საქართველოში ყველაზე რეიტინგული ადამიანის საშობაო ეპისტოლე ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ინსტიტუციის - მართლმადიდებელი ეკლესიის ძირითად გზავნილებს აჟღერებს. სწორედ ამიტომ მას ბევრი მკითხველი ჰყავს. პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ მარტივად, პატრიარქის რეიტინგის ხარჯზე, მოიპოვონ ამომრჩევლის სიმპათია, ეპისტოლედან მათთვის მოსახერხებელ თემებს იღებენ და იმეორებენ. სამოქალაქო საზოგადოების წევრები კი ეპისტოლეს კრიტიკას იწყებენ, მით უმეტეს, როცა საკრიტიკო საშობაო ეპისტოლეში ყოველთვის ბევრია.
უახლესი წარსულის საშობაო ეპისტოლეების ნაწილი იმდენად სკანდალური იყო, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მათი ციტირება, მაგალითად, 2014 წლის საშობაო ეპისტოლედან: სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვების შესახებ თქმული “ეს პატარა ხომ თავიდანვე გაწირეს უსიყვარულობისათვის, მიუსაფრობისა და მარტოობისათვის”; ასევე პასაჟი ქალებზე, სადაც ქალის შრომა გართობასთანაა შედარებული - “თუ დიასახლისი ხარ და შვილებზე ზრუნვას გირჩევნია, სამსახური გქონდეს მხოლოდ იმიტომ, რომ უკეთესად გაერთო, თუ შენ არაფერს ერიდები, რათა კომფორტული ცხოვრება მოიწყო და არ გადარდებს ამისთვის სხვისი მსხვერპლად გაწირვა...” ეპისტოლეები ასევე დატვირთული იყო პოლიტიკური შეფასებებით, ევროინტეგრაციის პროცესის კრიტიკით, კანონებისა და თანასწორობის პრინციპის მიუღებლობით. 2015 წლის საშობაო ეპისტოლე კი განსხვავებულია.
2015 წლის საშობაო ეპისტოლე არც პირდაპირ და არც ირიბად არ ერთვება ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის კრიტიკაში, რაც ვფიქრობ მნიშვნელოვანია სეკულარული სახელმწიფოსთვის, სადაც ეკლესია და სახელწმიფო განცალკევებულია ერთმანეთისგან.
თუ რამდენიმე წლის წინ ქმრის ფეხების ბანა იყო წამყვანი ხაზი და ქალის შრომა - გართობა, ამჯერად ეკლესია “[ქალის] საზოგადოებრივ აქტიურობას არ გამორიცხავს”. 2015 წლის საშობაო ეპისტოლე ალაპარაკდა ქალთა მიმართ ძალადობაზე. ფემიციდი მასმედიის მიერ გაზვიადებულ თემად კი აღარ წარმოაჩინა, არამედ სოციალურ პრობლემად განიხილა და გამომწვევი მიზეზების განხილვას შეუდგა. ზემოთქმულიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ საქართველოში ყველაზე კონსერვატიული ინსტიტუცია რიტორიკას ცვლის. იმედს ვიტოვებ, რომ ეს უკეთესის დასაწყისია.
ამასთან, ეპისტოლეში მეორდება ისეთი პრობლემური საკითხები, როგორიცაა ოჯახში ქალის მეორეხარისხოვან სუბიექტად წარმოჩენა, ქალის მთავარ ფუნქციად დედობის განსაზღვრა და აბორტის გამკეთებელი ქალის მკვლელად მოხსენება. მზარდ ფემიციდს ეპისტოლე სოციალურ პრობლემებს უკავშირებს, რომელიც “ზოგჯერ ქალების სიცოცხლის ხელყოფით მთავრდება”. ქალების მკვლელების შესახებ დუმს მაშინ, როცა აბორტში პირდაპირ ქალს ადანაშაულებს, მას მკვლელად მოიხსენებს და უგულვებელყოფს აბორტის სოციალურ ასპექტებს.
ყველაზე შემაშფოთებელი კი 7 იანვარის საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებაა. ირაკლი ღარიბაშვილი საშობაო ეპისტოლეს ყველაზე პრობლემურ პასაჟს - აბორტს ეხმიანება და ქალების უფლებების წინააღმდეგ აკეთებს განცხადებას: “ცოლ-ქმარს უნდა უყვარდეს ერთმანეთი და, რაც მთავარია, უნდა იფიქრონ მატებაზე და შვილებზე და არა მათ მოკვლაზე”. აღნიშნული განცხადება არც სამართლებრივი ტერმინოლოგიით და არც ადამიანის უფლებების ჭრილში არ არის გამართული და გამართლებული.
აბორტი არ არის ადამიანის სიცოცხლის უფლების ხელყოფა; აბორტის შვილის მოკვლად მოხსენება პრემიერს არ ეპატიება, ვინაიდან ის ვალდებულია ისაუბროს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ენით და არა რელიგიური დოგმატიკის შესაბამისად.
ქალებს აქვთ საკუთარი სხეულის ავტონომიურობის უფლება, მათ აქვთ სექსუალური და რეპროდუქციული უფლებები, რომელიც დარეგულირებული და გარანტირებულია საერთაშორისო და ქართული კანონმდებლობით. აბორტის აკრძალვაზე საუბარი და აბორტის “მკვლელობად” მოხსენება ამ უფლებების ღია და უხეში დარღვევაა, ბუნებრივია ეს პრემიერ-მინისტრმა შესანიშნავად იცის, მაშ რატომ აკეთებს პრემიერი მსგავს განცხადებას?
ვფიქრობ, პრემიერის მიერ აბორტის აკრძალვაზე საუბარი ერთგვარი სამადლობელია. საშობაო ეპისტოლეში პოლიტიკისა და ხელისუფლების კრიტიკის არარსებობამ პრემიერი გაახარა და მადლობის გადახდაც ასე გადაწყვიტა: ეკლესიისათვის მნიშვნელოვანი თემა - აბორტის აკრძალვა გააქტიურა. გაუარესებული დემოგრაფიული მდგომარეობის ფონზე, ქალების უფლებების ხელყოფა პრემიერისთვის დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. აისახება თუ არა პრემიერის სიტყვები ქალთა უფლებრივ მდგომარეობაზე, ამას მომავალი გვიჩვენებს და ეს დიდწილად ქალებზეც არის დამოკიდებული - რამდენად აქტიურად დაიცავენ ისინი საკუთარ უფლებებს. ერთი კი ფაქტია, ქალთა უფლებების ხელყოფას ჩვენი ხელისუფლება არ ერიდება.