არ იფიქროთ, რომ სადღეგრძელოს ტიპის ბლოგპოსტს ვწერდე ან წინა საახალწლო შოფინგმა ამიჩუყა გული. ეს ორი სიტყვა - მშვიდობა და სიყვარული - ქართული კალიგრაფიით დაწერილი ისეთ ადგილას აღმოვაჩინე, სადაც ნამდვილად არ ველოდი და მოგეხსენებათ, მოულოდნელობა ყოველთვის უცნაურ ემოციურ განწყობებს იწვევს.
შარჯას თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი (მრავალთაგან) გალერეის ექსპოზიციიდან ერთი ნამუშევარი ძირს გაშლილი დიდი ტილო იყო რუკების თემით, სხვადასხვა ენაზე დაწერილი ფრაზებითა და სიტყვებით და მათ შორის ზემოთ ხსენებული ორი ქართული სიტყვაც იყო ჩართული. გამოფენის კურატორმა მითხრა, რომ ავტორი ერაყელი მხატვარია, რომელსაც შარჯაში მცხოვრები უცხოელების ბედი აინტერესებს, ბევრ მათგანს იცნობს და ყველას სთხოვა საკუთარ ენაზე დაეწერა რამდენიმე სიტყვა. მოკლედ, რომელიღაც ჩვენს თანამემამულეს, რომელიც სავარაუდოდ არაბულ ქვეყანაში სერვისის სფეროში მუშაობს (ამ მიმართულებით აქ სულ უცხოელები მუშაობენ), ეს ორი სიტყვა გაახსენდა, შესაძლოა მართლაც სადღეგრძელოების რეპერტუარიდან მოხვედრილი მის ცნობიერ ღირებულებათა სიაში.
თუ მონდომება იქნება, ამ თემის დრამატიზაციაც შეიძლება სულ სხვადასხვა დონესა და ფორმატში, - ეგზისტენციალური პრობლემიდან დაწყებული სოციალური უბედურებით დამთავრებული და ისიც ადვილი წარმოსადგენია როგორ გააუფასურებდა ამ ყველაფერს რომელიმე „რეიტინგული“ ქართული ტოქ-შოუ უადგილო და აცდენილი სენტიმენტებით, მეასეხარისხოვან დეტალებზე აქცენტირებითა და შორს, ძალიან შორს მყოფი პრობლემის არსიდან. იმ მომენტისთვის პარალელურ სიტუაციებზე კი ვფიქრობდი, რომელიც არტისტულ ინსტიტუციებს უკავშირდებოდა და კიდევ უფრო შორეულად მეჩვენებოდა ჩვენთან თანამედროვე ხელოვნების მიმართულებით რაიმე სახის მნიშვნელოვანი ცვლილება, თუმცა იქვე გამოჩნდა იმ სოციალური პრობლემის დასტურიც, რომლის ფონზეც სახელოვნებო სფერო შორეული მომავლის კონტურებშიც კი აღარ ჩანდა. კონტრასტები სპარსეთის ყურეს ქვეყნებში ისედაც საკმარისია, - ჰაი ტექ არქიტექტურის უკიდეგანო ფანტაზიებში ჩართული თანამედროვე ხელოვნების გლამურული მხარე თავისი ვიზუალური ეფექტებითა და კიდევ უფრო ეფექტური ბიუჯეტებით, მეორე მხრივ კი ჩადრებში გახვეული ქალები. პარალელურად დოჰას მატჰაფის მუზუმში შირინ ნეშატის გამოფენაა, რომელმაც თავისი არტის საწყისი ალფავიტი ჩადრით, ირანული კალიგრაფიითა და იარაღით ააგო და კრიტიკულ კომენტარებს გამოთქვამდა დასავლეთში ჩამოყალიბებული აღმოსავლეთის ქვეყნებზე არსებული ეგზოტიკური სტერეოტიპების მიმართ.
მატჰაფის მუზეუმის ახლანდელი ექსპოზიციაზე მისი არანაკლებ საინტერესო ვიდეო ნამუშევრები და განსაკუთრებით შთამბეჭდავი ფოტო პორტრეტებია. თანამედროვე ხელოვნება ზოგადად აქ უხვადაა და განსაკუთრებით უკვე ბრენდებად ქცეული სახელები, თუმცა ბევრისთვის აღმოჩენადაც შეიძლება იქცეს ჩვენთვის უცნობი ადგილობრივი მხატვრების მრავალფეროვნებაცა და ხარისხიც. ყველაფერი აქ არტ ბაზრის რეგულაციებში გავლენების მოპოვებაზეა მიმართული და შედეგებიც უკვე ჩანს საერთაშორისო არტ რუკის ცვლილებაზე და მის დღევანდელ ტრანსფორმაციაზე. ის ფაქტი, რომ იმ ადგილას, სადაც არც ისე დიდი ხნის წინ სიცარიელე იყო, ახლა კი ფრენკ გერის დეკონსტრუქტივისტული ფანტაზია (ბევრისთვის უკვე მობეზრებული) შენდება არქიტექტურის სხვა მეგა ვარსკვლავების პროექტების გვერდით, თავისთავად შთამბეჭდავია და დიდწილად ტურიზმზე გათვლილი, - ტურისტების რიცხვი კი მართლაც ინტენსიურად იზრდება ამ ქვეყნებში. ჩვენ კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ 1990 -იანებში დიდი ტკივილით გამოთქმული კარლო კაჭარავას ეპოქალური წერილი "რატომ არ არის საქართველო", - უცვლელ და მყარ კონცეფტად იქცა. თუმცა, საქართველოს თანამედროვე ხელოვნების რუკაზე პერიოდულად მაინც შეხვდებით თუნდაც ამ სახით, ორი ქართული სიტყვით - მშვიდობა და სიყვარული. სამშობლოსთან დაკავშირებით კი აქ ჩემთვის კიდევ ერთი ისტორია განვითარდა. დოჰას აეროპორტში საპასპორტო კონტროლის გავლისას პროცედურული შეფერხება მოხდა, - სრულიად უიმედო განწყობით დავურეკე ჩვენი წარმომადგენლობის კონსულს მიხეილ პატაშურს, რომელიც მაშინვე მოვიდა აეროპორტში და პრობლემაც მოგვარდა. ვისაც ეს გამოუცდია, დამეთანხმება, რამდენად კარგი შეგრძნებაა, როცა უცხო ქვეყანაში შენი სამშობლო საკუთარ მოქალაქეს გიცავს. საბოლოოდ ამ ფონზე ჩვენი თანამედროვე ხელოვნების თემაც აღარ გამოიყურებოდა ცოტა ხნით მაინც ისე უიმედოდ.