Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კვარცხლბეკი

30 აპრილი 2015

მშვენივრად ვიცით, შური რას ჰქვია, რომ მწუხარებას სხვისი სიხარულის გამო, როგორც კათოლიკე ბერმა განმარტა, საქართველოელმა და სულხან–საბამ. შური უნებლიე გრძნობაა. ვიცით ხომ ასევე, თუ რას ვუწოდებთ და როგორია შარი. ‘შარო, საიდან მოდიხარო“ - ასე იტყოდნენ ხოლმე იმის სათქმელად, რომ მხედარი შარი ცხენივით მოაჭენებს ადამიანს, შენზე მოაგდებს და აგიხირებს. კიდევ იმაზე ამბობენ, შარიანიაო, ვინც გაეხვევა ხოლმე ხიფათში ხშირად და უცაბედად, ხან რას აიტეხს და ხან რას მოიწევს. მაგრამ თუ შარმა შურს მიაკითხა, მთელ ბრაზსა და უნებლიობას ტანსაცმელივით ორივე გაიძრობს და მერე მათი ალერსიანი სუნთქვით გადაბმული შარი–შური ისმის.

მეც ასეთი სიტყვები მომწონს, დეფიზის ბალთით შეკრული: ზოგჯერ თითქოს მეტს იტევენ და უფრო ამომწურავად გადმოსცემენ რომელიმე ერთ ცნება–კონცეპტს, რომელსაც ვერცერთ ცალკე სახელს  ვერ შემოაწვდენ, არამედ იარლიყივით თუ მიაკრავ და მოიშორებ. ყველა ასეა, ვისაც რამე აინტერესებს, ესე იგი, გაგება სურს, ზოგჯერ იმდენად, რომ სწყურია. მეცნიერებაც ესაა და ასკეტიზმიც. ხელოვნებაც ესაა და ასკეტიზმიც. „ასკეზა“ კი ნიშნავდა ვარჯიშს, უბრალოდ ვარჯიშს. დროთა და აზრთა განმავლობაში ასკეზა ეწოდა, კერძოდ, თავშეკავობაში ვარჯიშს, ხოლო „ასკეტი“ – თავდავიწყებაში დაოსტატებულს და გაწაფულს ანუ  თავისუფალს. მართლაც, თავისუფალი (თავის–უფალი) ხომ ისაა, ვინც თავის თავის უფალია. ცხადია,  „უფალი“ ნიშნავს არა ღმერთს, არამედ მხოლოდ იმას, რასაც „უფროსი“, როგორც მთავარი და ბატონ–პატრონი.     

რამის გაგება კი უმეტესად გულისხმობს მრავალ მოვლენასა თუ საგანში საერთოს დანახვას. ეს მრავალში საერთო არის ბუნების კანონი ან პრინციპი, რომელსაც მეცნიერი ეძებს მეცნიერული კვლევა–ძიების მეშვეობით. უამრავი კანონია აღმოჩენილიც და აღმოსაჩენიც, მაგრამ ყოველი მათგანი აუცილებლად არის „არაერთის ერთი“. „ეშმაკის ერთიაო“, ხომ გსმენიათ; ესეც თავისებური, ხალხური მეცნიერებაა, რადგან იმას ამბობს ვიღაცაზე, რომ მას და ეშმაკს რაღაც საერთო აქვთ, სახელდობრ, მოტყუების ნიჭი და უნარი. ამიტომ, ამ გამაერთინაებელი კანონების თუ კანონზომიერებების ძიებაში არამარტო მეცნიერი უნდა ბრძანდებოდეს ასკეტურად თავდავიწყებული, არც მეცნიერება უნდა იყოს აულაგმავი.  

მრავალ მოვლენაში ერთი კანონის ძიება საბოლოოდ იქამდე შეიძლება მივიდეს, რომ მიზნად დაისახოს მთელი სამყაროს დაყვანა ერთადერთ უნივერსალურ პრინციპზე, რომელიც მიკრო და მაკრო ფიზიკური სამყაროს, ბიოლოგიისა და გონების საერთო საფუძველი იქნება, როგორც მათი გამაერთიანებელი არსი, რომლიდანაც გამოიყვანება და აიხსნება სამყარო ნებისმიერ მასშტაბში:  ბუნებისა და საზოგადოების ყველა სფერო და შრე, ყოველი ცალკეული საგანი და ფენომენი, რომელიც ოდესმე ყოფილა ან იქნება. მაგრამ ზოგჯერ ისე ახირებულია ადამიანი, რომ უადგილო ადგილზეც კი თანმიდმდევრულად ცდილობს უკიდურესობამდე მისვლას. ცხადია, ესეც თავშეუკავებლობის ბრალია, სიხარბისა და თავისუფლების ნაკლებობის ბრალი.

არა, აქ ის კი არ იგულისხმება, რომ მეცნიერება დაუკრეფავში არ უნდა გადავიდეს, რათა ისეთ რამეში არ  შეიჭრეს, რასაც ტაბუ ადევს და მხოლოდ განდობილებისთვისაა მისაწვდომი და ნებადართული.  ადამიანის გონებას, მეცნიერებას მსგავს შეზღუდვას მხოლოდ იდიოტები და ქართველები უწესებენ. გავიხსენოთ, რომ მეცნიერული პრინციპი თუ კანონი, რამდენად უნივერსალურიც არ უნდა იყოს,  სულ მცირე, ერთ წინადადებას, ერთ ფრაზას მაინც საჭიროებს, რათა არაორაზროვნად და გასაგებად იქნას ჩამოყალიბებული. მაგრამ ერთი მთავარი, უნივერსალური კანონის მაძიებელს ეს ერთი ფრაზაც კი შეიძლება ჭარბად ეჩვენოს და ძიება დაუწყოს ერთადერთ სიტყვას, რომელიც ყველაფერს ახსნის.

ზუსტად ასეთი სიხარბე გამოამჟღავნა მან, ვინც კონფუცის ჰკითხა, თუ რომელია ის ერთი სიტყვა (ანუ ერთი კონცეპტი) რომელიც მთელი საზოგადოების და მასში ცხოვრების პრინციპს წარმოადგენს. გადმოცემის თანახმად კონფუციმ დაუსახელა – მაგიერება! ამ გზით ჩინელმა მეცნიერმა არამარტო თავისთავად საინტერესო და ინტუიციურად გასაგები ჰიპოთეზა გამოთქვა საზოგადოების ძირითადი მექანიზმის თაობაზე, ეს ერთსიტყვიანი პასუხი მომხიბლავია ლოგიკის თვალსაზრისითაც. მომხიბლავია არამარტო იმით, რომ ზღვარგადასულ შემეცნებით სიხარბეს კონფუციმ უკიდურესად ლაპიდარული, ასკეტური, მაქსიმალურად ყაირათიანი პასუხი გასცა – ერთსიტყვიანი პასუხი: არამედ თავად ეს პასუხი წარმოადგინა, როგორც ჰიპოთეზის დამადასტურებელი ერთი კერძო მაგალითი, კონკრეტული შემხთვევა, რადგან უზომო სიხარბეს სწორედ რომ სამაგიერო მიუგო უკიდურესი, ერთსიტყვიანი, მომჭირნეობით.

ვინმე ჩემსავით გაუმაძღარს რომ ეკითხა ჩემთვის, თუ რომელია ის ერთი სიტყვა–კონცეპტი, რომელიც არამარტო საზოგადოების, არამედ მასთან ერთად მთელი სამყაროს, მთელი არაცოცხალი და ცოცხალი ბუნების საფუძველში დევს, როგორც ყველაფრის არსებობისა და ახსნის მთავარი პრინციპი,  კვარცხლბეკი, ვუპასუხებდი: მასშტაბი ანუ, ქართულად, სიგრძე–სიგანე!

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^