Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

"უმაღლესი გაუნათლებლობა საქართველოში’’ - ზოგიერთი მიზეზის შესახებ

17 მარტი 2015

თამარ კარელიძის ბლოგი ,,უმაღლესი გაუნათლებლობა საქართველოში’’ მისაწვდომია აქ.

ბლოგში ავტორმა დასვა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი. საზოგადოებამ სამწუხაროდ ის ასპექტები განიხილა, რომელშიც ეს საკითხები იყო დასმული. კერძოდ კი, სახელმწიფო უნივერსიტეტები - ყველა უნივერსიტეტი საქართველოში, მათ შორის კერძოც. არადა, ბლოგი სახელმწიფო უნივერსიტეტების თემას ეხებოდა.

მინდა ყურადღება რამდენიმე მიზეზზე გავამახვილო. თუ რატომ არიან სახელმწიფო უნივერსიტეტები რეალურად არასახარბიელო მდგომარეობაში. სახარბიელო - შედარებითი კონსტრუქციაა. შესაძლოა ჩვენი სახელმწიფო უნივერსიტეტები, სხვა რომელიმე განვითარებადი ქვეყნის სახელმწიფო უნივერსიტეტზე ბევრად გამართულად მუშაობდნენ. აქ ამოსავალი წერტილია ის, თუ რას ვადარებთ არსებულ მდგომარეობას.

უნივერსიტეტი არის  სტუდენტთა და პროფესორთა ერთობა. ეს ერთობა ასევე ირჩევს იმ მენეჯმენტს, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში პრაქტიკულად ყველა დონეზე (საფაკულტეტო დონე, აკადემიური საბჭოს დონე, წარმომადგენლობითი საბჭოს დონე),  მართავს უნივერსიტეტს. ეს იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად ყველაფერი, რაც კი უნივერსიტეტში ხდება, დამოკიდებულია სტუდენტებსა და პროფესორებზე.

ახლა რამდენიმე მიზეზის შესახებ. როგორ ირჩევენ პროფესორებს თანამდებობაზე? პროფესორი აკადემიური თანამდებობაა - არჩევითი და პირი უნდა აირჩიონ საჯარო კონკურსის მეშვეობით. სამწუხარო რეალობაა ის, რომ ბევრი საჯარო კონკურსი, პრაქტიკულად აბსოლუტურად მოკლებულია საჯაროობას. საჯაროობის კომპონენტია კონკურსის შესახებ ყველა დაინტერესებული მხარისთვის ინფორმაციის საჯარო ხელმისაწვდომობა. დღევანდელ დღეს ეს შესრულებულად ითვლება, თუ, მაგალითად, უნივერსიტეტი თავის ვებგვერდზე ინფორმაციას გამოცხადებული კონკურსებისა და საკონკურსო მოთხოვნების შესახებ ათავსებს. განსახილველ შემთხვევაში, მაგალითად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მაგალითზე, ახლა რამდენიმე კონკურსი მიმდინარეობს, რომელთა შესახებაც ინფორმაცია ვებგვერდზე, საერთოდ არ განთავსებულა. რამდენიმე მათგანის შესახებ ინფორმაცია ერთი-ორი დღით განთავსდა და შემდეგ წაიშალა. სავარაუდოდ, ამის მიზეზი არის ის, რომ კონკურსში მონაწილეობა „ადმინისტრაციისათვის არასასურველმა პირებმა“ არ მიიღონ, ვინაიდან დამოუკიდებელი არამარიონეტი პროფესორი რეალური ძალაა უნივერსიტეტში, ხოლო ძალაუფლების დათმობის შიში, დღევანდელ მენეჯერთა კომპლექსების ჩვეულ წრეს განეკუთვნება, ვინაიდან მოითხოვს მუდმივად ფორმაში ყოფნას და საუკეთესოობას რეალური კონკურენციის პირობებში. არსებულ მენეჯერებს არ სურთ კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა. შესაბამისად, არ სურთ დამოუკიდებელი, ლაღი და პასუხისმგებლობის მაღალი დონის მქონე პროფესორები, მათი მართვა ხომ ბევრად რთულია, ვიდრე იმ პროფესორების, რომლებიც მოქმედ ადმინისტრაციას ყველაფერზე თავს დაუქნევენ, ოღონდ მათ სახელფასო პირობებს არავინ შეეხოს.

ზემოხსენებული მიზეზი განაპირობებს იმ პროფესორის არსებობას, რომელსაც ბევრი რამ ეზარება, მაგრამ ამავდროულად იცის, რომ ამ სიზარმაცისთვის მას არავინ ,,დატუქსავს’’ ვინაიდან ის „კარგად აქნევს თავს, როცა საჭიროა და ვისთანაც საჭიროა“. სამოქალაქო საზოგადოებრივი თვალსაზრისით, ასეთი პროფესორები ქვეყნის ქრონიკული დაავადებაა, რომლის განუკურნებლობის შემთხვევაში შეუძლებელია ჯანსაღი წინსვლა. კერძო უმაღლესი სასწავლებლები პროფესორთა შერჩევისას მაქსიმალური მოთხოვნის პრინციპიდან გამოდიან. შესაბამისად ბაზარზე არსებულ კერძო უმაღლეს სასწავლებელში, პროფესორი პრაქტიკულად არ აცდენს ლექციას (ვინაიდან ვერ მიიღებს ანაზღაურებას), დროულად ასწორებს ნაშრომს და ა.შ. საბაზრო ეკონომიკური „დისციპლინა“ საკმაოდ აფხიზლებს.

სტუდენტი - სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. რეალურად ის არის ძალა, რომელმაც შეიძლება ააშენოს, დაანგრიოს, ააღორძინოს, განავითაროს, იმიჯი შეუქმნას, შეულახოს, ჩამოაყალიბოს უნივერსიტეტი მსოფლიო ბრენდად და ა.შ. სამწუხარო რეალობაა ის, რომ სტუდენტსაც ბევრი რამ ეზარება. სიზარმაცეს ემატება საკუთარი უფლებების არასათანადო ცოდნა და გამოყენების უუნარობა. ამ ყველაფერს კი - უიმედობა, რომელიც უნივერსიტეტში სტუდენტთა ხმის იგნორირების მრავალწლიანი პრაქტიკით სხვადასხვა საკითხების გადაწყვეტისას შეიქმნა.

საყოველთაო სიზარმაცე და სტუდენტების მიერ საკუთარ უფლებათა დაცვის უუნარობა და უპასუხისმგებლობა „სისტემური ხარვეზის გამო“ არის ის, რაც სახელმწიფო უნივერსიტეტებს იმ მდგომარეობაში ამყოფებს, რომელშიც ისინი დღეს არიან. უნივერსიტეტში არ მოიაზრება მხოლოდ ერთი მხარე (ადმინისტრაცია, პროფესორები); აქ რეალურად მხარე არც არსებობს. უნივერსიტეტი არქიტექტურულად ეს არის შენობა ან/და შენობები და მატერიალურ ტექნიკური ბაზა, ხოლო უნივერსიტეტი მისი შინაარსიდან გამომდინარე არის ადამიანთა ერთობა, რომელსაც აქვს საერთო მიზანი, არსებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება და ახალი ცოდნის შექმნა/აღმოჩენა, ახალი შესაძლებლობებისთვის, მომავლისთვის.

ერთი შეხედვით არსებული პრობლემა ჩაკეტილი წრის პრობლემაა. სანამ ეს წრე იქნება ჩაკეტილი, მანამ იქნებიან პროფესორები, რომლებსაც ბევრი რამ ეზარებათ, მაგრამ ისევ ისინი გაიმარჯვებენ „საჯარო“, „უალტერნატივო“ კონკურსებში, ნაცნობ-მეგობრული და „საჭირო დროს საჭირო ადგილას, საჭირო ადამიანებისთვის თავის დაქნევის და მათთვის მოსაწონი გადაწყვეტილებების მიღების უნარის გამო“. იქნებიან უუნარო სტუდენტები, რომლებსაც ხვალინდელი დღის უიმედო მდგომარეობის შეცვლა მიაჩნიათ სხვათა და არა საკუთარი საქმე, ვინაიდან შეიძლება ზემოხსენებული პროფესორისგან მისაღები შეფასება იყოს იმ მოლოდინზე ნაკლები, ვიდრე ამ სტუდენტს შეუძლია ჰქონდეს იმ შემთხვევაში, თუ თვითონ ,,საჭირო დროს, საჭირო ადგილას, კონკრეტულად ამ პროფესორს ან უნივერსიტეტის ადმინისტრაციას დაუქნევს თავს“...

დასკვნის სახით: მანამ, სანამ თითოეული ზემოჩამოთვლილი სუბიექტი/პერსონაჟი საკუთარი აზრის გამოხატვა/დაცვის ნაცვლად გულგრილად (მიუხედავად იმისა, რომ შინაგანად იცის, რომ ასე არ უნდა იყოს), მაგრამ მაინც - დააქნევს თავს ამ ყველაფერზე - დაავადება, რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტებშია განსახილველ პასაჟთან მიმართებაში - განუკურნებელია.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^