14 მარტი მდინარეთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ეს ბლოგპოსტი ეძღვნება დაშრობის პირას მყოფ მდინარეებს
უძველესი დროიდან დღემდე, მდინარე დედამიწაზე მცხოვრები არაერთი ტომის, ცივილიზაციის თუ სხვა ადამიანური სოციალურ-კულტურული წარმონაქმნის სასიცოცხლო წყარო იყო.
ნილოსი, ალბათ, ამის ერთ–ერთი ყველა კარგი მაგალითია.
სანამ საბოლოო სამშვიდობოს – ხმელთაშუა ზღვას – მიაღწევს, ნილოსი, დედამიწაზე გამდინარე წყლის ეს ყველაზე გრძელი გიგანტი, ათ აფრიკულ ქვეყანას ჩაივლის.
მდინარე სათავეს ტანზანიაში იღებს. ჩაუვლის ბურუნდის, რუანდას, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას, უგანდას, სამხრეთ სუდანს, ეთიოპიას, სუდანს, ეგვიპტეს და განახევრებული ჩადის ხმელთაშუა ზღვაში. მანამდე წყალს ასმევს, ნათესებს ურწყავს, სახლებს უნათებს და იმედს აძლევს იმ ხალხს, ვისაც ჩაუვლის.
მდინარე ნილოსის დამსახურება ამ ქვეყნების მიმართ ბევრად უფრო დიდია, ვიდრე უბრალოდ, “გვერდზე ჩავლა”. ათიდან სამ აფრიკულ ქვეყანას: ეგვიპტეს, სუდანს და ეთიოპიას ძირითადი სასიცოცხლო ენერგიით ამარაგებს.
ეგვიპტე, სადაც თითქმის არასოდეს წვიმს, მთლიანად დამოკიდებულია მდინარე ნილოსზე. ამ სასიცოცხლო ხაზის გარეშე, ეგვიპტე ვერ იარსებებდა. დაახლოებით იგივე ითქმის იმ ათ ქვეყანაზე, რომელთაც ეს მდინარე კვეთს, კვებავს, მარცვლეულ პლანტაციებს ურწყავს, არჩენს.
მდინარე ნილოსის 85 პროცენტი ეთიოპიაში იღებს სათავეს და ამ ტერიტორიაზე სხვადასხვა შენაკადით იკვებება, მაგრამ ლომის წილი ნილოსის წელის ბოლო ქვეყანაში: ეგვიპტეში იხარჯება.
უძველესი დროიდან ადამიანი მდინარის წყალს თავის სასიკეთოდ იყენებს. ტექნოლოგიურ წინსვლასთან ერთად, მდინარის წყლის მოპოვების მასშტაბებიც იზრდება.
ათი ქვეყნიდან რამდენიმემ ნილოსში ჰესი უკვე ააშენა, რათა ელექტროენერგია გამოიმუშაოს. ჯერ კიდევ 2001 წლისთვის, მდინარე ნილოსზე, მხოლოდ ეთიოპიამ, 200–მდე პატარა ჰესი ააგო, გამოიყენა რა მდინარის წყლის 500 მილიონი კუბური მეტრი წყალი, რაც საერთო საშუალო წლიური ხარჯის მხოლოდ 1 პროცენტს შეადგენს.
ეთიოპიის მთავრობა ნილოსზე მეტი ჰესის აშენებასაც გეგმავს, რათა ელექტროენერგიის ახალი წყარო მოიპოვოს და ენერგიის ექსპორტის შესაძლებლობებიც გაუჩნდეს.
ყველაზე დიდ ჰესს ნილოსზე, რომლის 30% უკვე აშენებულია, Grand Ethiopian Renaissance Dam ჰქვია და ისეთივე მასშტაბები აქვს, როგორიც სახელი: 1,800 კვადრატულ მეტრ ტერიტორიას მოიცავს და როცა აშენდება (სამ წელში უნდა დასრულდეს), 170 მეტრის სიმაღლის კაშხალი უნდა აღიმართოს.
დედამიწის ამ ნაწილში – ეთიოპიაში, განსაკუთრებით ცხელი ჰავაა. ჰაერის ტემპერატურა 48 გრადუს ცელსიუსამდე ადის. მთელი მწვანე საფარი, რაც აქ მანამდე არსებობდა, ჰესის მშენებლობის გამო, მთლიანად გაიკაფა და შესაბამისად, მტვრიანობის დონემაც აწია.
პოტენციური ჰესის ტერიტორია კი, რომელიც აქამდე წყლით და მცენარეებით იყო დაფარული, ბეტონის კონსტუქციებმა დაფარა.
და რამდენადაც, მდინარე არის და იყო ერებს თუ ცივილიზაციებს შორის ერთ-ერთი მთავარი შემაკავშირებელი, ასევე გამთიშავი, შუღლის საგანი, - ეთიოპიის ამ თამამ გადაწყვეტილებაზე, მდინარე ნილოსის ზედა წელის ექსპლოატაციასთან დაკავშირებით ეგვიპტელები დიდად გაბრაზდნენ.
ისინი ამბობენ, რომ ამ ჰესის გამო, მდინარე ნილოსის ეგვიპტისთვის განკუთვნილი წყლის წლიური კვოტა შემცირდება.
ეგვიპტის მთავრობის აზრით, ეთიოპიამ აქამდე აგებული ჰესები უნდა იმყოფინოს. ეგვიპტელები ფიქრობენ, რომ ნილოსის ზედა წელის ქვეყნები ისედაც ბევრ წყალს იღებენ ამ მდინარისგან.
ყველაზე მეტად ნილოსზე აგებული ჰესი უარყოფითად მაინც იმ ეგვიპტელ ფერმერებზე მოქმედებს, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო ნათესებით ირჩენენ თავს, რაც მხოლოდ ნილოსის წყლით ირწყვება. სხვა ჰიდრორესურსები მათ არ გააჩნიათ.
ეთიოპია და ეგვიპტე ჯერ არ შეჯერებულან გრანდიოზული ჰესის აშენების საკითხზე.
ბროლისწყალი, საქართველო
ბროლისწყალი, იგივე ხდისწყალი, პატარა მდინარეა, ყაზბეგში.
სათავეს მყინვარ კიბიშზე იღებს და თერგს მარჯვნიდან, დარიალის ხეობაში, ერთვის. მდინარე საინტერესო შპს „ყაზბეგი ჰესისთვის“ იმიტომ გახდა, რომ ინვესტორი სხვა მდინარე თერგზე ორ ჰესს უკვე აშენებდა ამავე ხეობაში და გადაწყვიტა, მესამე პატარა ჰესიც მიემატებინა, რომელსაც თერგის პატარა შენაკადზე – ბროლისწყალზე – (6-მეგავატიან ჰესს) ააგებდა. მით უმეტეს, მდინარეც იქვე იყო და მესამე ჰესის აშენებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურული და ადამიანური რესურსიც ადგილზე.
პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის მიხედვით, ინვესტორი მდინარის კალაპოტში საშუალო მრავალწლიური ხარჯის 10% წყლის დატოვებას აპირებს. დაახლოებით 1 კილომეტრის მანძილზე, მდინარის წყალი მილში მოექცევა. ერთი კილომეტრის ბოლოს, იქნება ჰესის შენობა, ხოლო მდინარის დარჩენილი წყალი მდინარე თერგს შეუერთდება.
რადგან მდინარე ბროლისწყალი ისედაც ძალიან პატარაა და უფრო დიდ ღელეს ჰგავს, ვიდრე მდინარეს, კალაპოტში10%-ის დატოვება, სავარაუდოდ, ცუდად იმოქმედებს ბიომრავალფეროვნებაზე, რაც ამ მდინარეში სულდგმულობს.
არის ეჭვი, რომ მდინარე ბროლისწყალში ბინადრობს კალმახი, რომელიც ქართულ წითელ ნუსხაში შედის.
წითელ ნუსხაში შესულ სახეობებს ქართული კანონმდებლობა იცავს და ამბობს, რომ არათუ წითელი ნუსხის სახეობის განდგურებაა სისხლის სამართლის დანაშაული, არამედ იმ გარემოსიც, სადაც წითელი ნუსხის სახეობა ცოცხლობს და საზრდოობს. 10% წყლის დატოვება კი, ამ მდინარის შემთხვევაში, სწორედ მის განადგურებას ნიშნავს.
ხდის ხეობას საბჭოთა კავშირის დროს კულტურული ძეგლის სტატუსი ჰქონდა. სტატუსი მას მოგვიანებით, 2000–იან წლებში მოეხსნა, როცა ძველი, საბჭოთა სტატუსების გადახალისება და მსოფლიო, კერძოდ კი International Union for Conservation of Nature (IUCN)–ს სტანდარტებთან მაქსიმალურად მიახლოება და დანერგვა ხდებოდა.
გეგმით დროებით ჩამორთმეული სტატუსების გადახედვა და შემდეგ ისევ ამ (და სხვა) ხეობისთვის სტატუსის ხელახალი მინიჭების საკითხი უნდა დამდგარიყო.
ხელახლა მინიჭების პროცესი სულ გადაიდო და ხდის ხეობის შემთხვევაში, არც მომხდარა.
სტატუსკვოდ დარჩენილ ხდის ხეობაზე დავა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის შენობაში 2013 წლის 11 სექტემბერსაც გრძელდებოდა. ინვესტორმა მოსახლეობის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) დოკუმენტი წარუდგინა.
ბიოლოგები და გარემოს დამცველები: კახა არცივაძე, ირაკლი მაჭარაშვილი და შოთა ბუჩუკური ამბობდნენ, რომ მდინარეში 10%-ის დატოვება მასში არსებული ბიომრავალფეროვნების სრულ განადგურებას უდრიდა.
საუბარი ჩამოვარდა კალმახზეც. ამ სახეობის მდინარეში არსებობა-არარსებობას გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი (გზშ) ჩატარებული კვლევების არასრულყოფილების გამო ვერც უარყოფდა და ვერც ადასტურებდა.
ამ საკითზე ბიოლოგების მიერ მკაცრად და კატეგორიულად დასმულ შეკითხვაზე გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის ავტორებს, საკონსულტაციო ფირმა „გამას“ შემდეგი პასუხი ჰქონდა - „ადგილობრივ მოსახლეობას დაელაპარაკა და რომ მათ იქ კალმახი არ დაუჭერიათ”.
ბიოლოგების კონტრარგუმენტი ამაზე მყარი იყო: როგორ შეიძლება შენი შეკითხვით, რომელიც კვლევის და არა სასამართლოს ფარგლებში დაისვა, ადგილობრივ მოსახლეს კრიმინალი (ამ შემთხვევაში, წითელ ნუსხაში შესული სახეობის დაჭერის ფაქტი) თვითნებურად აღიარებინო?
პროექტს გარემოს დაცვის სამინისტროსთანაც ჰქონდა წინააღმდეგობრივი ურთიერთობის ისტორია. სამინისტროს ეკოლოგიურმა საბჭომ ჯერ უარი უთხრა პროექტს. მიზეზად არასრულყოფილი კვლევა დასახელდა. პროექტის მეორედ გადახედვის შემდეგ, სამინისტრომ დადებითი ეკოლოგიური დასკვნა გასცა. ამით, კომპანიას ციცქნა მდინარე ბროლისწყალზე ჰესის აშენების უფლება მიეცა.
კალმახის საკითხი სათუოდ დარჩა. გარემოზე ზემოქმედების შესახებ დოკუმენტში ამის შესახებ მნიშვნელოვანი შესწორებები და დაზუსტებები არ შესულა.
# # # # #
ამ საკითხზე რამდენიმე კითხვით, გარემოს დაცვის მაშინდელ მინისტრთან, ხათუნა გოგალაძესთან, გასულ წელს ინტერვიუ დავნიშნე. წესის თანახმად, ინტერვიუ შეთანხმებული იყო სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან. უკვე თითქმის სამინისტროს შენობასთან ვიყავი, როცა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ზარი მივიღე. ბოდიშს მიხდიდა, რომ ხათუნა გოგალაძე იმ დღეს ვერ შეძლებდა ჩემს მიღებას.
რამდენიმე წუთში ხათუნა გოგალაძემ პირადად დამირეკა და ინტერვიუს ჩაშლის გამო ბოდიში მომიხადა. მითხრა, რომ დღეს ვერ შეძლო, მაგრამ მზად იყო, ნებისმიერ სხვა დროს ჩემს კითხვებზე პასუხი გაეცა. იმ პერიოდში, სხვა საქმეებმა შემიშალა ხელი, რომ მალევე დამენიშნა მინისტრთან ამ საკითხზე ინტერვიუ.
ამ შემთხვევიდან მალევე, ხათუნა გოგალაძე თანამდებობიდან გადააყენეს. მასთან ერთად თანამდებობა 6 სხვადასხვა უწყების მინისტრმა დატოვა. პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მინისტრების მოხსნის კონკრეტული მიზეზები არ დაუსახელებია.
მე კი ვერ მოვასწარი, გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრისთვის დამესვა კითხვა, მისი მინისტრობის დროს, რატომ გაიცა დადებითი ეკოლოგიური დასკვნა ამ პატარა მდინარეზე ჰესის აშენების თაობაზე.
# # # # # #
2014 წლის 17 მაისს, ყაზბეგის ხეობაში მეწყერი ჩამოწვა და მდინარე თერგის კალაპოტი გადაკეტა. მდინარე დევდორაკისა და თერგის შესართავთან კი, მთის მასივი ჩამოიშალა. რამდენიმე ადამიანი მეწყერში მოჰყვა და დაიღუპა. მეწყერმა კი ასევე რუსეთიდან მომავალი 700 და 1200-მილიმეტრიანი მაგისტრალური გაზსადენები დააზიანა.
ამ შემთხვევიდან რამდენიმე წლით ადრე მდინარე ამუ დარიამ (ცენტრალურ აზიაში) ძლივს ჩააღწია საბოლოო დანიშნულების ადგილამდე: არალის ზღვამდე.
ამუ დარია დაშრობის და გაქრობის საფრთხის წინაშე მდგარი ერთადერთი მდინარე არაა. ადამიანის მიერ მდინარის წყლების მზარდი გამოყენების გამო, მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში მდინარეების წყალუხვობა წლიდან წლამდე იკლებს.
ამჟამად, ცალკეული გუბეების სახით არალის ზღვის მხოლოდ ჩრდილო და სამხრეთის ნაწილების მცირე წყლებია დარჩენილი. დარჩენილი ნაწილები ერთმანეთს წყლით არ უკავშირდება: გეოგრაფიულად ერთმანეთისაგან გათიშულია.
არალის ზღვის დაშრობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი სწორედ ისაა, რომ მდინარე ამუ დარია და სირდარია ყაზახეთსა და უზბეკეთში ბამბის მინდვრების სარწყავად გამოიყენება და ამით დიდი ზარალი ადგება მათი წყლის სიუხვეს.
თუ ასე გაგრძელდა, გავლენიანი ამერიკელი გარემოსდამცველი, არაერთი წიგნის ავტორი ლესტერ ბრაუნი ვარაუდობს, რომ არალის ზღვა საერთოდ გაქრება.
იგივე ბედს გაიზიარებენ სხვა ზღვები, რომელთა ძირითად საკვებ წყლის მასას, მყინვარების გარდა, მდინარეების შენაკადი წარმოადგენს.