არცოდნა არცოდვაა - ამბობს ძველი ანდაზა. ანდაზები ხალხურია. ხალხი ბრძენია.
შესაბამისად, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ გამოთქმა - არცოდნა არცოდვაა - ბრძნულია.
მაგრამ არსებობს გამონაკლისები.
გამონაკლისები კი, მოგეხსენებათ, ზოგჯერ არ ადასტურებს წესს.
მაშ, როდისაა არცოდნა ცოდვა?
ცოდვაა, როდესაც თანასწორობის იდეაზე არაფერი იცი და უმაღლესი სასულიერო ამბიონიდან ქადაგებ.
როდესაც ვერ ხვდები, ბიუჯეტი როგორ აითვისო, და მინისტრთა კაბინეტის წევრი ხარ - ასევე ცოდვაა.
ადამიანის უფლებებზე თუ ოდნავი წარმოდგენაც არ გაქვს და პარლამენტის დეპუტატის სავარძელში ზიხარ - ესეც ცოდვასთან ზიარებაა, პირდაპირი.
ცოდვაა, როდესაც არცერთ მნიშვნელოვან ზოგადსაკაცობრიო ღირებულებაზე არაფერი გსმენია, და პარალელურად ეთერით უზარმაზარ აუდიტორიას კვებავ საწამლავით, რომელსაც ჰქვია - სტერეოტიპები, სტიგმა, დისკრიმინაცია...
ცოდვაა, როდესაც არ იცი, საკუთარი ნათესავები როგორ აკონტროლო, და ამ დროს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ფლობ.
დიდი ცოდვაა, არ იცოდე, რომ ადამიანთა უდიდესმა ნაწილმა, რომლებიც ხელისუფლებაში (აღმასრულებელსა თუ საკანონმდებლოში) მოიყვანე, არაფერი იციან, და ქვეყნის არაფორმალური მმართველი კი იყო.
არცოდნის ცოდვათა სია გრძელია და შთამბეჭდავი.
ვერავის მოვუწოდებ შეინანოს, ვერავის დავემუქრები მოახლოებული ცათა სასუფევლით, მაგრამ უახლესი ისტორია ამბობს - ცოდვები ისჯება.
დამდეგ შობა-ახალ წელიწადს გილოცავთ.
ზურაბ ვარდიაშვილი, მთავარი რედაქტორი