Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საზღვრები, რომელიც უნდა გადალახო

24 აპრილი 2015

ადრე, დიდი ხნის წინ, ჩემს მეორე ცხოვრებაში, მივხვდი, რომ საზღვრები მხოლოდ გადასალახად არსებობს. დღეს რომ ვფიქრობ, ესაა ჩემი 40-წლიანი არსებობის მთავარი აღმოჩენა.

მეგობარ-ამხანაგებმა კი იციან, მაგრამ თქვენც გეტყვით, რომ ცხოვრება ნაწილებად გეოგრაფიის მიხედვით დავყავი. ფოთში სკოლის დამთავრების შემდეგ თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე, ტელეფაკულტეტზე კოტე მახარაძის სახელოსნოში. გარეთ ბნელი 90-იანები იდგა. ადამიანები ლობიოს ეზოებში დანთებულ შუაცეცხლზე დიდი ქვაბებით ხარშავდნენ და შემდეგ ერთმანეთს ურიგებდნენ ჯამებით. მაშინ მივხდი, რა იგულისხმებოდა ხოლმე, როცა ლოცვაში ამბობდნენ: “პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ”.

პური ჭირდა. ერთ ლობიანს თეატრალურის ბუფეტში სულ მცირე სამი სტუდენტი ვიყოფდით, თუმცა საზღვარი გვქონდა ბლომად. ერთ-ერთი მთავარი საზღვარი იყო რუსთაველიდან ინსტიტუტში შემავალი დიდი ხის კარი, რომელსაც ლამის საკრალური დანიშნულება ჰქონდა. ითვლებოდა, რომ ამ კარს მიღმა ან სვამდნენ და მღეროდნენ, ან ორღიაში იყვნენ ჩართულები. მახსოვს, როგორი ამაყი ვიყავი, როცა ხის მოაჯირთან მჯდარმა დარაჯმა სახეზე მიცნო და სტუდბილეთის წარდგენა აღარ მთხოვა. უკან კი ბიჭები იდგნენ - ვირტუალურ შეყვარებულებთან უნდოდათ შესვლა და არ უშვებდნენ.

უბნიდან უბანში გადასასვლელ საზღვრებზე აღარაფერს ვამბობ. ეს ფრონტის უსწორმასწორო ხაზის სხვადასხვა მიმართულებით გადაკვეთას ჰგავდა. მეგობრები მასწავლიდნენ, რომელ უბანში რომელი ქურდის სახელი უნდა მეხსენებინა ხოლმე, თუმცა მე ვერაფრით ვიმახსოვრებდი. ამიტომ, თურქეთიდან ჩამოტანილი ტყავის კურტკის გახდას ერთხელ მხოლოდ ჩემმა გულუბრყვილობამ გადამარჩინა. ძმაო, ჩვენს ძმაკაცს უჭირს და უნდა დავეხმაროთო - რომ მითხრეს, უბრალოდ ვერ მივხვდი, რა უნდოდათ, თორემ, ცხადია, გავიხდიდი. ამასობაში კი ადამიანები გამოჩნდნენ და იქაურობას გავერიდე.

ფოთამდე ჩასასვლელად ხომ ნამდვილი სამხედრო საზღვრები უნდა გადამელახა  - თავისი სანგრებით, საბუთების შემოწმებებით, ბარგის გაჩხრეკით. არდადეგებზე ფოთში ყოფნის ყოველი დილა პოლიტიკური კუთვნილების გარკვევით იწყებოდა - ყველაზე უკეთ ინფორმირებულებს ვეკითხებოდით ხოლმე, ვინ გვაკონტროლებდა დღეს - სამხედრო საბჭო თუ ლოთი ქობალიას არმია. ვითარება ხანდახან დღეში რამდენჯერმე იცვლებოდა, ამიტომ სულ ყურადღებით ვიყავით.

მესამე კურსიდან პარლამენტის პრესსამსახურში დავიწყე მუშაობა. იქ სხვა საზღვრები დამხვდა - სხვადასხვა ღირებულების ჰალსტუხები, ავტომანქანები, ადამიანები, კოსტუმები, კარგად გამიჯნული გავლენები სხვადასხვა ბიზნესზე.

მოკლედ, მაშინ ასე დანამდვილებით არ ვიცოდი, მაგრამ მეოცე საუკუნის მიწურულს გერმანიაში სასწავლებლად კი არ წავსულვარ, საზღვრები მომყირჭდა და მათ გავექეცი. ასე დაიწყო ჩემი მეორე ცხოვრება.

ამდენ საზღვარს მიჩვეულისთვის ერთი შეხედვით უსაზღვრობა შოკი ყოფილა. მერე, როცა იქაურობას შევეჩვიე, მივხვდი, რომ ასეთ რამეს ადგილობრივები კულტურულ შოკს ეძახიან. ყველაფერი მაკვირვებდა. სუპერმარკეტებში მყიდველსა და გამყიდველს შორის ფიზიკურად არარსებული საზღვარი; ქვეყნის მასშტაბით ყველა ფიქსირებულ ტელეფონზე დარეკვა ერთი ფასი რომ ღირდა; ქუჩები სავსე რომ იყო ყველა ფერის, ჯურის და წარმომავლობის ადამიანით; ველოსიპედით ყველგან სიარული რომ შეიძლებოდა, თანაც ყველა ასაკის წარმომადგენლისთვის; ყველა სხვადასხვა ენაზე რომ ლაპარაკობდა, მაგრამ ერთმანეთს მაინც ყველაფერს აგებინებდნენ; მატარებელში ბილეთს ადგილები რომ არ ეწერა, თუ შენ საგანგებოდ არ მოითხოვდი; მეგობრის ფართიზე შენი გადასაწყვეტი რომ იყო, ლუდს დალევდი, ღვინოს თუ ჯოინთს მოწევდი; და ყველაზე მთავარი - თუ ორიოდე თავისუფალი დღე და ასიოდე ევრო გქონდა, თავად გადაწყვეტდი, სად გაატარებდი ამ დღეებს - სახლში ტელევიზორთან, მეზობელ შვეიცარულ ბაზელში გადახვიდოდი მეგობარ რიკოსთან თუ, მაგალითად, კანარის კუნძულებზე გაფრინდებოდი. ამიტომ, ყველაზე ძალიან მიყვარდა პარასკევი. ონლაინ-ბანკინგში ჩემ მწირ ბიუჯეტს შევამოწმებდი ხოლმე და მერე იწყებოდა საზღვრებთან შერკინება. თუ შენთვის სულ ერთია, რამდენიმე ათეული ევროს ფასად ტურისტული კომპანიები 2-დღიან პაკეტს თითქმის ყველა მიმართულებით გთავაზობენ. მათ ბოლო წუთამდე დარჩენილი საგზურები უსაღდებათ, შენ კი მორიგ საზღვარს გადალახავ, ან უკვე გადალახულს და მონატრებულს უბრუნდები. რაც უფრო ხშირად სჩადიხარ ამას, მით უფრო რწმუნდები, რომ ყველა ფიზიკური და მენტალური საზღვარი გადასალახად არსებობს.

შესაძლოა, ჩემი მხრიდან დიდი გულუბრყვილობაა, მაგრამ მგონია, რომ ამ ქვეყანას არაფერი ეშველება, სანამ მისი მოქალაქეების დიდი ნაწილი სახელმწიფო საზღვრებს არ გადალახავს. ამიტომ მიხარია ბავშვივით, როცა მესმის, რომ ქვეყანაში Ryanair, Easyjet და Airberlin აპირებს შემოსვლას. ამიტომ ველოდები არანაკლებ ბავშვური გულუბრყვილობით რიგის სამიტსაც. ამიტომ დაველოდები სხვა სამიტებსაც ასეთივე დიდი მოლოდინით, თუ რიგაში უვიზო მიმოსვლის ნება არ დაგვრთეს. ჩვენ უნდა მოგვცენ საზღვრების გადალახვის უფლება. სხვანაირად დიდი უსამართლობა იქნება, რაც არ დაგვიმსახურებია. მათ, ვისაც ჩვენთვის ამ უფლების მოცემა შეუძლიათ, ყველაზე უკეთ ესმით, რომ საზღვრები გადასალახად არსებობს. ისიც კარგად იციან, რომ ამის გარეშე სხვა, მათთვის მნიშვნელოვან საზღვრებსაც ვერ გადავლახავთ, არადა, აუცილებლობაზე თავად გვიჩიჩინებენ.

გვიჩიჩინებენ რა… ისინიც ამ ეპოქის შვილები არიან და ასე ადვილად ვერ თმობენ საზღვრის საკრალურობას, თორემ ხომ დანამდვილებით იციან, რომ ბოლო ჯადოქარი კოცონზე მე-17 საუკუნეში ჩემი უნივერსიტეტიდან რამდენიმე მეტრში დაწვეს. იქ ახლა საღამოობით წვრილად შეკეთებულ ჯოინთიანი გოგონები გიტარაზე “კომენდანტე ჩეგევარას” მღერიან მიამიტური ვნებით. გადაგვალახინეთ საზღვრები და შემდეგ გვესაუბრეთ სამოქალაქო კულტურაზე, იმაზე, რომ სხვის არჩევანს პატივი უნდა ვცეთ, რომ ყველა თანასწორია და ჭეშმარიტება მრავალფეროვნებაშია.

მესმის, თქვენ გარკვეული მსხვერპლიც უნდა გაიღოთ, ცოტათი დისკომფორტიც შეგექმნებათ, მაგრამ ალტერნატივა რომ არ გაქვთ?! რომელი დიდი კედელი გახსოვთ, რომელმაც თქვენი სიმშვიდე შეინარჩუნა და ბოლოს არ დაინგრა? 

გადაგვალახინეთ და თქვენც გადალახავთ. თქვენთან გატარებულმა ჩემი მეორე ცხოვრების წლებმა მაჩვენა, რომ უკვე საკმაოდ დაგიგროვდათ საზღვრები, რომელთა გადალახვაში ჩვენც დაგეხმარებოდით. ყველაფერი არც ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც თქვენი პედანტურად მოწესრიგებული დღის წესრიგიდან ჩანს. მაშ, საზღვარი საზღვრის წილ.

ირაკლი მესამე ცხოვრებიდან.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^