17 დეკემბერს ქალთა გახშირებული მკვლელობების ტალღას კიდევ ერთი ახალი ტრაგიკული შემთხვევა შეემატა: როგორც მეზობლები აცხადებენ, ქმარმა ცოლი ეჭვიანობის ნიადაგზე ცივი იარაღით დაჭრა, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა. მკვლელობა ქალთა მიმართ ძალადობის ყველაზე მძიმე შემთხვევაა, თუმცა, ის მხოლოდ ერთ-ერთია იმ ძალადობათა სისტემიდან, რომელსაც ქალები განიცდიან. ქალებზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაბადებისთანავე (ან დაბადებამდეც) ძალადობენ. თუ გავაანალიზებთ, როგორ ვექცევით ჩვენ, საზოგადოება, პატარა გოგონებს, მივხდებით, რომ ჩვენ ყოველწამიერად მათ ვასწავლით თავიანთი სქესისათვის "მიზანშეწონილ" საქციელს. ელემენტარულად, ტანსაცმლიდან რომ დავიწყოთ: გოგოებს, როგორც წესი, უფრო ნაზ, ფაფუკ, ვარდისფერ, ხშირ შემთხვევაში - არამოქნილ, მაგრამ ლამაზ ტანსაცმელს ვურჩევთ. ეს კი მათ ფსიქიკაში ლექავს იმ წარმოდგენას, რომ მათი მთავარი ღირებულება სილამაზე და მოხდენილობაა. როდესაც ბიჭებს შარვლები აცვიათ, თავისუფლად თამაშობენ და დარბიან ეზოებში, ამ დროს გოგოებს კოხტად ვაცმევთ და მათ მიერ ზედმეტად “ქაჯივით” მოქცევას, როგორც წესი, არ ვამართლებთ. რა თქმა უნდა, ეს მათ აღნაგობაზეც აისახება: გოგოები თავიანთ თანატოლ ბიჭებთან შედარებით ნაკლები ფიზიკური დატვირთვის გამო ფიზიკურადაც ნაკლებად ვითარდებიან სიძლიერის, სისწრაფისა და ა.შ. მხრივ. ბიჭებში კი აქტიური ცხოვრება, როგორც წესი, წახალისებულია, რაც მათი განვითარებისათვის სტიმულს წარმოადგენს.
გოგოებთან (ბიჭებთანაც) ურთიერთობის მანერაც სპეციფიურია მათი სქესისდა მიხედვით: მათთვის რაღაცების აკრძალვა ან, პირიქით, დაძალება თავიანთ სქესთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით ჩვეულებრივი მოვლენაა. ამაში იგულისხმება, ვთქვათ, როდესაც გოგო არ იქცევა ისე, როგორც სხვა გოგოები უნდა მოიქცნენ (ითამაშოს გოგონებთან ან კონკრეტული სათამაშოებით, გაიპრანჭოს, თავს მოუაროს, ა.შ.) ან, პირიქით, იქცევა ისე, როგორც მის სქესს არ შეშვენის (ბიჭივით დაძვრება, ჩხუბობს, ბიჭის სათამაშოებით თამაშობს, ა.შ.). უნდა გავითვალისწინოთ, რომ გენდერული როლების სწავლა არა მარტო დაძალებით და აკრძალვით ხდება, არამედ - წახალისებითა და მიბაძვითაც. მაგალითად, როდესაც ჩვენ გოგოს მისი სქესისათვის მიზანშეწონილი რომელიმე საქციელისათვის წავახალისებთ (მაგალითად, სახლი დაალაგა, ტანსაცმელი გაირეცხა ან ლამაზი მაკიაჟი გაიკეთა), გავუღიმებთ და დავუფასებთ ამ საქციელს; ან როდესაც ისინი ხედავენ, რომ სხვა “მათნაირები” იქცევიან ასე და ამგვარად გონებაში უკვე ილექება ის, რომ ასე მოქცვეა ნორმაა და სწორია.
ეს პროცესი ასაკის ნებისმიერ დონეზე ვრცელდება, დაბადებიდან სიცოცხლის ბოლომდე. ნებისმიერ ადამიანს უნდა სიყვარული, დაფასება, მიღება საზოგადოების მხრიდან. სწორედ ამის გამო ჩვენ ყველანი ვიქცევით ისე, როგორც საზოგადოება მოითხოვს, რათა ვიყოთ მიღებულები, დაფასებულები და შეყვარებულები. აქ დეტალურად ვერ აღვწერ, ფსიქოლოგიურად როგორ ხდება საკუთარი სქესის აღქმა და დასწავლა პატარაობიდან სიკვდილის ბოლომდე, თუმცა, ეს მარტივი მაგალითებიც საკმარისია იმისათვის, რომ დავინახოთ და დავფიქრდეთ, როდის და რატომ ვექცევით გოგოებს ბიჭებისგან განსხვავებულად. ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი შეგიძლიათ, ამ ვიდეოშიც იხილოთ.
პატარა გოგოების შესახებ ეს რამდენიმე მარტივი მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ მივხდეთ: ძალადობა მარტო მკვლელობის აქტი არაა. “ძალას” ვხმარობთ მაშინაც, როდესაც გოგოებს და ბიჭებს, კაცებს და ქალებს ვექცევით თავიანთი სქესის მიხედვით და ვასწავლით მათთვის მიზანშეწონილ როლებს. ჩვენ უნდა გავაანალიზოთ, რომ “ძალა” არის ყველგან და ყოველთვის; უბრალოდ, ჩვენი კულტურა გვასწავლის იმას, რომ რაღაც მოვლენები “ძალადობად” აღვიქვათ, რაღაცები - არა. ანუ, ძალის გამოყენებას ჩვენ ვხედავთ მაშინ, როდესაც ქალს სცემენ, აშანტაჟებენ, ფსიქოლოგიურად ემუქრებიან და/ან აშინებენ და ა.შ. თუმცა, იმ პროცესებში, რაც მე ზემოთ აღვწერე, ძალას ვერ ვამჩნევთ.
არადა, სწორედ ესაა ქალთა მიმართ ჩვენ-მიერ-აღიარებული (ან არც) ძალადობის სათავე და წინაპირობა. ის, რომ ჩვენ გოგოებს ვასწავლით, რომ მათი მთავარი ღირებულება სილამაზე, გათხოვება და ქმრის/ბავშვების მოვლაა, თან ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მორალისა და პატიოსნების ( მხოლოდ სექსუალური ობიექტის და არა სუბიექტის პოზიციაში ყოფნის) ჩარჩოებში, ხოლო ბიჭებს ვეუბნებით, რომ ისინი არიან ოჯახის უფროსები, შემომტანები, მესაკუთრეები, მეტად თავისუფლები საკუთარი არჩევანის და გადაწყვეტილების მიხედვით მოქმედებაში - ეს ხდება იმის საფუძველი, რომ ქალები ხშირად ან ვერ აღიქვავენ ან ეგუებიან ძალადობას, ხოლო მამაკაცები თავს თავისუფლად გრძნობენ ძალადობის ჩადენისას. ეს იმის შედეგია, რომ ადამიანები ასე გაზარდეს; ასე ჩამოუყალიბეს პიროვნება. ქალები თავს გრძნობენ მეორეხარისხოვნად, მამაკაცის დანამატად, უსუსურად და უმწეოდ; ხოლო მამაკაცები - ძლიერებად და პრივილეგირებულებად. ისინი თვლიან, რომ ცოლი მათი საკუთრებაა და ღალატის (ანდაც დაუმორჩილებლობის ან სხვა) შემთხვევაში მათ როგორც უფლება აქვთ, ცოლები დასაჯონ და მოათვინიერონ, ასევე ეს მათი მამაკაცური მოვალეობაცაა, რათა მამაკაცური ღირსება არ შეელახოთ.
ამ მდგომარეობაში როგორ შეიძლება, დაგვეხმაროს კვოტირება, რომელც საქართველოს პარლამენტმა შესაძლოა, შემოიღოს? იმის გათვალისწინებით, რაზეც ზემოთ ვისაუბრე, ადვილი მისახვედრი უნდა იყოს, რატომ ვერ აღწევენ ქალები თავიანთი ძალებით გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე მოხვედრას მამაკაცებთან შედარებით. გოგოები, რომლებსაც ბავშვობიდანვე თავიანთ მთავარ ღირებულებად გარეგნობა და არა -განათლება, ოჯახი და არა - კარიერა, აქვთ ჩანერგილი (ხოლო ბიჭებს - პირიქით), რა თქმა უნდა, ამ პოზოციებზე მოხვედრის სურვილის დონითაც კი მამაკაცებს ჩამორჩებიან. რომ აღარფერი ვთქვათ იმაზე, რომ ოჯახში სახლის საქმის უდიდესი ნაწილი ისევ ქალზე მოდის, იმის მიუხედავად, ისინი დასაქმებულნი არიან, თუ - არა, რაც ასევე დიდი ბარიერია კარიერული წინსვლისთვის. ასევე ის, რომ ქალების დიდი ნაწილის თვითშეფასება დამდაბლებულია იმ უამრავი სტერეოტიპით, რაც დღეს არსებობს საზოგადოებაში: “ქალები კაცებზე ნაკლებად ჭკვიანები არიან”, “კაცებზე მეტად ემოციურები, ხოლო ეს სამსახუროებრივი მოვალეობის შესრულებისას ნაკლია”, “ქალები ნაკლებად ერკვევიან ამაში ან იმაში” და ა.შ. სამსახურშიც ქალების უმეტესობა იღებს სექსისტურ კომენტარებს მათი გარეგნობის შესახებ. ვთქვათ, ის, თუ რა კარგად ან ცუდად განოიყურებიან დღეს ან რა კარგი კაბა აცვიათ, ან - პირიქით, როდესაც მამაკაცები ასეთ კომენტარებს თითქმის არასოდეს ისმენენ. თუ ქალებს რამე შეეშალათ ან არ გამოუვიდათ, ეს, როგორც წესი, მათ სქესს ბრალდება: “აი, ქალია და მაგიტომ არ შეუძლია”, როდესაც კაცს იგივე პრობლემა თითქმის არასოდეს აწუხებს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ფსიქიკაში აღწევს და ქალებს ამბიციაც შედარებით ნაკლები აქვთ ამ საკითხებში. ამ პრობლემების კონკრეტული მაგალითების ჩამოთვლა და გაშლა უსასრულოდ შეიძლება, გაგრძელდეს, ამიტომაც აქ შევჩერდები.
ამიტომაც უნდა გავაანალიზოთ ის, რომ ქალების ვერმოხვედრა გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე შედეგია უფრო დიდი პრობლემის. რა თქმა უნდა, მიზეზთან (და არა შედეგთან) ბრძოლა უკეთესი იქნება, თუმცა, კულტურის შეცვლა ასე მარტივად არ ხდება, პრობლემები კი აქ და ახლაა. ამიტომაც შედეგთან ბრძოლა იდეალური გამოსავლისგან შორს დგას, თუმცა, თავისთავად უარყოფითი მოვლენა არაა. უმეტესობა ფემინისტებისა შორსაა იმ აზრისაგან, რომ კვოტირება არის პრობლემის საბოლოო გადაწყვეტა. პირველ რიგში, იმიტომ, რომ კვოტირების საჭიროება თავად მიანიშნებს პრობლემის არსებობაზე: რატომ ვერ აღწევენ ქალები თავისით ამ პოზიციებს. მეორეს მხრივ, იმიტომ, რომ ქალები მმართველ პოზიციებზე ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ ეს ქალები ქალების თანასწორობისათვის იმუშავებენ. მარტივი მაგალითი: 90-იან წლებში ფემინისტურ მოძრაობაში იყო დიდი დისკუსია მედიის ძალის და როლის შესახებ ქალობის, როგორც იმიჯის ჩამოყალიბებაში, ქალებისათვის (და მამაკაცებისათვისაც) მათი როლების შესახებ სტერეოტიპების გავრცელებაში, ქალების და კაცების კონკრეტული სხეულების და ქმედებების სექსუალიზებაში და ა.შ. მედიის მრავალი ფემინისტი მკვლევარის აზრით, იმ შემთხვევაში, თუ ქალები მოვიდოდნენ მედიაორგანიზაციებში გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე, სურათი შეიცვლებოდა და ქალების რეპრეზენტაცია მედიაში განსხვავებული, ქალების თანასწორობის მიღწევისათვის უფრო ხელსაყრელი გახდებოდა. თუმცა, სამწუხაროდ, ასე არ მომხდარა. მრავალი ფემინისტი მედიამკლველვარი დღესდღეობით ლაპარაკობს იმაზე, თუ რამდენად სექსისტურები არიან ის ტელეარხები და გადაცემები, სადაც სწორედაც რომ ქალები არიან გადაწყვეტილების მიმღებნი. არაერთი ფემინისტი წერს იმის შესახებ, თუ რამდენად აიწია (ძირითადად აშშ-ში) ქალი მედიამფლობელების, მედიაორგანიაზიების მენეჯერების, პროდიუსერების და ა.შ. რიცხვმა, ხოლო არსებული სექსისტური სურათი მედიაში საგრძნობლად არ გაუმჯობესებულა.
ეს იმის შედეგია, რომ სისტემა არ იცვლება. სისტემა კვლავ პატრიარქალურია. იგი ისევ “მამაკაცური’” წესებით თამაშობს, ხოლო ქალებს, რომლებსაც უნდათ დაწინაურება, უწევთ სიმბოლურად მამაკაცის როლის მორგება და ამ სექსისტური პატრიარქალური სისტემის მსახურება და მისი რეპროდუქცია.
იგივე შეიძლება ითქვას პოლიტიკაზეც. თუ კვოტირებით პოლიტიკაში უფრო მეტი ქალი მოვა, ვიდრე დღეს არის წარმოდგენილი, ამით უცბად ვერაფერი შეიცვლება. ეს ავტომატურად არ იქნება იმის გარანტი, რომ ეს თანამდებობიანი ქალები ქალების უფლებებისათვის სასიკეთოდ იმუშავებენ. თუმცა, არსებობს მეორე მხარე: მათ გაუჩნდებათ პრივილეგია! ისინი იგრძნობენ თავს უფრო ძლიერებად და საკუთარ თავში მეტად დარწმუნდებიან. როდესაც ადამიანი გრძნობს პრივილეგიას და ძალას, ხშირ შემთხვევაში უჩნდება ამბიციაც. ასე რომ, ქალებს გაუჩნდებათ ამბიცია. მამაკაცებს კი მოუწევთ ქალების აზრისათვის ანგარიშის გაწევა. მამაკაცებს მოუწევთ ქალების პატივისცემა.
ამან კი, შესაძლოა, მოიტანოს ის, რომ ქალების როლი და იმიჯი საზოგადოებაში შეიცვლება და ამაღლდება. სწორედ ქალის, როგორ იმიჯის, ამ ცვლილებამ შეიძლება, მიგვიყვანოს იქამდე, რომ ის მანკიერი წრე გაწყდეს და გოგოების და ბიჭების გაზრდა სხვანაირად დავიწყოთ. ხოლო ბიჭებს და მამაკაცებს შეეშინდეთ (დიახ შეეშინდეთ!) ქალების და მათი აღქმა ისე ვეღარ მოახერხონ, რომ იფიქრონ: ქალებს რასაც მოუნდებათ, იმას უზამენ; უნდათ, დასჯიან, უნდათ - არა.
არავინ არაა ისეთი გულუბრყვილო, რომ კვოტირება ქალთა უთანასწორობის პრობლემის ერთი ხელის მოსმით საბოლოო გადაწყვეტა ეგონოს. ასე რომ, კვოტირების მოწინააღმდეგეებს ეს არგუმენტი აღარ გამოგადგებათ. ასევე ხშირად ისმის ის არგუმენტი, რომ კვოტირება ქალებისათვის დამცირებაა და ადამიანები მხოლოდ თავიანთი გენიტალიების გამო ადგილს არ უნდა იკავებდნენ რომელიმე პოზიციაზე. ამით კვოტირების მოწინააღმდეგეები, უბრალოდ, ბრმად უარყოფენ იმ ფაქტს, რომ კაცები უკვე მხოლოდ და მხოლოდ თავიანთი გენიტალიების გამო იკავებენ პოზიციებს: ქალები “ბუნებრივად” კაცებს კი არ ჩამორჩებიან თავიანთ ინტელექტუალურ შესაძლებლობებში, არამედ ამას კულტურა გვასწავლის. ეს არგუმენტი იმას ჰგავს; როდესაც ორი მორბენალი ერთმანეთს ეჯიბრება სირბილში და ერთი მათგანი (ამ შემთხვევაში, მამაკაცი) სირბილს 50 მეტრით წინა პოზიციიდან იწყებს, ფინალში გასვლის შემდეგ მსაჯი რომ გამოვიდეს და თქვას, სამართლიანი შედეგისთვის ეს 50 მეტრის უპირატესობა უნდა გავითვალისწინოთ და ისე გადავითვალოთ შედეგებიო; ვიღაცებმა კი პროტესტი რომ გამოთქვან, ეს პოზიტიური დისკრიმინაციააო.
კვოტირება ნამდვილად არაა იდეალური გამოსავალი, თუმცა, მას აქვს პოტენციალი, გარკვეული სიკეთე მოიტანოს და შეცვალოს ბევრი რამ. უნდა მივხდეთ, რომ კულტურას ჩვენ კი ვქმნით, მაგრამ ეს კულტურა მერე ისევ ჩვენ გვქმნის. ეს ორმხრივი პროცესია. ასე რომ, კულტურა ისე უნდა შევცვალოთ, რომ მაქსიმალურად თანასწორუფლებიან და სამართლიან საზოგადოებაში ვიცხოვროთ.