Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მენტალური ადაპტაცია, როგორც აუცილებლობა

19 ივნისი 2015

ჩვენ არ ვართ განსაკუთრებული ერი,

ჩვენ, უბრალოდ, ერი ვართ და აზროვნება გვევალება

ყველას გვახსოვს ილიას ცნობილი შენიშვნა, რომ ჩვენი ისტორია მეფეთა ისტორიაა და რომ ჩვენს მატიანეებში არ ჩანს ხალხი, თითქოს ქვეყანაში მხოლოდ მეფეები ცხოვრობდნენ. ეს შენიშვნა უაღრესად დამაფიქრებელია არა მხოლოდ ამ ფაქტზე, არამედ ჩვენს კულტურაზე ზოგადი დაკვირვებისთვისაც. უკვე არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ ჩვენ, ე.წ. ელიტური კულტურული მენტალობის ერი ვართ. ჩვენთვის უფრო დიდი ადგილი და მნიშვნელობა აქვს ელიტას, ვიდრე სხვა დანარჩენ ფენებს და ეს არის ის ცენტრალური ღერძი, რაც მთელ ჩვენს ქმედებებს განაპირობებს. ამ დამოკიდებულების ლოგიკური გაგრძელებაა ჩვენში ასე უხვად გამოვლენილი სნობიზმი, წარჩინებული ადამიანებისადმი ქედის მოხრა, იყოს ეს ადამიანი, თუნდაც, სრულიად მიუღებელი თავისი განათლების, პიროვნული ღირსებების თუ სხვა პიროვნული მონაცემების თვალსაზრისით. ჩვენში კარგა ხნის წინ ფესვგადგმული ტრადიცია ელიტური სამყაროსადმი, ლამის მონური თაყვანისცემისა გვაიძულებს, არასათანადო პატივი მივაგოთ ასეთ ადამიანებს.

ხოლო როდესაც ერის მენტალობაში ასეთი ჩავარდნაა, როდესაც უკანა პლანზეა გადაწეული რეალური ღირებულებები, რაზეც მთელი კულტურული კაცობრიობა დგას, ექმნება საფრთხე, რომ არასწორი არჩევანი გააკეთოს უაღრესად კრიტიკულ ვითარებებში, იქნება ეს პოლიტიკური თუ სხვა სახის.

ელიტური მენტალობის ერთ-ერთ საშიშ გამოვლინებად გვესახება პოსტსაბჭოთა ხანაში განსაკუთრებული სიმძაფრით წამოჭრილი საკითხი ქართველების განსაკუთრებულობის შესახებ, რომელსაც წინ უძღოდა ჩვენი ეროვნული მისიის ვულგარული ინტერპრეტაცია. ვულგარული იმ თვალსაზრისით, რომ ამ მისიაზე ალაპარაკდა ყველა, ვისაც საერთოდ არ ჰქონდა წარმოდგენა არც ერის ფენომენზე და არც ერის მისიაზე (რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რამდენად მისაღებია დღეს ერის და ხალხის მისიაზე ლაპარაკი).

ისიც უნდა ითქვას, რომ ამას ხელი შეუწყო საბჭოთა კავშირის სწრაფმა ნგრევამ და ამ ნანგრევებზე სავსებით ბუნებრივად აღმოცენებულმა ეროვნულმა მისწრაფებებმა, რაც თვითგამორკვევის სურვილით იყო ნაკარნახევი. თუ რამდენიმე წლის წინ ჯერ კიდევ უცხო, დამპყრობელი ქვეყნის ქვეშევრდომები ვიყავით და არ გაგვაჩნდა სახელმწიფო, როგორც ასეთი, უეცრად, სულ რაღაც 3-4 წლის მასობრივი გამოსვლების შემდეგ გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკა, რომლის არსებობის და განვითარებისთვის არავითარი მენტალური ბაზა არ გაგვაჩნდა. გვქონდა მხოლოდ ანთებული გულები და მასობრივ დემონსტრაციებზე შემართული მუშტი, რაც ორ მესიჯს შეიცავდა – ერთად დგომას და გამძლეობას, თუმცა ხშირად ამ მუშტის უკან ბრმა ძალის მოთხოვნა და აგრესია უფრო მაღალი ხმით გაჰკიოდა. ამ უეცარმა პოლიტიკურმა ცვლილებამ, ბუნებრივია, ასევე უეცრად ვერ მოიყოლა ვერც ინსტიტუციები, ვერც განათლება, ვერც აზროვნების სიღრმე და, რაც მთავარია, დამოუკიდებლობის შემთხვევაში საჭირო სხვა მრავალი აუცილებლობა, რომელთა გარეშე არც ერი იარსებებს და არც ქვეყანა. ასეთ დროს, როგორც წესი, მანიფესტაციას ახდენენ “მეტაფიზიკური მისწრაფებები”, რომელთაც რაციონალიზმთან ნაკლები კავშირი აქვს (თუ, საერთოდ, “გაწყვეტილს” არ ვიტყვით). ამ მეტაფიზიკური, ემოციური, ანგაჟირებული პათოსით აყვანილ მასას, რომელსაც ძნელად შეიძლება ვუწოდოთ ცივილიზებული ერთობა ან ერი, უჩნდება სურვილი, ლეგიტიმაცია მოუძებნოს თავის მისწრაფებებს და ამ მისწრაფებებისას ჩნდება ისეთი რწმენა ერის მისიების და მისი განსაკუთრებულობის შესახებ, რომ მან შესაძლოა, საშიშ იდეოლოგიამდეც კი მიიყვანოს ერი, სწორედ ასეთი საშიშროების საფრთხე გაჩნდა ეროვნული მოძრაობის საწყის ეტაპზე და ეროვნული ხელისუფლების სათავეში მოსვლისას. მაგრამ ეს რომელიმე ერთი პიროვნების ბრალი და სურვილი კი არ იყო, ეს იყო ლოგიკური პასუხი ზემოჩამოთვლილ მოვლენებზე. ამიტომაც მოხდა ბევრი გამოუსწორებელი შეცდომა, რომ ერის ერთმა ნაწილმა ირწმუნა ამ ხელისუფლების ფაშიზმისა, რაც საქმით არ განხორციელებულა, მაგრამ ვერბალურად და რიტორიკით ხშირად არც ისე შორს იდგა მისგან. რა თქმა უნდა, ამით სარგებლობდნენ საბჭოთა უშიშროება და საბჭოეთის “პატრიოტი” ძალები, რომელთათვისაც პირად ტრავმას შეიცავდა მისი ნგრევა. ამიტომ შეძლეს რუსეთმა და აქაურმა კოლაბორაციონისტულმა ძალებმა ასე სწრაფად და ასეთი “წარმატებით” დაემხოთ სულ რაღაც გუშინ ტრიუმფით მოსული ხელისუფლება.

ეს საფრთხეები შედარებით შემცირდა. პოსტსაბჭოთა ისტორია უკვე 25 წელს ითვლის, რაც არც ისე ცოტა დროა საზოგადოების მენტალობის ცვლილებისთვის და ეს ცვლილება ნამდვილად მოხდა ჩვენს საზოგადოებაში, მაგრამ სნობიზმი და, ე.წ. ეროვნული თავმოყვარეობა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო საზოგადოების ღირსებასთან, კვლავაც ყვავის ჩვენს მენტალობაში. ამის შედეგია, რომ წარამარა გვესმის – ქართველები განსაკუთრებული ხალხი ვართ და, ე.წ. მომსახურების სფეროში მუშაობა არ გვეკადრება, რომ ჩვენ მხოლოდ ინტელექტუალური საქმიანობისთვის ვართ გაჩენილნი, ხოლო სხვა ერებმა, იქნებიან ეს ქურთები, სომხები, აზერბაიჯანელები უნდა იმსახურონ სახელოსნოებში, დასუფთავების სამსახურებში, სოფლის მეურნეობაში, ვაჭრობაში (თუმცა ბოლო დროს ვაჭრობას ცოტა მოეწმინდა პირი), ჩვენ კი, როგორც ნამდვილმა გამორჩეულმა ერმა მხოლოდ წიგნებში თავჩარგულებმა უნდა გავლიოთ სიცოცხლის დღენი (უარეს შემთხვევაში, დიპლომი მაინც უნდა ავიღოთ).

აი, სწორედ ეს დამოკიდებულებაა ჩვენთვის დამღუპველი და გამანადგურებელი, რადგან არ არსებობს ქვეყანაზე ერი, რომლისთვისაც ვინმეს მიეცეს უფლება, მხოლოდ სხვისი მომსახურებით ისარგებლოს, თავად კი “ინტელექტუალურ გვარდიად” გამოაცხადოს თავი. ეს მენტალობა არის სწორედ კატასტროფულად საშიში და მის “კორექციაზე” სერიოზული დაფიქრება გვმართებს. ისიც უნდა ითქვას, რომ ეს ფეოდალური მენტალობაა, რომლის დროსაც არსებობს წარჩინებული ფენა და მასზე დამოკიდებული, მისი მორჩილი უმრავლესობა, რადგან, როგორც წესი, ელიტა რიცხობრივად მცირეა. ეს ფეოდალური მენტალობა ჟონავს მთელს ჩვენს ქცევასა და ქმედებაში და საფრთხეს უქმნის ერს, რომელსაც განვითარებისთვის სჭირდება შრომა, ყველა “არაპრესტიჟული” საქმის ათვისება, რათა თავად მართოს საკუთარი ქვეყანა, იქნება ეს ტექნიკური, სამეცნიერო თუ სახელოვნებო სფერო. ჩვენი უცნაური და ნამდვილად არაპატივსაცემი დამოკიდებულების გამო ფაქტობრივად სანთლით არის საძებარი ქართველი ხარაზი, მეეზოვე, მემწვანილე და კიდევ მრავალი პროფესიის ადამიანი, რომელიც, თავისთავად, ძალიან დიდ პატივისცემას იმსახურებს. ეს მენტალობა გვანგრევს და შიგნიდან გვჭამს, რადგან ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი ოჯახის სარჩენად არის გასული და ისეთი სამუშაოს შესრულება უწევს, რასაც ჩვენში პატივს არ სცემენ. არადა, სწორედ ამ სამუშაოს წყალობთ უდგას სული ერის მნიშვნელოვან ნაწილს.

არ არის გასაკვირი, რომ ისეთი სწრაფი ტექნიკური განვითარების პირობებში, როგორშიც ცხოვრობს დღევანდელი მსოფლიო, საზოგადოების მენტალობების ცვლილება საჭირო და აუცილებელი იყოს. ასეთი ცვლილებები ყოველთვის ხდებოდა და იმის მიხედვით ვითარდებოდა ქვეყანა თუ ერი, რამდენად ჰქონდა მას ადაპტაციის უნარი და საშუალება. რომ არა ამ ბუნებრივი ცვლილებებისადმი მორჩილება, არც ასეთი დიდი ტექნიკური პროგრესი გვექნებოდა, რადგან, როგორც წესი, განათლება, პირველ რიგში, წარჩინებულ ფენებში შედიოდა და სწორედ მათ შვილებს უწევდათ შრომა, ვისთვისაც ეს შრომა სულაც არ იყო საჭირო და კარგა ხანს დამამცირებლადაც მიაჩნდათ. ამიტომ არ არის შემთხვევითი, რომ კაცობრიობის უახლეს ისტორიაში, მანამდე, ვიდრე დემოკრატიული საზოგადოებები ჩამოყალიბდებოდა, სწორედ არისტოკრატთა წრიდან გამოსულმა ადამიანებმა შეძლეს მეცნიერებისა თუ ტექნოლოგიების განვითარება, შემდეგ კი, სწორედ დემოკრატიების წყალობით, განათლების უფლება მიენიჭა ყველას, განურჩევლად ფენისა, რასისა თუ ეთნოსისა.

ჩვენ, როგორც ახალი დემოკრატია, მენტალური რევოლუციაც გვესაჭიროება, რათა შევძლოთ ფეხის აყოლა იმ პროცესებისადმი, რაც მსოფლიოში მიმდინარეობს და ის რეტროგრადული განცხადებები, რომ ჩვენ მხოლოდ უმაღლესი განათლებისთვის შექმნილი ერი ვართ, სასწრაფოდ უნდა დავასამაროთ და შევქნათ ატმოსფერო, სადაც სამარცხვინოდ და ცუდ ტონად ჩაითვლება ასეთი მიდგომები. წინააღმდეგ შემთხვევაში, “დავშთებით” ჩვენი ჩამორჩენილი, ფარისევლური, სნობური მისწრაფებების “ქვეშევრდომებად”, რომელსაც არაფერი ექნება საერთო თანამედროვე პროგრესულ ცივილიზაციასთან და ვერც იმ ადამიანებს დავიბრუნებთ, ვინც თავიანთი “დამამცირებელი შრომით” შეგვინახეს მთელი 20 წლის მანძილზე. ასე რომ, ეს მენტალური რევოლუცია ორ მიზანს ისახავს – ჩვენს ზნეობრივსა და ინტელექტუალურ განვითარებას, რაზეც, წესით, მთელმა გონიერმა ერმა უნდა მოაწეროს ხელი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^