რიტორიკულ ხერხსაც იყენებენ: ის, რომ ნარკომანი შესაძლოა გახდეს საზოგადოებისათვის საშიში, ამას მოსწავლეს აწოდებენ, როგორც იმთავითვე არსებულ მოცემულობას. კითხვის ნიშანს მხოლოდ და მხოლოდ იმასთან დაკავშირებით სვამენ, თუ რატომ შეიძლება ნარკომანი გახდეს საზოგადოებისთვის საშიში. სავარაუდოდ, ავტორები წამალდამოკიდებული ადამიანების წინააღმდეგ არსებული უარყოფითი წინასწარგანწყობის ტყვეობაში არიან და ფაქტობრივად, პატრიარქის ავტორიტეტის მოშველიებით, მოსწავლეებსაც გადასცემენ მას. მათი გზავნილი ტიპური „გილიოტინა“-გზავნილია, რომელიც სტიგმას ადებს წამალდამოკიდებულებით დაავადებულ ადამიანს.
წამალდამოკიდებული ადამიანის საზოგადოებისთვის საშიშად გახდომის რისკი, ისეთივეა, როგორც სხვა ადამიანებისა. სტატისტიკის თანახმად, საზოგადოებისთვის ბევრად უფრო საშიშია, მაგალითად, ნასვამი ადამიანი, რომელიც საჭესთან ზის, რადგან ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვის გამო მომხდარი სახმელეთო ავარიების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა მნიშვნელოვანწილად აჭარბებს ნარკოტიკების მიზეზით გარდაცვლილი ადამიანების რიცხვს.
- პრევენციის რისკები
წამალდამოკიდებულების პრევენციას სამი ძირითადი რისკი ახლავს:
- მნიშვნელოვანია, რომ ნარკოტიკების მოხმარების პრევენციისას ნარკოდამოკიდებულებს სტიგმა არ დავადოთ, საზოგადოებას მათი სოციალური იზოლაციისკენ არ ვუბიძგოთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წამალ(ნარკო)დამოკიდებულება დაავადებაა, და დამოკიდებულ ადამიანს არა გარიყვა, იზოლაცია, გაკიცხვა, ზიზღი, არამედ თანადგომა და დახმარება, უპირველეს ყოვლისა კი - მკურნალობა ესაჭიროება;
- მნიშვნელოვანია, პრევენცია იმგვარად დაიგეგმოს, რომ ნარკოტიკების პოპულარიზაციად არ იქცეს - როგორც, მაგალითად, ნენსი რეიგანს გამოუვიდა, როდესაც, კლინტ ისტვუდთან ერთად „ვარსკვლავურად“ გამოდიოდა ტელეეკრანზე, საუბრობდა ნარკოტიკების მავნებლობაზე და ფაქტობრივად გზავნილში, რომელიც ამგვარი გამოსვლებით ვრცელდებოდა - ნარკოტიკების მოხმარება „შეჯვარებული“ იყო წარმატებასა და ცნობადობასთან;
- კიდევ ერთი რისკი იმაში მდგომარეობს, რომ თუ პრევენციას მხოლოდ და მხოლოდ სამართალდამცავი ღონისძიებებით ვცდილობთ (თრობაზე შემოწმება, პირველად - დაჯარიმება, მეორედ იმავე წლის მანძილზე - სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის წინაშე წარდგენა), განათლების სისტემაში პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმების დანერგვის გარეშე, გამოდის, რომ მოხმარების პრევენციის მცდელობისას, ფაქტობრივად, ადამიანს კრიმინალური კარიერის გზაზე ვაყენებთ და ისევ და ისევ, საზოგადოებიდან ვრიყავთ და კრიმინალად ჩამოყალიბებისკენ ვუბიძგებთ. ესეც „გილიოტინა“-მიდგომაა.
ამ რისკების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია პრევენციის დაგეგმვა-განხორციელება სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაყრდნობით და, რაც მთავარია, შედეგების შეფასება კვლევის საშუალებით, რომ სტრატეგიის დახვეწის საშუალება გვქონდეს.
- პური ხაბაზმა უნდა აცხოს
დღევანდელ საქართველოში სამწუხარო რეალობას წარმოადგენს ის, რომ გავრცელებული შეხედულებით, ნარკოტიკების ავადმოხმარების პრევენციას არ ესაჭიროება სპეციალური ცოდნა, განათლება და პროფესიონალიზმი. ამიტომ, ვისაც როგორ წარმოუდგენია, საკუთარ ვარაუდებზე დაყრდნობით აწარმოებენ „პრევენციულ“ საქმიანობას. არადა, ნარკოტიკების ავადმოხმარების პრევენცია სწორედ ის სფეროა, სადაც ძალიან ადვილია „არ ავნო“ პრინციპის დარღვევა.
საქართველო არ არის გამონაკლისი, შეცდომები სხვაგანაც ხდებოდა და ხდება. მაგრამ, რამდენადაც მსოფლიოში დღეს უკვე დაგროვილია გამოცდილება და ცოდნა დამოკიდებულების პრევენციაზე, ალბათ აჯობებს, რომ პრევენციული სტრატეგიები ვარაუდებზე არ ავაგოთ, არ ვიმოქმედოთ „ცდისა და შეცდომის“ მეთოდით და საკუთარ შეცდომებზე კი არა, უკვე სხვის მიერ დაშვებულ შეცდომებსა და მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ვიხელმძღვანელოთ.
მსოფლიოში, იმის გამო, რომ პრევენციული სამუშაოებისათვის პროფესიონალიზმს არ ექცეოდა ყურადღება, ბევრი ფუჭი, დესტრუქციული პრევენციული კამპანია ჩატარდა, რამაც თავის დროზე გაუტეხა კიდევაც სახელი პრევენციას. ერთ-ერთი ასეთი ნენსი რეიგანის პრევენციული კამანია იყო, რომელიც აშშ-ს მილიონობით დოლარი დაუჯდა და საბოლოოდ, როდესაც მისი რეზულტატები შეაფასეს - აღმოჩნდა, რომ მან უკუეფექტი იქონია, ანუ ნარკოტიკების პოპულარიზაცია გასწია.
აღწერილის მერე დასავლეთში დიდი ყურადღება დაუთმეს სამეცნიერო მტკიცებულებაზე დაფუძნებული პრევენციული მიდგომების განვითარებას. ამჟამად დამოკიდებულებების პრევენცია მეცნიერების სწრაფად განვითარებადი დარგია. ამის ინდიკატორია პრევენციის კვლევების რამდენიმე სერიოზული სამეცნიერო ჟურნალი, რომელიც დასავლეთში გამოდის. ევროკავშირის ქვეყნებში უკვე 15 წელიწადია მიმდინარეობს „ყოვლისმომცველი სოციალური გავლენის“ პრევენციული პროგრამის განხორციელება, რომელსაც თან ახლავს სამეცნიერო კვლევა იმის შესასწავლად, თუ როგორ და რამდენად ეფექტურად მუშაობს მეთოდი.
„ყოვლისმომცველი სოციალური გავლენის“ პროგრამა პილოტირებული და ადაპტირებულია ქართულ სინამდვილეშიც - ეს მოხდა 2012 წელს, განათლების სამინისტროს მიერ დაფინანსებული, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული შესაბამისი პროექტის ფარგლებში. სამწუხაროდ, ამის მერე განათლების სისტემის დონეზე მეთოდის დანერგვის თვალსაზრისით საქმე წინ აღარ წასულა. რომ დანერგილიყო, საქართველოს სკოლები მომზადდებოდნენ სპეციალური პროგრამით იმისთვის, რომ თავად შეემუშავებინათ და ემართათ სკოლის ანტინარკოტიკული შიდა-პოლიტიკა, ხოლო კლასის დამრიგებლებს 11-12 წლის ასაკის მოსწავლეებისათვის თავად ჩაეტარებინათ პრევენციული გაკვეთილები.
სკოლა უნდა იყოს თვითკმარი ნარკომანიის პრევენციის საქმეში, არ უნდა იყოს დამოკიდებული არც მოწვეულ ნარკოლოგებზე (მით უმეტეს, რომ ისინი არიან მკურნალობის და არა პრევენციის სპეციალისტები), არც არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტებზე, არც „მოდი გავაკეთოთ რამე“ მიდგომაზე. პედაგოგი და სკოლა უნდა იყოს აღჭურვილი უნარებით, რომ აწარმოონ პრევენციული საქმიანობა; ეს უნდა მოხდეს ეროვნულ დონეზე. საქართველოში ყველა სკოლას უნდა დავეხმაროთ, რათა მათ დამოუკიდებლად აწარმოონ პრევენციული მუშაობა. ეს მუშაობა უნდა ეყრდნობოდეს სამეცნიერო მტკიცებულებებს და არა ვარაუდებს, რადგანაც პრევენცია, რომელიც არაპროფესიულად ტარდება, საუკეთესო შემთხვევაში - უშედეგო, საუარესოში - დამაზიანებელია.