Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რატომ იგინება ადამიანი

28 იანვარი 2015

რა არის გინება, როდის წარმოიშვა და რატომ ვიგინებით?

თითქოსდა ყოველ ენაში არსებობს ენა, რომელზეც კომუნიკაცია დასაშვებია და ენა, რომელიც ტაბუირებულია პირობითად მორალურ/ეთიკური კლიშეთი. თავის მხრივ, ენა ვერბალური კომუნიკაციის საშუალებაა და შეუძლებელია არსებობდეს აღქმადი ვერბალური კონსტრუქცია (სიტყვა, სიტყვათა კომბინაცია - წინადადება) კომუნიკაციური დიალოგის არსებობის გარეშე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თითოეულ თანამედროვე ენაში არსებობს იმდენი სიტყვა, რამდენის საჭიროებაც არსებობს, რომ მკაფიოდ გამოხატო საკუთარი აზრი კომუნიკაციის პროცესში. აზრის გამომხატველი სიტყვების ნაკლებობა ან/და არარსებობა იწვევს ბარბარიზმს ან ახალი სიტყვის ან/და შესატყვისი სიტყვის მოძიების აუცილებლობას.

რა არის გინება?

გინება, უპირველეს ყოვლისა არის ვერბალური კონსტრუქცია, სხეულის ენით განხორციელებული ჟესტ(ებ)ი სცდება გინების, როგორც „ხმოვანი ენით“ განხორციელებული კომუნიკაციის საშუალების დეფინიციურობას,  თუმცა, ემოციის განმუხტვის თვალსაზრისით, ბუნებრივია კავშირშია მასთან.

ერთი, ცალკე აღებული სიტყვა, ვერ იქნება მიჩნეული გინებად (გამონაკლისს წარმოადგენს წოდებით ბრუნვაში თქმული სიტყვა). შესაბამისად გინებად შეიძლება მივიჩნიოთ მხოლოდ სიტყვათა კომბინაცია (წინადადება) ან ცალკე აღებული სიტყვა, რომელიც ითქმის წოდებით ბრუნვაში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სიტყვა ან სიტყვათა კომბინაცია იმ ჯგუფში, რომელშიც იგი ითქმის, მიჩნეულ იქნას, იმ „ტაბუირებული ენის“ შემადგენელ ნაწილად, რომელსაც განეკუთვნება „გინების ენა“.

როდის წარმოიშვა?

ადამიანის მიერ შექმნილ ნებისმიერ კონსტრუქტიას, წინ უსწრებს ამ კონსტრუქციის არსებობის ბუნებითი ან ხელოვნურად პროვოცირებული ფსიქოლიგიურ-ფსქიკური საჭიროება. იგივე ვითარებაა კომუნიკაციური საჭიროების ჭრილში.

მაშინ, როდესაც ადამიანისათვის მიუწვდომელი იყო კომუნიკაციის საშუალებების ის ფართო წრე, რომელიც ხელმისაწვდომია დღეს, ენობრივი კონსტრუქციების (სიტყვების) შექმნის საწყის ეტაპზე ან/და ამ ეტაპამდე, კომუნიკაციისთვის მნიშვნელოვანი იყო ფიზიკური ძალა, თემში შემავალ პირთა რაოდენობა, მატერიალური სახით არსებული იარაღი და ხმა. რაც უფრო მეტი იყო მოცულობის თვალსაზრისით ზემოთჩამოთვლილი, მით უფრო დამაჯერებელი იყო ის, ვისაც ეს გააჩნდა (ფიზიკური ძალა, პირთა რაოდენობა, იარაღი და ხმამაღალი ყვირილის უნარი, როგორც თვითდაჯერებულობის ასევე მეორე მხარისათვის დამაჯერებელობის გარანტი).

ენა (როგორც ვერბალური კომუნიკაციის საშუალება) ადამიანის ფსიქიკის განვითარების ერთ-ერთი შედეგია. ფსიქიკის განვითარების შედეგია ასევე ამ კომუნიკაციის საშუალების გამოყენების მრავალმხრივობა, ერთი სიტყვის ვერბალიზაციიდან დაწყებული - დამთავრებული ლიტერატურული ნაწარმოებით.

მნიშვნელოვანია, რომ ენის კონსტრუქცია მოიცავს როგორც ცალკეული საგნების აღმნიშვნელ სიტყვა-ნიშნებს, ასევე იმ ფართო ემოციურ განცდა/მუხტს, რომლის განცდა შეუძლია ადამიანს.

„ტაბუირებულ ენაში შემავალი სიტყვები“ არ არსებობენ ცალკეული მნიშვნელობის სახით, ვიდრე სიტყვები, რომლებიც შემავალია „დაშვებულ ენაში“. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ყოველთვის არსებობს „დაშვებულ ენაში შემავალი სიტყვა“, რომლის შინაარსის მატარებელიც არის „ტაბუირებულ ენაში არსებული სიტყვა“ უბრალოდ ამ სიტყვას ემატება „რაღაც“. ეს „რაღაც“ არის ან/და - წამიერი ემოციური განცდის მუხტი; ჯგუფში იდენტიფიცირების სურვილი; დომინანტური მდგომარეობის აღნიშვნის „ქსივა“; განსხვავებულობის სურვილი ან პირიქით იდენტურობის სურვილი; უსუსურობის გააზრების შიში; ინტელექტუალური წიაღსვლის წარუმატებლობის შიში; სექსუალური ენერგიის სუბლიმირების აუცილებლობა.

გინება პრაქტიკულად უმრავლეს შემთხვევაში გაუაზრებელი მნიშვნელობის მქონე სიტყვა/წინადადებების ვერბალიზაციაა, ვინაიდან თქმული სიტყვების მნიშვნელობის გააზრებისას აზრი ეკარგება  შეგინების პროცესს. ემოციური დაძაბულობის განმუხტვისას განხორციელებული გინება (ადრესატის არსებობის შემთხვევაში) გულისხმობს ზემოჩამოთვლილ „რაღაც“-ის გარდა ემოციურ განზრახვას მიაყენოს დარტყმა მეორე ადამიანის ემოციურ მთლიანობაზე (დაამციროს პირისპირ ან/და ჯგუფში ან/და გამოიყვანოს დომინანტობის რინგზე, სადაც უნდა გადაწყდეს ალფა-დომინანტი).

რატომ იგინება ადამიანი?

პირველ რიგში იმიტომ, რომ გადარჩეს, ვინაიდან მისი ფსიქიკის წინაშე დგას ამოცანები, რომელთა „გადაჭრის უმარტივესი ხერხია“ დომინანტობის დადგენა ჯგუფში (ან/და საკუთარ თავთან (ფსევდოდომინანტობა) მინიმალური ფსიქიკური ენერგიის დანახარჯის ხარჯზე. ალფა-დომინანტობისათვის ასევე აუცილებელია, რომ ჯგუფში შემავალმა წევრებმა აღიარონ ალფა-დომინანტი. ზუსტად ამისთვის არის აუცილებელი გამორჩეულობა, რომლის მიღებაც შესაძლებელია ჯგუფში, სადაც არ იგინება სხვა წევრი - გინებით, ხოლო ჯგუფში სადაც იგინება უმრავლესობა ან ყველა - უფრო მეტი გინებით და ხმით (ტემბრი, ხმამაღალი გინება). მაშინ, როდესაც ჯგუფში მხოლოდ ალფა-დომინანტები არიან, განსხვავებულობასთან ერთად პირველადი ხდება ჯგუფის წევრობისთვის აუცილებელ ელემენტში არაგანსხვავებულობაც. თუ სხვა ალფა-წევრი იგინება, მეც ვიგინები. ის ალფა დომინანტია - მეც ალფა-დომინანტი ვარ. ანუ ჩვენ ალფა დომინანტები ვართ.

დომინანტური მდგომარეობა (როდესაც დომინანტს აღიარებენ ჯგუფის სხვა წევრები) არის ის, რაც შემდეგ მიბძაძველობის გაუაზრებელი საფუძველი ხდება (ბავშვის, მოზარდის მიერ).

ადამიანის ფსიქიკაში ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებული დაძაბულობის გააზრება და გადაწყვეტის ოპტიმალური გზისა თუ ხერხის მოძიების პროცესი ფსიქიკური ენერგიის დიდ დანახარჯთან არის დაკავშირებული. ამ დანახარჯის გაღება მოითხოვს არაერთ ნებელობით ნაბიჯს, რაც პირდაპირპროპორციულია შრომასთან, რომელიც თითოეულ ჩვენთაგანს გასააზრებლადაც კი ეზარება.

არსებული ფიზიკურ-ფსიქიკური ენერგიის სწორი მართვა (გააზრება, პრობლემის იდენტიფიცირება, გადაწყვეტილებათა ალტერნატივები, არჩევა, სექსუალური ენერგიის რეალიზაცია ან/და გააზრებული სუბლიმირება, ანალიზი, გააზრებული კრიტიკა) არის ის, რაც არ არის მარტივი.

 მარტივი რაც არის, ეს უკვე ყველამ ვიცით... 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^