ყირიმის ანექსიიდან ერთი წელი გავიდა. ვლადიმირ პუტინმა წითელ მოედანზე ათასობით მომიტინგე შეკრიბა და მათთან ერთად იზეიმა, დასავლეთსა და კიევს გზავნილი მიაწოდა, რომ რუსები და უკრაინელები ერთი ხალხია და მოსკოვი “მათ საერთო ინტერესებს” ყველა საშუალებით დაიცავს. რაზეც კიევმა უპასუხა, რომ ზეციურმა ასეულმა მაიდანზე უკვე დაიცვა უკრაინელი ხალხის ინტერესი და ისიც დაამტკიცა, რომ მათი ადგილი არა რუსეთის ახალ იმპერიაში, არამედ თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფოების ევროპულ ოჯახშია. ევროპულ ოჯახში კი ფიქრობენ (თუმცა ჯერ ვერ გადაწყვიტეს) აქვთ თუ არა ადგილი უკრაინისთვის.
რუსული გეგმა
პრეზიდენტი იანუკოვიჩი დასავლეთსა და საკუთარ ხალხს წლების განმავლობაში ატყუებდა, თითქოს უკრაინას გეზი დასავლეთისკენ ჰქონდა და ევროკავშირთან ასოცირებას თანხმდებოდა, რომ არა თავად ოფიციალური ბრიუსელი, რომელიც ტიმოშენკოს პატიმრობის გამო იხევდა უკან. თუმცა, როდესაც დასავლეთის მხრიდან პრინციპული თანხმობა გაჩნდა, სწორედ მაშინ, კიევმა უკანასკნელ მომენტში თქვა უარი ევროკავშირთან ასოცირებაზე. პუტინის გეგმა მარტივი იყო: ეს შოკის მომგვრელი იქნებოდა ევროპელი ლიდერებისთვის და მაგალითისა და მიმართულების მიმცემი მოლდოვასა და საქართველოსთვის. შედეგად აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ამ ქვეყნების ევროკავშირთან ასოცირების პროექტი ჩაიშლებოდა.
კრემლის ლიდერს ამ გეგმის სისრულეში მოსაყვანად თითქოს ყველა საჭირო რესურსს ფლობდა და ყველაფერი ჯეროვნად გათვლილი ჰქონდა, თუმცა ვერ გაითვალისწინა ერთი ფაქტორი: უკრაინელთა სიმამაცე და თავისუფლებისმოყვარეობა. მაიდნის მოვლენების შემდეგ უკრაინაში პოლიტიკური ვითარება რადიკალურად შეიცვალა - იანუკოვიჩი რუსეთში გაიქცა, კიევმა კი გეზი კვლავაც დასავლეთისკენ აიღო. მეტიც, მოვლენები ისე დააჩქარა და ბრიუსელზე ისეთი წნეხი შექმნა, რომ მოლდოვა და საქართველო ევროინტეგრაციის თვალსაზრისით თვისობრივად ახალ რეალობაში გადაიყვანა. იმისთვის, რომ რუსეთის ზეწოლა დროსა და სივრცეში შეეზღუდა, ევროკავშირმა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და ამ ქვეყნებთან ასოცირების ხელშეკრულება დაგეგმილზე ადრე გააფორმა. შედეგად, პუტინის ამბიციური საერთაშორისო პროექტი “ევრაზიული კავშირი” ჩაშლის პირას მივიდა, მაიდანზე მარცხმა კი მის რეპუტაციას უკვე ქვეყნის შიგნითაც შეუქმნა საფრთხე. კრემლმა სასწრაფოდ გეგმა „ბ“ შეიმუშავა და აამუშავა. მან ჯერ ყირიმის ანექსია მოახდინა, შემდეგ კი აღმოსავლეთ უკრაინაში შეიჭრა და რეგიონი სეპარატისტების დახმარებით მუდმივი დაძაბულობის კერად აქცია.
მინსკის შეთანხმება
გასული თვეების განმავლობაში აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლები გასაკუთრებით გამწვავდა, დაძაბულობამ კი პიკს მიაღწია. „ქორების“ სერიოზული ზეწოლის შედეგად, ობამას ადმინისტრაცია უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდების შესაძლებლობაზე ალაპარაკდა. ბრიუსელმა კი კონფლიქტის ფართომასშტაბიან ომში გადაზრდის სერიოზული საშიშროება დაინახა, რის შემდეგაც მინსკში ნორმანდიული ოთხეული შეიკრიბა.
გერმანია და საფრანგეთი ევროკავშირის გამოკვეთილ ლიდერებად წარმოჩინდნენ და მშვიდობას ყველაფრის ფასად ჩაებღაუჭნენ. პოროშენკო ზავს სეპარატისტების მხარედ აღიარებისა და დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებისთვის სპეციალური სტატუსის მინიჭების სანაცვლოდ დაყაბულდა. რუსეთმა კი სანქციების გამკაცრებისა და უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხის დროებით შეჩერება შეძლო, იმგვარად, რომ არც მხარედ დაფიქსირებულა და არც პასუხისმგებლობა აუღია. საკუთარი გეგმები კი აღმოსავლეთ უკრაინაში მინსკის შეთანხმების შემდეგაც უპრობლემოდ განაგრძო. მაშინ, როდესაც მხარეები მშვიდობას ელოდნენ, სეპარატისტებმა ბრძოლით დაიკავეს სტრატეგიული სარკინიგზო ცენტრი დებალცევო და შეტევები მიიტანეს სხვა ქალაქებზეც. ზავის პირობების ნაწილობრივი და რიგ სეგმეტებზე შესრულებით მოსკოვმა კიევსა და ბრიუსელს ახალი გზავნილი მიაწოდა: მშვიდობის გასაღები კვლავაც კრემლშია, თუმცა ის ბევრად ძვირი ღირს, ვიდრე სეპარტისტების მხრიდან ამ ეტაპისთვის დაკავებული ტერიტორია.
ბანქო და ფსონები
თუ მოვლენებს პოკერის პარტიას შევადარებთ, რუსეთი მოკლევადიან პერსპექტივაში სერიოზულ უპირატესობას ფლობს, რადგან ის დახურული კარტით თამაშობს. მის არსენალში ეკონომიკურ და დიპლომატიურ იარაღთან ერთად სამხედრო კომპონენტიც შედის. სწორედ ამ სამხედრო კომპონენტის ხარჯზე, რომელიც ასევე დახურულია (რუსეთის საბოლოო სამიზნე დებალცევო იქნება, მარიუპოლი, კიევი, ვარშავა თუ რიგა აღარავინ იცის), პუტინი ქმნის მოლოდინს, რომ ის წამსვლელია ყველაფერზე, მათ შორის კონფლიქტზე ნატოს წევრი ქვეყნების ტერიტორიაზეც კი. კრემლი მუდმივად ცდის ალიანსის საჰაერო თუ სახმელეთო შესაძლებლობებს. ბოლო სამი თვის განმავლობაში რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა როგორც ახლო (ბალტიისპირეთი), ისე შორეულ (ბრიტანეთი) სამეზობლოში, ნატოს საჰაერო სივრცე არაერთხელ დაარღვია.
დასავლეთი იგივე პარტიას ღია კარტით თამაშობს და მიზნის მიღწევას მხოლოდ დიპლომატიითა და ეკონომიკური სანქციებით ცდილობს. თუ ბრიუსლემა და ვაშინგტონმა კარტი არ დახურა და არსენალში სამხედრო კომპონენტი არ შეიტანა, მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში პუტინის გეგმებს ვერ შეაჩერებს. ასევე ვერ შეძლებს უკრაინის განვითარების მხარდაჭერას, რადგანაც კრემლს დაკავებული ტერიტორიების სახით უკვე აქვს მექანიზმი, რომ მეზობელი მუდმივად ომსა და ქაოსში ამყოფოს.
დროა დასავლეთმა თვალი გაუსწოროს რეალობას და უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდებით, სიგნალი გაუგზავნოს მოსკოვს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. მხოლოდ მოკლე და გრძელვადიანი გეგმების თავსებადობით და ძალის კომპონენტის გამოჩენითა და შესაძლო გამოყენებით შეძლებს დასავლეთი რუსეთზე სერიოზულ ზეწოლას და მისი გეგმების კორექტირებას.