სამი წლის წინ კოკა რამიშვილმა გალა გალერეაში ფერწერული სერია „უსათაუროდ“ წარმოადგინა, ამჯერად კი მისი ერთგვარი გაგრძელება - კომპლექსური პროექტი, რომლის ძირითადი ნაწილი ასევე ფერწერულია, - მსგავსივე სათაურით - „უსიტყვოდ.“ ექსპოზიციის ჩვეული სკურპულოზურობით გააზრებული განვითარება და ნამუშევრების შესრულების ხარისხი ტრადიციულად უნაკლო იყო და ეს ხარისხი სიურპრიზი არ იყო არავისთვის, ვინც კოკა რამიშვილის არტს იცნობს.
ამ ორივე კოლექციას საერთო, რა თქმა უნდა, აქვთ და მათ პირველ რიგში აერთიანებთ ტილოზე გამოსახულების „გვერდით გაწევის“ თემა, თუმცა ბოლო ვერსია უფრო აბსტრაგირებულია და განსხვავებული კოლორიტისაა. რაც შეეხება კონცეპტუალურ მხარეს, ამაზე გამოფენების სათაურებიც მეტყველებენ და მხატვრის პოზიციას ადასტურებენ, რომლის მიხედვითაც ის (ამ შემთხვევაში) უსარგებლოდ თვლის დეტალურ განმარტებებს. კოკა რამიშვილმა მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადი მაინც გააკეთა, რაც უფრო მოქალაქეობრივ პოზიციას ეხებოდა, ვიდრე უშუალოდ ნამუშევრებს, თუმცა გამოფენა ამ პოზიციის გათვალისწინებით მომზადებულ კონტექსტში იყო ნაჩვენები, - გალერეის კედლები და ჭერი საგანგებოდ შეიღება უკრაინის დროშის ფერებში.
ინსტალაციის ფორმატში გააზრებული ექსპოზიციის ეფექტურობა ერთი შეხედვით უხილავი კავშირებით არის აგებული ვიზუალური ხელოვნების სხვადასხვა ფორმების საზღვრებისა და განზომილებების თანაარსებობით: დაფერილი ჭერი და კედლები ფრესკის ალუზიად ჩანს გაშლილი ემოციური ველის მინიშნებად, სადაც ურთიერთობაშია მცირე ზომის დაზგურ ფერწერასთან როგორც ნატურმორტის არქეტიპთან და ასევე სამგანზომილებიან ფორმასთან, როგორც ზოგადად სკულპტურულ სიმბოლოსთან.
სავარაუდოდ მხატვარი პრობლემას ხედავს საზოგადოებაში და თუნდაც არტ სივრცეში, რომელიც სერიოზულად არ მსჯელობს გარეთ მიმდინარე დრამატულ მოვლენებზე, რომელთაც საერთაშორისო მნიშვნელობა აქვთ და მსოფლიო პროცესებზე ახდენენ გავლენას. რთულია ამ პრობლემასთან მიმართებაში კოკა რამიშვილს არ დაეთანხმო, - საქართველოში ლოკალური პრობლემა თითქმის ყოველთვის განიხილება მხოლოდ ადგილობრივი კონტექსტიდან და არასდროს როგორც მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან კავშირში მყოფი. ქართული არტ სივრცეც ამ მხრივ მოკლებულია სამოქალაქო პროტესტისა თუ მსჯელობის არტისტულ ფორმებს. კოკა რამიშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს შორს დგას სწორხაზოვანი პროპაგანდისტული განაცხადისგან და ფერების მნიშვნელობა მისთვის უფრო ეთიკური განზომილების სიღრმეში წასვლას გულისხმობს, ვიდრე პლაკატურ განაცხადსა და გერალდიკის მნიშვნელობების დაფიქსირებას. შესაძლოა ექსპოზიციიის ეს ფორმა თავდაპირველად ქართული სივრცის სპეციფიკას დაუკავშირდა, მაგრამ ესთეტიკურ-კომპოზიციური გათვლა არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო და განათების ცვლილება მხატვრის აზრით მუდმივად ცვლის ნამუშევრის აღქმის სიმძაფრეს კონკრეტული ფერის კედელზე, მუდმივად ტრანსფორმაციაში მყოფ „ნატურმორტად“ აქცევს მას ამჯერად არა დროშის, არამედ მზისა და ცის ფერების ფონზე.
კითხვაზე თუ რას შეცვლიდა ექსპოზიციაში სხვა ქვეყანაში რომ გაეკეთებინა იგივე სერიის პრეზენტაცია, ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, კოკა რამიშვილი პასუხობს, რომ ექსპოზიციის კონცეპტუალური დიზაინი უცვლელად დარჩებოდა ნებისმიერ სხვა სივრცეშიც.
სათაურად გამოტანილი „უსიტყვოდ“ უარს ამბობს განმარტებებზე, მაგრამ თავისთავად წარმოადგენს კონცეფციას, რომელიც მოდერნისტული დისკურსის ერთ-ერთ განმსაზღვრელ მოტივს უკავშირდება. შეიძლება ამ მოტივის მნიშვნელობის დაფასების ჟესტადაც ჩავთვალოთ, - მოდერნიზმის ისტორიაში ყველაზე მეტად განხილვადი და უსასრულოდ ციტირებული ნამუშევრები სწორედ ისინია, რომლებიც „უსიტყვო“ მანიფესტებად იქცნენ, იქნება ეს „შავი კვადრატი“, „4.33“ თუ „შადრევანი“, - რომლებიც მუდმივ შეკითხვას ატარებენ ხელოვნების არსისა და მისი ურთიერთობების შესახებ სამყაროს სირთულეებსა და სიცარიელესთან.
რაც შეეხება უშუალოდ ნამუშევრებს, მხოლოდ ერთი სკულპტურა-ობიექტი იდგა უშუალოდ სივრცეში, კედლისგან დაშორებით. ასევე „ცენტრიდან გადაადგილებული“ ჭადრაკის დაფის ნაწილი, - როგორც კვლავ ციტირება მოდერნისტული დისკურსიდან და ზემოთ ხსენებული იკონური ნამუშევრების ავტორების განსაკუთრებულ ასოციაციებს ჭადრაკის თემებთან, ასევე უფრო განზოგადებულ სიმბოლოსთან, როგორიც არის ძალაუფლების თამაშები თავისი ფსიქოანალიტიკური ინტერპრეტაციებით, - არასრულფასოვნების კომპლექსის კომპენსაციებითა და თვითდამკვიდრების უხეში თუ დახვეწილი ფორმებით, იქნება ეს ფალოსის კულტი თუ პოლიტიკური ტექნოლოგიები.
ექსპოზიციის დანარჩენი ნაწილი ტილოზე შესრულებული მცირე ზომის აბსტრაქციებია, დაწყვილებული ტონალობების მიხედვით. მხოლოდ ერთი ტილო - მუქიდან ღია ლურჯში გარდამავალი მონოქრომული აბსტრაქცია არის ცალკე წარმოდგენილი და ექსპოზიციის დომინანტურ ნოტს ქმნის. მონოქრომული აბსტრაქციებისთვის სახასიათო ხარისხის განმსაზღვრელი ფაქტურის მნიშვნელობა აქ გამოკვეთილია, ზედაპირი ზედმიწევნით სუფთა, „პურისტულად“ დახვეწილია, უშუალოდ ფერის ღირებულების და მისი დამოუკიდებელი არსებობის ხაზგასმით. გრადაციის მგრძნობიარე დახვეწილობა განსაზღვრავს ნამუშევრის ემოციურ შრეებსა და ეროტიულ ტონალობას, რომლებიც დანარჩენ ფერწერულ წყვილებში სხვადასხვა ცვლილებებით ვითარდება უკვე რამდენიმე ფერის ურთიერთობის ნიმუშებად: ერთ წყვილში მწვანესთან ურთიერთქმედებს ლურჯი, მეორეში წითლის გაღიავებული ტონალობა იისფერთან, მესამეში მუქი წითელი დრამატულად გადადის ლურჯში და განსაკუთრებით ექსპრესიული ხდება „დიპტიქის“ მეორე ნაწილზე, სადაც ღია ფონი წითელი „ჭრილობით“ უკიდურესად სენსეტიურია.
აუდიტორიისათვის, ვინც აფასებს ნამუშევრის კონცეპტუალურ-ტექნიკური მხარისა და პრეზენტაციის ფორმების შესატყვისობას, გამოფენა „უსიტყვოდ“ გულგრილს ვერ დატოვებს. უშუალოდ მხატვრის, კოკა რამიშვილის შემოქმედების განვითარების თვალსაზრისით შეიძლება მისი ახლანდელი ეტაპი უკვე განისაზღვროს როგორც ექსპრესიონისტული ფერწერის თემებში ჩაღრმავების პერიოდად, რომელიც უკვე შთამბეჭდავ შედეგებში გამოჩნდა.
ფოტო: (C)გალა გალერეა