Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მონოპოლიის მოკრძალებული ხიბლი

25 მაისი 2015

ნორმალურ   სახელმწიფოში  საბაზრო  მონოპოლიის დროს კაპიტალიზმმა სტაგნაცია უნდა დაიწყოს. ჩვენს შემთხვევაში კი  მონოპოლისტები მინიმალური რესურსით ახერხებენ დიდი შემოსავლის მიღებას და მომხმარებლის შენარჩუნებას. ამ შემთხვევაში საუბარია თბილისში არსებულ  ორ კინოთეატრზე, რომელიც ერთ წრეს კრავს და მაქსიმალურად ცდილობს ბაზარზე პოზიციის გამყარებას.

უშუალოდ თემის განხილვამდე ვახსენოთ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც ბოლო 15 წელია განმავლობაში ტარდება. „რუსთაველისა“ და  „ამირანის“ დიდ ეკრანებზე ერთი კვირის განმავლობაში არაერთი ქვეყნის რეჟისორის სურათები იშლება. ასევე ტარდება სხვადასხვა ტიპის მასტერკლასები.  გასული წლის დეკემბერში  ფესტივალს საკმაოდ ბევრი კინომანი ესტუმრა. ინტერესი გასულ წლებთან შედარებით დიდი იყო. პროექტის მიზანიც, იდეაში, სწორედ რომ საზოგადოებაში კინოს მიმართ ინტერესის გაღვივებაა. პირველ რიგში კი, ახალგაზრდებისთვის, რომლებიც კინოხელოვნების კუთხით მოკლებული არიან ყოველდღიურ შემეცნებით და ინტელექტუალურ სივრცეს, რასაც დღევანდელი  კინოკორიფეები ვერ ახერხებენ. ყოველთვიური პროგრამაც კომერციულ ჭრილში იკეტება და ხშირად ბლოკბასტერებსა და თანამედროვე მელოდრამებს ვერ სცდება.  შარშანდელმა ფესტივალმა გახსნისთანავე კომიკურობა შეიძინა. შესასვლელთან  მოსწავლეები და სტუდენტები ვიდექით და ვუყურებდით, როგორ შედიოდნენ მოსაწვევებით ელიტარული წრის წარმომადგენლები, მათი ცოლები და შვილები. ნამდვილი სინეფილები გარეთ იდგნენ და ფიქრობდნენ შესვლის ალტერნატიულ გზებზე - „შევალთ და ფეხზე დავდგებით“. პასუხი იყო - “ჯერ მოსაწვევებიანები უნდა შევიდნენ, მერე ვნახოთ“. არ მახსოვს შემდგომ როგორ მოვხვდი შიგნით და კიბეზე ჩამომჯდარ მეგობრებთან ერთად გახსნით ფილმს ვუყურე. ელიტების ტაში არ შემწყდარა, თუმცა დარბაზიდან გამოსულებმა დავასკვენით, რომ შეუძლებელი იყო მაჰმალ-ბაფის „პრეზიდენტზე“ საშინელი ფილმი სხვაც გვენახა ამ ფესტივალზე. ასევე  მახსენდება - ერთ საღამოს სეანსის  ბილეთები გაყიდული იყო და ერთ-ერთი კინომანის თხოვნა-მუდარის შემგომ საქმეში კინოთეატრის დაცვის წევრი ჩაერთო დრინით ხელში და რომ არა ერთი ქართველი მსახიობი, აღნიშნული კონფლიქტი მშვიდად ვერ მოგვარდებოდა. აღნიშნულ თემებზე პასუხისმგებლობა როგორც კინოთეატრს, ასევე  ფესტივალის ორგანიზატორებს ეკისრებათ.

ახლა გადავიდეთ უშუალოდ საკითხზე. „რუსთაველი“-„ამირანის“ კინოთეატრები ქართული მონოპოლიის  დიდებული ნიმუშები არიან.  პირველ რიგში, აღსანიშნავია ბილეთების ფასი, რომელიც ჩვეულებრივ 9-12 ლარს შორის მერყეობს. ეს კი ჩვენი დღევანდელი სოციალური ფონის გათვალისწინებით საკმაოდ დიდი თანხაა. ამას ემატება ისიც, რომ  აღნიშნულ კინოთეატრებს ძირითადად ახალგაზრდები (სტუდენტები) სტუმრობენ. აქვე უნდა ვახსენოთ სტუდენტებისთვის განკუთვნილი შეღავათი (ბილეთი 5 ლარად), რომელიც  რამდენიმე თვის წინ ფაქტობრივად გაუქმდა. აღნიშნული ფასდაკლება სტუდენტებისთვის ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (შაბათ-კვირის გამოკლებით) დღის  სეანსიდან 5 საათამდე მოქმედებს. აღნიშნული დროის მონაკვეთში სტუდენტები უნივერსიტეტში არიან. მონოპოლისტის ეს  გაუმაძღარი სვლა მათთვის მომგებიანი აღმოჩნდა. იმის ნაცვლად, რომ  სტუდენტებს ერთობლივი პროტესტი გამოეთქვათ ან უბრალო მარტივი ობსტრუქცია მოეწყოთ კინოთეატრების მიმართ, კინოთეატრებს მაყურებლის ეს სეგმენტი დღემდე არ აკლიათ. არსებული ობსტრუქცია კი მარტივი ფორმით შეიძლებოდა  განხორციელებულიყო - უბრალოდ კინოთეატრებში არმისვლით და აღნიშნული მონოპოლისტის მაქსიმალური კრიტიკით.

ახლა გადავიდეთ კინოთეატრებში არსებული პროდუქტის ხარისხზე. უკვე აღვნიშნეთ, როგორ პროდუქტს ანიჭებს უპირატესობას კინოთეატრი, რის გამოც უამრავი მაღალი ხარისხის სურათი დიდ ეკრანს მიღმა რჩება. რაც შეეხება აღნიშნული ფილმების გახმოვანებას - ფილმები გადის ინგლისურ და რუსულ ენაზე და არ არსებობს ქართულად გახმოვანების პერსპექტივა (რაც დამატებით ხარჯებს მოითხოვს, რისი გაცემაც მონოპოლისტებს არ სურთ), მაშინ როცა ბევრ საშუალოდ განვითარებულ ქვეყანაში არსებობს ამ  ალტერნატიული გახმოვანების მაგალითები. ჩვენთან კი ამ თემას მარტივად აგვარებენ - ამბობენ, რომ უბრალოდ არ არსებობს ქართულად, პროფესიონალურ დონეზე გახმოვანების რესურსი. რაც უბრალოდ მწარე ტყუილია. ნორმალური ანაზღაურების პირობებში აღნიშნულ საქმეში სტუდენტების ნაწილიც ჩაერთვებოდა. ამის ფონზე კი  დასაქმების საიტებზე ვხვდებით განცხადებას, სადაც ვკითხულობთ რომ  ერთი ფილმის თარგმნაზე კერძო ორგანიზაცია ორმოცდაათ ლარს იხდის. ეს  კი დაახლოებით იგივეა რეჟისორს ფილმის გადაღება შესთავაზო კამერის გარეშე. რაც შეეხება მონოპოლისტებს, არ მახსენდება ფილმის თარგმნასა და გახმოვანებაზე მათ როდესმე რაიმე ინიციატივა გამოეთქვათ.

შეიძლება ითქვას მონოპოლისტები დღემდე ბოლომდე აღწევენ მიზანს და მეტ-ნაკლებად თანაბარსუბიექტიანი  ეკონომიკის პერსპექტივაც ძალიან  შორს ჩანს. ამ ყველაფერს კი ამძაფრებს დღევანდელი სახელმწიფო, რომელიც სწორედ მონოპოლიაზე, ოლიგოპოლიასა და ოლიგარქიაზე დგას, სადაც  ხალხი და მათი სურვილები დღის წესრიგში არ დგას და ძალაუფლება კერძო ელიტებს ეკუთვნის.

ეს ძალაუფლება კი მალე ხალხის ხელში აღმოჩნდება და ლიბერალური ეტიკეტით შენიღბულ დემოკრატიასა  და დემოკრატებს  საკადრის პასუხს გასცემს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^