Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მკვლელობა სიზმარში

23 თებერვალი 2015

ინციდენტი

მკვლელობა მოხდა გამთენიისას. მატარებელი მიდიოდა სადღაც ქუჩებს იქით და ცოტა რო დავუკვირდი - მომესმა როგორ ჭრიალებდა კორპუსი, ნიავს აყოლილი.

რა უცნაურია, სიზმარში ჩადენილი "შემზარავი დანაშაული", ან ახლობლის სიკვდილი ან კიდე რამე, ძალიან რომ განიცდი და გამოღვიძებულს ცოტა ხანი ჯერ კიდევ გჯერა რომ ის რაღაც  - მართლა მოხდა, მერე აცნობიერებ რომ სადაც გაიღვიძე იქ ჯერჯერობით ყველაფერი ისე დაგხვდა როგორც დატოვე, ცოტა შვებას გრძნობ, მაგრამ ემოცია მაინც მოგყვება, როგორ ექო სადღაც მომხდარი აფეთქების. ელოდები როდის ჩაწყნარდება აფეთქება და იმეორებ "აქ ვარ, აქ ვარ", ვითომ ეს რეალობა დედაა ან თბილი სახლი, სადაც პატარა ბავშვივით გამოიქეცი რომ დაგამშვიდონ. "ვერავინ განუგეშებს საოცრების უბეში", ghost boy

ასე ჩავიდინე მკვლელობა, რომელიც ჩემი ბოლო გამოძიების მთავარი საგანი გახდა.

პატერნები

სიზმრების კარტოგრაფია - რუსი დრიმჰაკერების მოგონილი მეთოდია. იდეა ის არის, რომ დრიმერი ცდილობს სიზმრების არამატერიალური ქსოვილისგან, უხილავი ტერიტორიებისგან - რუკა შექმნას. რვეულზე ან კომპიუტერის ეკრანზე დაიტანოს სიზმარში ნანახი ადგილები და ობიექტები.

ადამიანი, რომელიც ხშირად იწერს საკუთარ სიზმრებს, ცდილობს დაიმახსოვროს მათი შინაარსები - ადრე თუ გვიან პოულობს განმეორებად პატერნებს - ეს ან განმეორებადი პერსონაჟებია, ან სიუჟეტები, ხშირად გარკვეული ტერიტორიები. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ სიზმრებში ჩვენ ცხოვრების საკმაოდ დიდი პერიოდს ვატარებთ [10 წელიწადზე მეტი] შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ ასეთი განმეორებადი პატერნების რაოდენობა დიდია. კარტოგრაფირების მთავარი მიზანი ამ სიუჟეტების, ემოციების თუ ტერიტორიების - რუკაზე გადმოტანაა, რუკის ვიზუალი დრიმერის არჩევანზეა - შეგიძლია ტრადიციული რუკების სისტემა გამოიყენო, შეგიძლია პიქტოგრამებით წერო.მთავარია მოსახერხებელი იყოს.

რა თქმა უნდა, კარტოგრაფია არაა მარტივი, იმიტომ რომ სიზმრული ლოგიკა ჯიუტად გაურბის და არ ექვემდებარება “რეალობის” ლოგიკას. მაგრამ ეს მეთოდი მაინც ერთმნიშვნელოვნად სახალისოა, იმიტომ რომ ცხადში ნანახი ან გაგონილი ობიექტები, სიზმრებში ისეთ რადიკალურ რეკომბინაციას და მუტაციას განიცდიან, რომ შეიძლება იხილო ქარხანა, რომელიც ოთხ ფეხზე დადის და მუდმივად გადაადგილდება, ან მოხვდე სკოლაში, რომელსაც აუხსნელი მიზეზების გამო ქვია “წითელი სკოლა”. მიდი და იფიქრე - რატომ.

ალბათ ყველა მომხვდარხართ სიზმარში რამე ადგილას, სადაც უცებ გახსენდებათ რომ ნამყოფი ხართ, მიუხედავად იმისა, რომ რეალობაში ასეთი ადგილი არ გეგულებათ, ან ბევრს გქონიათ სიზმრები ან სიუჟეტები, რომლებიც სერიალებივით მეორდებიან - ხშირად ასეთ სიზმრებს თავისი ჟანრებიც კი აქვთ - ზოგი ჰორორია, ზოგი რეალითი შოუ, ხშირად ტრაგიკომედია ფანტასტიკის ელემენტებით. ეს უკვე პატერნია. პატერნი, კი ყოველთვის ცდილობს რაღაც გითხრას შენი სიზმრების სამყაროს ლოგიკაზე ან შენს თავზე. მე მქონია ვარსკვლავური ომების ციკლები, ლაბორატორიები არარსებული დრაგებით, მთვარეზე გაზრდილი ყვავილები, მეტეორის ნატეხები - აუღწერელი ჰალუცინაციებით, ათობით ღამე ვესწრებოდი კოსმოსური მასშტაბის ატომურ აფეთქებებს სხვადასხვა ქალაქებსა და მიტოვებულ ტრამალებში, მაგრამ დღეს მინდა ერთ-ერთ ბოლო ციკლზე დავწერო. რომელიც იმედია უკვე დამთავრდა.

ვისი გვამი წევს სიზმრების სველ მიწაში?

იმ ღამეს, როცა მე და რამდენიმე დაუდგენელმა პერსონაჟმა ვიღაც მოვკალით - დაიწყო დეტექტიური დრამის ციკლი. მიუხედავად იმისა რომ ეს ინციდენტი მალევე გადამავიწყდა, ათასი ღამის შემდეგ, რაღაც ფართიზე ღია ცის ქვეშ, სადაც ჩინური დრაკონი დიჯეობდა, ხოლო ჯაბა იოსელიანმა ყველა შეაწუხა: “რამე ხო არ გაქვთ”-ებით, ერთ-ერთმა პერსონაჟმა გვერდით გამიყვანა, თვალი თვალში გამიყარა და აღელვებულმა მკითხა: “გახსოვს ვინ მოვკალით?”

სიზმარშივე გამახსენდა ის სიზმარი, რომელშიც მკვლელობა ჩავიდინე, მაგრამ ვერაფრით გავიხსენე დეტალები, ვერც ის თუ ვინ მოვკალით და სიზმრიდან აუტანელმა პანიკამ ამომაგდო. შემდეგი ციკლი - სწორედ ამ მკვლელობის გამოძიებას დაეთმო. აღმოჩნდა, რომ ჩემს რუკაზე არ იყო დატანილი ადგილი, სადაც მკვლელობა მოხდა, მე არ მახსოვდა სიუჟეტი, მკვლელობის მოტივი და მოკლულის ვინაობა, ხოლო ამას დაემატა ისიც, რომ პერსონაჟები, რომლებიც მაგ დროს ჩემთან ერთად იყვნენ განეკუთვნებოდნენ “მაცდურების” კატეგორიას. მაცდურები სიზმრების ის პერსონაჟები არიან, რომლებსაც არასდროს აქვთ ერთი სახე, ისინი ყოველთვის იცვლიან მას, გგონია რომ დედას ელაპარაკები და უცებ შენს წინ მეგობარი დგას, გგონია რომ მეგობარს ელაპრაკები და ამ დროს სახეში ღამურა გიყურებს. მათი მოტივებიც დაუდგენელია, რატომღაც ისინი ყოველთვის ცდილობენ მოგატყუონ, ჩიხში შეგიყვანონ. ფსიქოლოგების ნაწილი ამბობს, რომ მაცდურები ჩვენივე გონების აგენტები არიან, ტრიკსტერები, რომლებიც სპეციალურად გიბნევენ თავგზას, ოღონდ კარგი მოტივებით და თუ კარგად დაუფიქრდები - პირველი შიშის და უსიამოვნების შემდეგ შეიძლება მათ ტყუილებში - შენთვის სასარგებლო ინფორმაცია ამოიკითხო, დრიმჰაკერების ნაწილი კი მათ უცხო არსებების ენერგიებად მიიჩნევდა, რომლებიც დრიმერის შიშებით იკვებებიან.

უამრავი ღამე ვარკვევდი - ვინ მოვკალით კრემისფერი ცის ფონზე, დაუნდობელი, სასტიკი სიკვდილით. რატომღაც მეგონა, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა დამედგინა გვამის ადგილმდებარეობა და რაც მთავარია, მისი ვინაობა. პერსონაჟმაც ხო ზუსტად ეს მკითხა? “გახსოვს ვინ მოვკალით?”. რაღაც მომენტში ამ გამოძიებამ სულ სხვა მიმართულებებშიც წამიყვანა: მაგალითად მოწმეების ძიებაში ვიპოვე ახალი ტერიტორიები, სახლი, სადაც ცხოვრობს მკითხავი, რომელსაც აქამდე არ ვიცნობდი. ერთ მომენტში ღმერთის არსებობა-არარსებობაზეც კი დავფიქრდი. ერთ პატარა მოთხრობაში ბორხესი ყვება, რომ ხუჭავს თვალებს და წარმოიდგენს ჩიტებს გუნდს, მაგრამ თვალგახელილი ზუსტად ვერ ამბობს მათ რიცხვს, იმიტომ რომ ეს ჩიტები მხოლოდ მის წარმოსახვაში იყვნენ და მან არ იცის მათი ზუსტი რაოდენობა. მაგრამ თუ არსებობს რამე ზებუნებრივი არსება [ღმერთი], მაშინ ღმერთს ეცოდინება თუ რამდენი ფრინველი იხილა თვალდახუჭულმა ბორხესმა, ხოლო თუ ღმერთი არ არსებობს - მათი რიცხვი სამუდამოდ უცნობი დარჩება ყველასთვის. თუ არსებობს ღმერთი - ესე იგი მან იცის სადაა გვამი და ვინაა მოკლული, ხოლო სხვა შემთხვევაში შეიძლება ის ვერასოდეს ვიპოვო - ვფიქრობდი მანქანაში, ხოლო სამყარომ მძღოლის ხელით თითქოს პასუხად ჩართო “არ დაიდარდო”.

“მე გეტყვი კაროჩე” - დაიწყო ჩემმა დაბოლილმა ფსიქოლოგმა -” ეს შესაძლოა რაღაც საიდუმლოა ან ტრავმა, რომელიც შე გნიდა, გინდა რომ სადღაც შორს, შორს, ისე დამარხო რომ თვითონაც ვეღარ ვიპოვო. არა, შე განდონო?”. - სახეში შემომაბოლა.

- რას კადრულობთ…

- მოიცა მოიცა, უკეთესს გეტყვი.. ვპალნე ვაზმოჟნა, რომ  ის ვინც მოკალით - შენ ხარ! ვუალლა!” - დაიძახა ევრიკით და მაგიდაზე ხელების ტყაპუნი დაიწყო გახარებულმა. მერე უცებ გაჩუმდა, ჩემსკენ გადმოიხარა თითქოს საიდუმლოს მანდობდა: “ ვინაიდან ყოველი პერსონაჟი ვისაც ამ ტერიტორიებზე შეხვდები მხოლოდ შენივე საკუთარი თავის სხვადასხვა ავატარია” -- ეს თქვა თუ არა, თვალები ააყირავა და სირინოზად გადაქცეული ფანჯრიდან პირდაპირ ოკეანეში გადაეშვა. შორს ჰორიზონტზე, ატომურმა აფეთქებამ ყრუ ექოთი გადაფარა საღამოს მზე.

ჩვენ ვმარხავთ სატელიტებს ედემის ბაღებში

იუნგი წერდა, რომ სიზმრებს საკუთარი საიდუმლო ანბანი გააჩნიათ, რომელიც იმდენად ღრმადაა ჩაზრდილი არსებობის ფესვებში, მითებისა და არაცნობიერის ოკეანეების სიღრმეში, რომ მისი ტექსტების გაგება ღმერთებთან ლაპარაკის ტოლფასია. თუმცა ჩვენ შეგვიძლია მისი ანბანიდან გარკვეული ასოების ამოკითხვა. ფროიდისგან განსხვავებით, იუნგს არ დაყავდა სიზმრები მხოლოდ მარტივ ფიზიოლოგიურ დონემდე და კაცობრიობის ამ ბუნებრივ ბიო-ვირტუალურ რეალობას თვითშეცნობის გარდა, ინსპირაციის და სამყაროს შეცნობის წყაროდ აღიქვავდა. იხ. დეკარტი.

ბეროუზი ამბობდა რომ ხშირად მისი ტექსტები მისი სიზმრების ინტერპრეტაცია იყო, დრიმჰაკერებმა, რომლებიც ყოველღამე სერიოზული გეიმერებივით ემზადებოდნენ სიზმრების ვირტუალურ რეალობაში “სათამაშოდ”, ბოლოს ვერაფრით დაადგინეს რა უფრო რეალურია - მათი სიზმრები თუ რეალობა და დაიშალნენ, სადღაც ლაკანის ფრაზას გადავაწყდი:”რეალობა მათთვისაა, ვინც ვერ უძლებს საკუთარ სიზმრებს”.

ხშირად სიზმრებს არც აქვთ კონკრეტული სიუჟეტი, მაგრამ ატმოსფეროს ან ცალკეულ ფრაზებს შეუძლიათ სერიოზული ემოციების, გასხივოსნების შეგრძნების ან კოშმარის მოტანა. სიზმრების დღიურის წარმოება და სიზმრების კარტოგრაფირება ყველაზე მარტივი გზაა ამ ტერიტორიების შესასწავლად, სადაც შესაძლოა დღეს ღამე უკვე გელოდებიან წარმოუდგენელი ექსტაზები, საოცარი არქიტექტურული ნაგებობები, ჯერ კიდევ დაუწერელი წიგნები და თქვენი სიზმრების გაცრეცილი, უსახო პერსონაჟები ხარვეზებიანი სხეულებით, რომელთა ნდობა სხვათაშორის არ ღირს.

იმიტომ რომ მათ იციან ყველაფერი რაც იცით თქვენ, და ცოტა უფრო მეტიც…

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^