ჩაკეტილი სივრცე ანადგურებს იმედებს, ცვლის ინდივიდებს ჯოგურ წრედ, თუმცა უფრო საშიშს ხდის შემდგომ აჯანყებას. მსგავსი ატმოსფერო ტრიალებს უნგრელი რეჟისორის, ბელა ტარის ფილმში- ვერკმაისტერის ჰარმონია. ცივ სურათში რეჟისორი შხამს უპირისპირებს შხამსაწინააღმდეგოს, როგორც ერთგვარ მეტაფორას ირაციონალური ურჩხულის, სიბრმავისა და უძლურობის გარდამტეხ ძალას. ეს ურჩხული „ბრძენი ინტელიგენციაა“,რომელმაც ბრბოს ფილოსოფია შეისწავლა და მის მართვასა და ფორმირებას მარტივად ახერხებს. ქმნის ჰარმონიული ელიტების სივრცეს, სადაც ყველა ბედნიერია, რეალური ხალხის გარდა. ჯოგურ აზროვნებას კი უპირისპირებს სიშიშვლეს - იარაღს ადამიანის გამოფხიზლების და რეალობის დანახვის, რომელიც განსხვავებულია ბრუტალური ელიტების მიერ შექმნილი რეალობისგან.
1 მაისი მემარცხენეებისთვის საკრალური თარიღია. სიმბოლო შრომითი სამართლიანობისა და მე-19 საუკუნის ამერიკაში მშრომელთა საპროტესტო ტალღას შეწირული ოთხი ანარქისტისა. ჩვენთან კი ეს დღე ხშირად ხდება სპეკულაციების თემა და პირველი მაისის აღნიშვნის საბჭოთა კავშირში დაბრუნების წინაპირობა, რაც სრული აბსურდია და ფაქტების გაყალბება, ისევე როგორც ტელევიზიით გამოსული მემარჯვენე-ლიბერალების მითი იმის შესახებ,რომ სირიაში მომხდარი ქრისტიანთა გენოციდი კომუნიზმის დამსახურებაა.
ჩვენ ჩაკეტილი მემარცხენეობა გვაქვს,მიუხედავად იმისა რომ პროტესტის მნიშვნელობის საზომად სრულიად არ მიმაჩნია ადამიანთა რაოდენობა. ჩაკეტილი და დროსა და სივრცეს მოწყვეტილი იდეოლოგიათა წრე, რომელშიც თითქოს წინასწარაა გადანაწილებული თემები. მაგალითისთვის ლიბერალმა მუდმივად უნდა აკრიტიკოს საპატრიარქო, ულტრა-მემარჯვენემ დაიცვას ბიზნეს-ელიტა, მემარცხენემ - შრომითი უსამართლობა. ფემინისტმა - ქალთა უფლებები და არ ისაუბროს საერთო პრობლემებზე. არ ისაუბროს მამაკაცების პრობლემებზე, თუნდაც სავალდებულო საჯარო სამსახურის ბინძურ სისტემაზე. ეს ყველაფერი კი ერთ ჩახუთულ წრეს ქმნის. მემარცხნეობა იკეტება ქალაქში და რადიკალური ამბოხის ძალა არ შესწევს, იკეტება სარდაფებში და მარქსისა და ლენინს შორის არსებულ მსგავსებებსა და განსხვავებებზე აკეთებს მოხსენებებს. იკეტება კაბინეტებში და სოციალ-დემოკრატების ბელადის მიერ მიცემულ დავალებებს ასრულებს. იკეტება უნივერსიტეტებში და არ სცდება მის არეალს. მნიშვნელოვანია მარქსისტული ლიტერატურის კითხვა და ევროპული სამყაროს მიღწევებზე საუბარიც, თუმცა ჩვენი რეალობიდან ამოსავალ წერტილად ეს არ მიმაჩნია. რადგან ემპათიას არა ამ ყველაფრის შემეცნება, არამედ მწვავე რეალობის დანახვა და არსებული წრის აფეთქება იწვევს. ამ წრეს კი აძლიერებს ფასადური დემოკრატიით შენიღბული სახელმწიფო, რომლის პოლიტიკა ნგრევა და წარსულში დაბრუნებაა. მაშინ, როცა გასულ წელს სამუშაო პირობებს ასამდე ადამიანი შეეწირა (მათ შორის ორმოცზე მეტი დაიღუპა), მაშინ როცა ათასობით ბავშვი და ოჯახი იღუპება და ავადდება შიმშილისგან, მაშინ როცა რკინიგზელები და სხვა მძიმე პირობებში მომუშავე ადამიანები მუდმივად განიცდიან შანტაჟსა და ზეწოლას, მაშინ როცა პოლიკნინიკებში და სკოლის ოთახებში ჩაკეტილი ექიმები და მასწავლებლები დაბალ სოციალურ ფენას წარმოადგენენ, მაშინ როცა კერძო კომპანიებში დასაქმებული მუშები ხშირად ვერ იღებენ კუთვნილ ხელფასს, მაშინ როცა მაღაზიებში და კაფე-რესტორნებში დასაქმებულები შუა საუკუნეების მონებს წარმოადგენენ, ამ დროს სახელმწიფო კერძო კომპანიებს სოლიდარობას უცხადებს და საუბრობს დასაქმებულ მუშებზე, საყდრისის მცველებს დივერსანტებს უწოდებს და სამართალდამცავებს პროცესში ჩაბმისკენ მოუწოდებს. მედია კი დუმს მსგავს თემებზე, სამოქალაქო სექტორი მთავარ მოქალაქესთან ერთად განიხილავს დღის წესრიგს და მის “თამაშის წესებში” იკეტება. ხშირად დუმს საზოგადოება, ვდუმვართ ჩვენ. სოციალურ ქსელში სოლიდარობას ვუცხადებთ სირიელ ბავშვებს და სახელმწიფოს მათ ჩამოყვანას ვთხოვთ, თავშესაფრად საკუთარ ოჯახს ვთავაზობთ. ეს ყველაფერი კი ერთგვარი პოზიორობა და ჭრელი მასკარადია, როცა ეს საზოგადოება ამ პრობლემების მიმართ არაა ერთიანი და ‘ქართულ გენოციდს” არ იმჩნევს.
დახურული სივრცის წრეში იკეტება სამთავრობო სექტორი, თბილისის მერია, სამინისტროები და ამ ყველაფერთან ერთად სტუდენტთა დიდი ნაწილი, რომელთა პროტესტიც დახურულ სივრცეებში კაპიტალიზმისა და ლიბერალიზმის კრიტიკით შემოიფარგლება. არ სცდება ქალაქს, ქალაქში ჩაკეტილი მემარცხენეობა კი აძლიერებს დღევანდელ პოლიტიკურ სისტემასა და ელიტებს. გასული და წლევანდელი წელი შეიძლება მივიჩნიოთ შრომის უფლებებისთვის ბრძოლის ერთგვარ გარდამტეხ მომენტად. ამის მიზეზად კი ძალადობრივი პოლიტიკის წინააღმდეგ გაფიცვის მნიშვნელობა მიმაჩნია. რისი მაგალითიც იყვნენ და არიან რკინიგზელები, კაზრეთელები, ჭიათურელი მაღაროელები,მძღოლები... რაც შეიძლება წინაპირობა იყოს საერთო სოლიდარობის; მიუხედავად პირველი მაისის დემონიზაციისა, პირველი მაისი წელსაც საბრძოლო მუხტს გადასცემს ყველა მშრომელს. ნაწილობრივ კვლავ ჩაიკეტება ერთ სივრცეში, თუმცა ერთობლივი და ინდივიდუალური ძალებით გაარღვევს არსებულ წრეს - მოითხოვს შრომის ინსპექციის შექმნას, მოსთხოვს სახელმწიფოს, გააკონტროლოს მსხვილ საწარმოებში დასაქმებულთა ხელფასები და პირობები, მოხდება ეკოლოგიური პრობლემებისა და მდგრადი განვითარების პოლიტიკის წინა პლანზე წამოწევა.
ჩაკეტილი სივრცე დაინგრევა მაშინ,როცა ამ ჩაკეტულობას ნორმად არ მივიღებთ და მოვახდენთ არა პირველი მაისის, არამედ მმართველი ელიტების ჰარმონიის დემონიზაციას.