თეოლოგი ჯეიმს ალისონი ერთგან საუბრობს (James Alison, Monotheism and idolatry: Preface to a conversation), რომ უცხოელს, ადგილობრივებისაგან განსხვავებით, აქვს პრივილეგია დააკვირდეს და გაანალიზოს მოვლენები განსხვავებულად, - "სხვისა სხვამან უკეთ იცის სასარგებლო საუბარი".
უცხოელი ადგილობრივების თვითაღქმასა და რეალობის წარმოდგენებში, რომ არ ვთქვათ წარმოსახვებში, ამჩნევს ბევრ შეუსაბამოებას. იგივეა პოლიტიკურ პარტიებთან მიმართებაშიც. მიუხედავად ამგვარი დაკვირვებების სიცხადისა და ღირებულებისა, ისინი უბრალოდ გამოუსადეგარია ადგილობრივთათვის, რადგან ეს უკანასკნელნი ვერც კი ხვდებიან თუ რაზე ელაპარაკებიან. უცხოელის მდგომარეობაში ვარდება თავის ქვეყნიდან დიდი ხნით წასული ადამიანიც. მაგრამ, ეს "გაუცხოება" და მისგან გამოტანილი გამოცდილება მაინც უსარგებლოდ რჩება მისთვისაც კი არათუ ადგილობრივებისათვის - პარადოქსია და მასაც, ანუ "გაუცხოებულსაც", არ შეუძლია გაუგოს უცხოელს. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივს კარგად ესმის უცხოელის ან "გაუცხოებულის" თვალსაზრისის ფასი, მას არ შეუძლია გაიგოს, რადგან შეუძლებელია ადამიანმა დაინახოს საკუთარი თავი გარედან - ეს უბრალოდ მდგომრეობაა ადამიანის, ასეთია იგი.
ცნობიერება კი, როგორც "თან-ცოდნა" რაღაც მდგომარეობაა, რომელიც სწორედ რომ ამ გარედან ხედვას, "მესამე თვალს" გულისხმობს - შეუძლებელი შესაძლებლობაა, მოუხდენელი ხდომილება. ცნობიერება არის რაღაც უსაგნო, ცარიელი საგანი, უშინაარსო შინაარსი, უფორმო გამაფორმებელი ფორმა. ცოდნა რაიმესი მხოლოდ მაშინაა ცოდნა, ანუ ცნობიერი ცოდნა, თუ მას ახლავს ეს რამ, ანუ "თან". "თან"-ცოდნა, ანუ ცნობიერება, რაიმეს ახალი ცოდნა კი არაა, ანუ რაღაც იცი და პლუს მას კიდევ თან-იცი რაღაც თითქოს ეს "თან-ცოდნა" იყოს სხვა ცოდნა. არა! ცოდნა მაშინაა ცოდნა, როდესაც მას თანახლავს ეს "თან", რაც აძლევს კიდეც შესაძლებლობას ცოდნას იყოს ცოდნა. ცნობიერება ცარიელი ყუთისავითაა, ოღონდ დაძაბულობის ყუთი, ერთგვარი "ელექტრო-მაგნიტური" ველის ყუთივით, სადაც მოხვედრილი საგნები, "ცოდნები" გაიგებიან, ანუ ხორციელდებიან როგორც ცოდნები, გამოცდილებები. ამიტომ, უცხო თვალი შეიძლება აღიწეროს როგორც ეს "თან", რომლის გარეშეც არ არსებობს ცოდნა - ადგილობრივის ცოდნა საკუთარ თავზე, გარემოზე, ერზე და კულტურაზეც, თუ გნებავთ.
თუ არ მოხდა ეს "გაგებები" გამოწვეული "თან"-ცოდნით, მაშინ ადგილს იკავებს "გადაბრუნებული გაგებები". ამ უკანასკნელთ კი შეიძლება ეწოდოს კერპებიც, კლიშეებიც და ბევრი მონათესავე სახელი. ამგვარი "გაუგებარი გაგებები" კი ქმნიან არა სიცოცხლეს, არამედ სიცოცხლის იმიტაციას. ადგილობრივებმა თუ ვერასოდეს შეძლეს საკუთარ თავს შეხედონ უცხოს თვალით, ისინი გადავარდებიან "იმიტაციურ სიცოცხლეში", "ამოვარდებიან ისტორიიდან".
რაც არ უნდა დიდი იყოს ცდუნება ამოხტე საკუთარი თავიდან და გადახვიდე "ღვთაებრივში", დაინახო საკუთარი თავი "ღმერთის თვალით", ეს განუხორციელებელი წადილია - შეუძლებელი შესაძლებლობაა და მოუხდენელი ხდომილება.
იმ ველს, ყუთი რომ ვუწოდე ზემოთ, შექმნა უნდა, რუდუნება და იღბალი. მრავალწლიანი ცრიელი შრომაა, რადგან რომც მოხვდე იმ ყუთში, "გაუცხოვდე" ("უცხო" ექსტაზის დახასიათებისათვის გამოიყენება რუსთაველთან), მაინც რჩები ყრუ სხვა უცხოობისადმი. საბოლოოდ, იმ ყუთის დაძაბულობა საკუთარი ძალისხმევის დაძაბულობის ექვივალენტია, არა თანხვედრილი ოღონდ - "იღბალიც" მეთქი ვახსენე. ყუთში ნანახიც კერპად იქცევა უმალ, ფანტაზმად და ცდუნებად თუ არ შეერწყა ახალი სწრაფვა და უსაგნო სურვილი ახლის - უსაგნო, რადგან ცარიელია ის ცოდნა, რომელიც ყუთშია. ის ისეთია და ისე მოქმედებს, როგორც ამ ნათქვამში: „რაც არ უხილავს თვალს, არ სმენია ყურს და არც კაცს გაუვლია გულში, ის განუმზადა ღმერთმა თავის მოყვარეთ // რომელი თუალმან არა იხილა, და ყურსა არა ესმა, და გულსა კაცისასა არა მოუჴდა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყუარეთა თჳსთა" (1 კორ 2:9) ან, " უკუნითიდან არ სმენიათ, ყური არ მოუკრავთ, თვალს არ უხილავს სხვა ღმერთი შენს გარდა, რომელიც ასე მოქცეოდეს თავის მოიმედეს. შენ ეგებები მას, ვინც სიხარულით სჩადის სიმართლეს და ახსოვხართ თავის გზებზე // საუკუნითგან არა გუესმა, არცა თვალთა ჩუენთა იხილეს ღმერთი თჳნიერ შენსა და საქმენი შენნი, რომელთა ჰყოფ მომლოდეთათჳს წყალობისათა, რამეთუ მიეგებოს მოქმედთა სიმართლისათა, და გზანი შენნი მოჴსენებულ იქმნენ" (ისაია 64:3-4).
გაჩერება და დაკმაყოფილება ნანახით კერპტთაყვანისცემის "გორისაა". ნარცისიზმია, ეროვნულიც მათ შორის.
შეუძლებელია ამოხტე საკუთარი თავიდან, შეუძლებელია დაჯდე ღმერთთან და ემასლაათო. მხოლოდ ღმერთი ჯდება ღმერთის მარჯვნივ და მეფობს და მოდის ძალაუფლებით: "და ამაღლდა ზეცად, და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა. და კუალად მომავალ-არს დიდებით, განსჯად ცხოველთა და მკუდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ // და ასულს ცებზე და დამჯდარს მამის მარჯვნით, და კვლავ მომავალს დიდებით ცოცხლებისა და მკვდრების გასამართლება-განსასჯელად, ვისი ხელმწიფება-ძალაუფლებისაც არაა ბოლო-დასასასრული-მიზანი (ουκ έσται τέλος)". ღმერთად თავის წარმოდგენა კი ღმერთთან გაჯიბრებაა, ჰიბრისი და გმობაა და ისჯება სამოთხიდან გამოდევნით, "თქვა უფალმა ღმერთმა: აჰა, გახდა ადამი როგორც ერთი ჩვენთაგანი, შემცნობელი კეთილისა და ბოროტისა. არ გაიწოდოს ახლა ხელი და არ მოწყვიტოს სიცოცხლის ხის ნაყოფიც, არ შეჭამოს და მარადიულად არ იცოცხლოს. გაუშვა იგი უფალმა ღმერთმა ედემის ბაღიდან, რომ დაემუშავებინა მიწა, საიდანაც იყო აღებული. განდევნა ადამი, ედემს კი აღმოსავლეთით ქერუბიმები და ცეცხლოვანი, მბრუნავი მახვილი დაუყენა, რათა სიცოცხლის ხესთან მისასვლელი დაეცვათ. " (შესაქმე 3: 22-24).
ადამის მოდგმა ვერ იგებს რომც უნდოდეს გაიგოს. მაგრამ, თუკი მართლა უნდა რომ გაიგოს, მაშინ ის გაგების პროცესშია - მუდამ იგებს, რომ, მაგლითად, ორჯერ ორი ოთხია. ამ უკვე ნაცნობის ხელახლაგაგებასთან ერთად მოდის გამოცდილება და ახლის გაგება. ყოველ ჯერზე, როდესაც ყიდულობ რამეს, როდესაც გადიხარ რამ მანძილს, დასტურდება ეს უმარტივესი ცოდნა ორჯერ ორის შესახებ (ნებისმიერი გადახდილი ფასი ამ მარტივი არითმეტიკის დადასტურებაა). მაგრამ, ამასთან ერთად, ყოველი ეს შესრულებული აქტი ახალი გამოცდილებაა (რაღაც ახალი იყიდე, გაიარე საიდანღაც სადღაცამდე) და ასე უსასრულოდ.
უაზრობაა, სიკვდილის ტოლფასია ეცადო გააგებინო. ღმერთი უნდა იყო და იესო, ან მისი მოწაფე - მოკლული მოციქული ან მარტვილი.
"მე, ქართველი და ფილოსოფოსი, სიყრმიდანვე ვიმყოფები შინაგან ემიგრაციაში. კარგად მესმის რას ნიშნავს იყო შპიონი. შპიონური მოღვაწეობის აუცილებელი პირობაა, ხშირად კი შემოქმედებისაც, იყო გარშემოთა მსგავსი. ფლობერი ამბობდა, რომ კერძო ცხოვრებაში ის ვაჭარია, რაც მას ლიტერატურაში აბსოლუტურ თავისუფლებას აძლევს. ძალიან დიდი ენერგია იკარგება გეხუროს თავისუფალი, დამოუკიდებელი ადამიანის ქუდი [ცდილობდე მასე გხედავდნენ]. მაგალითად, შეიძლება გახდე ჰიპი. მაგრამ, ამის უკან დგას პრიმიტიული აზროვნება. რამდენი ხანი უნდა გაატარო სარკესთან, რომ გაბურძგნულად გამოიყურებოდე. [შენ კი ამის საწინააღმდეგოდ] შეუმჩნეველი უნდა დარჩე და არ დაკარგო თავისუფლება. ეს ძნელი ამოცანაა და მთელი ძალა მიაქვს. აღარაფერი გრჩება თეატრალურ ატრიბუტებზე [გამოიყურებოდე გაბურძგნულად]. ხოლო, მე პირადად, არ ვარ მიდრეკილი თეატრალურობისაკენ. [...] შეიძლებოდა დავკავებულიყავი პოლიტიკური ბრძოლით, მაგრამ არე უკვე დატბორილია ვნებებით, ემოციებით, ამბიციებით. მომწიფებულობა [კანტი რომ ლაპარაკობდა, განმანათლებლობა არის სიყრმიდან მომწიფებულობაში გადასვლაო] უკვე ნაკლად აღიქმება, რადგან ზდასრულებმა უკვე თავი მოაბეზრეს [ახალგაზრდებს]. ჩემი ფილოსოფიის მიდევნებით გავურბივარ მათთან პოლიტიკაზე საუბარს, რადგან უნებურად ხვდები ზდასრულ ადამიანის მდგომარეობაში, ვინც [მათ] თავსახვევს და ამუნათებს დარიგებებით. ვხვდები თუ რანაირად აღიქვამენ ახალგაზრდები უფროსი თაობის წარმომადგენლებს, რომლებიც მიეკუთვნებიან იმას, რაც უკვე აღარაა სიცოცხლე და ცხოვრება. არ მინდა მოვხვდე იქ, სადაც არ სურთ მიხილონ. არ გქონდეს სურვილები არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კანონი შპიონის ცხოვრების, რომლზეც უკვე ვილაპარაკე, რომ ვცხოვრობ" (Мераб Мамардашвили, "Жизнь шпиона", 'Как я понимаю философию'). მიუხედავად ამ საუბრისა და "ფილოსოფიისა", როგორც თავად უწოდა, მაინც მოუწია ჩარევა პოლტიკაში და გარდაიცვალა სხვა ქვეყნის აეროპორტში. ხოლო, თბილისში საბარგო ავტომანქანა "ზილის" რკინის საბარგულის გარდა ვერ გაიმეტეს ქართველებმა მისი ცხედრის გადასასვენებლად, მაში როცა იგივე "უცხო" რუსეთში აუცილებლად მიაგებდნენ სათანადო პატივს.
ვერ გაგიგებენ, ეცადო გააგებინო. ვერ გაგიგებენ და ვერც გაიგებენ რას აგებინებდი. ღმერთიც ეცადა გაეგებინებინა ადამისათვის, მაგრამ ვერ გააგებინა და თუ გააგებინა მხოლოდ ჯვარზე სიკვდილის ფასად, ვთქვი უკვე.
ეს ხდება არა იმიტომ, რომ "ხალხი ბრბოა", არამედ იმიტომ, რომ თუ რაიმეს გაგება შეიძლება ის მხოლოდ საკუთარი ძალისხმევისას და არა "ზედ-მოხვეულით".
კარგი იყო ეს გამეგო თავის დროზე, თუმცა კი ვიცოდი ეს - თუნდაც მამარდაშვილის ეს ტექსტი.
თუმცა არც ახლაა გვიან "შპიონობა"...
მაშ, რაღა უნდა გაკეთდეს, ანუ კეთდებოდეს?
ვთქვი, რომ "ყუთი ცარიელია", რომ "ფორმა უფორმოა" და "მიზანი უსაგნოა", რომ "მიზანი საერთოდ არ არსებობს" ("ვისი ხელმწიფება-ძალაუფლებისაც არაა ბოლო-დასასასრული-მიზანი (ουκ έσται τέλος)"). ის რაც მოვა და მოხდება, ღმერთის ხელმწიფებაშია - ღმერთს ხელეწიფება მოახდინოს მოსახდენი გაგება. მანამდე კი, ეცადე იყო თავისუფალი, შემოქმედებითი, იაზროვნო, ეძიო ახალი და "უცხო". ანუ, იყავი ძალისხმევაში, რომლის შესატყვისი სინამდვილეც "ცარიელი ყუთია დაძაბულობის". შეეცადე შენარჩუნდე ცნობიერებაში, იყო ცნობიერი, მოახდინო მოუხდენელი შეუძლებელი შესაძლებლობა...
და რა ქნას საზოგადოებამ, ქვეყანა, ერმა?
რა უნდა ქნას, - იყოს!