პორნოგრაფიისა და ეროტიკის გამიჯვნის ბევრი განსხვავებული კრიტერიუმი არსებობს: ძალადობა; პენეტრაციის გამოსახვა; პარტნიორის ობიექტივიზაცია; ესთეტიურობა - მშვენიერება და ა.შ.
შეიძლება ოდესღაც ეს განმარტებები ადეკვატური იყო, მაგრამ დღეს ვიზუალური ინდუსტრიის განვითარების კვალდაკვალ, თავიანთი ავთენტური მნიშვნელობებით ისინი მოძველებულად გამოიყურებიან.
პორნოგრაფიისა და ეროტიკის გამიჯვნის დროს მთავარი ის კი არ არის, როგორ არის ნაჩვენები სექსუალური აქტი, რამდენად ღიად, ან რამდენად ძალადობრივად, ან რამდენად არის ვიზუალიზაცია გენდერულად სენსიტიური, არამედ, როგორია მისი განზრახულობა, როგორ მიემართება ის მაყურებელს, უფრო სწორად, როგორ ხედავს მას და როგორ უნდა დაინახოს იგი მაყურებელმა. არა სპონტანურმა, კონკრეტულმა მაყურებელმა, საკუთარი უსასრულო ინტერპრეტაციებით გატანჯულმა, ფეხი რომ ვერ მოუკიდებია აზროვნების ზედაპირზე, არამედ ზოგადად, მაყურებელმა როგორც ასეთმა, ნაგულისხმევმა. მაყურებელმა, რომელიც ავტორმა წინასწარ მიითვალა.
პორნოგრაფიის მთავარი მახასიათებელი მის გამჭვირვალობაშია. მისი შინაარსი განძარცვულია დამატებითი დატვირთვებისგან, იგი ზუსტად იმას გვაუწყებს, რასაც გვაუწყებს. მას სწორედ იმის ჩვენება უნდა რაც ეკრანზე ჩანს. პორნოგრაფია უნაშთოდ დაიყვანება გამოსახულებაზე, რომელსაც ის წარმოგვიდგენს. მის უკან არაფერი არ დგას. ის სიცარიელეა. პორნოგრაფია არის ტყუილი, რომელიც თავს რეალობად ასაღებს. პორნოგრაფიაში იგრძნობა ჩაკეტილობა, ის გასაქანს არ იძლევა, ის ცდილობს იყოს ავთენტური, მაგრამ ზუსტად ამ მცდელობაში ხელიდან უსხლტება ყოველგვარი კავშირი სინამდვილესთან. პორნოგრაფია უზომოდ მოსაწყენია, არა მიანცდამაინც იმის გამო, რომ ერთი და იმავეს უსასრულოდ გამეორებას გულისხმობს, არამედ იმის გამოც, რომ სერიოზულია.
ეროტიკა, რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს ძალადობრივი, დეტალიზებული და ა.შ. თუმცა ის ვერასოდეს ვერ იქნება დახურული სივრცე. მისი შინაარსი ყოველთვის ღიაა, და იძლევა განვრცობის შესაძლებლობას. ეროტიკა ცდილობს გადმოსცეს იმაზე მეტი, ვიდრე ვიზუალურად არის გამოხატული. მასში ყოველთვის არის დამატებითი შინაარსი, რაც მაყურებელმა უნდა ამოიცნოს, ავტორის ჩანაფიქრი, რომელსაც ჩვენ მხატვრულ ღირებულებას ვუწოდებთ. ეს არის ის, რაც მხოლოდ გამოკრთება. არა ის, რაც ჩანს, არამედ ის, რაც იგულისხმება. ეროტიკა არ მიუთითებს საკუთარ თავზე როგორც რეალობაზე, ის ნაგულისხმევი ტყუილია ტექნიკური შესრულების თვალსაზრისით, თუმცა ეროტიკა არის ინდივიდუალური სიმართლე, მარტო დარჩენილი ადამიანი საკუთარ ფანტაზიებსა და სისასტიკეში.
ამდენად ეროტიულობას და პორნოგრაფიულობას სინამდვილესთან მიმართება განასხვავებს. რამდენად შაბლონურია ის, რამდენად რჩება მაყურებლისთვის ადგილი, რამდენად არის ის ნაგულისხმევი. პორნოგრაფიულობის უხამსობას სწორედ სუბიექტის გაუქმება განსაზღვრავს და არა ახლო კადრით, სურათით ან სტრიქონებით ღიად წარმოდგენილი სექსუალური აქტი. ეროტიკის ფასეულობა სწორედ იმაში გამოიხტება, რომ მაყურებელს თანამონაწილე აღიქვამს, რთავს მას შემოქმედების პროცესში, ცდილობს სრულად არ მოიკვეთოს ის, ნაკლებად უხეშად მოეპყრას. ამ აზრით შეიძლება ითქვას, რომ ეროტიკა ნაკლებად ძალადობრივია, ვიდრე პორნოგრაფია. ამ ფრაზით შეიძლება დავუპირისპირდეთ კიდეც ძალადობრიობის როგორც ეროტიკასა და პორნოგრაფიას შორის განმასხვავებელი ნიშნის თავდაპირველ გამორიცხვას (ისევე როგორც ობიექტივიზაციის გამორიცხვას). ამისთვის ძალადობა უნდა გავიგოთ არა როგორც ძალადობა, როგორც მესიჯი, არამედ ძალადობა, როგორც მედიუმი, რომლითაც ავტორი ურთიერთობას ამყარებს მაყურებელთან.
სწორედ ამიტომ გააჩნია ეროტიკას მაყურებლისთვის უფრო მეტი მხატვრული ღირებულება. ეროტიკის მთავარი ფასი სწორედ ამ მიზანმიმართულ უთქმელობაშია. ინტრიგაში, რომელიც ეკრანებთან ჩამოწვება და მაყურებელს რთავს პროცესში, ბინდბუნდში სადაც ჩვენ ხელის ცეცებით უნდა გავიკვლიოთ გზა მოვლენების ძლივსშესამჩნევ და ბუნდოვან კონტურებს შორის, რაც მაყურებლის ინტერვენციას გულისხმობს. პორნოგრაფია გამორიცხავს მაყურებლის ჩართულობას, მაყურებელს მაყურებლად ტოვებს, მას არ აქვს ზემოქმედების მექანიზმები, ის პორნოგრაფიაში ვერ შეცვლის მოცემულობას.
ამდენად საყოველთაოდ გავრცელებული აზრის საწინააღმდეგოდ უნდა ითქვას, რომ სხეულის სიშიშვლე, სულაც არ გულისხმობს მის ეროტიულობას. მოვლენათა ამგვარი განხილვა გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ პორნოგრაფიასა და ეროტიკას არაფერი აქვს საერთო სექსთან, როგორც სოციალურ პროდუქტთან. უფრო სწორად ამ გამიჯვნასა და სახელდებაში იმისათვის რომ მოვლენები მხოლოდ ერთი კუთხით არ აღვიქვათ სექსის მონოპოლიზებული როლი უნდა დავასრულოთ. დღეს ამ ორ სიტყვას მხოლოდ სექსუალური ურთიერთობების ამსახველი ნარატივების, ან თავად მოვლენების სპეციფიკაციისთვის ვიყენებთ. სწორედ ამ გადმოსახედიდან იკრძალება პორნოგრაფიის სატელევიზიო ჩვენება, შეზღუდვები ვრცელდება პორნოგრაფიულ ლიტერატურასა თუ სხვა ტიპის გამოცემაზე და ა.შ. ეს კიდევ უფრო მეტად ამძაფრებს სექსუალობის დემონიზაციას, რომელსაც ღრმა კულტურული ფესები აქვს, რასაც აქ ვერ განვიხილავ. თუმცა სექსს მიღმა მყოფი სხვა ტიპის პორნოგრაფიული დისკურის აკრძალვა არ არსებობს. სწორედ ამიტომ პორნოგრაფიულობა განიდევნება მხოლოდ ერთი სივრციდან და დაუბრკოლებლად მკვიდრდება სოციალურ ურთიერთობებში, პოლიტიკაში სადაც ის განწმენდილი, ჩამორეცხილი იმიჯით საკუთარ ვინაობას მალავს. სწორედ ამ მიმალვისა და გადაცემის ხერხით ის არსად მიდის და აგრძელებს კომუნიკაციის ფორმირებაში მონაწილეობას, უხამსს და მღვრიეს ხდის მას.
ძალადობრივი სისტემები სწორედ ამიტომაც არიან პორნოგრაფიულები. მაგრამ მათი მრავალგვარი მოდიფიცირების პირობებში უფრო და უფრო რთულდება პორნოგრაფიის ამოცნობა, ისინი მუდმივად ცდილობენ შექმნას ეროტიული რეალობა, რომელიც რეალურად პორნოგრაფიულია. ყოველთვის ვიცით რას გულისხმობს ის იმ მომენტშიც, როდესაც თითქოს სათქმელს ბოლომდე არ ამბობს, თითქოს ცდილობს ვირწმუნოთ, რომ გვაქვს პროცესსა და დასასრულზე ზემოქმედების საშუალება. თითქოს პროტესტი ყოვლისმომცველი ხდება, თითქოს მთელი სოფელი იფიცება, თითქოს მედია კონსოლიდირებულია, თითქოს უფლებებით დაინტერესებული ადამიანები სოლიდარობას აცხადებენ, თითქოს მთავრობა მედიაციას ცდილობს, თითქოს ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასება ხდება, თითქოს სასამართლო სამუშაოების გაგრძელებას კრძალავს, თითქოს პროფკავშირები მშრომელებისთვის იბრძვიან, თითქოს სიკვდილის ინდუსტრია უკან იხევს. მაგრამ დასასრული მათი შექმნილია, იქ ჩვენი ადგილი არ არის, ის უნდა მივიღოთ ისე როგორადაც არის ჩაფიქრებული, მოლაპარაკების შედეგებით, კანონმდებლობის ინტერპრეტაციით, ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობით, დავარცხნილი პიარ კამპანიით, გაღიმებული ბავშვებით, დაშოშმინებული სოფლით, კონსტრუქციული პროტესტით.