Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ოჯახური" ძალადობა

25 დეკემბერი 2014

არასოდეს გაგჩენია სურვილი, ჩაგევლო ხელი პოლიციელის წელზე მიკრულ, გამომწვევად მოელვარე პისტოლეტის კონდახისთვის? ჩაგევლო და მერე ჯანდაბამდე გზა გქონოდა. მხოლოდ ერთი შეხება, ხელი გულებით იგრძნობდი ცივ ლითონს, პოლიციელის გაოცებულ თვალებს. რამდენჯერაც გვერდით ჩაუვლი, საპატრულო ავტომობილიდან, თითქოს ბედისწერის მანქანებით, შენი ვნებების ასაშლელად გადმოსულ პოლიციელს, თითები არ გემორჩილება, სამყარო მის ელენთასთან კონცენტრირდება და მიმართავ ოდითგანვე ნაცად ხერხს, საკუთარ ხელებს პალტოს ჯიბეებში აღუკვეთ თავისუფლებას. ამ მომენტში, მთელი სახელმწიფო, მთელი თავისი იძულებისა და ძალადობის აპარატით, ამ ერთ ნივთში კონცენტრირდება და შენ სწორედ ამიტომ გინდება ჩაავლო მას, ხელში მოიქციო და ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაუქვემდებარო საკუთარ კონტროლს.

ოდესღაც ადამიანებს მოგვიწია უარი გვეთქვა ბუნებით მდგომარეობაზე და პოლიტიკურ საზოგადოებაში დავიწყეთ ცხოვრება, საკუთარი უსაზღვრო თავისუფლების ნაწილი, მათ შორის, უფლება ძალადობაზე სახელმწიფოს გადავეცით. მას კი სანაცვლოდ ჩვენი უსაფრთხოების დაცვა დაევალა. სახელმწიფოს მთავარი მახასიათებელი სწორედ ძალადობის, გინდა ძალაუფლების, მონოპოლიზაცია გახდა. ამიერიდან ის ერთადერთია, ვისაც უშუალო ძალის გამოყენების უფლება აქვს.

პოლიციელი ერთ-ერთი პირველი მოხელეა, რომელიც გაჩნდა. სწორედ ის მოქმედებს სახელმწიფოს სახელით და უზრუნველყოფს შეთანხმების სათანადო აღსრულებას პოლიტიკურ სივრცეში. ამისთვის კი მას აქვს იარაღი, იარაღი რომელიც სიმბოლურად, ან არც ისე სიმბოლურად, ჩვენს დათმობილ თავისუფლებას განასახიერებს და პოლიციელს ის წელზე ჰკიდია. შენი დაუოკებელი სურვილი, დაეუფლო მას, ოდინდელი თავისუფლების დაბრუნების წყურვილითაა განპირობებული. მაგრამ მოდერნული პარადიგმით, პოლიტიკურ სივრცეში წესრიგის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია ჩვენი თავისუფლების ნაწილი პოლიციელს ებარებოდეს.

რა არის პოლიტიკური სივრცე? ის წარმოსახვითი ველია სადაც სახელმწიფოს იურისდიქცია ვრცელდება, სადაც მუშაობს შეთანხმების წესები (ანუ ის, რომ ადამიანებს ერთმანეთზე ძალადობის უფლება არ აქვთ) და რომლის გარანტორიც პოლიციაა. ამ ველს გარეთ ძალადობა ძალადობად არ მიითვლება, მის მიღმა ბუნებითი მდგომარეობაა, სადაც არ არსებობს არავითარი აკრძალვა, შეთანხმება, უნივერსალური ქცევის წესები. სწორედ ამიტომ, ნებისმიერი მოძალადე ცდილობს პოლიტიკური სივრცის გარეთ გაიყვანოს მსხვერპლი და იქ გაუსწორდეს, მაგალითად, ასე მოხდა 17 მაისს. ამიტომ ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტად განვავრცოთ პოლიტიკური სივრცე, რათა არ არსებობდეს ადგილები მის მიღმა (თუმცა ამაზე სხვა დროს).

სახელმწიფო მოხელეთაგან პოლიციელს აქვს ყველაზე ინტენსიური შეხება მოქალაქესთან, მას ვუყვებით ჩვენს ყველაზე სახიფათო თავგადასავლებს, იმედით გვევსება თვალები მისი ნათების დანახვისას ქალაქის ყველაზე სახიფათო ჯურღმულებში მოხეტიალეებს და მისი ხელკეტი ყველაზე მეტად გვტკივა ჩვენს მოშვებულ ფერდებში.

პოლიციელი უცნაური არსებაა. ის ნახევრად სახელმწიფოა, რომელსაც კანონის დაცვა ევალება. კანონი კი ისეთი რამაა, სადაც სრულიად წარმოუდგენელ ვალდებულებებს ადგენს და ისეთ რამეებს შეხვდებით, თავადაც გაგიკვირდებათ. მაგალითად, სკვერში ძაღლის საბმელის ან ალიკაპის გარეშე ყოლა, ან ფილმის კინოდარბაზში ჩვენება ქართული სუბტიტრების ან გახმოვანების გარეშე, ან საავტომობილო გზის გასწვრივ პირუტყვის ძოვების წესების დარღვევა, არასრულწლოვანის დათრობა მშობლის მიერ და კიდევ ბევრი. რა მოთვლის, დედამიწის ზურგზე რომ არავინ ასრულებს, ისეთ რამეებს ნახავთ კანონებში.

პოლიციელი კი ნახევრად ადამიანია. მასაც ყავს მშობლები, რომლებიც ზუსტად ისე ზრდიდნენ, როგორც სხვებს თავიანთი მშობლები. მასაც ჰყავს ოჯახი, ქმარი, შვილი, ცოლი, მეზობლებიც ყავს და ამ სამყაროზე ზუსტად ისეთი წარმოდგენები აქვს, როგორც ყველა სხვას. მაგრამ მთელი ტრაგედია ისაა, რომ კანონები და სამყაროზე წარმოდგენები ზოგჯერ ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან. ამ დროს მთელი საქმე ის არის, ერთ კონკრეტულ პოლიციელს, რომელი ნახევარი გადასძალავს.

პოლიციელის ამ შინაგან კონფლიქტს საზოგადოებრივი განწყობები უწყობენ ხელს. როგორც ზემოთ ვთქვი, მუდმივად არსებობს მცდელობა გაირღვეს პოლიტიკური სივრცე და ბუნებით მდგომარეობაში აღმოჩნდეს მსხვერპლი. აი სუფრიდან ,,გვერდზე’’ რომ გაყავთ ადამიანი, ეს ზუსტად ის სიტუაციაა. სუფრასთან, მოცემულ წესრიგში, ძალადობრივი აქტი ვერ აღსრულდება, საჭიროა ამ წესრიგიდან თავისუფალი სივრცე.

უკანასკნელი კვლევები აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობის 64% აზრით, ოჯახური ძალადობა ისეთი საკითხია, რომლიც მხოლოდ ოჯახში უნდა მოგვარდეს. იმგვარ ოჯახურ ძალადობასთან მიმართებით კი, რომელიც ფიზიკურ ძალადობას გულისხმობს ეს ციფრი 39%-მდე მცირდება. დაახლოებით 30% ფიქრობს, რომ სახელმწიფოს არ აქვს უფლება ჩაერიოს ოჯახურ ძალადობაში.  ეს მონაცემები ცხადყოფს, რომ ოჯახი სახელმწიფოს მიღმა არსებული სივრცეა. ადგილი, სადაც ბუნებითი მდგომარეობა თამაშდება. სახელმწიფო კარის ზღურბლთან მთავრდება და მის მიღმა ვეღარ მიდის. საცოდავი სანახავია უსუსური პოლიციელი, რომელიც ხედავს ფორმალურ ძალადობას, ახსენდება კანონი, რომელიც მის ადამიანურ ნაწილს აცდენია და წინ ნაბიჯი ვერ გადაუდგამს, როგორც ზღაპრებში გავლებულ ზღვარს მიღმა ვერ გადადის გმირი, მის წინ უხილავი კედელია აღმართული.

ოჯახი ყველაზე თავისუფალი ადგილია ძალადობისთვის, ის ერთგვარი დაშვების სივრცეა. ადგილია, სადაც პოლიტიკური ელემენტი ვერ აღწევს. ამიტომ ყველა ცდილობს სწორედ ეს სახელი ,,ოჯახი’’ დაირქვას. ეზოში თავიდანვე გეუბნებიან, რომ „უბანი იგივე ოჯახია“, პირელივე კლასიდან გასწავლიან, „სკოლა დიდი ოჯახია“, მრევლიც ოჯახია, ხანდახან უნივერსიტეტიც ოჯახს ჩამოგავს, ახალ სამსახურში კონტრაქტის გაფორმებასთან ერთად, ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი ყურში ჩაგჩურჩულებს: „კეთილი იყოს შენი მოსვლა ჩვენს ოჯახში“. შეიძლება სახელმწიფოც კი შევადაროთ ოჯახს. ამგვარად მყუდრო სივრცე, ადგილი, სადაც ტრუსებით შეგიძლია გაიარო, სინამდვილეში ძალადობის უკიდეგანო შესაძლებლობების სივრცედ იქცევა. ტერიტორიად, რომელიც ძალადობას მალავს. ამიტომ, არ დაიჯეროთ, როდესაც სიხარულით გაგიღებენ კარს და სიყვარულით სავსე თვალებით შეგიძღვებიან თბილ საძინებელში.

თქვენ იქ სიკვდილი გელით.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^