Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სპონტანური დაურედაქტირებელი მადლობა

20 მარტი 2015

(ქებათა ქება ჰაკიმისა)

 

სალამ! მე მქვია ჰაკიმ ზურაბის ძე და ყველაზე მეტად მიყვარს, როცა ჭკუა არ მომეკითხება, იუთუბზე პოლიციელებს ხოცავენ და ჩემი ქვეყანა. ჩემი ქვეყანა განსაკუთრებით.

ადრე მეგონა, რომ არ მიყვარდა. და როგორ ვცდებოდი!

რაღაცით იმას ჰგავს სკოლა რომ არ გიყვარს და როცა ამთავრებ, უცებ რაღაც გაურკვეველ ემოციებს გრძნობ.

სიმართლე რო ვთქვათ, ჩვენ ახალგაზრდების დიდ ნაწილს არ გვიყვარს ეს ქვეყანა, ჩვენი დედა, თუ მამა?

ჩვენ გვასწავლიდნენ რომ იბერია დედაა, მაგრამ მე მგონი იბერია მამაა. ძველი აღთქმის ღმერთივით, იაჰვესავით, ეჭვიანი სიყვარულისგან და მრისხანე. აღზრდის თავისებური მეთოდებით.

მე მივხვდი, რომ მიყვარს ამ დანჯღრეული ქალაქების ყველა ჩიხი, ყვავილებივით ასფალტიდან ამოზრდილი კორპუსების სურნელი, ყველა მთავრობა, რომელიც მიდის და მოდის, ”როგორც დილის არამდგრადი ხილვები, ან წინაღამის არამდგრადი შეყვარებულები”, მეტროს მემანქანეები, საყვარელი იდიოტი სელებრითები, დევნილების დასახლებები… ხო გინახავთ დევნილების დასახლებები?

პოსტაპოკალიპსური ურბანული დიზაინი, გაურკვეველი მიშენებებით, ლუდის ქილებით აწყობილი ანტენებით - სად შეიძლება კიდე ესეთი რამის ნახვა?

მე მომიწია ერთ-ერთ ესეთში ცხოვრება - კორპუსი დიდი იყო, ამიტომ მთელი ინფრასტრუქტურა შიგნით მოთავსდა - ხილეულობა მე-5 სართულზე იყიდებოდა, მარკეტი სასმელებით და სიგარეტებით მე-7ეზე, ბარიგა მემგონი მე-12 სართულზე იყო, კაი ბიჭები ეზოში, ხოლო ლიფტში იჯდა ხან ვიღაც ქალი, ხან ვიღაც კაცი და გეკითხებოდა რომელ სართულზე გინდოდა ასვლა, მერე უნდა მიგეცა ამისთვის ფული და ის აჭერდა ღილაკს. ნამდვილი კიბერნეტიკული სიმბიოზი ლიფტისა და ადამიანის.

ან სად ვისწავლიდით კიდევ ასე კარგად ჩხუბს, მუშტების მოგერიებას? ფლორიდის კარატის სკოლაში? ჩემს ყლეს. რამდენი მუშტიც სახეში მომხვედრია - ჩათვალე იმდენი წიგნი წავიკითხე, სამყარო თავიდან შევიმეცნე. ბოლო-ბოლო სახის ნაკვთები გამოვითალე, რომ ცოტა უფრო სიმპატიჩნად გამოვიყურებოდეთ. ასე ასწავლიდნენ ძენის სკოლებში გასხივოსნებას.

კიდე სად ვნახავდი, რომელ ფილმში ან ფანტაზიაში - ტანკებს ქუჩაში, რომლებიც ჯიხურთან დგებიან რომ დაპრიატნებულმა ტანკისტებმა კეთილი ბებოსგან შოკოლადები და სიგარეტები იყიდონ.

ან ეს კადრები:

მკვდარი ბავშვი ჩემ წინ, მისი სისხლი ჩემს სახეზე.

ცეცხლმოკიდებული კორპუსი ჩამავალი მზის ფონზე.

ცასავით ლურჯი მიცვალებული გემში ჩემ გვერდით.

ასი ათასი ქართველი თავისუფლების მოედანზე.

მე და ბ. რომელიღაც სადარბაზოში ვართ, ჯერ კიდე სტუდენტები და ბ. მიკეთებს უხარისხო ჯანქს და მიკითხავს ტერენტი გრანელის ლექსს სავსე მთვარის ფონზე. შიგ ხო არ გაქვს - ვეუბნები, მაინც აგრძელებს. განა სხვა რამეა პოეზია? ჰარდკორი? ონტოლოგიური ანარქიზმი?

მადლობა დედა/მამა იბერია - ამ ყველაფრისთვის.

მართლა, გულით.

ღამის კოშმარებიდან გაღვიძებული ამას წლები ვერ ვხვდებოდი... დღემდე. დღეს მე ყველაფერს მივხვდი.

მადლობა, რომ მუშები ბუზებივით იხოცებიან შახტებში ან ადამიანები მონურ ხელფასებზე მუშაობენ სხვადასხვა დაწესებულებებში - ამიერიდან მათ ეცოდინებათ საკუთარი კუნთების ფასი.

მადლობა ყველა ომისთვის, პურის რიგებისთვის და ეკონომიკური კრიზისებისთვის - ამიერიდან, სად უნდა მოვხვდეთ ისეთ ადგილას, რომ ვერ გადავრჩეთ? თუ ჩვენს სხეულებს კომპიუტერული თამაშების ავატარებად წარმოვიდგენთ, გრაფაში Survival Skills ჩვენი თაობის ავატარებს 10-იდან 10 ქულა აქვთ. ხალიფატში ჩააგდე - უნაკაწროდ გამოვლენ, ჯუნგლებში ჩააგდე - მაუგლის მოტყნავენ ჰაერში.

მადლობა ავანტიურისტი პოლიტიკოსებისთვის, ამიერიდან ამომრჩევლებს ეცოდინებათ საკუთარი არჩევნის ფასი.

მადლობა ოლიგარქებისთვის, ვინაიდან მე უკვე ვიცი როგორ ვესაუბრო მილიარდელებს.

მადლობა ტიფლისის ეკოლოგიურ კატასტროფამდე მიყვანისთვის, იქნებ მოწამლულ ჰაერში გაზრდილმა ბავშვებმა მუტაციები განიცადონ და ჩვენ გვეყოლება 100 ბეტმენი, 1 ადამიანი-ხოხობი და კიდე უფრო მეტი სპაიდერმენი ირბენს ხრუშოვკების ან ახლადაშენებული კომპლექსების სახურავებზე. ყველა კომიქსში მუტაციის შედეგად ხდებიან სუპერგმირები.

მადლობა დევნილების ყოველთვიური პენსიისთვის, ვინაიდან მათ უკვე ისწავლეს სამყაროში მცირე სიხარულებით ტკბობა. და სხვას კი არ ასწავლიდნენ ხალხს ეპიკურე ან ბუდას ათასგვარი რეინკარნაციები.

მადლობა ყველა ომისთვის, იმიტომ რომ არცერთი ომი ჯერ არ დამთავრებულა და ჩვენ ყველანი უკვე ჩამოვყალიბდით “ცხოვრების ჯარისკაცებად”, იმებად, რასაც კასტანედა სულის მეომარს ეძახდა. და მუდმივად მზად ვართ აპოკალიფსისთვის - სულერთია იქნება ეს მეორედ მოსვლა თუ ბირთვული ბომბები, ეკონომიკური კრიზისი თუ სამოქალაქო ომი - და სულერთია სად ვიქნებით: ლიტ.კაფეში კრუასანებით, “მტკვარზე” დიჯეის უკან, კახეთის უდაბნოებში თუ მეგობრის სახლში - ჩვენ მზად ვართ.

და კიდევ ერთხელ მადლობა ომებისთვის, იმიტომ რომ მეც და ბევრმა ჩემნაირმაც დავკარგეთ სახლები და ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე კარგი საჩუქარი, ვინაიდან მას შემდეგ მე მოვწყდი ვიწრო ბურჟუაზიულ მიჯაჭვულობას რამდენიმე კვადრატულ მეტრზე და ეხლა მთელი პლანეტა გადაიქცა ჩემს სახლად.

მადლობა ამ არქიტექტურისთვის, ვინაიდან კიდევ სად ვისწავლიდით ესთეტიკის ასეთ ანარქისტულ, ავანგარდისტულ ფორმებს?

მადლობა იმისთვის, რომ ზამთრის გრძელი ღამეების გასათბობად მე და დედა დილაობით ზღვის პირას მივდიოდით, გამორიყული ტოტების ასაგროვებლად. აქ, ამ მოძრაობებისას ვისწავლე ცეკვა, ნაპირზე გამორიყული დელფინის სხეულთან.

მადლობა, რომ დილაობით მაღვიძებს ტელეფონში “გიორგი პრობლემად” ჩაწერილი მუშაკი პრობლემური განყოფილებიდან და მახსენებს, რომ ქვეყანაში გამართულად ფუნქციონირებენ სასამართლოები და რომ ჯიბეში მარტო სიგარეტი, პრეზერვატივი და რამდენიმე დამამშვიდებელი მიდევს, ხოლო წინ დიდი და გრძელი დღეა. როგორც BIG იტყოდა: No sleeping all day, no getting my dick licked!

მადლობა პოლიციისთვის, რომლებიც გვცემდნენ, გვაფურთხებდნენ, ფანჯრებიდან გვაგდებდნენ - გვაკაჟებდნენ ერთი სიტყვით. მათი მანქანების ციალი ყოველთვის მახსენებს aurora borealis-ს, ჩრდილოეთის ციალს და სული ივსება შორეული, მიუწვდომელი ადგილების სევდითა და სილამაზით.

მადლობა პატარა ქალაქებისა და სოფლებისთვის, სადაც პატარა ვუნდერკინდები ვერ რეალიზდებიან და ხვდებიან [შეიძლება ვერც], რომ “დამარცხება” გაცილებით ლამაზია, ვიდრე შენი ქვეყნის ტელევიზორებში მოხვედრა.

მადლობა ყველა ინფლაციისთვის, ვინაიდან ჩვენ ვისწავლეთ, რომ ცხოვრებაში ფული, ეს ფარატინა ქაღალდი არაა მთავარი. და თუ საქმეს დაჭირდა ჩვენ ლეგენდარული ქვის ხანის ეკონომიკასაც ავაღორძინებთ ორ წამში, გადავალთ ბარტერულ გაცვლებზე. ეგრევე დავეუფლებით ახალ პროფესიებს - მაგალითად მე მყავდა ერთი მეზობელი, პოლიგლოტი იყო, მაგრამ საქმეს რომ დასჭირდა, სახლებში გაფუჭებულ ტექნიკას აკეთებდა, ისე ოსტატურად, რომ არცერთი ენა არ დასჭირვებია; მეორე მეზობელი - განათლებით ქიმიკოსი - ქალაქის ცნობილი ტაქსისტი გახდა, ისე ლიხაჩობს, რომ მგზავრები დაზაფრულები ჩადიან მანქანიდან და მერე დიდხანს ფიქრობენ სიცოცხლის აზრზე; აი მესამე მეზობელმა კი, რომელმაც ვერაფერი მოიფიქრა - შემოდგომის ერთ ცივ დღეს თავი ჩამოიხრჩო და ძაანაც კარგი ქნა - ეცოდინებათ სხვებს, რომ ტრაკის განძრევაა საჭირო.

მადლობა რომ ბავშვები იხოცებიან სათამაშოებივით უსახსრობის გამო, ვინაიდან ჩვენ ზედმეტი წიგნების გარეშე ვისწავლეთ ეგზისტენციალიზმისა და ფილოსოფიური პესიმიზმის საფუძვლები, რომ ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა.

მადლობა ჯარისკაცებისთვის, მარტო რო დატოვე ბრძოლის ველებზე, მამაჩემმა მითხრა რომ ეს კარგი ღამეები იყო.

მადლობა ამ გიჟი მღვდლებისთვის, ვინაიდან ჩვენ მარტივად დავეუფლეთ თეოლოგიის ღრმა საფუძვლებს და ზოგიერთმა ჩვენგანმა ეშმაკის განდევნაც ისწავლა, კუსტარულად, სახლის პირობებში. კიანუ რივზი “კონსტანტინეს” როლში - ახლოსაც ვერ მივა მათთან.

და როგორი უმადური ვიყავი, როგორი ბრმა, რო ვერ ვხვდებოდი - რამდენი რამე ვისწავლე შენგან. როგორ მძულდი, მაგრამ როგორ მივხვდი - ამ სიძულვილში რაოდენი სიყვარულია.

ო ასულნო და ძენო იბერიისა შეისმინეთ ხმა მღაღადებლისა ვაზისუბნის დასახლებიდან, რეპერი ტოქსის ტოქსიკომანური მიწებიდან, სადაც პოლიციის შენობას პირამიდის ფორმა აქვს, ხოლო თვითმფრინავები ყოველ საღამოს სერავენ ნისლიან ცას, როგორც რკინის ჩიტები ძველი მითებიდან.

იბერია - ამ მადლობებს არ ეყოფა ერთი ბლოგი და ბოდიშს ვიხდი, რომ კიდევ ათასი რამე გამომრჩა. ყველაფერი, რაც ვიცი და ისიც კი, რაც არვიცი, რომ ვიცი - მე შენგან ვისწავლე. და გვიან მიხვდი ამას.

მე ვიცი, შენ არ გინდა რომ ვინმე ცუდად იყოს, ეს უბრალოდ აღზრდის ესეთი მეთოდია, იმდენად დახვეწილი და კომპლექსური, რომ ამას შეიძლება ბევრი შენი შვილი ვერ მიხვდეს - გარკვეულ მომენტამდე. და ვიცი, რომ გირჩევნია ამ დაკარგულ თაობას სძულდე, მაგრამ სინამდვილეში - ის, რასაც შენგან ისწავლიან, რეალურად გამოადგეთ.

ეს უძველესი სპარტანული აღზრდის გამოძახილია, კიდევ უფრო დამუშავებული და გალამაზებული, მორგებული ევრაზიული განთიადების რეალობას. და თუ სადმე ოდესმე ვინმე ნაზ ადამიანს მოვუყვები უცხო ქალაქში ამ ისტორიებს და ის მეტყვის:

-- This is Madness!

მე მოვტრიალდები, როგორც ლეონიდასი, სპარტას მეფე, და ვუპასუხებ:

-- Madness??.. THIS.. IS.. GEORGIA..!

და ბოლოს მინდა დავაციტირო ფრაზა ერთი ესედან, რომ ჩემს ძმებს და ჩემს დებს უფრო დალაგებულად ვახარო ის რასაც მივხვდი:

“აქედან გამომდინარე შემიძლია ვივარაუდო, რომ თაობის დიდმა ნაწილმა პერიოდი, რომელსაც "ბავშვობას" ეძახიან და რომელიც ძირითადად განკუთვნილია სოციალური იმპრინტირების, საზოგადოებისთვის მისაღები კანონების დასწავლის, "ადამიანად" ჩამოყალიბების პროცესისთვის -- ცნობიერების გაფართოების NONSTOP რეჟიმში გავატარეთ, ჰალუცინაციების, ტყუილისა და სიმართლის არევის, რეალობის პერმანენტული ნგრევის რეჟიმში [ზოგმა უფრო ღრმად, ზოგმა უფრო ზედაპირულად].

სოციალური პროგრამირების ნაცვლად მე და თქვენ მივიღეთ ასოციალური პროგრამების კონა. ქვეცნობიერად კი ნებისმიერი ადამიანი, რომლისთვისაც აპოკალიფსი ასოცირდება ბავშვობის სითბოსთან -- ყოველთვის ცდილობს აპოკალიფსის რეინკარნირებას სხვადასხვა სახით [იქნება ეს გაუთავებელი სმა მეგობრებთან, სიარული მიტინგებზე თუ პირადი დრამების პროვოცირება]. თუმცა ამავდროულად ცნობიერების რუტინულ, რაციონალურ დონეზე ყველაზე მეტად უფრთხის ასეთ პერსპექტივას. არაფერს გაგონებთ?

ჩვენი აპოკალიფსი - ბავშვური დღესასწაულია, თბილი.

ფანტაზიებით და შოკოლადებით, ცივი გატეხილი კორპუსებით და გვამებით, იარაღებით და წიგნებით.

ჩვენი დასრულებული ინიციაცია სავსეა ამ სიგიჟის ქრონიკებით, სიურეალისტური “რასკადროვკით”. ერთადერთი, რაც ჩვენ ასე თუ ისე გვკრავს “საზოგადოებად”, რომელიც არ არის გადასული მასიურ მკვლელობებში – ის კადრებია, რომლებიც, ინდივიდუალურის გარდა, ყველას საერთო გვაქვს. ჩვენ არ გვაკავშირებს “საერთო საქმე”, ან მოქალაქეობის ან პატრიოტიზმის შეგრძნება, ან იდეოლოგია ან რამე, რაც შეიძლება აკავშირებდეს ერთმანეთთან ამა თუ იმ საზოგადოებას, ჩვენ გვაკავშირებს, ერთ მუშტად გვკრავს და გვადუღაბებს – ერთმანეთთან “დაშეარებული” სიგიჟე.

პარანოიდალური შიზოფრენია – ეს არის ჩვენი ქვეყნის შემაკავშირებელი პლატფორმა. სწორედ ამისთვის უნდა ვიყოთ მადლიერები ჩვენი გიჟი პრეზიდენტებისა და პოლიტიკოსების, იმედის ქრონიკებისა და ჯაბა იოსელიანის ქუჩის ბანდების, ისინი ყველანი ცდილობენ უხეში ქირურგიული ჩარევით ბოლომდე მიიყვანონ ინიციაცია, საიდანაც ყველანი “მტრედებივით უმანკოები და გველებივით დაბრძენებულები” გამოვალთ.

ამიტომ მგონია, რომ ყველა ჩვენგანის, როგორც ქვეყნის პატრიოტის, წმინდა ვალია – საბოლოოდ მოვახდინოთ აპოკალიფსი. “ქართულ ენაზე განვიკითხოთ” საკუთარი თავი. ვიცეკვოთ გარდასახვის სარიტუალო ცეკვები, ვისროლოთ ფეიერვერკები ცაში, გარე განათებების ბოძები გადავაქციოთ ჯვრებად, ვურტყათ ერთმანეთს მოედნებზე, ნავებით ვიაროთ სუპერმარკეტებიდან სახლებში...

მართლაც, მე არ მესმის, რატომ უნდა დავტოვოთ არაკომერციულ საინტერესო არტჰაუსად – ის, რასაც საერთაშორისო ბესთსელერის პოტენციალი აქვს?

კაფკა პრეზიდენტად,"ნიკო და ვანო" კონსტიტუციად, ჯონ კეიჯის "4'33" ჰიმნად... ცხენზე ამხედრებული უილიამ ბეროუზი სახელმწიფო გერბზე! “

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^