Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფეხბურთი და "არასერიოზული კაცები"

03 აპრილი 2015

   ალბათ ყველას გახსოვთ „არასერიოზული კაცი“ და  მისი  ტრაგიკული გმირი ნიკო (გია ფერაძე), რომელიც საზოგადოებამ გარიყა. გარიყა იმ საზოგადოებამ, რომელიც თავადაც გარიყული და დაჩაგრულია, რომელმაც  შეაყვარა სიძულვილი და მოუკლა ემპათიის გრძნობა, შეაყვარა ნივთები და თავადაც უბრალო ნივთად აქცია. ამ საზოგადოების მარგინალი იყო ნიკო. დღეს ყველა გაძევებულები ვართ. გაძევებული იმ სოციუმიდან და ფსევდოკულტურიდან, რომელიც თავად უნდა აფეთქდეს, ისევე როგორც ანტონიონის „ზაბრისკი პოინტშია“.

      ერთი კვირის წინ საქართველოში გერმანიის ეროვნული ნაკრები ჩამოვიდა. ხსენებული საზოგადოება ორ ნაწილად გაიყო. ნაწილი სიხარულმა მოიცვა, რომ მოქმედი მსოფლიო ჩემპიონების, მათი კუმირების ნახვის საშუალება ახლოდან მიეცემოდათ, ნაწილმა პატრიოტიზმის სახელით არ დაიშურა მოწინააღმდეგე „ნაცისტი“  ერის გინება. მგონი დაგვავიწყდა გერმანელებმა ჰიტლერი რომ „მოკლეს“ და დღემდე ჩვენზე მეტად სძულთ. თუმცა ჩვენ ბოლომდე არ მოგვიკლავს სტალინი და ბევრისთვის საამაყო კულტია. მათ შორის ადამიანებისთვის, რომლებიც ქრისტეს რჯულს ეთაყვანებიან. თუმცა ჩვენთან ბევრი პარადოქსს წააწყდებით...

    ფეხბურთზე ღრმად შეყვარებული ადამიანები  ძალიან გულწრფელები არიან. მათ შეუძლიათ ერთი შეხედვით უბრალო სპორტი საკრალურ რიტუალად აქციონ. შეიძლება  რიგ შემთხვევაში მათ გმირებზე მეტად განიცადონ მწვანე მოედანზე განვითარებული მოვლენები. ალბათ სწორედ ამიტომ არ არის ფეხბურთი უბრალო სპორტი. მომისმენია მოსაზრება, რომ ფეხბურთი რელიგიური ფანატიზმია, რომელიც გმართავს, გაიძულებს გიყვარდეს შენთვის უცნობი მესიები უსასყიდლოდ და  საპასუხო ღრმა სიყვარულის გარეშეც.  თუმცა ჯერჯერობით ფეხბურთი არ გამხდარა ომების წინაპირობა და ეს მესიები კი უბრალო ადამიანები არიან.  ბევრ მათგანს ჩვენსავით შიოდა და აკლდა სიყვარული. ბევრი მათგანი მშობლებთან ერთად აგროვებდა ქუჩაში დაყრილ ნაგავს და თავადაც ნაგავში ცხოვრობდა. ბევრი მათგანი ზიდავდა დღედაღამ მძიმე ტვირთს და დაღლილს ქუჩაში ეძინა. ბევრ მათგანს აკლდა სახეზე ღიმილი. დღეს ისინი ვარსკვლავები არიან, ერთგვარი მესიები, მაგრამ მაინც ადამიანები, რომლებიც  ჩვენს პლანეტაზე ცხოვრობენ და აქვთ ემპათიის გრძნობა. ისინი სამყაროსგან იზოლირებულ სხვა სივრცეში არ ცხოვრობენ და ხშირად იმაზე მეტადაც ქველმოქმედები არიან, ვიდრე ერთი რიგითი გაზულუქებული ბიზნესმენი. ამიტომ ზემოთ აღნიშნული მოსაზრება ჩემთვის სრულიად გაუგებარი და აბსურდულია. ფაშიზმია ადამიანს აუკრძალო უყვარდეს ეკრანზე ნანახი ადამიანი და ფანატიკოსი ეძახო ყველაფრისმცოდნე პოზიდან.

      ახლა კი უშუალოდ თემაზე გადავიდეთ, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მსოფლიო ჩემპიონები თბილისში ჩამოვიდნენ. რიგითი მოსამზადებელი ვარჯიშის დროს მოედანზე ახალგაზრდა გულშემატკივარი შეიჭრა და აქამდე ეკრანზე ნანახი გმირის, თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელის ბასტიან შვაინშტაიგერის მისამართით დაიძრა და გახარებული გულწრფელი სიყვარულით ჩაეხუტა. შემდეგ გააკეთა წმინდა საფეხბურთო ჟესტი და მის ბუცებს ხელით შეეხო ნიშნად მისი პატივისცემისა. არ შემეშინდება იმის თქმაც, რის გამოც ეს ახალგაზრდა ბიჭი ცოცხლად დამარხეს და საფეხბურთო ჟესტი დაჩოქებასთან გააიგივეს. თუნდაც დავარქვათ ამ ყველაფერს დაჩოქება. მაგრამ რა კონტექსტშია ეს ჟესტი დაჩოქება და კერპთაყვანისმცემლობის გამოხატულება? რატომ შეირაცხა ეს ახალგაზრდა ქვეყნის მტრად?! იმისთვის, რომ ბევრზე გულწრფელი აღმოჩნდა და გააკეთა ის, რაც გულმა უგრძნო? ლანძღეს მხოლოდ იმიტომ, რომ უყვარს? დავუბრუნდეთ ხსენებულ დაჩოქებას. რატომ არ გავბრაზდით ასე მასშტაბურად, როცა ჩვენი მტერი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, სამების საკათედრო ტაძრიდან დიდი ემოციებით და პომპეზურობით გააცილეს?  რატომ არ ვიყავით ასე ერთიანი, როცა ხელისუფლებამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, საყდრისი, აგვიფეთქა? რატომ არ ვდგავართ ერთად მაღაროში არაადამიანური პირობების გამო დაღუპული მაღაროელების სახელით  სახელმწიფოს წინააღმდეგ?  დაჩოქებული ჩვენ ვართ, დღევანდელი საზოგადოება, სახელმწიფოსგან დაჩოქებული. ჩვენ გვმართავენ არა შვაინშტაიგერები, არამედ ელიტური წრეები, რომელთაც ბრბოდ შეგვრაცხეს და მწყობრად მოგვათავსეს პატარა კაფსულაში.  გვამცირებენ ყოველ შესაძლებლობაზე და ეს ჩვენი დღევანდელობაა. არ გვსურს ძალადობრივი სისტემის წინააღმდეგ აჯანყება. მაგრამ   შეგვიძლია უსაშველოდ ვლანძღოთ და გავრიყოთ ადამიანი, რომლის ერთადერთი „დანაშაული“ არის ის, რომ ფეხბურთელი უყვარს.

 ჩვენ ყველანი „არასერიოზული კაცები“  ვართ, გამოსავალი კი „ზაბრისკი პოინტის“ აფეთქებაა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^