Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პლაცებომ რა ჰქმნა

25 მაისი 2015

პატარა რომ ვიყავი, გეებზე, ბისექსუალებზე და ლესბოსელებზე (სიტყვა - ტრანსგენდერი - იმ დროს საერთოდ არსად ფიგურირებდა) ჩემ გარშემო მხოლოდ ჩურჩულით ან ხმამაღალი გინებით საუბრობდნენ ხოლმე. ამიტომ, როდესაც 16-17 წლის ასაკს მივაღწიე და გავაცნობიერე, რომ ჩემი საუკეთესო მეგობარი მიყვარდა, და არავითარი შელამაზება და თავის მართლება ამ ფაქტს არ შეცვლიდა, თავზარი დამეცა. ახლაც მახსოვს, სარკეში შეშინებული თვალებით როგორ ვუყურებდი საკუთარ თავს. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ყველას ვუღალატე, ვისაც კი რაიმე კარგი გაუკეთებია ჩემთვის... რაც მთავარია, „ვუღალატე“ საკუთარ თავს. ჩემს გონებაში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ჩემივე მომავალი, ხოლო ჩემი ბედნიერების პერსპექტივები საგრძნობლად შეიზღუდა. მეგონა, რომ ერთადერთი გზა იყო დარჩენილი - მალვა და „გამოსავლის“ ჩუმი ძიება. ის, რაც მაშინ „გამოსავალი“ მეგონა (ჰომოსექსუალობის წარმოშობისა და „მკურნალობის“ შესახებ თეორიებში ქექვა), არც მეტი არც ნაკლები, საკუთარ თავზე უწყვეტი ფსიქოლოგიური ძალადობა იყო, რომელმაც საბედნიეროდ მაინც ვერ გამტეხა.

ამ შინაგან ბრძოლას დიდწილად ის უწყობდა ხელს, რომ ეს წლები სრულიად იზოლირებულმა გავატარე. ინტერნეტმა კი მომისწრო,  მაგრამ ლგბტ ორგანიზაციები მაშინ აქ არ არსებობდა, ისევე როგორც ქართულენოვანი საინფორმაციო რესურსები. ის მეგობრები, ვისაც, ვითომ სხვათა შორის ვეკითხებოდი ხოლმე აზრს ჰომოსექსუალობაზე, თითქმის ერთნაირად უარყოფით პასუხებს მაგებებდნენ. ამიტომაც ვინმესთვის ჩემი განცდების მოყოლა გამორიცხული იყო. ვიჯექი ასე რადიოსთან და  ველოდებოდი, სკოლიდან როდის გავაღწევდი და დიდ სამყაროში თავისუფალ ცხოვრებას დავიწყებდი... იქნებ საზღვარგარეთაც წავსულიყავი და მერე იქ... ამ დროს რომ მცოდნოდა, რომ ბილი მაიერსი, რომლის Kiss the Rain მარტო მე კი არა, მთელ თბილისს ჰქონდა ამოჩემებული, ბისექსუალი იყო, ალბათ უფრო კარგად ვიგრძნობდი თავს და იმასაც ვიტყოდი (თუნდაც არ ყოფილიყო ბოლომდე მართალი) - აი, თურმე რატომ არის ეს სიმღერა ჩემთვის ასე „მშობლიური“. თავს ნაკლებად მარტოდ ვიგრძნობდი.

ბევრ ჩვენგანს აქვს მსგავსი გამოცდილება. თვითგამორკვევის პროცესში ბევრი ისეთი შეკითხვა ჩნდება, რომელიც გვიბიძგებს მეტი გავიგოთ „ჩვენნაირებზე“, მეტად დავუახლოვდეთ მათ. მარტივად რომ ავხსნა, იზოლაციაში მოქცეულ გეი, ლესბოსელ, ბისექსუალ ან ტრანსეგნდერ მოზარდს, როგორც წესი, ის აინტერესებს, რაც მას მიახვედრებს, რომ „უცხოპლანეტელი“ არაა და, რომ არსებობენ ადამიანები, ვისაც მსგავსი გამოცდილება აქვთ. ჩემ გარშემო ბევრი ადამიანისთვის ამის გააზრების საფუძველი არა ბინარული იდენტობების და იარლიყების უკუგდება გამხდარა, არამედ ძალიან მარტივად, გეი/ლესბი/ბი/ტრანსი მასწავლებელი, მეგობარი ან თუნდაც მსახიობი და მუსიკოსი. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ჩვენ თვალყურს ვადევნებთ წარმატებულ მომღერლებს, მწერლებს, მხატვრებს, ათლეტებს, პოლიტიკოსებს, გამომგონებლებს, მეცნიერებს, ბიზნესმენებს, და ველოდებით, როდის გამოვა რომელიმე მათგანი და იტყვის: „მე გეი, ლესბი, ბი, ტრანსი, ქუიარი ვარ“. რაც არ უნდა გულუბრყვილოდ ჟღერდეს, მსგავსი დადებითი მაგალითები ბევრი ჩვენგანის იდენტობებსა და გამოცდილებებს თითქოს უფრო ვალიდურს ხდის, თვითშეფასებას გვიმაღლებს, გვიჩვენებს, რომ არაჰეტერონორმატიული იდენტობები ბედნიერებასა და წარმატებასთან შეუთავსებელი სულაც არ არის.

ეგრეთ წოდებული, role model-ს (მისაბაძი მაგალითები) მნიშვნელობა მაშინ დავინახე, როდესაც მივხვდი, რამდენად გარდაქმნა ლესბოსელებისადმი საზოგადოების (და, ალბათ, ბევრი ლესბოსელის საკუთარი თავისადმი) დამოკიდებულება ამერიკელი მსახიობის ელენ დეჯენერესის ქამინგაუთმა. მას შემდეგ თითქმის ოცი წელი გავიდა და დღეს, ლგბტქ სპექტრზე მყოფი ვარსკვლავები უკვე აღარ წარმოადგენენ „გამონაკლისს, რომელიც წესს ამყარებს“. ამ ადამიანების უმეტესობამ გაიაზრა, რომ ქამინგაუთი სტრატეგიული იარაღია, რომლის გამოყენებაც არა მხოლოდ შესაძლებელია, არამედ საჭიროც არის  საზოგადოებაში აზრის შესაცვლელად და დისკრიმინაციის წინააღმდეგ სამუშაოდ. საქართველოში ეს ჯერ არ გაუაზრებიათ. ამიტომაა, რომ ქართველი ახალგაზრდა (და არა მარტო) ლგბტქ ადამიანები უცხოელი role model-ების ამარა ვართ დარჩენილი.

ივლისში საქართველოში Placebo ჩამოდის. ჯგუფის „ღიად გეი ბენდად“ დასახელებამ სოციალურ ქსელში ცხარე კამათი გამოიწვია და აღმოჩნდა, რომ სექსუალობაზე ღიად საუბარი არა მხოლოდ საზოგადოების იმ სეგმენტისთვის არის მიუღებელი, რომელიც 17 მაისისთვის ტაბურეტებით ემზადება, არამედ მათთვისაც, ვინც ხშირ შემთხვევაში ჩვენი მოკავშირეა, მხარს გვიჭერს და თავადაც შეიძლება ლგბტქ სპექტრზე იყოს. ასეთი გაღიზიანების მიზეზს ბოლომდე ვერ ჩავწვდი, მაგრამ ჩემთვის ერთი რამ ცხადია:  კამათის მოცემული ფორმა ფუჭია. ჩვენ არ ვუსმენთ ერთმანეთს, არ ვიჩენთ ღიაობას ერთმანეთის გამოცდილების მიმართ, არ ვინტერესდებით, რა დგას გამოთქმული აზრის მიღმა.

ფაქტი კი ჯიუტია: Placebo-ს გინდათ „ღიად გეი“ ბენდი დაუძახეთ, გინდათ ბენდი, რომელიც „ღიად გეი“ წევრებისგან შედგება, გინდათ საერთოდ არაფერი დაუძახოთ. არცერთი ვარიანტი მოცემულობას არ შეცვლის. არ შეცვლის ჯგუფის წევრების ორიენტაციასა და გენდერულ იდენტობებს, არ შეცვლის მათ პოლიტიკურ შეხედულებებს ლგბტქ უფლებებზე, არ შეცვლის მათი მუსიკის ხარისხს, მის სუბვერსიულობასა და კავშირს ქუიარ იდენტობებთან. Open Air-ზე Placebo-ს თითოეული ფანი იმას დაინახავს და მოისმენს, რაც სურს და სჭირდება. მეც მოვისმენ და გამახსენდება, დიდი ხნის წინ, როგორ ვკოცნიდი ჩემს პირველ შეყვარებულს Burger Queen-ის ფონზე (იმიტომ რომ მეც - „came to this world by caesarean section” და თან როგორი დეპრესიულად რომანტიკული ინსტრუმენტალი აქვს ამ სიმღერას). ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ქუიარ ჯგუფის ქუიარ სიმღერა ჩემს პირველ შემდგარ ურთიერთობას უკავშირდება.

მოკლედ, ჯგუფის „გეობა-არაგეობაზე“ ატეხილი ამბავი არ შეცვლის იმას, რომ ბევრი ლგბტქ ადამიანისათვის Placebo-ს აქ ჩამოსვლა, მათი მუსიკის გარდა, იმიტომაც არის სასიხარულო, რომ ბრაიან მოლკოს ნათქვამი აქვს ბისექსუალი ვარო, ხოლო ჯგუფის ბასისტი სტეფან ოლსდალი - ღიად გეი გახლავთ. ამ ადამიანების სიხარული არანაკლებ რეალური და მნიშვნელოვანია, ვიდრე მათი, ვისაც არც Placebo-ს წევრების და არც რომელიმე სხვა მუსიკოსის სექსუალური ორიენტაცია არაფერში არ აინტერესებს და მხოლოდ კარგი მუსიკის მოსასმენად ყიდულობს ფესტივალის ბილეთს.  

ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ ქუიარ იდენტობებზე, ორობითი გენდერული სისტემის რღვევაზე, თუმცა თითქმის არასოდეს ვუღრმავდებით საკუთარ რეალობას. საქართველოში ჩვენ (და ისიც ყველას არა) გვაქვს ინფორმაცია. ბევრი ინფორმაცია. ჩვენ ვკითხულობთ წიგნებს, ვუყურებთ ფილმებს, ვისმენთ რადიოგადაცემებს მსოფლიოში ფემინისტური, ლგბტ, ქუიარ და სხვა მოძრაობების და თეორიების განვითარების შესახებ და გვავიწყდება, რომ გამოცდილება, რომელიც ამ ინფორმაციის მიღმა დგას, ხშირ შემთხვევაში, ჩვენი არ არის - სხვისია. შეუძლებელია იდენტობის პოლიტიკა და ქუიართეორია ისევე დავუპირისპიროთ ერთმანეთს საქართველოში, როგორც სან ფრანცისკოში ან სტოკჰოლმში.  შეუძლებელია უარვყოთ, იმ ადამიანების ნამდვილი გამოცდილება, რომლებისთვისაც თუნდაც Placebo-ს წევრების სექსუალობაზე ხაზგასმა შესაძლოა წელში გასწორებისაკენ მნიშვნელოვანი ბიძგი აღმოჩნდეს. ამ ადამიანებმა იქნებ მარტო იმიტომ გადაწყვიტონ ფესტივალზე წასვლა, რომ იგრძნონ, როგორია, როდესაც სცენაზე შენ წინ ანდროგინული, ღიად გეი და ბი მუსიკოსები უკრავენ და შენც თითქოს მათთან ერთად ხარ თავისუფალი და საკუთარ თავს ზეიმობ „აქ და ახლა“.

საქართველოში, შეზღუდულია ის სივრცეები, სადაც ადამიანებს, რომლებიც თავს ლგბტქ სპექტრზე (თუნდაც დროებით) მოიაზრებენ, შეუძლიათ ერთმანეთს შეხვდენენ და გამოცდილება გაუზიარონ. ამ პირობებში კიდევ უფრო მწარე მოსასმენი ხდება „სეპარატიზმის“, საზოგადოებისგან „საკუთარი ხელით“ გამოყოფის ბრალდებები. ასეთი ბრალდებები ჩაგრული ჯგუფის ემანსიპაციის გზაზე მაღალ ღობედ აღიმართება ხოლმე და ჩვენს იზოლირებას და დასუსტებას უწყობს ხელს. ამის გამო კიდევ უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია ხოლმე პოლიტიკურად სექსუალობაზე ხაზგასმა და მასზე ღიად და ხმამაღლა საუბარი.

ბუნებრივია, არ არსებობს (და ვერც იარსებებს) ზუსტი ფორმულა იმისა, თუ როგორ უნდა შევცვალოთ უკეთესობისკენ საქართველოში მცხოვრებმა ლგბტქ ადამიანებმა ჩვენი მდგომარეობა. თუმცა ის, რაც მე საწყის ეტაპზე მეჩვენება საჭიროდ არის რაღაცის საფუძველზე გაერთიანება და საუბარი. საუბარი თუნდაც იმ ჩარჩოებზე, რომლის ფარგლებშიც ვერთიანდებით და თუნდაც იმაზე, თუ რატომ უკუვაგდებთ ამ ჩარჩოებს. შეუწყნარებლობის მაღალი მაჩვენებლის ფონზე მსგავსი (როგორც გვეჩვენება ხოლმე) იდენტობების საფუძველზე გაერთიანება, დანაწევრებულ და არათანაბარ პირობებში მყოფი ადამიანების ჯგუფისთვის საქართველოშიც ერთ-ერთი ყველაზე ადვილი და „თავისთავად ცხადი“ გზა აღმოჩნდა (თუნდაც არა ყველაზე ეფექტური). ეს პროცესი ახალი და ცოცხალია. ჩვენ შეგვიძლია დისკუსია ისე წარვმართოთ, რომ იდენტობების მკაცრად გავლებული საზღვრების ტყვეობაში არ აღმოვჩნდეთ. თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს საზღვრები მაშინაც მკაცრდება, როდესაც ერთმანეთს თავს ვესხმით და ერთმანეთის გამოცდილებას არაფრად ვაგდებთ.

აქვე დაგიტოვებთ რამდენიმე ღიად ლესბოსელი, ბი, და ქუიარ შემსრულებლის შესახებ ინფორმაციას (აღსანიშნავია, რომ მეინსტრიმულ მუსიკაში ძალიან გვაკლია ტრანსგენდერი ქალები):

Alison Goldfrapp – 2010 წელს განაცხადა, რომ ქალი პარტნიორი ჰყავს, მაგრამ საკუთარ თავს ლესბოსელად არ მიიჩნევს. ის ამბობს, რომ მისთვის ადამიანია მნიშვნელოვანი და არა მისი გენდერი. 2013 წელს გამოსულ ალბომში The Tales of Us უხვად მოისმენთ ქუიარ სიმღერებს.

Billie Myers – 2009 წელს გააკეთა ქამინგაუთი, როგორც ბისექსუალმა.

Skin – Skunk Anansie-ს ყოფილმა ვოკალისტმა, 2009 წელს გააკეთა ქამინგაუთი, როგორც ბისექსუალმა.

KD Lang – 1992 წელს გააკეთა ქამინგაუთი, როგორც ლესბოსელმა.

Melissa Etheridge – 1993 წელს გააკეთა ქამინგაუთი, როგორც ლესბოსელმა.

Fergie – The Black Eyed Peas სოლისტმა 2009 წელს გააკეთა ქამინგაუთი და თქვა, რომ ბისექსუალია.

Sinead O’Connor - არაერთი ქამინგაუთი აქვს გაკეთებული: 2000 წელს განაცხადა, რომ ლესბოსელია, 2003 წელს დაამატა, „მაშინ ზედმეტი მომივიდა“, არავითარ „ჩარჩოში“ საკუთარ თავს არ ვაქცევო, ხოლო 2005 წელს დააზუსტა: სამი მეოთხედი ჰეტერო ვარ და ერთი მეოთხედი ლესბოსელი, კაცები უფრო მიზიდავენო.

Debbie Harry (Blondie) – 2014 წელს გააკეთა ქამინგაუთი, როგორც ბისექსუალმა.

Brandi Carlile - თანამედროვე ქანთრი მუსიკოსი, რომელმაც 2002 წელს გააკეთა ქამინგაუთი და თქვა, რომ ლესბოსელია.

Amanda Palmer – Dresden Dolls-ის ვოკალისტი 2007 წელს აკეთებს ქამინგაუთს და ამბობს: „როგორც ჩანს ბისექსუალი ვარ. ამაზე ბევრი არ მიფიქრია, მაგრამ არც იმის საწინააღმდეგო მაქვს რამე, რომ ცხოვრების გასამარტივებლად ტერმინები გამოვიყენოთ“.

Lady Gaga – 2008 წელს გააკეთა ქამინგაუთი, როგორც ბისექსუალმა.

Linda Perry – 4 Non Blondes-ის ყოფილმა ვოკალისტმა 1994 წელს Billboard-ის დაჯილდოების ცერემონიაზე გამოსვლისას გიტარაზე სიტყვა “dyke” წაიწერა და ამგვარად გააკეთა ქამინგაუთი.

Chavela Vargas - მექსიკელმა მომღერალმა 81 წლის ასაკში გააკეთა ქამინგაუთი, როგორც ლესბოსელმა.

Lesley Gore – ფემინისტური სიმღერის You Don’t Own Me შემსრულებელმა 2005 წელს გააკეთა ქამინგაუთი, როგორც ლესბოსელმა.

Tegan and Sara - ღიად გეი კანადელი ტყუპების დუეტი. ქამინგაუთი საკუთარი მუსიკალური კარიერის ადრეულ ეტაპზე გააკეთეს.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^