Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კვოტები - ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაუმჯობესების ეფექტური მეთოდი

15 დეკემბერი 2014

ქალებისათვის საარჩევნო ხმის უფლების მოპოვება სუფრაჟისტულმა მოძრაობამ გამოიწვია, რომელიც მეცხრამეტე საუკუნიდან დაიწყო. დღეს საარჩევნო ხმის უფლება ქალებს ქვეყნის უზენაესი კანონმდებლობით აქვთ გარანტირებული. არჩევნებში ქალები აქტიური ხმის უფლებით ნამდვილად სარგებლობენ, ანუ მიდიან არჩევნებზე და ხმას აძლევენ მათთვის სასურველ კანდიდატებსა და პარტიებს, თუმცა პასიური ხმის უფლებას ქალები იშვიათად იყენებენ, ანუ ქალების კანდიდატურები კენჭის ყრაზე გაცილებით უფრო იშვიათად დგება კაცებთან შედარებით, ხოლო გამარჯვებას კიდევ უფრო ძნელად აღწევენ. გენდერული უთანასწორობა, რომელიც პასიური საარჩევნო ხმის უფლებით სარგებლობისას ვლინდება, ეფუძნება ისეთი პრობლემების არსებობას, რომელიც მხოლოდ ქალებს აწუხებთ. ესენია: ოჯახური ცხოვრების შეთავსების სირთულე პოლიტიკურ კარიერასთან, ქალის, უპირველესად როგორც მეოჯახის აღქმა სოციუმში. ქალები აღნიშნავდნენ, რომ აქვთ ფინანსური პრობლემები, ასევე პოლიტიკური პარტიებისა და საკუთარი ოჯახების მხრიდან მხარდაჭერის ნაკლებობა. ჯამში პარლამენტარების გამოკითხვებმა აჩვენეს, რომ პოლიტიკური პროფესიები კაცებისათვის გაცილებით უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე ქალებისათვის.

ქალების მხრიდან საარჩევნო ხმის აქტიური და პასიური უფლებების გამოყენების თვალსაზრისით საინტერესოა საქართველოს მაგალითი: 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ამომრჩეველთა 51% ქალი იყო. პროპორციული სისტემის საფუძველზე საარჩევნო სიებში მხოლოდ 33% ქალი იყო წარდგენილი, არჩევნების შედეგად კი ადგილობრივ თვითმართველობაში მხოლოდ 15% ქალია წარმოდგენილი; მაჟორიტარული სისტემით ქალები კანდიდატთა 15% შეადგენდნენ, გამარჯვებულ მაჟორიტარებს შორის კი მხოლოდ 8%-ია ქალი. ანალოგიური სიტუაციაა საქართველოს პარლამენტშიც, სადაც ქალები მხოლოდ 11% შეადგენენ. აღნიშნული მაჩვენებლები ცალსახად ძალიან დაბალია მსოფლიოს ნებისმიერ რეგიონთან და ქვეყნების უმრავლესობასთან შედარებით. ამას ადასტურებს 2014 წლის მსოფლიო მონაცემები, სადაც ჩანს, რომ პარლამენტში ქალთა რაოდენობის მიხედვით საქართველო 137 ქვეყნიდან 107-ე ადგილზეა.

საერთაშორისო თანამეგობრობა დიდი ხანია შეთანხმდა ქალთა და კაცთა ძალაუფლებრივი თანასწორობის აღდგენის აუცილებლობაზე, მათ შორის პოლიტიკაში გადაწყვეტილების მიღების დონეზე. თუ ქალები არ არიან პარლამენტში, ესე იგი, პარლამენტი ვერ უზრუნველყოფს მათ ადეკვატურ წარმომადგენლობასა და შესაბამისად ვერ იცავს მათ ინტერესებს სათანადოდ. მიუხედავად ამ გაცხადებული პოლიტიკისა, ამერიკასა და ევროპაში ქალთა წარმომადგენლობა პარლამენტში 25%-ს, ხოლო მსოფლიოში -22%-ს არ აღემატება. იმისათვის, რომ ქალებმა პოლიტიკურ ცხოვრებაზე გავლენა მოახდინონ და დღის წესრიგის შექმნაში ჩაერთონ, აუცილებელია, რომ ისინი გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოში კრიტიკულ მასას - 30% შეადგენდნენ. ქალთა პოლიტიკური გაძლიერების ხელშესაწყობად ბევრი მეთოდი შემუშავდა, მათგან ზოგიერთი განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა. ერთ-ერთი ასეთი წარმატებული მეთოდია კვოტები. გაეროს ქალთა განვითარების ფონდის კვლევამ გამოითავლა და დაადგინა, რომ კვოტების გარეშე გენდერული თანასწორობის მიღწევა განვითარებად ქვეყნებში შესაძლებელი მხოლოდ 2047 წლისათვის იქნება. ამგვარად კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი კვოტების აუცილებლობას.

კვოტა გულისხმობს საარჩევნო სიაში ქალი კანდიდატების ან არჩევით ორგანოში ქალებისათვის გამოყოფილი ადგილების მინიმალური რაოდენობის განსაზღვრას 20%-დან 50%-მდე. არსებობს ასევე გენდერულად ნეიტრალური კვოტები, რომელიც განსაზღვრავს თითოეული სქესისათვის არა უმეტეს 60% -ს და არა ნაკლებ 40%-ს წარმომადგენლობას და შესაბამისად ეს კვოტა ორივე სქესზე ვრცელდება.

კვოტების მიზანია შეამციროს გენდერული უთანასწორობითა და რესურსების ნაკლებობის შედეგად გამოწვეული დისბალანსი და ამისათვის რეკრუტმენტის ტვირთს არა უშუალოდ ქალს, არამედ იმ სისტემას აკისრებს, რომელიც პასუხისმგებელია კანდიდატების რეკრუტირებაზე. კვოტები იმ რეალური ბარიერების განეიტრალების მცდელობაა, რომლებიც ქალებს ხელს უშლის პოლიტიკური პოზიციების სამართლიან დაკავებაში. ვინაიდან კანდიდატების ნომინირება უპირატესად პარტიების პრეროგატივაა, შესაბამისად კვოტებიც ყველაზე ხშირად სწორედ პარტიებზე ვრცელდება.

კვოტები ბევრნაირი არსებობს, თუმცა ისინი ძირითადად შეიძლება დავყოთ პარტიულ (ნებაყოფლობით) კვოტებად (voluntary party quotas) და საკანონმდებლო (სავალდებულო) კვოტებად (legisltaive quotas), როცა კვოტების დაწესება კონსტიტუციით ან საარჩევნო კანონმდებლობით არის გარანტირებული. საკანონმდებლო კვოტები კიდევ ორად იყოფა: კანდიდატების კვოტა (candidate quotas) და რეზერვირებული ადგილების კვოტა (reserved seats quotas). განვიხილოთ სათითაოდ:

ნებაყოფლობით პარტიული კვოტები (voluntary party quotas) ევროპაში დამახასიათებელია ძირითადად მწვანე და მემარცხენე პარტიებისათვის. მაგალითად, შვედეთში 1970 წლიდან ბევრმა პარტიამ დააწესა ნებაყოფლობითი პარტიული კვოტა, რომლის მიხედვითაც არც ერთი სქესი არ შეიძლება იყოს წარმოდგენილი პარტიულ სიებში 40% ნაკლები ოდენობით. ნებაყოფლობითი პარტიული კვოტირება 37 ქვეყანაში არსებობს, მათ შორის გერმანიაში, პოლონეთში, დიდ ბრიტანეთში.

კანდიდატების კვოტა (candidate quotas) საკანონმდებლო კვოტაა, როცა კანონი ავალდებულებს პარტიებს საარჩევნო სიებში შეიყვანონ ქალები. ამ სისტემის მიხედვით ყველა პოლიტიკური პარტია ვალდებულია ქალი კანდიდატები გადაანაწილოს საარჩევნო სიებში ისეთი თანმიმდევრობით და რაოდენობით, რომ უზრუნველყოს მათი მოხვედრა არჩევით ორგანოებში. მაგალითად, პარტიულ საარჩევნო სიაში ყოველ სამ კანდიდატში ერთი ქალი კანდიდატის წარდგენა. კანდიდატების კვოტის სისტემას 60 სახელმწიფო იყენებს, მათ შორის იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, სომხეთი.

რეზერვირებული ადგილების კვოტა (reserved seats quotas) საკანონმდებლო კვოტაა, რაც გულისხმობს არჩევით კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ორგანოებში გარკვეული ადგილების ქალებისათვის გამოყოფას. რეზერვირებული ადგილების კვოტირების მაგალითებია: ინდოეთში როტაციის წესით საარჩევნო ოლქებში მხოლოდ ქალების კანიდიდატებად დაშვება; იორდანიაში ყველაზე მეტი ხმების მქონე ქალებისათვის, რომლებმაც ვერ გაიმარჯვეს არჩევნებში, 15 ადგილის შენახვა და ა.შ. რეზერვირებული ადგილების კვოტა ყველაზე ნაკლებ გამოყენებული კვოტირების სისტემაა და ძირითადად აფრიკასა და აზიაში გამოიყენება. ეს სისტემა არსებობს 36 სახელმწიფოში, მათ შორის ინდოეთი, პაკისტანი, ჩინეთი, ალჟირი, ერაყი.  

საქართველოში კვოტირების სისტემა არ არსებობს, თუმცა 2011 წელს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონით დაინერგა პარტიების ფინანსური წახალისების სისტემა. პარტია, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სიაში ყოველ ათეულში ქალის 2 კანდიდატურას წარმოადგენდა, მიიღებდა საბაზო დაფინანსების 10%-იან დანამატს. 2014 წელს აღნიშნული საბიუჯეტო წახალისება გაიზარდა და ყოველ ათეულში 3 ქალი კანდიდატის წარდგენის შემთხვევაში 30% შეადგინა. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ქალთა პოლიტიკურ წარმომადგენლობაზე ეს წამახალისებელი ზომა მაინც არ აისახა დადებითად და ბოლო 25 წელია ქალთა პოლიტიკური ჩართულობა საქართველოში 11%-ს არ აღემატება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელი საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, ქალი პოლიტიკოსების არსებობას საქართველოში კაცების 62% და ქალების 71% მნიშვნელოვნად მიიჩნევს. აქედან გამომდინარე, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის მისაღწევად დღის წესრიგში დგება არა წამახალისებელი ზომები, არამედ სავალდებულო კვოტების საკითხი.

ნებისმიერ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, თუ რა ტიპის კვოტირებას აირჩევს ქვეყანა, გასათვალისწინებელია ის ასპექტები, რომელიც მნიშვნელოვნად განაპირობებს კვოტების წარმატებას, კერძოდ:

კვოტა უნდა იყოს კონკრეტულ რიცხვზე/პროცენტზე ფიქსირებული და არა ზოგადი ხასიათის.

კვოტა უნდა ერგებოდეს კონკრეტულ საარჩევნო სისტემას. პროპორციულ სისტემას ყველაზე უკეთ ერგება კვოტები.

მნიშვნელოვანია ისეთი დეტალების დარეგულირება, როგორიცაა საარჩევნო სიაში რანჟირების წესი. მაგალითად საქართველოში ფინანსური წახალისების ზომების  გამოყენებისას  პარტიები ქალ კანდიდატებს  ათეულის ბოლო სამ ადგილზე ანაწილებენ, რასაც ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ზრდის კუთხით რეალური შედეგი არ მოაქვს.

სანქციები კვოტირების დარღვევისათვის - ეს უკანასკნელი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია კვოტების ეფექტურობისთვის. ძირითადად ორი ტიპის სანქციები გვხვდება: საარჩევნო სიის რეგისტრაციზე უარის თქმა და ფინანსური ჯარიმები. ასევე არსებობს ფინანსური წახალისება ნებაყოფლობითი კვოტების შემთხვევაში.

პარტიულ სიაში არსებული ვაკანტური ადგილის შევსებისა და ადგილომნაცვლეობის საკითხი, რათა პარტიულ სიაში გამოთავისუფლებული ადგილი, რომელიც ქალს ეკავა, კვლავ ქალმა დაიკავოს და არა კაცმა.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ასპექტის გათვალისწინება მიმართულია იმისკენ, რომ პარტიული კვოტების დაწესებისას სახელმწიფომ დანერგოს ისეთი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს კვოტირებით მიღებული დადებითი გენდერული ბალანსის მუდმივად შენარჩუნებას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^