Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კვოტირება

15 დეკემბერი 2014

საქართველოს პარლამენტმა შესაძლოა 2016 წლის არჩევნებამდე საარჩევნო კოდექსსა და კანონში გენდერული თანასწორობის შესახებ ცვლილებები შეიტანოს,  რათა აღმოიფხვრას ის გენდერული დისბალანსი, რომელიც ადგილობრივ, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებებში იჩენს თავს.

ჩემს ერთ-ერთ წინა ბლოგში - „მეინსტრიმ ფემინიზმის კრიტიკა“ - დავახასიათე და გავაკრიტიკე ასეთი მოცემულობები და შევეხე კვოტირების სისტემასაც, ახლა შევეცდები უფრო დეტალურად დავწერო.

პრობლემას ცოტა შორიდან მოვუაროთ.

ეს ყველაფერი ქალთა გახშირებული მკვლელობების საკითხს მოჰყვა.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მკვლელობები კი არ გახშირებულა, მას მედიის მხრიდან მიექცა ყურადღება. 2011 წელს ოჯახური ძალადობის პირობებში 24 ქალი მოკლეს - ეს შსს-ს სტატისტიკაა. ეს არ უნდა აღვიქვათ როგორც „ოცნების“ და „ნაციონალების“ დაპირისპირების დამახასიათებელი რიტორიკა „მანამდეც ხდებოდა“ და ა.შ. ამით ვამბობ, რომ ამ საკითხზე მანამდეც უნდა დაგვეწყო საუბარი და აქტიური განხილვა. ან, სულ რომ თავი დავანებოთ მკვლელობების რიცხვს, განა ჩვენ არ ვიცით ქართული მოცემულობა „საჯარო“ და „კერძო“ როგორ იყოფა ქალისა და კაცის მიერ?!

ჩვენ ვხედავთ, რომ „კერძო“, ანუ ოჯახის სფერო, ხოლო „საჯარო“ - ოჯახგარეთა, დანაწილებულია შემდეგნაირად: ქალი უვლის შიდა მეურნეობას, რომლის შრომაც არაღიარებულ შრომად ითვლება, ხოლო მამაკაცს ასათვისებლად „საჯარო“ სივრცე რჩება; სივრცე, რომელიც ძალადობის და დიდი შრომის კატეგორიებს მოიცავს - მას უწევს ოჯახის შენახვა,  დაცვა და ა.შ. ეს შეესაბამება ინდუსტრიული კაპიტალიზმის პერიოდინდელი ოჯახის მოწყობას, რაც მარქსმა აღწერა, მაგრამ როდესაც პოსტინდუსტრიული წარმოების რევოლუცია მოხდა, ავტომატიზაციამ ჩაანაცვლა მუშა და სერვისის სფერო გახდა დომინანტური, „საჯარო“ სივრცეში სამუშაოდ ქალიც გავიდა. საქართველო ვინაიდან პერიფერიაა და ყველაფერი ატროფირებული ფორმით მოდის, ჩვენ მივიღეთ, რომ ქალიც გადის სამუშაოდ, მაგრამ „საჯარო“ სივრცე მაინც კაცის საკუთრებაა. კაპიტალის დაკვეთამ ვერ შეცვალა კულტურული მოცემულობა.

 აქედან შეგვიძლია ორი დასკვნის გამოტანა: პრობლემის არსი არის ორნაირი - ეკონომიკური და კულტურული. ეკონომიკური იმ მხრივ, რომ თუ კაცისთვის ოჯახის რჩენა, მისი დაცვა და მსგავსი აქტივობები არის მთავარი და ის მას „კაცობას“ უნარჩუნებს. მისი ვერშესრულებით ის ფრუსტრირებულია და შეიძლება  ძალადობის ერთ-ერთ მიზეზად ესეც განვიხილოთ.

 დასაქმების პოლიტიკა - ჩვენ გვაქვს უმუშევრობის დიდი მაჩვენებელი (საქსტატის მონაცემებს არ უნდა ვენდოთ, უფრო სწორად სანდოა, უბრალოდ დათვლის მეთოდოლოგიაა მნიშვნელოვანი, საიდანაც 16% კი არა - 40-50%-ია უმუშევარი. აქვე დავამატებ - საკუთრივ საქსტატს არ ვადანაშაულებ სტატისტიკის ფალსიფიკაციაში, ის ლეგიტიმაციას შრომის საერთაშორისო ორგანიზაციიდან იღებს).

მეორე მახასიათებელი  კულტურულია, რომელიც  ფემინისტურ კამპანიებში კაცების ჩართულობას ეხება. „საჯაროსა“ და „კერძოს“ მსგავსი დაყოფის გადასალახად,  მინდა მოგიწოდოთ, რომ ფემინისტურ მოძრაობებში კაცების ჩართულობა მნიშვნელოვანი კი არა ისეთივე აუცილებელია, როგორც ქალების ჩართულობა პოლიტიკის კეთებაში! (პოლიტიკის კეთება არ ნიშნავს კვოტირებას! და ამას ქვემოთ გავშლი) არსებობს მასკულინური ჰეგემონია, ეს ის შემთხვევაა როდესაც თეთრი, ჰეტერო, ქრისტიანი არის მჩაგვრელი, მაგრამ მას სულ თან დაჰყვება ყველაზე დიდი ჩაგრულის აჩრდილი იმიტომ, რომ იდენტობა ესაა ირიბი დაპირება, რომ ჩემი განმეორებადი ქცევები სულ ასეთი იქნება მომავალში, იდენტობა აჩენს მოლოდინებს. ამიტომაც შეცდომა ჩვეულებრივ ტიპს უფრო მარტივად ეპატიება, ვიდრე გმირს. ანუ კაცი, რომელიც არის არასაკმარისად კაცი, ორმაგად იჩაგრება. ამიტომაც, როდესაც კაცის მოვალეობა არის ოჯახის რჩენა, ხოლო მას ხელს არ უწყობს დასაქმების პოლიტიკა, ეს ქმნის გაუგებრობას.

ქალთა მიმართ ძალადობაში ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად შეგვიძლია ოჯახის ფორმაც დავინახოთ. ჩვენ  ურთიერთობის სხვა ფორმას არ ვაღიარებთ, ეს გამყარებულია კულტურით, რომ ოჯახი ერთადერთია და ის ასევე  ლეგალისტურ კატეგორიაშიც ძლიერდება, რადგან კანონში გაიწერა, რომ ოჯახი ესაა ქალის და კაცის ურთიერთობა, ასევე როდესაც სუროგაციის გზით გაჩენილი ბავშვების შვილად აყვანა აღარ უნდა შეეძლოთ ქორწინებაში არმყოფ ქალებს და ა.შ. (და მთავარი - რომ სუროგაცია თვითონ არის უმაღლესი ექსპლუატაცია ქალის მიმართ, ამაზე ავთენტურმა ფემინიზმმა უნდა ილაპარაკოს, მაგრამ ეს ცალკე თემაა) ჩვენ ვხედავთ, რომ დაახლოებით ადამიანების 80% თვლის, რომ ოჯახური ძალადობა ეს თვითონ ოჯახის საქმეა და მასში ჩარევის უფლება არავის აქვს. ამიტომაც ვახსენე „ნაციონალური მოძრაობის“ დრო, როცა არავინ საუბრობდა ამ თემებზე. ალბათ გახსოვთ სააკაშვილის ნეოლიბერალური პოლიტიკა. ერთი იყო ლიბერტარიანული იდეოლოგია -  ბენდუქიძის განშტოება, ხოლო მეორე უშუალოდ რეალპოლიტიკა, სადაც დაკარგული იყო ლიბერტარიანიზმი, ბაზრის პრინციპები და ეკონომიკა სრულად იყო შეზრდილი სახელმწიფოსთან. ამას იმიტომ ვწერ, რომ ისინი საჯარო სივრცეში ებრძოდნენ სოციალიზმის ყველა ფორმას საკმაოდ უნიჭოდ. მთავარი არგუმენტი კი ის იყო, რომ სოციალიზმი არის ასწავლო სხვას, რა არის მისთვის უკეთესი. ამის გამო ფემინიზმიც დისკრედიტირებული იყო საჯარო სივრცეში, რადგანაც ფემინიზმი ზუსტად ისაა, ასწავლო სხვას თუ რა არის მისთვის უკეთესი! საჯარო სივრცეში ჩვენ არ გვინახავს პოლიტიკური ნება, ვერბალიზაციის დონეზეც კი, რომ საჭიროა მსგავსი აქტივობები, მეტიც ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებისთვის, ვინც ახლა მოირგო ფემინისტური კრიტიკა, ეს მხოლოდ სარჩულია, რომელიც სჭირდებათ „ქართული ოცნების“ საკრიტიკოდ. დიახ 80%-ს უნდა ავუხსნათ, რა არის მისთვის უკეთესი, რომ ოჯახში ძალადობა არ არის მხოლოდ ოჯახის საქმე.

ამ კამპანიის   მოთხოვნების უმეტესობა,  კულტურული ხასიათისაა, რომლებსაც ვეთანხმები, მაგრამ ეკონომიკური და დასაქმების პოლიტიკის გარეშე კრიტიკა მხოლოდ კულტურის კრიტიკად დარჩება. სრულად ვეთანხმები სკოლებში გენდერულად სენსიტიურ სასწავლო პროგრამას, უბნის ინსპექტორების გადამზადებას (როგორც შსს-მ განაცხადა, ეს უკვე გააკეთეს. ვნახოთ), სოცმუშაკების გაძლიერებულ მუშაობას და ა.შ. მაგრამ უფლებები შესაძლებლობების გარეშე, დარჩება მხოლოდ ცარიელ აღმნიშვნელებად და მას განხორციელების უნარი არ ექნება.

ახლა  მთავარ საკითხზე, კვოტირებაზე გადავიდეთ: მე ვფიქრობ, რომ ეს პრობლემები სრულად გაწეულია გვერდზე, კვოტირება  ამ საკითხისადმი ინფანტილური მიდგომაა, თითქოს რამის გადაწყვეტა შეეძლოს. 

 მხოლოდ ქალთა და კაცთა თანაბარი წარმოდგენა  პოლიტიკურ ასპარეზზე, იგივე კვოტირების მეთოდი,  არათანმიმდევრული პოზიციაა და მოწყვეტილია რეალურ ფემინიზმს. ის ქმნის სოციალურ ინჟინერიას და მიუხედავად იმისა, ვის ეკუთვნის ის ადგილი, იგი მაინც მოითხოვს ნახევარი ქალს შეუნახონ, რომლის "დამსახურებაც" მხოლოდ ბიოლოგიური მოცემულობაა და არაფერი სხვა.

ფემინიზმი კლასობრივი პოლიტიკის ნაწილი უნდა იყოს. კლასობრივი პოლიტიკა კი ნიშნავს ჩაგრულებისთვის ბრძოლას ყველა მიმართულებით. კლასობრივმა პოლიტიკამ კი იდენტობები უნდა გადალახოს და რას ნიშნავს ეს: თუ მე ვარ ქალი და მადარდებს მხოლოდ ქალების უფლებები, კვლავ მჩაგვრელ სისტემაში გავათავისუფლებ ქალებს, რომლებიც შემდეგ სხვას დაჩაგრავენ. თუ ჩვენ მივიღებთ ჩიორა თაქთაქიშვილისნაირ ან ეკა ბესელიასნაირ ემანსიპირებულ ქალს, ეს სრულად ეწინააღმდეგება კლასის რაიმე სახის გათავისუფლებას. ეს იგივე პატრიარქალურ რიტორიკაში გვაბრუნებს, სადაც „თამარ მეფე მეფე იყო, ე.ი.  და ქალების უფლებები დაცული იყო“, ანდაც „ლეკვი ლომისა სწორია ძუ იყოს თუნდა ხვადია“, ხომ თითქოს თანასწორობის მანიშნებელია, მაგრამ ზუსტად აქ ერთვება კლასობრივი პოლიტიკა, რომ ლომის ლეკვი კი თანასწორია, მაგრამ ძაღლის, ძროხის და სხვა დაბალი იერარქებისა - არა! ისინი დღეს შეგვიძლია კაპიტალის წინაშე თანასწორად აღვიქვათ.

კვოტირების სისტემა იმ მემარჯვენე მთავრობის პირობებში, რომელიც ჩვენ გვყავს (და ის ნამდვილად მემარჯვენეა) არის ინფანტილური მიდგომა.  დავეთანხმებოდი, თუ სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლებიც იგივენაირად იქნებოდნენ წარმოდგენილი და პარლამენტში გაისმებოდა  მშრომელების ხმა, თავის მხრივ, მათი წარმომადგენლები ილაპარაკებდნენ ეთნიკურ უმცირესობებზე, დაისმებოდა სექსუალობის პოლიტიკის საკითხები და ა.შ.

 

დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^