მან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღიარა, 10 მილიონიანი "საბჭოთა" ბაზარი შემოგვთავაზა და ევრაზიულ ოჯახშიც გულთბილად მიგვიპატიჟა, რასაც საქართველოს პრეზიდენტის კომპლიმენტები და უხერხული ღიმილი მოჰყვა. ლუკაშენკო-მარგველაშვილის შეხვედრა დაგეგმილზე 45 წუთით მეტს გაგრძელდა. რაზე ისაუბრეს პრეზიდენტებმა პროტოკოლს მიღმა არავინ იცის, თუმცა, ქართულ მხრიდან დიქტატორთან კეკლუცობა აშკარა იყო.
მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის ხელისუფლებას ვარდების რევოლუციის "ექსპორტში" ადანაშაულებდა, პუტინისგან განსხვავებით ლუკაშენკოს არც ბაზარი დაუხურავს ქართული ღვინისა თუ მინერალური წყლისთვის და არც უვიზო რეჟიმი გაუუქმებია ქართველებისთვის. "ევროპის უკანასკნელი დიქტატორი" მოწოდების სიმაღლეზე იდგა 2008 წლის ომის შემდეგაც. საქართველოს სამაგალითოდ დასასჯელად, რუსეთმა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა, თუმცა კრემლის ნომერმა პირველმა მოკავშირემ რუსულ წნეხს გაუძლო და არაღიარების პოლიტიკა აქტიურად შეინარჩუნა.
ამ ყველაფერის შემდეგ, სულაც არა არის გასაკვირი, რომ საქართველოს პრეზიდნეტმა პირდაპირ არ მიახალა კოლეგას - დიქტატორი ხარ და საკუთარ ხალხზე ძალადობო. მეტიც, არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნებისა და ეკონომიკური ინტერესის სანაცვლოდ, საქართველოს ხელისუფლება ვალდებულიც კია ლუკაშენკოს დიქტატორულ რეჟიმთან საჭიროებისამებრ ითანამშრომლოს. ისიც გასათვალიწინებელია, რომ მერკელ-ოლანდთან შეხვედრებისა და უკრაინის კრიზისში დადებითი როლის შემდეგ, ლუკაშენკო ევროპის თვალში არც ისეთი კეთროვანია როგორც ადრე. პუტინის სუპერ-დიქტატორული ტენდენციებისა და უკრაინაში მისი ქმედების გათვალიწინებით კი, ლუკაშენკოს, როგორც "ევროპის უკანასკენლი დიქტატორს", სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა.
ქვეყნის უზენაესი ინტერესებიდან გამომდინარე, დიქტატორულ რეჟიმებთან ურთიერთობა და თანამშრომლობა რომ შესაძლებელი და მისაღებია ამაში ახალი არაფერია. თუმცა ყოველთვის არსებობს ზღვარი, რომელიც დემოკრატიულმა სახელმწიფომ ამ ურთიერთობებში უნდა დაიცვას და საფრთხე, რომ ის რეჟიმის თანამონაწილე არ გახდეს. ლუკაშენკოს მხრიდან "ევრაზიულ ოჯახში" მიპატიჟება სწორედ რეჟიმის თანამონაწილეობის შეთავაზება იყო. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უარის ართქმა კი იმის დასტური, რომ მისთვის ეს ზღვარი არ არსებობს. "საბჭოთა" ოჯახის წევრობაზე ღია და აშკარა უარი, რიგის სამიტამდე რამდენიმე კვირით ადრე იქნებოდა საქართველოს ხელისუფლების ნათელი გზავნილი ბრიუსელისა და მოსკოვისთვის, რომ თბილისისთვის ღირებულებების ხარჯზე კომპრომისი მიუღებელია.
ხელისუფლებისგან განსხვავებით, აბსოლუტურად გაუგებარია თუ რატომ იკეკლუცა დიქტატორთან ოპოზიციამ, არასამთავრობო სექტორმა და მედიამ, რითაც საქართველომ, როგორც დემოკრატიულმა სახელმწიფომ, ხელიდან გაუშვა კიდევ უფრო დიდი შესაძლებლობა დაემტკიცებინა ინსტიტუციური სიახლოვე ევროპასთან. ოპოზიცია ლუკაშენკოს კრიტიკას აშკარად მოერიდა, არც უფლებადამცველებმა შეიწუხეს თავი აქციების მოწყობითა თუ მისი ფიტულის დაწვით და არც მედიას უკითხავს დიქტატორისთვის რატომ სხედან ბელორუსიის ოპოზიციის ლიდერები ციხეში.
როდესაც ხელისუფლებას არ შესწევს ძალა ან მისი ქმედება სახელმწიფო ინტერესებით იზღუდება, ამ დროს უნდა ითამაშოს გადამწყვეტი როლი არასამთავრობო სექტორმა. თავისუფალი მედიისა და უფლებადამცველთა აქტიურობით უნდა ეთქვა საქართველოს, რომ მისი ბუნებრივი ადგილი არა ევრაზიულ კავშირში, რუსეთთან, ბელორუსთან თუ ყაზახეთთან, არამედ თავისუფალ ერთა ევროპულ თანამეგობრობაშია, სადაც სამოქალაქო საზოგადოება აზრის გამოხატვისას სახელმწიფო თუ სამთავრობო ინტერესებით არ ხელმძღანელობს.