Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სასამართლო რეფორმა ტალღებში

09 ივნისი 2015

იცით, ახლა სასამართლო რეფორმის რომელი ეტაპი მიმდინარეობს?

წლების განმავლობაში ხელისუფლების ცვლილებებთან ერთად სასამართლოს რეფორმის ეტაპების რიგითობა იცვლება.

ზუსტად 18 წლის წინ, საქართველოში სასამართლო რეფორმა დაიწყო.  რაც იმაში გამოიხატა, რომ 1997 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონი მიიღო.

2003 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, სასამართლო რეფორმა დღის წესრიგში დადგა და 2005 წელს მასშტაბური სასამართლო რეფორმა დაიწყო.

ამას წინათ ჩემს კომპიუტერში აღმოვაჩინე უზენაესი სასამართლოსგან 2006 წელს გამოგზავნილი სტრატეგიული გეგმა, რაზეც არასამთავრობო ორგანიზაციებისგან შენიშვნების და მოსაზრებების წარდგენას ითხოვდნენ.

აღნიშნულ დოკუმენტში, რომელიც რეფორმის მიზანს და ძირითად პრიორიტეტებს ასახავდა, აღნიშნული იყო, რომ სასამართლო რეფორმის უმთავრეს მიზანს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მიღწევა წარმოადგენდა და ყველა სხვა მოქმედებები, სწორედ, ამ მიზნის მისაღწევად უნდა განხორციელებულიყო.

2012 წლის არჩევნების შემდეგ  სასამართლო რეფორმის ეტაპების ათვლა თავიდან დაიწყო. პირველი და მეორე ტალღები (როგორც ამას იუსტიციის სამინისტრომ უწოდა) უკვე განვლილი ეტაპებია, ახლა  კი რეფორმის მესამე ტალღის რხევებს განვიცდით.

რა შეიცვალა რეფორმის სულ-სულ პირველი ეტაპიდან დღემდე?

ფაქტია, რომ სასამართლო სისტემაში პროგრესია სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ მრავალწლიანი რეფორმების შედეგებმა იმ კონდიციას მაინც ვერ მიაღწია, რომ ჩვენ თამამად ვთქვათ -  საქართველოში გვაქვს სტაბილურად დამოუკიდებელი, ეფექტიანი და გამჭვირვალე სასამართლო.

სტაბილურობა თავისთავად ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან სასამართლოს დამოუკიდებლობის, ეფექტიანობის ან გამჭვრივალობის ხარისხი ხელისუფლების ცვლილებების პროპორციულად არ უნდა იცვლებოდეს. სასამართლომ კიდევ ბევრი გამოცდა უნდა ჩააბაროს და კიდევ არაერთხელ შეიცვალოს ხელისუფლება, რომ ის დამაჯერებელი გახდეს.

საერთო ჯამში განვლილ პერიოდს ზოგადად თუ შევაჯამებთ: გაუმჯობესდა სასამართლოთა ორგანიზაციული მუშაობა,  სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფა, შეიქმნა მოსამართლეების გამოცდების და გადამზადების სისტემა, შეიქმნა მანდატურის ინსტიტუტი, გაიზარდა მოსამართლეთა ანაზღაურება, შეიქმნა სასამართლო სისტემის ერთიანი კომპიუტერული ქსელი... ბუნებრივია ამ პოსტში ყველა დეტალს ვერ მიმოვიხილავ.

 რისი გაკეთებაც ვერ შევძელით...

ინდივიდუალური მოსამართლის როლი - სასამართლო რეფორმის პრიორიტეტი?

მოსამართლეები მნიშვნელოვანი საჯარო მოხელეები არიან, რომელთა უფლებამოსილება ფართოდ ვრცელდება სხვადასხვა სფეროებზე. ამიტომაც საკმარისი არ არის, რომ მხოლოდ სასამართლო, როგორც ინსტიტუტი, იყოს დამოუკიდებელი. უკიდურესად აუცილებელია, რომ ცალკეული მოსამართლეები იყვნენ ობიექტურები და მიუკერძოებლები. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ისინი არ  იყვნენ ანგარიშვალდებული საზოგადოების წინაშე მათი ქმედებებისა და გადაწყვეტილებების გამო.

საინტერესოა, იყო თუ არა ინდივიდუალური მოსამართლის როლის გაძლიერება ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტი?

მოსამართლის როლის გაძლიერების მაგალითად, იუსტიციის უამღლეს საბჭოში მოსამრთლეთა გაზრდილი რაოდენობა შეიძლება განვიხილოთ (15 წევრიდან 9 მოსამართლეა).

გარდა ამისა, სასამართლოს რეფორმის სტრატეგიაში ასეთი ჩანაწერიც გვხდება - მოსამართლეთა ანაზღაურების გაზრდა, სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების გაძლიერება და განმტკიცება.

მოსამართლეთა ხელფასები გაიზარდა. თუმცა მიჭირს გავიხსენო შთამბეჭდავი შედეგები მოსამართლეთა სამართლებრივი დაცვის თვალსაზრისით. თანაც მაშინ, როდესაც გვყავს 3 წლის ვადით დანიშნული მოსამართლეები გამოსაცდელ რეჟიმში. 

დღესაც აუცილებელია, რომ გავაძლიეროთ ინდივიდუალური მოსამართლე, რათა მათ ჰქონდეთ კომპეტენცია და დიდი პასუხისმგფებლობის გრძნობა ხალხის წინაშე. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იქნება დაცული ადამიანის უფლება სამართლიან სასამართლოში.

მოსამართლეთა შერჩევა და დანიშვნა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის შესახებ პირდაპირ აისახება ჩვენს ცხოვრებაზე და ჩვენი უფლებების დაცულობის ხარისხზე. მოსამართლის შერჩევა-დანიშვნა არის ცენტრალური პრობლემა სასამართლოში და თუ არ გაუმჯობესდება ეს სისტემა,  ყველა სხვა  ცვლილება თავის მნიშვნელობას დაკარგავს.  

ისევ 2006 წლის სტრატეგიას გავიხსენებ. რეფორმის სტრატეგიულ დოკუმენტში ერთ-ერთი პრიორიტეტი  მოსამართლეთა კადრების შერჩევის კრიტერიუმების დახვეწა და მათი თანამდებობაზე გამწესების სისტემის სრულყოფა იყო. მართალია, ბევრი რამ შეიცვალა ამ მიმართულებით, და კიდევ ბევრი ცვლილებაა დაგეგმილი, როგირიცაა კონკურსის შედეგების გასაჩივრების უფლება, ინტერესთა შეუთავსებლობის აღმოფხვრა, კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიების სტანდარტი და სხვ.  თუმცა ის მაინც ტოვებს მოსამართლეთა დანიშვნისას სუბიექტური გადაწყვეტილების მიღების რისკებს.

გასულ წელს მომზადდა მოსამართლეთა შერჩევისას კანდიდატების შეფასების ახალი კრიტერიუმები, რომლის თანახმად კეთლისინდისიერება და კომპეტენტურობა მოსამართლეობის კანდიდატის ძირითადი მოთხოვნაა. 

კანდიდატს იუსტიციის საბჭოს აფასებს წარდგენილი დოკუმენტაციის, საბჭოს მიერ მოძიებული ინფორმაციის და გასაუბრების  საფუძველზე.

მისასალმებელია, რომ ასეთი დოკუმენტი ახლა გვაქვს და ვიცით როგორი მოსამართლე გვჭირდება. მაგრამ, ჩემთვის ახლაც გაუგებარია, იუსტიციის საბჭო, როგორ აფასებს, მოსამართლეობის კანდიდატს აქვს თუ არა ის მახასიათებლები, რომლებიც მის მიერ შემუშავებულ 10 პუნქტსა და 66 ქვეპუნქტშია აღწერილი.

შევხვდებით ასეთ კრიტერიუმს, რომ მოსამართლეს უნდა ჰქონდეს „ღვაწლი იურიდიული პროფესიისა და საზოგადოების წინაშე“. 

საინტერესოა, რამდენად ვიწროდ ან ფართოდ უნდა განიმარტოს „ღვაწლი საზოგადოების წინაშე“.  და გვაძლევს თუ არ იუსტიციის უმაღლესი საბჭო გარანტიას, რომ მის მიერ დანიშნულ მოსამართლეებს ნამდვილად აქვთ ღვაწლი  საზოგადოების წინაშე?

თუ იუსტიციის საბჭო ასეთ კრიტერუმს ადგენს, მაშინ, შეფასებაც უნდა შეძლოს, კითხვების გაჩენის გარეშე.

შევხვდებით ასეთსაც, რომ მოსამართლეობის კანდიდატის შეფასებისას გაითვალისწინება  „მისი ოჯახური პრობლემები ან კონფლიქტები, მეზობლებთან, ნათესავებთან ურთიერთობის განსაკუთრებული სპეციფიკა, ასეთის არსებობის შემთხვევაში და სხვ.“

მეზობლები, ნათესავები, ოჯახური ურთიერთობები ეს ხომ ისეთი სივრცეა, სადაც შესაძლოა, გარკვეული პრობლემები მართლაც არსებობდეს ... თანაც ამგვარ კონფლიქტებზე ობიექტური ინფორმაციის მიღება თითქმის შეუძლებელია. და თანაც, საინტერესოა, იუსტიციის უმაღლესი საბჭო როგორ განსაზღვრას კონფლიქტის სპეციფიურობის დონეს?

მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის არსებული სისტემა პასუხგაუცემელს ტოვებს ორ  მთავარ შეკითხვას -  რატომ დაინიშნა და რატომ არ დაინიშნა პირი მოსამართლედ?

როგორ იცვლებოდა მოსამართლეთა რაოდენობა

ზემოხსენებულ 2006 წლის სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ  მოსამართლეთა რაოდენობა არანაკლებ 400-მდე უნდა გაზრდილიყო.

რა  მოხდა შემდეგ?  სამწუხაროდ ტენდენცია სხვაგვარად განვითარდა და  მოსამართლეთა რაოდენობა ნელ-ნელა შემცირდა: 2007  წ. - 342 საშტატო ერთეული;

2009 წ. – 360.

2012 წლამდე მოსამართლეთა რაოდენობა სტაბილურად მცირდებოდა (გამონაკლისია 2012 წელს მიღებული გადაწყვეტილება, როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლოს 5 საშტატო ერთეული დაემატა და მოსამართლეთა რაოდენობა გახდა 70)

2012 წლის 30 ოქტომბერი - მოსამართლეთა რაოდენობა 50 -ით შემცირდა.

2012 წლის ნოემბერი - 5 საშტატო ერთეულით შემცირდა ზუგდიდის რაიონული სასამართლო.

ამჟამად მოსამართლეთა რაოდენობა არის 258 (უზენაესი სასამართლოს გამოკლებით).

გასულ კვირას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ერთ-ერთ ღონისძიებაზე აღნიშნა, რომ იგეგმება მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდა 100 საშტატო ერთეულით. იმედია, 2006 წელს დასახულ მიზანს 2015 წელს მაინც მივაღწევთ და მოსამართლეთა რაოდენობა იმ ზღვარს მიაღწევს, რომელიც საჭიროა სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულებისათვის.

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა

წლების წინ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას სასამართლო სისტემაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმების სრულყოფა და მათი საქმიანობის ეფექტიანობის უზრუნველყოფა წარმოადგენდა

უკანასკნელი რამდენიმე დღეა კეთდება განცხადებები იმის შესახებ, რომ სასამართლოში კორუფციის საფრთხეები არსებობს.

ასეთი განცხადებები იწვევს კითხვას - იყო თუ არა ეფქტიანი სასამართლო სისტემაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმი, რომელიც ხელისუფლებამ 10 წლის წინ  დაისახა. 

ჩვენ უნდა დავეხმაროთ სასამართლოს, რომ გახდეს უკეთესი, და ნებისმიერი ასეთი ინფორმაცია, რომელიც კორუფციის საფრთხეებზე მიუთითებს, მივაწოდოთ შესაბამის ორგანოებბს.

ბოლო დაგეგმილი ცვლილებები

საგულისხმოა, რომ სასამართლო რეფორმის მესამე ეტაპის განხილვები მიმდინარეობს ისე, რომ მასში ჩართული არიან სხვადასხავ დაინტერესებული მხარეები. ამ ეტაპზე არაერთი ინიციატივაა წარმოდგენილი, თუმცა შევეხები 2 ძირითად საკითხს, რომელიც სასამართლოს თავმჯდომარეებს და მოსამართლეთა დისციპლინურ სამართალწარმოებას ეხება.

სასამართლოს თავმდჯომარეთა ინსტიტუტს რეფორმა აუცილებლად სჭირდება და კარგია, რომ ამაზე უკვე მსჯელობა მიმდინარეობს. თუმცა კანონპროექტი, ასევე ითვალისწინებს თავმჯდომარეებისა და თავმჯდომარის მოადგილეების უფლებამოსილების ვადაზე ადრე ავტომატურ შეწყვეტას.

ვფიქრობ, რომ რაიონული (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეებისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა არ უნდა ყოფილიყო პრინციპული საკითხი. მისასალმებელია, რომ იუსტიციის მინისტრმა ასეთი განაცხადი გააკეთა „გადავწყვიტეთ, დავასრულებინოთ თავმჯდომარეებს თავიანთი უფლებამოსილების ვადა და შემდეგ მოხდეს ახალი თავმჯდომარეების არჩევა“. თუმცა ბოლოს დროს გავრცელებული ინფორმაციები სასამართლო რეფორმასთან და გარკვეულ არაფორმალურ გარიგებებთან დაკავშირებით ცუდად აისახება თავად რეფორმაზე ... მაგრამ თუ ასეთი რამ ხდება განხილვის საგანი უნდა გახდეს, რათა საზოგადოებას ჰქონდეს ზუსტი და უტყუარი ინფორმაცია. ამიტომ ჩვენ ყველაზე მეტად უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ მყარი დასაბუთების გარეშე გაკეთებული განცხადებები აზიანებს ჩვენს ქვეყანას და არა რომელიმე კერძო პირს. 

წარმოდგენილი ცვლილების პროექტის თანახმად, მოსამართლის მიმართ დისციპლინურ სამართალწარმოებას იწყებს, და დისციპლინური საქმის წინასწარ შემოწმებას და გამოკვლევას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური.  

მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოება აუცილებლად საჭიროებს რეფორმას, მაგრამ საკითხს არც ისე უნდა მივუდგეთ, რომ ორიენტირებული ვიყოთ დასჯაზე.

მიუხედავად იმისა, რომ კანონში შედის არა ერთი პოზიტიური ცვლილება მაინც ღიად რჩება ორი მთავარი კითხვა: რა არის დისციპლინური სამართალწარმოების მიზანი და კონკრეტულად რა სახის გადაცდომისთვის ეკისრება პასუხისმგებლობა  მოსამართლეს? ამიტომ, უმჯობესია ასეთ მნიშვნელოვან საკითხებს უფრო სიღრმისეულად მივუდგეთ.

ბოლოს კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ სისტემა, სადაც გარანტირებულია, რომ სასამართლოში არსებული ვითარება ხელისუფლების ცვლილებების პროპორციული არ არის!  და მოსამართლეთა ხმის დიაპაზონს ხელისუფლების ცვლილებები არ განსაზღვრავს!

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^