Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჰომოფობიის არაჰეტერონორმატიული განმარტება

27 დეკემბერი 2014

რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ საჯარო ლექცია/დისკუსიას დავესწარი. იქ კიდევ ერთხელ მოვისმინე ჰომოფობიის ერთგვარი განმარტება. იმ დღის შემდეგ დავფიქრდი, რომ ეს განმარტება უკვე მრავალჯერ მაქვს მოსმენილი, მაგრამ ჰეტერონორმატიულობა იმდენად გამჯდარია ჩემში, რომ მისი პრობლემურობა აქამდე ვერც კი აღმიქვამს.

რა არის ჰომოფობიის ეს ჰეტერონორმატიული განმარტება?

ევროპარლამენტის 2006 წლის 18 იანვარს მიღებულ რეზოლუციაში ტერმინი ჰომოფობია ასეა განმარტებული: “ირაციონალური შიში და სიძულვილი ლესბოსელების, გეების, ბისექსუალებისა და ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ, რომელიც ეფუძნება წინასწარგანწყობას და მსგავსია რასიზმის, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმისა და სექსიზმისა”. ჰომოფობიის, რასიზმის, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმისა და სექსიზმის ერთ რანგში განხილვა ერთი მხრივ, მიგვანიშნებს იმ სოციალური და ფსიქოლოგიური მექანიზმების მსგავსებაზე, რომლითაც აღიწერება თითოეული ეს მოვლენა და მეორე მხრივ, ხაზს უსვამს ჰომოფობიასთან, როგორც საშიშ სოციალურ პრობლემასთან ბრძოლის მნიშვნელოვანებასა და აუცილებლობას.

ნუთუ ასე მარტივია ჰომოფობია? ნუთუ ასე რამოდენიმე სიტყვით შეგვიძლია შევაჯამოთ ის ჰეტეროპატრიარქალური სისტემა და თეორიები, რომელიც ამავე სისტემის ახსნას ცდილობს? ნუთუ ასე, მხოლოდ ირაციონალობას და უცოდინარობას (რაც ჩემთვის საკმაოდ უწყინარ მიზეზებს წარმოადგენს - “აი არ იციან და რა ქნან”) გადავაბრალოთ ჰომოფობია? თვითონ ჰომოფობიის ეს განმარტება ხომ არ არის ჰომოფობიური?...

ამ განმარტების გაგებით რას ვგებულობთ? იმას, რომ თურმე ჰომოსექსუალი ადამიანები (ც-ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია) არსებობენ ამ ქვეყნად, უბრალოდ მათი ცხოვრების სტილი ბევრმა არ იცის და რაც არ იცის, იმის, როგორც წესი, ეშინია. ანუ, ადამიანები, ამ თვალსაზრისით, ბუნებრივად ჰეტეროსექსუალები არიან, უბრალოდ სადღაც ვიღაცები ჩნდებიან განსხვავებულები (ანუ ჰომოსექსუალები) და ეს ფენომენი საზოგადოების უდიდეს ნაწილს არ ესმის, არ იცნობს მას და ამიტომაც მათ აქვთ შიში მისდამი, რაც თავისთავად ზოგ შემთხვევაში აგრესიასაც იწვევს. ასეთი ხედვა ჰომოსექსუალობას წარმოაჩენს როგორც რაღაც დანამატს, რაღაც უცნაურს, მაგრამ არა მაინცდამაინც ნეგატიურ მოვლენას, რომელიც არსებობს და იგი უნდა მივიღოთ (ჰეტეროსექსუალებმა) რამენაირად, რადგანაც ადამიანების დისკრიმინაცია სწორი არ არის.

ამ განმარტებით ხდება ჰეტეროსექსუალობის, როგორც ბუნებრივის, სწორის, ცენტრალურის, მთვარის, ორიგინალურის გამყარება. ჰეტეროსექსუალობა ამ განმარტებით კვლავ ინარჩუნებს პრივილეგიას, მის დომინანტობას ჰომოსექსუალობაზე; ხოლო ჰომოსექსუალობა მისგან გადახრა, არაცენტრალური, არა-მთავარი, და არა-ორიგინალური (ანუ მისი ასლი) გამოდის.

როგორ შეგვიძლია ჰომოფობია ისე დავინახოთ და განვმარტოთ, რომ ეს ჰეტერონორმატიული დაშვება არ გაგვეპაროს? ამისათვის საჭიროა ჰომოფობია და ჰოტერონორმატიულობა სხვაგვარად გავაანალიზოთ.

ჰომოსექსუალობა საზოგადოებისგან დამალული და გაჩუმებული კი არ არის, რომელზეც საზოგადოებამ უბრალოდ არაფერი არ იცის, არამედ იგი თავიდანვე აკრძალულია. იგი არსებობს სწორედაც რომ მისი აკრძალვით. მათზე საზოგადოებამ არაფერი კი არ არ იცის, არამედ მასზე საზოგადოებამ იცის, რომ იგი აკრძალულია, ტაბუირებულია. ჰომოსექსუალობა არსებობს სწორედ მისი აკრძალვის ფორმით.

რაიმე საკითხზე დუმილით  ამ საკითხს (ამ ფენომენს, მოვლენას) წარმოვშობთ, ოღონდ აკრძალულ მდგომარეობაში. ერთი და იგივე პროცესი - რაღაც კანონზომიერება - როგორც კრძალავს რაიმეს, ასევე წარმოშობს იმას, რასაც კრძალავს. მაგალითი: წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გეუბნებიან ასეთ რამეს “გიკრძალავთ იფიქროთ ვარდისფერ მფრინავ ბეჰემოტზე!”. რას აკეთებთ პირველი? ფიქრობთ ვარდისფერ მფრინავ ბეჰემოტზე. ანუ, სწორედ რაღაცის აკრძალვით მე წარვმოშობ იმ ფენომენს, რასაც ვკრძალავ.

ჟაკ დერიდას, რომელიც 20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ფილოსოფოსი იყო, აქვს არაერთი ნამუშევარი ენის, როგორც სტრუქტურის ანალიზზე. ტერმინი დეკონსტრუქცია სწორედ მისი ნამუშევრებიდან მოდის - ფილოსოფიურად და აკადემიურად დატვირთული ტერმინია. დერიდამ გამოიყენა ლინგვისტი ფერდინანდ დე სოსიურის თეორია ენის თვისებების შესახებ და  მისი მეშვეობით ააგო თეორია დეკონსტრუქციის შესახებ. დერიდას თეორიით ენა შედგება სიტყვებისგან რომლებსაც მნიშვნელობა მხოლოდ მათი განმასხვავებელი სიტყვებისგან განსხვავებით ენიჭება (Différance). ანუ სიტყვა “სახლი” იძენს მნიშვნელობას იმის ხარჯზე, რომ იგი არა არის “სასახლე”, “ბინა”, “სასტუმრო” და ა.შ. ჩვენი მთელი აზროვნება ზუსტად ასეა აწყობილი: როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ, ან ვწერთ, ვფიქრობთ, ჩვენს გონებაში სხვადასხვა სიტყვები ისე იძენს მნიშვნელობას, რომ გამორიცხავს სხვა მნიშვნელობებს. ენის ამ ანალიზით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი გონება ასე აზროვნებს.

ენაში არსებობს უამრავი ურთიერთშეპირისპირებული ცნება: “მდიდარი” - “ღარიბი”, “ცხოველი” – “ადამიანი”, “ცივილიზებული” – “პრიმიტიული”, “კარგი” – “ცუდი”,”სუბიექტი” – “ობიექტი” და ა.შ. დაუსრულებლად. როდესაც მე ვლაპარაკობ (ან ვწერ) რომელიმე სიტყვას, მე არ მჭირდება იმ სიტყვების მოხსენიება, რომლებიც ეს სიტყვა არ არის, რადგანაც მათ ავტომატურად ვგულისხმობ. ანუ როდესაც მე გელაპარაკებით “სახლზე”, არ მჭირდება, რომ ვახსენო “სასტუმრო”, “შენობა”, და ა.შ. რათა ისინი გამოვრიცხო.  “სახლის” თქმით ავტომატურად ვგულისხმობ ამ სიტყვებს იმითი, რომ მათზე არ მაქვს ლაპარაკი. ამ სიტყვებს მე ავტომატურად მოვიაზრებ “სახლზე” ლაპარაკისას, ოღონდ უარყოფით ფორმაში, მათზე არლაპარაკით.

კიდევ უფრო ღრმად რომ წავიდეთ: დერიდამ შეამჩნია, რომ ენაში ამ დიქოტომიებში არსებობს იერარქიები. დეკოსნტრუქცია ამ დიქოტომიების და მათ შორის არსებული იერარქიების გამოვლენას გულისხმობს.

როდესაც მე ვლაპარაკობ “ორიგინალზე”, ავტომატურად მოვიაზრებ “მის ასლს”, რამდენადაც ორიგინალი ასლის გარეშე არ არსებობს. როგორც კი რაიმეზე ვიტყვი, რომ იგი ორიგინალია იმავე წამს ავტომატურად მოვიაზრებ (ვუშვებ იმის ალბათობას), რომ იგი შეიძლება გაყალბდეს, მისი ასლი გაკეთდეს. აქაც თვალსაჩინოა იერარქია: ორიგინალი უფრო დაფასებულია, ვიდრე მისი ასლი. არადა თუ კარგად გავაანალიზებთ, მივხვდებით, რომ ორიგინალს სჭირდება ასლი, რადგან მის გარეშე ის ორიგინალი ვერ იქნება. ანუ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯერ ორიგინალი კი არ არის და მერე მისი ასლი, არამედ ჯერ ასლია და მერე ორიგინალი. ჯერ ასლის, ანუ გაყალბების შანსი (მოცემულობა) უნდა არსებობდეს რაიმეს, რომ ორიგინალობაზე პრეტენზია ჰქონდეს.

ჰეტეროსექსუალობას, რომელსაც პრეტენზია აქვს “ორიგინალობაზე”, ხოლო “ჰომოსექსუალობას” მისგან გადახრად, მის “ასლად” მოიაზრებს, ამ დეკონსტრუქციის შედეგად, შეგვიძლია ეს პრივილეგია წავართვათ. ჰეტეროსექსუალობა ნორმა, ორიგინალი კი არაა, არამედ მას სჭირდება ჰომოსექსუალობა რომელსაც მისგან გადახრას შეარქმევს, რათა მან საკუთარი პრივილეგია შეინარჩუნოს. ჰეტეროსექსუალობა ჰომოსექსუალობის არ არსებობის შემთხვევაში ვერ იარსებებდა, მას იგი სჭირდება როგორც მისი ალტერნატივა, რისი მეშვეობითაც (რისგან დისტანცირებითაც - “ანუ მე ეს არ ვარ”) იგი მოახერხებს საკუთარი როგორც არსებობის, ასევე პრივილეგიის შენარჩუნებას.

ჯუდით ბატლერი, რომლის ტექსტებიც ქვიარ თეორიისათვის ფუძემდებლურია, მისი ერთ-ერთ წიგნის “გენდერის პრობლემა” ერთ-ერთ თავში აკრძალვა, ფსიქოანალიზი და ჰეტეროსექსუალური მატრიცის პროდუქცია იღებს ფსიქოანალიზს, კერძოდ კი ინცესტის ტაბუს (ოიდიპოსის კომპლექსი) რომელიც ფსიქოანალიზში ადამიანის პიროვნების (გენდერის და სექსუალობის) ჩამოყალიბების ქვაკუთხედს წარმოადგენს და სხვადასხვა მეცნიერების (ლევი-სტრაუსი, ლაკანი, რივიერი და ფროიდი) გადაკითხვით და კრიტიკით ცდილობს აღმოაჩინოს ის ჰეტერონორმატიული დაშვება, რაზეც ეს მეცნიერები თავიანთ თეორიებს აგებენ სექსუალობის და გენდერის შესახებ. დეტალებში აქ ვერ შევალთ რადგან ტექსტი საკმაოდ მოცულობითი და მძიმე და რთული ფილოსოფიური საკითხავია. თუმცა ჩვენთვის რაც მნიშვნელოვანია ამ პოსტში ის რომ ამოვიღოთ, მოკლედ ვიტყვი: ოიდიპოსის კომპლექსი ფსიქონალიზში ითვლება ეტაპად, როდესაც ბავშვს უვითარდება სექსუალური ლტოლვა საპირისპირო სქესის მშობლისადმი (ბიჭს დედისადმი, ხოლო გოგოს - მამისადმი), ხოლო ინცესტის ტაბუს მეშვეობით ბავშვებმა ეს პროცესი მშვიდობიანად უნდა გადალახონ და მათ საკუთარი თავის იდენტიფიცირება უნდა მოახდინონ საკუთარივე სქესის მშობლებთან. ანუ, ბავშვებს, მათ მიერ საპირისპირო სქესის მშობლის მიმართ სექსუალური ლტოლვის განვითარების შემდეგ უჩნდებათ აგრესია ეჭვიანობის ნიადაგზე მათივე სქესის მშობლების მიმართ და მათი მოკვლა სურთ, რათა მათი საპირისპირო სქესის მშობელთან კონკურენტი ჩამოიშორონ. მაგრამ რადგან მათ იციან, რომ ისინი მშობლებს ვერ მოერევიან, ირთვება თავდაცვის მექანიზმი და ხდება ამ სექსუალური ლტოლვის და აგრესიის რეპრესია და შეზიზღებული მშობლისადმი იდენტიფიცირება. ანუ, ბიჭი იდენტიფიცრდება მამასთან და გოგო - დედასთან. ასე ხდება ბავშვებში გენდერის და სექსუალობის ჩამოყალიბება ფროიდის (და სხვათა) აზრით. ბატლერისთვის კი ეს პრობლემატურია, რამდენადაც ეს ავტომატურად უნდა გულისხმობდეს, რომ ბავშვები ჰეტეროსექსუალები იბადებიან. სხვა შემთხვევაში რატომ იქნებოდა საპირისპირო სქესისადმი სექსუალური ლტოლვა? ამ შემთხვევაში ბავშვს საკუთარი სქესიც უკვე გათვიცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რაც ალოგიკურია, რადგან გამოდის, რომ სქესის და სექსუალობის ჩამოყალიბების პროცესს  უკვე საკუთარი სქესის და სექსუალობის ცოდნა უსწრებს. ბატლერი ფროიდს ლოგიკურ შეცდომაში იჭერს და გვთავაზობს მისი თეორიას, რომლის მიხედვითაც ოიდიპოსის კომპლექსამდე ჯერ ჰომოსექსუალობის აკრძალვაა საჭირო.

ბატლერი თავისი თეორიის ჩამოყალიბებისათვის იყენებს ფროიდის ესსეს “დანაკარგი და ტრავმა”. ამ ესსეს მიხედვით, როდესაც ადამიანს მეორე ადამიანი უყვარს და მას კარგავს (აკრძალვის ან სხვა მიზეზის გამო) მისი ფსიქიკის თავდაცვის მექანიზმი ახდენს შეყვარებული მაგრამ სამუდამოდ დაკარგული ადამიანის პიროვნების საკუთარივე თავში გაცოცხლებას, მის ინტერნალიზებას. ასეთ დროს ადამიანი იწყებს მეორე ადამიანივით მოქცევას, მისი მანერებით ლაპარაკს, ჯდომას, სხვადასხვა რამის კეთებას და ა.შ. ანუ, ამ დროს ფსიქიკა გეუბნება: კი, შენ ის ადამიანი დაკარგე ვინც გიყვარდა, თუმცა აგერ ვარ მე, შენში ვცხოვრობ ეს პიროვნება და შეგიძლია მე შემიყვარო. ამითი ხდება ტრავმის შემსუბუქება.

ბატლერის აზრით სწორედ ასე ხდება სქესის და სექსუალობის ჩამოყალიბება. ჯერ არის ჰომოსექსუალობის აკრძალვა და შემდეგ ოიდიპოსის კომპლექსი. ანუ, ბავშვს უყვარდება ორივე მშობელი, მაგრამ რადგან გარედან მოდის მისივე სქესის მშობლისადმი სექსუალური ლტოლვის (ჰომოსექსუალობის) აკრძალვა, იგი ახდენს მისივე სქესის მშობლის პიროვნების ანუ აკრძალვის შედეგად დაკარგული პიროვნების) ინტერნალიზებას საკუთარ თავში და შემდეგ სრულად მიმართავს თავის სექსუალურ ლტოლვას საპირისპირო სქესის მშობლისადმი. ასე ხდება ჰეტეროსექსუალობის ჩამოყალიბება. ანუ ჯერ არის ჰომოსექსუალობის აკრძალვა და მერე ჰეტეროსექსუალობა. ჰომოსექსუალობის აკრძალვის წინსწრების მიზეზი კი უკვე ზევით ავხსენი - სწორედ ასე (ჰომოსექსუალობის წინააღმდეგ) ინარჩუნებს ჰეტეროსექსუალობა თავის მნიშვნელობას და პრივილეგიას.

შესაბამისად, ჰეტეროსექსუალობა ბუნებრივი მოვლენა კი არა, არამედ ჰომოსექსუალობის აკრძალვის ხარჯზე წარმოშვებული მოვლენაა.

ამის ყოველდღიურ ცხოვრებაშიც დანახვა მარტივია: ხშირად შეხვდებით სხვადასხვა პირებს (სასულიერო თუ სხვა), რომლებიც აცხადებენ, რომ არ უნდათ საზოგადოებამ, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობამ და ბავშვებმა, გეი და ლესბოსელების ცხოვრების სტილი ნახონ, რადგან ისინი შეიძლება შეცდნენ. მაგრამ ამავე დროს ეს პირები ამ აკრძალვას იმით ასაბუთებენ, რომ ჰეტეროსექსუალობა ბუნებრივი მოვლენაა და ამიტომ არ~ არის კარგი მისგან გადახვევა. თუმცა თვითონვე საკუთარ ლოგიკაში იჭრებიან: იმისი თქმით, რომ ჰომოსექსუალობის “პროპაგანდის” მეშვეობით ვიღაცები შეიძლება შეცდნენ და ბუნებრივი გზიდან გადაუხვიონ ისინი ლოგიკაში ვერ ჯდებიან და ურთიერთგამომრიცხავ რამეს ამბობენ - ანუ თვითონვე აღიარებენ იმას, რომ ჰეტეროსექსუალობა არა ბუნებრივი პროცესის შედეგი, არამედ ჰომოსექსუალობის აკრძალვის, მისი დამალვის, მისგან დისტანცირების შედეგია.

ახლა, რომ დავუბრუნდეთ ჰომოფობიას და მის განმარტებას. იგი იმის შედეგი კი არაა, რომ ის არ არსებობდა და მერე გაჩნდა, რაღაც პერიოდში,  ბევრმა მის შესახებ არ იცის და ამიტომაც ეშინიათ, არამედ იმისი, რომ იგი თავიდანვე აკრძალულ მდგომარეობაში არსებობდა! ჰომოფობია არის ჰეტეროსექსუალობის მიერ საკუთარი პრივილეგიის შენარჩუნების სურვილი! სტატუს კვოს შენარჩუნების სურვილი, რომ ჰომოსექსუალობა ისევ ისე დაჩაგრულ მგდომარეობაში იყოს, რადგან სწორედ მისი მეშვეობით შეინარჩუნებენ ჰეტეროსექსუალები პრივილეგიას. თუ ვინმე არ დაჩაგრე, ისე პრივილიგირებული, ბუნებრივია, ვერ იქნები. ამიტომ ჰომოფობიის არსებული განმარტება პრობლემატურია.  იგი ისევ სტატუს კვოს ინარჩუნებს, რამდენადაც ჰეტეროსექსუალობას კვლავ ცენტრალურ პოზიციაში აყენებს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^