რამდენიმე დღის წინ სატირულ ჟურნალ Charlie hebdo-ზე ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაიღუპა 10 და დაშავდა 12-ზე მეტი ადამიანი. თავდასხმის სავარაუდო მიზეზი ჟურნალში გამოქვეყნებული ISIS-ის ლიდერის აბუ ბაღდადის კარიკატურა გახდა. ამ მოვლენას ქართულ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების არცთუ ისე მცირე ნაწილი „ამართლებს“ ტერორისტების მოქმედებას იმ მოტივით, რომ მათ სხვის რელიგიურ გრძნობებს მიაყენეს შეურაცხყოფა.
ადამიანებს არ უნდათ გაიგონ, რომ რელიგიური გრძნობები გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ არგუმენტი არ არის.
რწმენის, იდეების და სასულიერო ავტორიტეტების კრიტიკა და დაცინვა ყოველი ადამიანის უფლებაა. „რელიგიური გრძნობები“ სიტყვის თავისუფლებას არ აუქმებს და „სეკულარულ გრძნობებზე“ არაფრით მაღლა არ დგას. რელიგიებს არ აქვთ უფლებები, უფლებები აქვთ ადამიანებს. ადამიანები კი კანონის წინაშე თანასწორები არიან და აღმსარებლობის ნიშნით პრივილეგიებით არავინ სარგებლობს.
რელიგია იდეათა სისტემაა და ადამიანისგან იმ იდეების ირგვლივ, რომლებიც მისი აზრით მცდარი და მავნეა, ცუდად ლაპარაკის აკრძალვა, საერთოდ ლაპარაკის აკრძალვის ტოლფასია. ექსტრემისტებისადმი „სოლიდარობის“ მომენტი შეიძლება აიხსნას ჩვენს საზოგადოებაში ფუნდამენტალისტური ტენდენციების არსებობით. ეკლესიისკენ მიმართული ნებისმიერი კრიტიკა ან სასულიერო ავტორიტეტებზე ხუმრობა საკუთარი ჯანმრთელობით გარისკვის ტოლფასია.
მაგალითად სულ ახლახან, ჟურნალისტი ნინია კაკაბაძის ხუმრობამ საზოგადოებაში დიდი აგრესია გამოიწვია, ირაკლი ვაჭარაძის ირონიულ კომენტარს კი აშკარა მუქარა მოჰყვა ექსტრემისტების მხრიდან. განსხვავება საფრანგეთის რედაქციაში მოკლულ ჟურნალისტებსა და ამ შემთხვევებს შორის ხარისხობრივია და არაპრინციპული. თუ მუსლიმი ტერორისტები აფეთქებენ „რელიგიის შეურაცხყოფის“ გამო, მართლმადიდებლები უბრალოდ იმუქრებიან და ხშირად ფიზიკურად უსწორდებიან სხვებს. დარწმუნებული ვარ, რომ 17 მაისს პოლიცია რომ არა, გაცილებით უფრო დიდი მსხვერპლი იქნებოდა, ვიდრე საფრანგეთში. ფუნდამენტალიზმი პირველად ყოველთვის გამოხატვის თავისუფლებას უტევს, იქნება ეს ერეკლე დეისაძის ეპატაჟური რომანი, ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქცია თუ ფეისბუქხუმრობა.
უნდა აღინიშნოს, რომ ქართული მართლმადიდებელი ეკლესია სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი ადამიანი მათ შორის ისინიც, ვინც მას აკრიტიკებს და „დასცინის“, ძალაუნებურად ამ ორგანიზაციას აფინანსებს.
საპატრიარქო ხელს უწყობს ადამიანებზე ძალადობას და პერმანენტულად საკუთარი ძალაუფლების ცხოვრების ყველა ასპექტში ექსპანსიას ეწევა. გამოდის სხვადასხვა ჯგუფის წინააღმდეგ და არ ერიდება ქსენოფობიურ, ფაშისტურ და ჰომოფობიურ რიტორიკას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით იმის თქმა, რომ ადამიანმა არათუ წინააღმდეგობა გაუწიოს, არამედ არც კი უნდა იხუმროს ეკლესიაზე, უბრალოდ უნამუსობაა.
ცდებიან ისინი, ვინც მიიჩნევენ, რომ რელიგიაზე ხუმრობა ისევე ეწევა ადამიანების დისკრიმინაციას, როგორც ჰომოფობიური ან რასისტული განცხადებები. ის, რაზ სარწმუნოებაზეც შეიძლება „მოექცე“ ადამიანის არჩევანია, რწმენა არც რასაა და არც ორიენტაცია, ადამიანის არჩევანზე ხუმრობა კი დასაშვებია.
კომუნისტს შეიძლება ეწყინოს, რომ კომუნიზმზე უარყოფითად საუბრობენ. ლიბერალს შეიძლება ეწყინოს, რომ ლიბერალიზმზე ღადაობენ. რომელიმე სპორტული გუნდის ქომაგს შეიძლება არ ესიამოვნოს, როცა მის გუნდზე ირონიულად საუბრობენ. მაგრამ არცერთ მათგანს არ აქვს უფლება, დაცინვის ან კრიტიკის უფლება შეუზღუდოს ვინმეს.
ადამიანებს უყვართ ხუმრობა. ისინი ხუმრობენ პოლიტიკოსებზე, მეცნიერებაზე, გაჭირვებაზე, საკუთარ თავებზე, ტრადიციებზე. სამყაროში არ არსებობს რეალობის ასპექტი, რომელზეც ადამიანს არ უხუმრია. ადამიანი ერთადერთი ცხოველია, რომელსაც იუმორის გრძნობა აქვს და შეუძლია სერიოზული პრობლემების არასერიოზულად დანახვა. ექსტრემიზმი თავისი არსით საკუთარი თავის, კულტურის, შეხედულებების თუ რელიგიის ზედმეტად სერიოზული აღქმის შედეგია, იუმორი კი - მისი განკურნების საუკეთესო მეთოდი. გამოხატვის თავისუფლების მხარდაჭერა ყოველთვის გულისხმობს იმ იდეების გამოხატვის თავისუფლების მხარდაჭერასაც, რომლებიც არ მოგწონს და ემოციურ დისკომფორტს გიქმნის. თუ ადამიანი ემხრობა მხოლოდ იმ იდეების გამოხატვის თავისუფლებას რომლებიც თავად მოსწონს, შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ ამას ჰიტლერიც კარგად აკეთებდა.