ხელახალი დაბადების ფანტაზია ფსიქოლოგიაში აღიარებული ფენომენია. ხშირად ფსიქოთერაპევტი და პაციენტი (კლიენტი, როგორც პროფესიულ წრეებში ვუწოდებთ) აკვირდებიან და აანალიზებენ ამ ფანტაზიას თერაპიის პროცესში - კლიენტი თითქოს გამოდის, თავს აღწევს ძველ მანკიერ ურთიერთობებს რომელიც მას პიროვნული რეალიზაციის საშუალებას უბლოკავდა და ახალ ცხოვრებას იწყებს, თერაპიული პროცესის დახმარებით - თითქოსდა, ახლიდან იბადება. კარლ გიუსტაფ იუნგი ხელახალი დაბადების ფანტაზიას არქეტიპად, კოლექტიური არაცნობიერის ნაწილად თვლიდა.
ხელახალი დაბადების ფანტაზია ინდივიდუალურ თუ საზოგადოებრივ დონეზე სხვადასხვა ფორმითა და მასშტაბით ვლინდება. ის შესაძლოა იყოს კონსტრუქციული (მაგალითად, როგორც ზევით აღწერილ თერაპიულ პროცესში - ინდივიდუალურ დონეზე, ან როგორც ნელსონ მანდელასა და არქიეპისკოპოს დესმონ ტუტუს მიერ ინიცირებული აღდგენითი მართლმსაჯულების პროცესში - საზოგადოების დონეზე). ახლიდან დაბადების ფანტაზია, ასევე, შესაძლოა პირიქით - დესტრუქციული იყოს ინიდივიდისა თუ საზოგადოებისათვის, თუ ის არ ეფუძნება რეალობის პრინციპსა და ჰუმანისტურ ფასეულობებს.
რევოლუცია, როგორც ფენომენი მჭიდროდ არის დაკავშირებული ხელახალი დაბადების ფანტაზიასთან: მისთვის დამახასიათებელი „წარსულის ნგრევისა და ახლის შენების“ განწყობა სწორედ ხელახალი დაბადების ფანტაზიის ინდიკატორია. ხელახალი დაბადების ფანტაზიით გაჯერებული რევოლუციური აზროვნებისა და მოქმედების მოდუსი კი ნარცისტულ მდგომარეობაში გადასვლისა და განსხვავებულის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის განწყობის რისკს მოიცავს, რაც ფაქტობრივად, მას დესტრუქციულს ხდის და რასი მოწმენიც უახლოეს წარსულში გავხდით.
ქართული პოლიტიკური დისკურსისათვის უკვე ჩვეული გახდა ხელახალი დაბადების დისკურსი. „ნაციონალური მოძრაობისათვის“ ხელახალი დაბადების ფანტაზიის თვალსაჩინო ინდიკატორი ის განწყობა იყო, რომ საქართველოს ისტორია მისი მოსვლითა და მოღვაწეობით დაიწყო. მანამდე არსებული ისტორია, ხალხი, ცხოვრება, აზროვნება და ა.შ. მისთვის ნულოვან ნიშნულზე იყო გაჩერებული. ამგვარი მიდგომის ფონზე საკუთარი უმანკოებისა და სისწორის ილუზიამ და განსხვავებული აზრის მტრულად აღქმის ტენდენციამ შეუწყო ხელი მის ავტორიტარიზმისკენ შებრუნებას და ფაქტობრივად, ტოტალიტარიზმთან ბრძოლაში ჩაბმული ხელისუფლება თავად ჩაცურდა ტოტალიტარულ აზროვნებაში.
„ნაციონალური მოძრაობა“ არც პირველი და არც უკანასკნელია ვისაც ეს დაემართა. იგივე მოჯადოებულ წრეში აღმოჩნდა „ქართული ოცნებაც“: საკუთარი უმანკოებისა და სისწორის ილუზია და განსხვავებული აზრის მტრულად აღქმა მისი პრობლემაცაა. „ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსად, მათაც „ნულოვანი პოლიტიკის“ გატარება დაიწყეს, რისი ინდიკატორიცაა განწყობა იმის ნგრევისა, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ავად თუ კარგად მიღწეული და გაკეთებული ჰქონდა. ამის თვალსაჩინო ილუსტრაციაა, თუნდაც, ახლად არჩეული ქალაქის მერის მიერ გავრცელებული პირველი გზავნილი იმის თაობაზე, რომ ის, პირველ რიგში, გასული ხელისუფლების აშენებულ ნაგებობებს გაუკეთებს დემონტაჟს.
„ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ არ არიან მარტონი ამ თვალსაზრისით. საერთოდ, პოსტტოტალიტარულ პერიოდში ახლად არჩეული ხელისუფლებების ქმედებები ხშირად არის ხოლმე მოტივირებული ხელახალი დაბადების ფანტაზიით. ეს ეხმარება ადამიანსა თუ საზოგადოებას ტოტალიტარული წარსულიდან თავის დაღწევაში, ტოტალიტარული ფიგურ(ებ)ის (ფიზიკურად შესაძლოა უკვე წასული/გარდაცვლილი, მაგრამ ადამიანების მენტალიტეტში ცოცხალი და შესაბამისად - მოქმედი) გავლენისაგან თავის დაღწევაში.
ტოტალიტარული სიტუაციისათვის დამახასიათებელი საზოგადოების სიმბოლური სტრუქტურა ე.წ. ტოტალიტარული სამკუთხედია, შედგენილია სამი სუბიექტისაგან: მსხვერპლი (მოქალაქე(ები), მდევნელი (რეჟიმის ავტორები და მისი შემსრულებლები), და გვერდიდან მაყურებელი (ხელისუფლების/ძლიერთა ამა ქვეყნისა უკრიტიკოდ მხარდამჭერი მაგრამ ამავე დროს უმოქმედო, „პასიურად ხმის მიმცემი“ და ანგარიშგების არ-მომთხოვნი მოქალაქე). მსხვერპლისა და მდევნელის პოზიციები ტიპიური სადო-მაზოხისტური ურთიერთობებია რომელიც ყოველდღიურობაში შიშსა და სიძულვილზე დაფუძნებულ ურთიერთობებში ვლინდება. ამის ინერცია დღესაც უაღრესად ძლიერია ჩვენს საზოგადოებაში. გვერდიდან მაყურებელიც არანაკლებ პრობლემურია. მას, ერთი მხრივ, თავი გაიგივებული აქვს მსხვერპლთან და შესაბამისად, მსხვერპლის ემოციებთან რომელთაც შესაძლოა ვერც აცნობიერებდეს (შიში, პანიკა, სასოწარკვეთილება, დამცირებისა და უსუსურობის განცდები). მეორე მხრივ, ეგუება რა აგრესიას და არ იმაღლებს ხმას მსხვერპლის დევნის წინააღმდეგ, ის, ფაქტობრივად, თავს ნაწილობრივ აგრესორთანაც აიგივებს და შინაგანად იხლიჩება - მსხვერპლი-აგრესორის სადო-მაზოხისტური დინამიკა მისი პიროვნების შიგნითაც ისადგურებს. აღწერილი ტოტალიტარული ურთიერთობები არსებობს როგორც ტოტალიტარულ, ასევე პოსტოტალიტარულ საზოგადოებაში და ჩვენი ყოველდღიურობა იმდენად არის გაჯერებული ამით ყველა დონეზე (დაწყებული ოჯახური ძალადობიდან, დამთავრებული პოლიტიკური ორთაბრძოლითა თუ უმცირესობების მიმართ სიძულვილით), რომ რომელიმე კონკრეტულ მაგალითზე აღარ შევჩერდები, საკმარისია მიმოვიხედოთ და ჩვენ მათ დავინახავთ.
ამგვარი მანკიერი ურთიერთობებიდან გამოსასვლელად არა მარტო ჩვენს ქვეყანაში მიმართავენ ხელახალი დაბადების ფანტაზიას: ურთიერთობების „გადართვის“, „რესტარტის“ მცდელობას. მაგრამ, ახლიდან დაბადების ფანტაზიას კვლავ ნარცისიზმისკენ, ტოტალიტარული აზროვნებისკენ და ქვეყნის განვითარებისთვის სერიოზული რისკებისკენ მივყავართ, თუ ის ეფუძნება არა რეალობის პრინციპსა და აღდგენით მართლმსაჯულებას, არამედ მხოლოდ „წმენდას“ (პარტიულ, იდეოლოგიურ, ერთგულება-ლოილობისა და მსგავს კრიტერიუმებზე დაფუძნებით). სამწუხაროდ ეს უკანასკნელი მიდგომა უფრო ხშირი და გავრცელებულია ჩვენს სინამდვილეში.
ხელხალი დაბადების ფანტაზია ფსიქოლოგიაში დადებითად განიხილება, თუ ის წარსულიდან გამოსვლისა და ახალი ურთიერთობების აწყობის სცენარით გრძელდება, რეალობის პრინციპის შესატყვისად. სამწუხაროდ, ვერც „ნაციონალური მოძრაობის“ და ვერც „ქართული ოცნების“ შემთხვევაში ეს ვერ მოხერხდა. ამ მხრივ ორივე ხელისუფლებაში ბევრია საერთოც და განსხვავებულიც. მაგალითად, საერთო ისაა, რომ ორივე ხელისუფლების საკადრო პოლიტიკა „წმენდაზე“ იყო და არის დაფუძნებული. ერთმანეთის მსგავსად, ლოიალობა და ერთგულება არის წმენდის ძირითადი კრიტერიუმი. განსხვავებული, მაგალითად, ისაა, რომ თუ ახლიდან დაბადების ფანტაზია „ნაციონალურ მოძრაობას“ საკუთარი თავისთვის „განსაკუთრებულობის“ სტატუსის მინიჭებასა და ნარცისიზმში გადაეზარდა, ქართული ოცნების შემთხვევაში მან „წარსულში დაბრუნების“ ვექტორი შეიძინა, რამაც რეალობის პრინციპს აგვაცდინა. ის ლოზუნგიც კი, რომელიც კოალიციის სახე იყო წინასაარჩევნოდ და ხელისუფლებაში მოსვლის პირველ პერიოდში („სამართლიანობის აღდგენა“), წარსული (ილუზორული) სტატუს კვოს აღდგენაზე იყო მიმართული. წარსულისკენ სწრაფვის ეს დისკურსი კი საქმეში გადაითარგმნა, როგორც რუსეთში ოლიმპიადაში „სპორტული მოტივაციით“ მონაწილეობა, კრემლში ქართული ნაციონალური პერფორმანსები, თავდაცვის სამინისტროს ვებზე დადებულ ერთერთ ფოტოზე ასახული პარადოქსული ლოზუნგი „წინ, წარსულისაკენ“ (ფოტოზე ასახული მეომრების ჩაცმულობით თუ ვიმსჯელებთ - ლოზუნგში სწორება შუასაუკუნეებზე კეთდება), რუსული ბაზრისა და საერთოდ რუსეთის მიმართ ნოსტალგია, ნაივური განცხადებები „ერთი ერთზე პუტინთან მოლაპარაკებების“ თაობაზე და ა.შ. ამ ყველა გზას, ისევე როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ავტორიტარიზმს - კვლავ „რომისკენ’, ანუ იმპერიულ-ვასალური სადო-მაზოხისტური ურთიერთობებისკენ, და საბოლოოდ კი - ტოტალიტარული სიტუაციისკენ მივყავართ, რომლიდანაც, მიუხედავად დამოუკიდებლობის რამდენიმე ათწლეულისა, რიგიანდ ვერა და ვერ გამოვედით.
დღეისათის კი კვლავ კარგად იკვეთება ტოტალიტარული სიტუაციის კონტურები: მსხვერპლის როლში დღეს კვლავაც მოსახლეობაა - ამის დასანახად ლარის კურსის დრამატული ვარდნაც საკმარისია. გვერდიდან (თუ პოლიტიკური კულისებიდან) მაყურებელი განზეა, საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვის მოტივით. მაგრამ, მსოფლიო და გნებავთ - ქართული გამოცდილება გვაჩვენებს, რომ საკუთარი უსაფრთხოება ტოტალიტარულ სამკუთხედში არსებული ტოტალური საფრთხეების ფონზე ილუზიაა, და სამი აღწერილი როლი ურთიერთმონაცვლეობას ექვემდებარება.