Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„მაგრამ“ სინდრომი და ქართული პავილიონი ვენეციის ბიენალეზე

25 იანვარი 2015

სულ ახლახანს მომხდარი შემზარავი ტერორისტული მკვლელობების ფონზე განვითარებულ დისკუსიას თავისი გვერდითი ეფექტები მოჰყვა, იმ პრობლემების გააშიშვლებით, რომლებიც შედარებით მშვიდობიან დღეებში ასე მძაფრად არ ჩანს ხოლმე. სოციალურ ქსელებში ქართული საზოგადოების ლიბერალური ნაწილი დათრგუნული იყო იმ ადამიანების სიმრავლითა და შემტევი აგრესიით, ვინც „ტერორიზმს არ ამართლებს, მაგრამ...“

გასაგებია, რომ „მაგრამ“ -ის შემდეგ იგულისხმება მკვლელობის არა მთლად გამართლება, თუმცა მისი ერთგვარად  დაშვება იმ შემთხვევაში, თუ შენი რწმენა, ანუ ის მოძღვრება შეურაცხყვეს, რომელსაც განსაკუთრებული გაშმაგებით მაშინ იცავ, როცა მისი წაკითხვა არც არასდროს გიცდია. კავშირი „მაგრამ“ ამ ტალღაზე აბსტრაგირებისა და სხვა ტიპის ფანტაზიების საგანიც გახდა და „მაგრამების“ სახალისო კოლექციებში ასეთი კურიოზიც მოხვდა:

მამაო ჩვეულებრივი ადამიანია და ისიც უშვებს შეცდომას, რა გიკვირთ, მაგრამ მისი კრიტიკა დაუშვებელია, რიგითი ადამიანი ხომ არ არის!

დიდი იუმორის გრძნობა არ არის საჭირო, რომ ამაზე გაგეცინოთ, ან შეიძლება საერთოდ არც გაგეცინოთ, რადგან ორმაგი სტანდარტების ყველაზე ჩლუნგ გამოხატულებად ჩათვალოთ, რომელთან ოპონირებას აზრი ნამდვილად არ აქვს.  „მაგრამ“ სინდრომი რომ მხოლოდ იმ ინტელექტუალური კოეფიციენტის მფლობელებს  ეკუთვნოდეთ, ვინც საეჭვო მამაოებისადმი მორჩილებას აიგივებს ქრისტიანობასთან და მასში პოულობს ბედნიერებას, პრობლემა ისეთი სერიოზული არ იქნებოდა, მაგრამ...

ჩვენი საზოგადოება ამბობს, რომ მას სურს წაიკითხოს/მოისმინოს კრიტიკა, მაგრამ ოდნავ რთული ტექსტი ან აზრიანი მსჯელობის მოსმენა, რომელსაც კონცენტრაცია და გაყოლა სჭირდება, მას სასოწარკვეთილებაში აგდებს. პერიოდულად სხვადასხვა საკითხებზე პროტესტის გამომხატველი არტისტული აქციებიც ეწყობა, მაგრამ მათ არანაირი შედეგი არ მოსდევს. რომელიღაც პერსონამ იცის,რომ ის არ არის მინისტრის ფუნქციის შემსრულებელი, მაგრამ მაინც თანხმდება ამ თანამდებობას. ასევე თანხმდება, როცა გადადგომას მოსთხოვენ. რომელიღაცა კომისიის წევრმა იცის, რომ მას ბევრი არაფერი ესმის ამა თუ იმ საგანში, მაგალითად, თანამედროვე ხელოვნებაში, მაგრამ მონაწილეობს საერთაშორისო გამოფენაზე წარსადგენი  პროექტის  შერჩევაში. ვიღაცამ იცის  (ან არ იცის) რა არის არტი და რა არის დიზაინი, მაგრამ არტის გამოფენაზე ახალბედა (არტ სფეროსთვის) ნიჭიერი  დიზაინერების მიერ კონცეპტუალური ხელოვნების ნაივური იმიტაციით შექმნილ „ა ლა არტი“ ფიქციას უჭერს მხარს.

აქ უკვე შეგვიძლია „მაგრამ“-ს დროებით შეძენილი კონოტაციები მოვაშოროთ და ნორმალურ რეჟიმში გავაგრძელოთ მსჯელობა, სადაც წინააღმდეგობები ისედაც ბევრია. ქართველი მხატვრები 2007 წლამდეც ყოფილან ვენეციის ბიენალეს მონაწილეები, მაგრამ 2007 წელს ქვეყანამ და კონკრეტულად კულტურის სამინისტრომ ოფიციალურად განაცხადა ამ საერთაშორისო პროექტში მონაწილეობის შესახებ და ეს ჟღერდა როგორც გააზრებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველოს თავი უნდა წარედგინა როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას, რომელსაც დამოუკიდებლობასთან ერთად ჰქონდა საკმარისი რესურსი საერთაშორისო არტ სივრცის წევრობისთვის.  მას შემდეგ ყოველ ბიენალეს და ყოველი ქართული პროექტის შერჩევა-წარდგენას მუდმივად ახლავს დიდი ვნებათაღელვა, რომელიც პერიოდულად ფსიქოზში გადადის ხოლმე. ამ ფსიქოზის გამომწვევ მიზეზებად რამდენიმე არსებული მცდარი მიდგომა შეიძლება დავასახელოთ:

1. არსებობს მოსაზრება, რომ თანამედროვე ხელოვანი ნიშნავს ამჟამად ცოცხალ ხელოვანს. - ეს შეცდომაა, - თანამედროვე ხელოვანად ყოფნა ნიშნავს აზროვნების სტილს, თანამედროვე არტ სამყაროს სტრუქტურისა და მისი ანბანის ცოდნას, რომელსაც თან ახლავს კვლევის საფუძველზე დამყარებული საკუთარი კონტექსტის ცოდნა  და საერთაშორისო არტ სივრცესთან ურთიერთობის უკვე შემუშავებული საკუთარი სტრატეგია.

2.მხატვართა ნაწილი დარწმუნებულია, რომ ვენეციის ბიენალეზე წასვლა მისი დამსახურებებისთვის მიღებული ჯილდოა. - არა, ეს არ არის ჯილდო. ვენეციის ბიენალეზე ყოველი ქვეყანა საკუთარი არტ სცენის მიმდინარე პროცესის მნიშვნელოვან ნიშანს აჩვენებს და ეს ნიშანი სხვადასხვაგვარი კრეატიული ფორმით შეიძლება იყოს გამოხატული, სადაც თეორია და ვიზუალური მანიფესტაცია თანაბარუფლებიანად უნდა მონაწილეობდეს. ამ მოცემულობასთან ადეკვატური პროექტი სრულიად განსხვავებული კურატორული მიდგომებით შეიძლება შედგეს,

3.ადგილობრივი კონკურენციისაგან და სხვა უსიამოვნებებისაგან თავის დასაცავად ზოგჯერ მიმართავენ უცხოელების მექნიკურ ჩართვას პროექტებში.  მცდარი მიდგომაა, რადგან მართალია, კავშირები და თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებელიცაა, მაგრამ უცხოელის ჩართვას მაშინ აქვს აზრი, თუ ის პროექტთან ორგანულ კავშირშია და პასუხისმგებლობის გრძნობა ყოფნის იმისთვის, რომ უცხო ქვეყანას წარადგენს, რომელმაც მას ნდობა გამოუცხადა;  როცა პირობებს ჩვენ ვკარნახობთ და არა ისინი.

4.არსებობს მოსაზრება, თითქოს მრავალრიცხოვანი კომისია ან თუნდაც მოწვეული, ასევე უცხოელი სახელოვანი წევრები იქნებიან გარანტები ობიექტური გადაწყვეტილებისთვის. - ასევე მცდარი შეხედულებაა, რადგან სამწუხაროდ საქართველოში არ გვყავს  ამ სფეროში კომპეტენტური ადამიანების დიდი რიცხვი, რომლებიც ამავე დროს თავისუფალი არიან სხვადასხვა სახის ხიბლისაგან, როგორიც შეიძლება იყოს ხელოვანებთან ნათესაობა-მეგობრობა (ანუ მათი ურთიერთობა მხოლოდ პროფესიონალური არ არის)  და თან აკადემიურ კატეგორიებსაც აკმაყოფილებენ. უცხოელი წევრი კი, რაც არ უნდა სახელოვანი იყოს, ნაკლებად იცნობს ადგილობრივ სურათს და ის პირველ რიგში მხარს დაუჭერს საერთაშორისო არტ სცენისთვის სახასიათო მეინსტრიმულ მოდელს და თავს აარიდებს გართულებებს ადგილობრივი სპეციფიკის გამო.

5.პროექტის შერჩევის საუკეთესო ვერსიად ითვლება კონკურსის გამოცხადება, თუმცა შეიძლება სხვა ვარიანტებიც. მაგალითად, ასევე მიღებული ფორმაა კონკრეტული კურატორის მოწვევა და მასთან კონტრაქტის გაფორმება; ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მის ფუნქციებში არ უნდა შეიჭრნენ და თავისუფალი მოქმედების საშუალება მისცენ. შეიძლება პროექტების შერჩევის სხვა, კრეატიული ფორმების მოფიქრებაც.

6.ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა სამინისტროს მიერ კონკურსის ძალიან გვიან გამოცხადება, როცა ნაჩქარევად მზადდება პროექტები და ნახევარფაბრიკატის სახე აქვს. ამ მოცემულობაში ძნელად მოსახერხებელია პროექტების პერსპექტივში განვითარების წარმოდგენა, საკითხში ძალიან კარგად ჩახედულ სპეციალისტსაც გაუჭირდება იმ სურათის დანახვა, რაც საბოლოოდ შეიძლება მივიღოთ.

ძალიან აღარ გავაგრძელებ და ამჟამინდელ გადაწყვეტილებას შევეხები. გაიმარჯვა პროექტმა სათაურით - „მცოცავი საზღვარი“, რომელიც კულტურის სამინისტროს ვებგვერდზე ამგვარად არის განმარტებული:  პროექტი წარმოადგენს სხვადასხვა საკნებისგან შემდგარ სისტემურ ჯაჭვს. ის ინტერაქტიულია. მის შინაარსს წარმოადგენს „საზღვარი, როგორც გეოგრაფიული დანაწევრების სისტემა და ამავდროულად, როგორც ცნობიერების მართვის ინსტრუმენტი, რომელიც განიცდის ევოლუციას საზოგადოების ცნობიერებასთან ერთად - დავამსხვრიოთ საზღვრები ცნობიერებაში და დავინახოთ მსოფლიო საზღვრების გარეშე და პირიქით.“ - აღწერას არ ახლავს ვიზუალური მასალა.

რაც შეეხება სათაურს - „მცოცავი საზღვარი“, -  ის პოლიტიკური კლიშეა, მოხსენიებული სამხედრო მიმომხილველის - ირაკლი ალადაშვილის მიერ 2010 წლის 4 ოქტომბერს „კვირის პალიტრაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში - „ოკუპაციის მცოცავი საზღვარი“ (http://www.kvirispalitra.ge/military/5138-okupaciis-mcocavi-sazghvari.html) და ერთგვარად პოლიტიკურ შეფერილობას აძლევს პროექტის თემას. ამაში თავისთავად ცუდი არაფერია, მაგრამ თუ ვაკეთებთ პოლიტიკურ-პროპაგანდიტულ პროექტს, ამასაც თავისი სტრატეგია სჭირდება, რომელშიც ასევე უნდა დავიცვათ თანმიმდევრულობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან დილეტანტურ-პროვიცნიულად გამოვჩნდებით. ანუ, თუ ვეხებით რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის თემას, აქ სახელმწიფოს მკაფიო პოზიცია უნდა ჩანდეს და ამაზე დისკუსიისთვის მზად უნდა ვიყოთ, პროექტს აუცილებლად დასჭირდება ძლიერი თეორიული ნაწილი, რაზეც ავტორებს სავარაუდოდ არ უფიქრიათ, რამდენადაც მათ ჯგუფში თეორეტიკოსი არ ფიგურირებს. ეს მხარე პროექტის კონცეფციაში ბუნდოვანია და ასევე ბუნდოვანია რა იგულისხმება „ცნობიერების საზღვრების დამსხვრევაში“, - რა ტიპის კავშირი ივარაუდება გეოგრაფიულ და ცნობიერების საზღვრებს შორის და ცნობიერების პრობლემის ირგვლივ აგებულ რომელ თეორიასა და მასთან დაკავშირებულ რომელ კვლევებს ეყრდნობიან, - ანუ, მაგალითად, ფროიდს გულისხმობენ, ლაკანს, ფუკოს თუ ოშოს? და კიდევ, როგორ უზრუნველყოფენ პროექტის ინტერაქტიულობას? მხედველობაში მისაღებია ის ფაქტი, რომ ექსპოზიცია ექვსი თვის მანძილზე გრძელდება.

მეორე მხრივ, უპასუხისმგებლობად გამოიყურება გადაწყვეტილების მიმღებთა მხრიდან ისეთი პროექტის მხარდაჭერა, სადაც დიზაინერებმა გადაწყვიტეს  კონცეპტუალურ ხელოვნებაში თავიანთი დებიუტი წარადგინონ იმ გამოფენაზე, სადაც ამ სფეროს ყველაზე ცნობილი და გამოცდილი წარმომადგენლები იქნებიან. გამოდის, რომ ძალიან საპასუხისმგებლო და ძვირადღირებულ გამოფენაზე ვაგზავნით ჯგუფს, რომელსაც დამწყების ბუნდოვანი წარმოადგენა აქვს ამ სფეროზე და კონკრეტულად ბიენალეს სპეციფიკაზე, როცა კონკურსის მონაწილე პროექტებში იყვნენ გამოცდილებისა და აღიარების მქონე პროფესიონალები. მაგალითისთვის შემიძლია ვაჟიკო ჩაჩხიანი მოვიყვანო, რომლის მასალებს კომისია თუ გაეცნო, შეეძლო დაენახა (ვისაც ამის კომპეტენცია გააჩნია) როგორ შეუძლია მას პროექტის განვითარება, ან რამდენად სერიოზული თეორეტიკოსების ყურადღებას იმსახურებს (http://www.danielmarzona.com/wp-content/uploads/VC_Text_ReinWolf_eng.pdf) და ვაჟიკო ჩაჩხიანი არ იყო ერთადერთი მხატვართაგანი ამ კონკურსში, რომლებიც თავისუფლად „ცურავენ“ თანამედროვე არტ სამყაროში.

შერჩეული პროექტი საწყისი მონაცემებით ძალიან სუსტია და სტუდენტური, საუკეთესო შეფასებას დაიმსახურებდა როგორც სადიპლომო ნამუშევარი (ჩვენთან სამაგისტრო, საზღვარგარეთ - საბაკალავრო) და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის სრულფასოვან და დახვეწილ შოუდ გადაიქცეს, რამდენადაც მის ავტორებს არც გამოცდილება აქვთ ამ სფეროში და არც ჩამოყალიბებული მხატვრული ხედვის მქონე არტისტებს წარმოადგენენ.

ამის გარდა, ზოგადად ბიენალეზე ნაჩვენები პროექტი, გამომდინარე ნაციონალური პავილიონების სისტემიდან, სიმბოლურად აჩვენებს წარმდგენი ქვეყნის არტის განვითარების სურათს, რაც ამ პროექტით ნამდვილად არ მოხერხდება და ერთგვარი შეურაცხყოფაც კი იქნება იმ ხელოვანებისა, ვინც ქართულ არტ სივრცეს ქმნის თავისი მოღვაწეობით არა ერთი და ორი წელია და მიმდინარე რთული პროცესების მონაწილეა. საბედნიეროდ ჩვენ ბევრად უკეთესი არტი გვაქვს, ვიდრე ეს ამ პროექტით შეიძლება გამოჩნდეს და ჯერ კიდევ არ არის გვიან გადაწყვეტილების გადახედვა. საქმე ქვეყნის კულტურის დონის წარდგენას ეხება!

რა თქმა უნდა,კონკრეტულად ამ ჯგუფის წევრების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, წარმატებებს ვუსურვებ და პირველ რიგში იმის გარკვევას, რა გზით აპირებენ სიარულს და რა არის მათთვის პრიორიტეტული - დიზაინერობა თუ არტისტობა.

P.S. წერილში გამოთქმული მოსაზრებების ციტირებისა და მოხსენიების შემთხვევაში გთხოვთ შემითანხმდეთ.

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^