Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საქართველო - ციხე N8

25 იანვარი 2015

“ქალაქი თბილისი, ციხე ნომერი 8.

პატიმრებს მხარდაჭერა, მოძალადეს დედისტყვნა” 

ორშაბათს შესაძლოა ბექა წიქარიშვილს 7 წელი შეუფარდონ

26 იანვარს, 16:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბექა წიქარიშვილის საქმის განხილვა ჩაინიშნა. როგორც ჩვენთვის ცნობილია, პროკურატურა საქმეზე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას არ გეგმავს. ამიტომაც, სავარაუდოდ, საქმის განხილვა იმ დღესვე დასრულდება. საპროცესო შეთანხმების გარეშე, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა კი ბექასთვის, მინიმუმ, 7 წლით თავისუფლების აღკვეთას ნიშნავს.

მარტო ეს წინადადება, იმხელა სასოწარკვეთას იწვევს ჩემში -- რომ არვიცი სად წავიღო ერთის მხრივ, სიბრაზე ამ უმიზნო, ბრმა, გაუაზრებელი სახელმწიფო  ინკვიზიციის წინააღმდეგ და მეორეს მხრივ,რაც ყველაზე რთულია, ეს  ამხელა უძლურების განცდა, შიგნიდან მჭამს, როგორც შავი ხვრელი ჭამს კოსმოსს. თითქოს ყველანაირ აზრს და ფერს უკარგავს ყველაფერს რასაც ვეხები, ვაკეთებ, ვუყურებ.

ერთი წლის წინ, თუ ორის, არ მახსოვს ზუსტად, როცა ვწერდით “სისტემა უნდა დაინგრეს” - იმ სტუდიაში ყველას გული სავსე იყო სიბრაზით იმის წინააღმდეგ თუ რის უფლებას აძლევს თავს სახელმწიფო, სავსე იყო  სირცხვილით საკუთარ უმოქმედობაზე და თანაგრძნობით იმათ მიმართ, ვინც ასე ბრმად, უაზროდ,სასტიკად იჩაგრებოდა, ცუდად იყო.

მაშინ ყველა ვამბობდით:

ასეთი რამე არ განმეორდება ამ მიწებზე, ერთ მეტრსაც არ დავთმობთ, თუ ისინი რამეს ჩაიფიქრებენ - ჩვენ დავუღრენთ, თუ ისინი მაინც გაბედავენ რამეს -- ჩვენ მივალთ და ჩამოვაგდებთ.

რა თქმა უნდა ამის განხორციელება რთულია, ხანდახან ეჭვის ჭიების და დაღლილობის დემონთა გავლენით ვფიქრობ რომ შეუძლებელიც კია. წარმოუდგენელია რამხელა გრავიტაცია აქვს სახელმწიფო სიმბოლიკას, როგორ გროვდება პარლამენტში ამხელა დამანგრეველი სისულელე, როგორ კონცენტრირდებიან ამ ადგილზე, ხალხის მიმართ ასეთი ბრმა და ყრუ ინდივიდები, რატო არიან საკანონმდებლო დაწესებულებებში ისეთი ადამიანები, როგორებსაც იდეაში პოლიცია თავად უნდა იჭერდეს…

მაგრამ ის ფაქტი, რომ ასეთი აზრი [სისტემა უნდა დაინგრეს] გაჩნდა, რომ ეს ძაან ბევრმა ადამიანმა პირველად ბოლომდე დაიჯერა, საკუთარი სხეულით გამოსცადა ემპათია, სხვებთან ერთად დგომა. ის რომ  გაჩნდა იდეა, რომ შესაძლებელია “კანონიერი” უსამართლობა შეჩერდეს, რამე შეიცვალოს-- უკვე ძალიან კარგია და ძაან ბევრ იმედისმომცემ ჩრდილს შეიცავს. მომავალი კი როგორც კარგი ნარკოტიკები კარგ ლაბორატორიებში, ზუსტად ასეთ ჩრდილებში იბადება, მასობრივი განაყოფიერებით.

რა თქმა უნდა, ჩემი მიზანი ეხლა არაა იმაზე საუბარი, რატო ვერ დავდექით ყველანი დღის ყოველ საათზე ყოველ მეტრზე: ვინც რაც შეძლო გარკვეული დოზით გააკეთა და ამის გარდა მე მესმის ყველა ადამიანის, ვისაც ფიზიკური, ეკონომიური, და თუნდაც ფსიქოლოგიური პრობლემების გამო არ შეუძლია ყოველდღე ქუჩაში, აქციაზე იდგეს და უშედეგოდ ითხოვდეს ბრმა და ყრუ ლოკალური ღმერთებისგან - ადამიანურ პასუხს. რთულია, მართლა ძაან რთულია ამ რეალობაში, სადაც ყველანი გავიჭედეთ - ასე ოპერირება, ცხოვრება. მაგრამ ეგ არ ნიშნავს რომ ჩვენ ამას ვერ შევძლებთ ადრე თუ გვიან.

ჩემი აზრით, ბექას ქეისი, ციხის კადრების სკანდალზე არანაკლებია . ამ შემთხვევაში, ძალიან ბევრი რამე წყდება, ისეთი რაც ყველას გვეხება. ისე მოხდა, რომ ბექა გახდა სახე, ყველა იმ ადამიანის, დანგრეული ოჯახის, რომელიც ქართულ დრაკონულ ნარკოპოლიტიკას ეწირება. და აქ არამარტო ნარკოპოლიტიკაზეა ლაპარაკი, აქ ჩვენ პირისპირ ვდგებით და თვალებში ვუყურებთ პოლიტიკური ნების უსახო, არაადამიანურ მზერას. თუ ბექას ხვალ 7 წელიწადს მიუსჯიან - ერთისმხრივ ისინი [“ხალხი ზემოთ”]  ისევ და ისევ, სისასტიკით, ნაგავში გადასაგდები კანონმდებლობის სტერილური ბეჭდით დაანგრევენ, ბინძური ფეხსაცმლებით მოურიდებლად გათელავენ კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლეს. ასე მოურიდებლად, საზოგადოების პერიფერიაზე, ნაგავში მოისვრიან ადამიანის მომავალს, პოტენციალს, ოცნებებს, მთელ მის ახალგაზრდობას, გააქრობენ პოტენციურ სიყვარულებს მის ცხოვრებაში, ტკბობას მზიანი ამინდებით ზღვის პირას, კოცნებს, მეგობრებთან ყოფნას, შესაძლებლობებს რომელიც მას აქვს..

მეორეს მხრივ, ყველას ჩვენ, ცინიკური და უმეტყველო სახით გაგვიმარტავენ -- სადაა ჩვენი ტრაკების ადგილები. გაგვიმარტავენ რომ ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი - სახელმწიფოს აზრით კრიმინალია.

როგორ პათეტიკურადაც არ უნდა ჟღერდეს, ბექასთვის მისჯილი 7 წელი - პირადად ჩემთვის მისჯილი 7 წელია. და თუ კარგად დაუფიქრდებით - თქვენ ყველანი ოფიციალურად 7 წლით ციხისთვის ხართ გადადებულები. სახელმწიფო ხაზს უსვამს, რომ დეკიმინალიზაციის მოთხოვნა  - მართლა გულუბრყვილო ქართული ოცნებაა.

ესაა მათი პოზიცია, ვინც ამ ქვეყანას მართავს. ყველაზე მძიმე აქ ისაა, რომ მათ ამისი მართლა სჯერათ.

მე არ ვიცი, ვერ ვხვდები რა ვიფიქრო, რა დავგეგმო... რა მნიშვნელობა აქვს მოსამართლე წამიკითხავს განაჩენს, თუ ამ განაჩენს ყოველდღიურად წამიკითხავენ ამ ქალაქის ქუჩები, საკუთარი ბანძი ეგოებით გაბღენძილი პოლიტიკანები, სატელევიზიო გადაცემები, ჩრდილოეთის ციალივით განათებული პატრულის მანქანები ქუჩის კუთხიდან.

მე უკვე ვიცი რომ კრიმინალი ვარ ამ სისტემაში, ვიცი რომ ისედაც ციხეში ვარ, ვიცი რომ ჩემი მეგობრებიც კრიმინალები არიან, ვიცი რომ ჩვენს ოჯახებში მინიმუმ ერთი კრიმინალი მაინც ცხოვრობს. ვიცი რომ ვიღაც, თეატრის კლოუნივით გამოწყობილი კანონდამცველი არ მოერიდება რომ ჩემი ცხოვრების ათი ათასი წუთი ისე დაუფიქრებლად წაიღოს ჩემგან, როგორც უფროსი ბავშვები ართმევენ შოკოლადებს უმცროსებს. და ასეთ გარემოში, ცნობილი ფრაზის პერეფრაზს თუ გავაკეთებ, დასაკარგი ჩვენ მართლა არაფერი გვაქვს, ამ ბორკილების გარდა.

როცა გუშინ ჩემმა მეგობარმა, ლეკამ გამომიგზავნა ეს ლინკი - დავიწყე ამაზე ფიქრი და მერე დავიწყე ფიქრი იმაზე თუ რას განიცდის ეხლა ბექა, რას ფიქრობს როცა იცის: გათენდება ეს ღამე და შეიძლება ვიღაცებმა მისი ცხოვრების 7 წელი წაიღონ. და სანამ ჩვენ ამ დროის განმავლობაში ვივლით ივენთებზე, შევიყვარებთ და შევიძულებთ ერთმანეთს, შევიცვლით საცხოვრებელ ადგილებს, გავაჩენთ ბავშვებს, ვნახავთ განთიადებს უცხო ქალაქებში, ვიცეკვებთ არაფხიზლები მეგობრებთან ერთად -- ის თავისთავთან მარტო დარჩენილი, მიტოვებული იჯდება კამერაში. სადღაც აქვე, ამ ქალაქში...

როგორი სისასტიკის თეატრია, აბსურდის პიკი, უსამართლობის დემონური სახე - მასკირებული ვითომდა ანგელოზური მოტივებით და საზოგადოებაზე ზრუნვის ეთიკით.

ღრმად მწამს, რომ მომავალში ადამიანებს,ისტორიკოსებს სასაცილოდ არ ეყოფათ ეს აბსურდული ნარკოპოლიტიკა, რომელსაც მათი ველური წინაპრები იზიარებდნენ და პრაქტიკაში ატარებდნენ. ნახევარი მსოფლიო უკვე მიხვდა რომ “ნარკოტიკებთან ომი” ჩიხია, აბსურდია, რომელიც მხოლოდ ადამიანების სიცოცხლეს აზიანებს და არა პირიქით. ჩვენ, დაკარგულები იმპერიის ნანგრევებში, აზრისა და სიამოვნების პერიფერიებზე გაზრდილები ამას უფრო გვიან მივხვდებით.და ალბათ ჩვენც გაგვეცინება ამ აბსურდზე, როგორც შეიძლება გაგვეცინოს შუასაუკუნეების ინკვიზიტორების პატარა ტვინებზე, რომლებსაც ყველა მხარეს ქაჯები და კუდიანები ელანდებოდათ. მაგრამ სანამ ამაზე გავიცინებთ, მანამდე ათასობით ადამიანს მოუწევს საკუთარ თავზე განიცადოს ეს პირველყოფილი სისასტიკე. და უკვე ძალიან გვიან იქნება მათ დასახმარებლად.

და მაინც ძაან დიდი იმედი მაქვს რომ ხვალ ბექას გამოუშვებენ.

ხვალ ყველაზე ბედნიერი ვიქნები თუ ესე მოხდება.

მიუხედავად რომ არ ვიცნობ ამ ადამიანს, ვიპოვი და მივულოცავ, გახარებული ჩავეხუტები როგორც ძმას. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ბექას მდგომარეობაში დღეს ძალიან ბევრი ადამიანია ამ ქვეყანაში. და უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ქვეყნის უდიდესი ნაწილი, განსაკუთრებით ახალგაზრდები, კრიმინალიზებულები ვართ სახელმწიფოს მიერ - რაც ნიშნავს რომ ჩვენი “საზოგადოებისგან იზოლირება” უბრალოდ დროის და სულ ცოტაოდენი მონდომების ფაქტორია.

იცით თბილისის [საქართველოს] დაარსების ნამდვილი ლეგენდა? ერთმა საშუალო ასაკის ჯანქმა მომიყვა,როცა მის ოთახში სამყაროს ისტორიაზე ვსაუბრობდით იისფერ ნისლში ჩაკარგულები.

მოგიყვებით:

როგორ დაარსდა თბილისი [არაოფიციალური ვერსია]

ადრე, ათასი მთვარისა და მზის უკან, როცა წითელმა არმიამ ამოჩეხა ყველა ფსიქოდელური ყარაჩოღელი, აკრძალა აქლემები და ოპიუმი, დაანგრია ყველაფერი რასაც ერქვა ტიფლისი -- გამოთავისუფლდა უზარმაზარი ტერიტორია.

ეს ის პერიოდია, როცა საბჭოთა უფროსებს ჰაერივით ჭირდებოდა ახალი ადგილები თავისი “გუანტანამოებისთვის”, ყველაზე რადიკალებს რა თქმა უნდა ასახლებდნენ ციმბირის გულაგებში, მაგრამ ამის გარდა არსებობდა სხვა ტიპის, უფრო “ჰუმანური” გულაგები.

სწორედ ასეთი ტიპის გულაგისთვის გადაწყვიტა უფროსობამ ყოფილი ევრაზიული ქალაქები გამოეყენებინა. ასე დაარსდა ყოფილ ტიფლისში ახალი ლაგერი. მებადრაგეებ-მეთვალყურეებად ადმინისტრაციამ უკვდავი ვამპირები დანიშნა,ხოლო ზედმეტი უკმაყოფილებების თავიდან ასარიდებლად პატიმრებს თავისუფალი ურთიერთგანაყოფიერების,ოჯახების ყოლის, ოფისების გახსნის და ქუჩებში ხეტიალის ნება დართეს.

მთელი ტრიუკი იმაში მდგომარეობდა, რომ ხალხს უშუალოდ არ უნდა სცოდნოდა რომ ეს ციხეა. ააშენეს უამრავი კორპუსი, შექმნეს ხელოვანთა უბნები, ლაგერისთვის გაარემონტეს კულტურული დანიშნულების ცენტრებიც პატიმრების სოციალიზაციისთვის.

გავიდა წლები და ყველამ დაივიწყა რომ ქალაქი, რომელშიც ცხოვრობდნენ ერთი დიდი ლაგერია, ავანგარდისტული ციხე აშენებული სოციალური ექსპერიმენტებისთვის. მას შემდეგ ლაგერი გაიზარდა, ათასჯერ შეიცვალა და დამშვენდა, მაგრამ ერთეულებმა გადმოცემით იციან, სხვებს კი სადღაც გულის სიღრმეში, ან ღამის არარეგულარულ სიზმრებში უჩნდებათ გაუცნობიერებელი ეჭვი, რომ რაღაც აქ, ამ ქალაქში “არ არის სწორად”.

საქმე იმაშია რომ -- მითხრა საშუალო ასაკის ჯანქმა -- ქალაქი ისევ ლაგერად დარჩა, ხოლო “იმპერიას”, როგორც  წმ. ფილიპ დიკი ამბობდა “არასოდეს შეუწყვეტია არსებობა”.

ეს ქალაქი უზარმაზარი ციხეა, სადაც პატიმრებს გადაადგილების თავისუფლება გააჩნიათ, მაგრამ არ გააჩნიათ თავისუფლება შეცვალონ ბადრაგი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^