1.
მეორე მხრივ, ქებას იმსახურებს სტუდენტთა თვითორგანიზების ქსელი. მათ მიერ დაგეგმილი ფორუმი შრომისა და შრომითი ურთიერთობების შესახებ მემარცხენე სტრატეგიების გადახალისებას აანონსებს. საპირველმაისო მსვლელობასთან ერთად, სხვადასხვა პოლიტიკური დღის წესრიგის მქონე ჯგუფი უნივერსიტეტის დიდ აუდიტორიაში ეძებს ახალ ტაქტიკებს, კონფლიქტურ ალტერნატივებს, განავრცობს სააზროვნო და საბრძოლო ველებს, ერთმანეთს უცვლის ცოდნასა და ცრურწმენას. 2015 წლის მაისი იმედების ჩასახვის თვეა.
2.
ეს ძველი სიმღერიდან არის: მემარცხენე ჯგუფები განსაკუთრებით აღფრთოვანებული სწრაფი რევოლუციის სურათებით არიან. რევოლუცია, რომელიც ბალახივით გაჭრის და ამოხევს ასფალტს. ახალგაზრდა აქტივისტების ნაწილი სიტყვით გამოსვლისას ავლენს მსგავს მიდრეკილებებს. მრავალათასიანი დემონსტრაცია: მანქანებს ვაყირავებთ, ცეცხლის კოქტეილებს ვისვრით, სიმღერ-სიმღერით, ხელგადახვეული მივუყვებით რუსთაველის გამზირს, ოპერის შენობიდან მეცოსოპრანოთა ნაკრები გამოდის, ქაშუეთიდან ჭინჭრების თაიგულებით გვიერთდება გაბრაზებული მრევლი, ზარას მაღაზიას ტოვებენ უკმაყოფილო გაყიდვებისა და დასუფთავების მენეჯერები: ჩვენ ვიმარჯვებთ. რა ხდება რევოლუციის მეორე დღეს?
3.
სხვა სიტყვებით, მემარცხენე აქტივისტები საქართველოში გულგრილი არიან კონკრეტული პრობლემების მიმართ. დიადი მოვლენებით აღტაცება გვთენთავს, ადგილს არ ტოვებს, მაგალითად, ვიმსჯელოთ, როგორ მივცეთ ჰეპატიტით დაავადებულ პაციენტს სოფოსბუვირი. მემარცხენე ჯგუფებს ფოლადის ერექცია მხოლოდ მორიგი მუშის დაღუპვის დროს ეწვევათ. ისე მოხდა, რომ მემარცხენე აზრი საქართველოში მუშათა სიკვდილის შედეგად მოგვრილ მელანქოლიად განიმარტა. მემარცხენე ჯგუფებმა მთლიანად დაუთმეს ლიბერალურ, დეპოლიტიზებულ აქტივიზმს, მაგალითად, ისინი, ვინც უმცირესობებად მოვნიშნეთ თავიანთ ყოველდღიურ ჩაგვრასა და შეურაცხყოფაში. აქედან: დაღატაკდა თავად მემარცხენე ჯგუფები და დაღატაკდა მათი უკმაყოფილების შინაარსი, ვინც ლიბერალური აქტივიზმის იმედად დარჩა.
4.
მემარცხენე აქტივობების მონაწილენი ერთმანეთს ზურგიდან ცნობენ. ისინი მეგობრები და შეყვარებულები არიან; არაყს ერთი ჭიქიდან სვამენ; ერთ ხუმრობაზე იცინიან. პირში დამპლის გემოს იგრძნობ, როდესაც პირველი მაისის აქციაზე მისვლისას ყველას გადაკოცნი და შენს ადგილს დაიკავებ. ლუკა რატომ არ მოვიდა? გადავთვალეთ - ერთი კაცი გვაკლია. მოვინიშნოთ: საქართველოში ერთადერთი გამარჯვებული ჯგუფი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაა. ის თავის ძალაუფლებას კვლავწარმოებს არა მხოლოდ საკრალურის თამაშობით, ფულით, მედია და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურით, არამედ ადამიანთა ფიზიკური მიერთებით. ჩვენს ქალაქებში თითოეული მომცრო ეკლესიის გაჩენა ნიშნავს ერთ ახალ მღვდელს, ორ-სამ ახალ დიაკვანს, ხუთ-ექვს ახალ მორჩილს, ათეულობით უბნის ბიჭს ფერად-ფერადი სტიქარებით. (თუ კარგად გავქექავთ საძინებლის კარადებს, აღმოვაჩენთ, რომ თითო სტიქარი ჩვენც გვიდევს, არ კი გვაცვია.)
5.
ამის საპირისპიროდ, მემარცხენე ჯგუფები თავიანთ იდენტობას არა მარტო ერთმანეთისგან განსხვავებებზე აგებენ, არამედ განსხვავებულთა ეგზორციზმსაც მიმართავენ. მემარცხენეობაში უწყინარი შეჯიბრი არასდროს მთავრდება და გთავაზობთ, დასრულდეს დამოუკიდებელი ჟიურის მიერ წლის მემარცხენის გამოვლენით - ყოველწლიურად. რისი თქმა მინდა: მემარცხენე ჯგუფებმა უნდა შეძლონ, გაარღვიონ დახურული წრე და გაფართოვდნენ. საჭირო არ არის გაერთიანება, განსხვავებათა ამოჭრა; არავის სჯერა, რომ საჯარო სივრცეში კონსენსუსი შესაძლებელია; არავინ გვიშლის, ასეთი გაფართოვებისას გვქონდეს წითელი ხაზები.
6.
მემარცხენეების ერთი ჩვევა: ყველგან ფაშიზმს ხედავენ. რა ფაშიზმია! - კეფიდან ბრაზდება. მართალიც არის: ჩვენ ყველგან ვაწყდებით ფაშიზმებს. პროფკავშირებთან მისულები აღმოვაჩენთ, რომ გაბრაზებული მუშა გეების ყელის გამოჭრით იმუქრება; მწვანე აქციაზე მყოფები ვუსმენთ, როგორ ქირქილებს აქტივისტი იპოთეკით დაზარალებულზე, კარგად უნდა წაეკითხა, ხელს რას აწერდაო. რა ვაკეთოთ? ვითანამშრომლოთ ამ ჯგუფებთან? მოცემული პირობები საკმარისი არ არის ამ ამოცანის ამოსახსნელად, მაგრამ ერთი ზოგადი დებულება: ფაშიზმთან შეხვედრამ არ უნდა შეგვაშინოს; ხანდახან ის, რაც მარადიული ფაშიზმი გვგონია, აღმოჩნდება დროებითი ფაშიზმი, რომელსაც აზროვნების აქტები დევნის.
7.
გავაგრძელოთ ფიქრი, როგორ ვორგანიზდეთ უკეთესად. ხომ არ გადავნაწილდეთ პროპაგანდის, კვლევის, აქტივიზმის ჯგუფებში? ხომ არ დავიჯეროთ, რომ რევოლუცია უკვე მოხდა და კონკრეტულ საკითხებზე ვიმუშავოთ? ნუ ბრაზობ, მხოლოდ კითხვებს ვსვამ. სიამაყე, რომ ფული არ გვაინტერესებს, რომ ყველაფერს მოხალისეობრივად ვგეგმავთ, თინეიჯერის რომანტიკაა. ასეთი დამოკიდებულება ამბობს: ჩემი მემარცხენეობა ჩემი წმინდა ჰობია.
8.
ვაკო ნაცვლიშვილს დაესიზმრა,
რომ ხან მარქსი იყო, ხან ლენინი და ხანაც ტროცკი.
მას ვერ გაეგო, რატომ უნდა ეგრძნო თავი სხვაგვარად და
არა ისე, როგორც ეს სამი გრძნობს თავს.
აქედან: მისი თვითკმაყოფილება.