ცვლილებებზე ჩვენთან არქიტექტურა მეტყველებს, ახალი ცხოვრების დაწყება აუცილებლად ახალ სახლს ნიშნავს, თუ სახლს არა, ფასადს მაინც, ცოტა ხნით ადრე მიშენებულ ლოჯიასაც ნიშნავდა.
მოგვიანებით პარიზული მანსარდებისა და აივნების რიმეიქი განვითარდა პოსტ საბჭოურად, რაც პარალელურად საბჭოთა ისტორიის მანძილზე შექმნილის განადგურებასაც გულისხმობდა, - ცოტა მეტი ფულის შემთხვევაში კი ჰაი ტექ არქიტექტურის მეგა პროექტების შეჯიბრში მონაწილეობის სურვილიც გამოჩნდა.
ეს ტენდენცია სულაც არ არის მხოლოდ „ჩვენი“, - ის ტიპიური პოსტ სოციალისტური კულტურის ნიშანია, განსაკუთრებით წინა საუკუნის ისტორიასთან მიმართებაში. ძალიან გვინდა დავივიწყოთ ის ისტორია, რომელიც არ მოგვწონს, - თუმცა რომელი ისტორია შედგება მხოლოდ სასიამოვნო და საამაყო ფაქტებისგან? ცხადია, რომ ისტორიის დრამა ჩვენი ქვეყნის შემთხვევაში პირდაპირი მნიშვნელობით ცხადდება არქიტექტურულ დრამაში და ამ უკანასკნელის უფრო კარგად გასაგებად ერთი ამბავი მინდა გავიხსენო.
ქართული თანამედროვე არტ სცენის მცოდნეთათვის ერთ კარგად ნაცნობ ხელოვანს - გიო სუმბაძეს ჰქონდა პროექტის იდეა, რომელსაც ეგოისტური არქიტექტურის სურათი უნდა ეჩვენებინა. პროექტი უტოპიური იყო და თავისი არსით საბჭოთა პერიოდის დიდ პროექტებს ჰგავდა იმ განსხვავებით, რომ კოლექტიურობის თემა ინდივიდუალურით იყო ჩანაცვლებული: რომელიმე დიდი კორპუსის მსურველებისთვის უნდა მიეცათ ნებართვაცა და დაფინანსებაც, რომ თითოეულ მათგანს ისეთი მიშენება გაეკეთებინა თავისი ბინისთვის, სადაც ბოლომდე დახარჯავდა საკუთარ ფანტაზიას, საკუთარი გემოვნებითა და სურვილით შექმნიდა პერსონალურ სივრცეს, რომელიც გარეთ, საჯარო სივრცეში დაფიქსირებული ფასადით სრულდებოდა. თავისთავად ძალიან საინტერესო საკვლევი იქნებოდა მიღებული ფასადი, - რამდენი ფსიქოლოგიური ტრავმისა და პერვერსიის ილუსტრაციას ვნახავდით, გემოვნების ევოლუციის სურათსა თუ განსჯის მიღმა დარჩენილ ცალკეულ შემთხვევებთან ერთად.ამ პროექტის დამფინანსებლად ქართული ოცნების დამაარსებელი რომ მოგვვლინებოდა, თანამედროვე ხელოვნების არსის მცოდნეთაც გამოჩნდებოდა და არა მხოლოდ უკვე აღიარებული არტეფაქტების შემგროვებელ-მფლობელად. რა თქმა უნდა, ძნელად წარმოსადგენიაამგვარი პროექტის დამფინანსებელი, თუმცა ეგოცენტრისტული არქიტექტურისრეალიზაციას საგანგებოდ მოფიქრებული და კონცეპტუალური საფუძვლის გარეშეც ვხედავთ, ბევრად უფრო დიდ მასშტაბებში, ვიდრე თუნდაც ძალიან ძვირადღირებული არტ პროექტი შეიძლებოდა ყოფილიყო.სახეზეა „ცენტრით“ შეპყრობილობა და ამ შეპყრობილობის ვნებაში აღა მაჰმად ხანის როლში შესვლა, რომლის საქციელი თავისი დროის დამპყრობლის პოზიციიდან კიდევ გასაგები იქნებოდა, მაგრამ რაღა დროს ეგ არის.. ძეგლის სტატუსებით თამაშის თემას, რომელიც უბრალოდ ძალიან არასერიოზულ და ქარაფშუტა საზოგადოებად წარმოგვადგენს, კიდევ ერთი ახალი თემა დაემატა - „ლანდშაფტური ზონის სტატუსის მოხსნა“. ძალიან ცუდად ჟღერს დავფიქრობ, რომ არა მარტო ჩემთვის, თან იმ სიტუაციაში, სადაც მებაღე პარტიზანულად იბრძვის და ეკოლოგია მუშტებით არის დასაცავი. აქცია-პერფორმანსიც გაკეთდა სათაურით - „წყლის ნაყვა“, - კოტე ჯინჭარაძის ინიციატივით, რომელიც ისევ წყლის ნაყვად დარჩა და შეუერთდა ჩვენს ქალაქში გახშირებული აქციების რიგს, რომელიც მორიგ ტუსოვკად და კულტურული გართობის ორიგინალურ სახედ იქცა ბოლო დროს. ჩემი რომელიმე ახლანდელი სტუდენტი თავის სავარაუდო სადოქტორო შრომაში ალბათ ამ პერიოდს მოიხსენიებს როგორც უშედეგო საპროტესტო არტ აქციების დროს და შეიძლება სტილები და ტენდენციებიც კი გამოკვეთოს. კი, ფული მართავს (ხელოვნებასაც) და „ბაზარი დაარეგულირებს“ ყველაფერს, ახალ ქალაქებსაც შექმნის და ააყვავებს, როგორც მოხდა თავის დროზე ქალაქი ბარის შემთხვევაში. საახალწლოდ წმ.ნიკოლოზის ხსენებაც უპრიანი (!) იქნება, - სწორედ მისი წმინდა ნაწილების ანტიოქიიდან გატაცების და ქალაქი ბარის კუთვნილებად გამოცხადების შემდეგ იქცა ეს ქალაქი მორწმუნე პილიგრიმებისა და სხვა ათასი სახის მოგზაურისა დავაჭრის ხშირი სტუმრობის ადგილად. ქალაქმა სახელი გაითქვა და გამდიდრდა. მოკლედ, ავანტიურებზეა ისტორიის დიდი ნაწილი აგებული და დიდი ამბავი თუ ჩვენც მშვიდად შევხედავთ ამ კატეგორიის ინიციატივებს. ამასობაში პანორამების შეცნობით დაკავებულმა ხელოვანმა შეიძლება რამე ისეთი იკონური სიმძაფრის ნიმუშიც კი შექმნას, როგორიც მუნკის კივილი იყო თავის დროზე - მანფრედო ტაფურის სიტყვებით ეს ხიდი იყო იმ აბსოლუტურ სიცარიელეზე გადებული, რომელიც ინდივიდსა და კოლექტიური ქცევის პასიურობას შორის არსებობდა და ეს ინიდივიდიც მხოლოდ აღმოხდენილი ბგერით თუ გამოხატავდა საკუთარ თავს და ხმას მიაწვდენდა მეორე ნაპირს. მანფრედო ტაფურის ხსენება შემთხვევითი სულაც არ იყო, მისი ერთ-ერთი მთავრი ნაშრომი ზუსტად არქიტექტურასა და უტოპიას ეხება, - მოდერნისტული არქიტექტურის მნიშვნელოვან საკითხს. მეგა პოლისებს ის გაუცხოების ცენტრებად მოიხსენიებს, სადაც გასაკვირი არ არის, რომ ავანგარდული მოძრაობები ჩნდებოდა.ჩვენი რეალობა კი ასეთია: თბილისი არ არის მეგა პოლისი, მოდერნისტული ხელოვნების ისტორია კი დიდი ხანია წარსულს ეკუთვნის და აღარც ავანგარდული მოძრაობებს ექნებათ ისეთი მნიშვნელობა, როგორც მეოცე საუკუნის დასაწყისისთვის ჰქონდათ. ჩვენს კონტექსტს თავისი სირთულეები აქვს, რომელთა ვერბალიზაციისთვის შეიძლება უკვე დამუშავებულ კონცეფტებსაც მივმართოთ. ბაქოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ახლახანს გაიხსნა საბინა შიხლინსკაიას გამოფენა სათაურით - to have or to be? - ერიხ ფრომის ეს 1970-იანი წლების ბესთსელერი კონსამერული საზოგადოების პრობლემებზე მსჯელობდა მარქსისტულ- ნეო-ფროიდიანული პოზიციიდან. საბინა შიხლინსკაიას (ეს ხელოვანი ხშირად სტუმრობს თბილისს და მისი ნამუშევრებიც უნახავს ჩვენს პუბლიკას) მასშტაბური ინსტალაცია სწორედ უკიდურესი მატერიალიზმის ფეტიშების თემაზე აიგო ისეთი ეფემერული მედიუმებით, როგორიცაა ნეონი და ვიდეო.to have or to be? - ამჯერად პოსტ საბჭოთა ქვეყნების პრობლემაა, სადაც ხელოვნების ფლობა ხშირად უტოლდება ხელოვნებასთან ბრძოლას.