Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კვოტების შიში და პოლიტიკა, როგორც სტატუს-კვო

16 მარტი 2015

რამდენიმე წელი გავიდა, რაც "ლიბერალში" ჩემი პირველი ბლოგი გამოქვეყნდა. აგერ კიდევ ერთხელ მიწევს მიბრუნება პოლიტიკის განმარტებასთან. პოლიტიკას, როგორც ცნებას და როგორც პროცესს, ალღო მგონი ისევ ვერ ავუღეთ.

გენდერული კვოტების ირგვლივ რომ კამათი (და ზოგჯერ განგაში) ატყდა მისასალმებელიცაა და სასიხარულოც. ჩემი მოკრძალებული აზრით, უკვე არაერთმა ავტორმა გასცა მშვენიერი პასუხი კვოტებით შეშინებულ მოქალაქეებს, ამიტომ კვოტის ავკარგიანობაზე აღარ დავკონკრეტდები. ჩემი გადმოსახედიდან ამ კამათს, უფრო კონკრეტულად კი კვოტების კრიტიკოსთა პოზიციას ერთი ძალიან უხერხული მახასიათებელი აქვს, რომელზეც მოკლედ მინდა მკითხველის ყურადღება შევაჩერო. თავისი არსით კრიტიკოსების უმრავლესობა არა მხოლოდ ანტი-ფემინისტურ არამედ ანტი-პოლიტიკურ პოზიციას იკავებს.

მიუხედავად იმისა, რომ ქართულ კონტექსტში პოლიტიკური სპექტრის მემარცხენე და მემარჯვენე პოზიციებად დაყოფა რთული და არბიტრარული ამოცანაა, სიმარტივისთვის მაინც დავყოფ კვოტების მოწინააღმდეგეთა არგუმენტებს მემარცხენე და მემარჯვენე შეხედულებების მატარებელ (ან დამჩემებელ) არგუმენტებად. (რომ დავაზუსტო, არ მგონია, რომ კვოტების ირგვლივ წამოჭრილი მემარცხენე და მემარჯვენე არგუმენტები ზოგადად ქართველი მემარჯვენეების და მემარცხენეების პოზიციას ასახავდეს. უბრალოდ არსებულ არგუმენტებს ვახარისხებ მემარჯვენე-მემარცხენე სპექტრზე).

მემარჯვენეების მთავარი არგუმენტი კვოტების წინააღმდეგ მისი „ხელოვნურობაა“. ამ გადმოსახედიდან ქალებს შეურაცხყოფას ვაყენებთ, როცა (როგორც ერთ-ერთმა ავტორმა განმარტა) „ჟეტონებით“ ვურიგებთ სკამებს. ღირსეული და ბუნებრივი გამოსავალი სხვადასხვა მეთოდით ქალების გაძლიერებაშია, რომ მომავალში თავადვე იბრძოლონ პოლიტიკურ ასპარეზზე წარმატების „დამსახურებულად“ მიღწევისთვის. არ ვიცი, რომელ მეთოდს ვერ დააბრალებენ მემარჯვენეები „ხელოვნურობას“. თუმცა ამას რომ თავი დავანებოთ, თავად პოლიტიკისგან ბუნებრივობის მოთხოვნა სრული აბსურდია. პოლიტიკა, როგორც ძალაუფლების და რესურსების განაწილების, საზოგადოებრივ პროცესებზე ზეგავლენის მოხდენის მთავარი წყარო, თავისი დეფინიციით ხელოვნური ჩარევაა. მართლა არ ვიცი, რა სახის განმარტება შეიძლება მოვუძებნოთ პოლიტიკას, რომ ბუნებრივი მდგომარეობის (თუ ასეთი არსებობს) ამსახველი იყოს. მაშინაც კი, როცა პოლიტიკური სისტემა არ ცდილობს არსებული უთანასწორობების დაბალანსებას, არსებული გადანაწილების ინსიტუციური ხელშეწყობის და რეპროდუქციის გზით ის მაინც ერევა რესურსების გადანაწილებაში. ანუ ძალაუფლების პოზიციაში მყოფი აქტორისა თუ ინსტიტუციისთვის პოლიტიკური ჩაურევლობაც ჩარევაა. ბუნებრიობის ლოგიკას თუ გავყვებით, შეგვიძლია ყველაზე საბაზისო საზოგადოებრივი ნორმებიც კი დავივიწყოთ და ყველა კონტექსტში გავამართლოთ ძლიერის მიერ სუსტის ჩაგვრა.

მემარცხენეების პოზიცია შედარებით ნაკლებად აბსურდული, მაგრამ მემარჯვენეების მსგავსად, დაბნეულია. იმის გარდა, რომ ზოგიერთი მემარცხენეობის სახელით მოლაპარაკე ბლოგერი პირდაპირ იმეორებს მემარჯვენეების  არგუმენტებს (მაგალითად ნახეთ გური სულთანიშვილის განაცხადი: „მიუხედავად იმისა, ვის ეკუთვნის ის ადგილი, იგი მაინც მოითხოვს ნახევარი ქალს შეუნახონ, რომლის „დამსახურებაც“ მხოლოდ ბიოლოგიური მოცემულობაა და არაფერი სხვა“), მემარცხენეები ძირითადად იმით არიან შეწუხებულები, რომ კვოტები კლასობრივ პრობლემას ვერ გადაჭრის. მაშინ, როდესაც ქალთა მოძრაობას კლასობრივი უთანასწორობის დაუნახაობას აბრალებენ, მემარცხენეები თავად ივიწყებენ ეკონომიკური და სოციალური უთანასწორობის გენდერულ დაყოფას. ივიწყებენ (ან არც არასდროს უფიქრიათ), რომ გენდერულად უთანასწორო საზოგადოებაში ყველა ფენის ქალი ღარიბი ქალია, რამდენადაც მას ქონების ფლობის და განკარგვის უფლება მდიდარ და ღარიბ ოჯახში ერთნაირად ეზღუდება. ზუსტად იმის გამო, რომ გენდერულ უთანასწორობას დამოუკიდებელ ცვლადად ვერ აღიქვამენ, ვერც იმას ხვდებიან, რომ მათ მიერ მდიდარ/ღარიბ ელიტურ/არაელიტურ წრეებად დაყოფილ ქალებს უამრავი გამოწვევა და გამოცდილებების მსგავსება აერთიანებთ; რომ გენდერული უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლა თავის თავშივე ეკონომიკური და სოციალური უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლაა.

მაგრამ მემარცხენეების პოზიციის უფრო დიდი ცოდვა ისევ პოლიტიკის იგნორია. მემარცხენეების ნაწილს ჰგონია, რომ ჯგუფის პოლიტიკური რეპრეზენტაცია არარელევანტური ამბავია, რომ ჯერ სოციალური პრობლემები უნდა მოვაგვაროთ და მერე ვიფიქროთ ისეთ "ელიტურ" ინსტიტუციებზე, როგორიც პარლამენტია. ეს გასაგები იქნებოდა მემარცხენეები ზოგადად დემოკრატიულ სისტემას რომ უარყოფდნენ და რევოლუციას ითხოვდნენ. მაგრამ ამ რევოლუციასაც არ ითხოვენ და დემოკრატიული წყობის პირობებში ჯერ სოციალური პრობლემების და მერე რეპრეზენტაციის პრობლემების მოგვარება როგორ წარმოუდგენიათ, არ ვიცი. ეს იგივეა რომ თქვა - ჯერ მუშების პრობლემები მოვაგვაროთ და მერე ვიფიქროთ მუშების ასოციაციებზე, პროფესიულ კავშირებზე ან მუშების პარტიებზე. დემოკრატიულ სისტემაში სოციალური პრობლემები წესით სხვადასხვა ინსტიტუციურ დონეზე რეპრეზენტაციის გზით გვარდება. კი, გასაგებია, რომ საქართველოში ეგრე არ ხდება და ფაქტობრივად ყველა პარტია, რომელიც გვყოლია პოპულისტური პარტია იყო და არის. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყოველთვის ასე უნდა იყოს და მეტიც, რომ ჩვენ კომფორტულად უნდა მოვერგოთ რეპრეზენტაციის არარსებობას. პარლამენტის "ელიტის საქმედ" დასახვით მემარცხენეები ზუსტად არსებულ, რეპრეზენტატულობისგან დაცლილ, საზოგადოების პრობლემებს ჩამოშორებული პოლიტიკოსებით სავსე პოლიტიკასთან შეგუებას, მეტიც, მის ერთადერთ შესაძლებელ ფორმად დანახვას მოგვიწოდებს.

ჩემთვის ყველაზე საინტერესო მემარცხენეების პოზიციაში ის არის, რომ მსგავსი აბსურდული კრიტიკის ჩამოყალიბებისას ალტერნატივის შემოთავაზებაზეც არ ხარჯავენ ნერვებს. ანუ, ვთქვათ, კვოტების ფორმით რეპრეზენტაცია თუ არ მოსწონთ, არ ამბობენ, რა იქნებოდა მათთვის ალტერნატივა ("ჯერ სოციალური პრობლემები მოვაგვაროთ" პოზიციას თუ არ ჩავთვლით). მეტიც, ქალების რეპრეზენტაცია ხომ არ მოსწონთ და აი, მუშების რეპრეზენტაცია რომ უნდოდეთ, არც ეგ დამინახავს. ფაქტობრივად მემარცხენეები სტატუსქვოს შენარჩუნებას ითხოვენ, რაც საბოლოო ანგარიშში, მგონი, მემარჯვენეების პოზიციისგან დიდადაც არ განსხვავდება. მემარცხენეების ერთი მოთხოვნა წააგავდა გამოსავლის ძიებას - კაცებიც ჩავრთოთ ფემინისტურ მოძრაობაშიო. ეს სასაცილოცაა და აბსურდულიც. ერთი რომ კაცების ჩართულობის საჭიროება ისედაც ნათელია. მეორეც, არ ვიცი ეს რატომაა ქალების მოძრაობის კრიტიკა და არა თავად იმ კაცების კრიტიკა, ვინც ქალების მოძრაობას არ უერთდება. დაბოლოს, აი მემარცხენეების მიერ დაყენებულ კლასობრივი პრობლემების გადაჭრასთან რა კავშირშია, არ ვიცი.

მთელ ამ გაუგებრობაში ქალების მოძრაობის მოთხოვნები ყველაზე ადეკვატური ჩანს. რეალურად ქალების მოძრაობის მოთხოვნა ქალების რეპრეზენტაციის გაზრდაზე ერთადერთი პოზიციაა, რომელიც ცვლილებას ითხოვს, მაშინ როცა სხვები (ჩემდა გასაკვირად) გამწარებით იბრძვიან სტატუსქვოს შესანარჩუნებლად. აქ კვოტას მხარს ვუჭერთ თუ არა, არც კია რელევანტური. მთავარი უფრო ის არის, რომ ქალები რეპრეზენტაციისთვის ბრძოლას იწყებენ. ამით არამხოლოდ გენდერული თანასწორობისთვის, არამედ მკვდარი პოლიტიკური სივრცის გამოღვიძებისთვის იბრძვიან. ანუ პოლიტიკას აღიარებენ იმად, რაც არის - მოქალაქეების ინტერესების გატარების, უთანასწორობების შემცირების გზა.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^