Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პაციენტის დღიური #2 - თქვენ მკურნალობთ?

22 ივნისი 2015

პირველი ნაწილი შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ

კარგია, რომ ლაბორატორიის კედელი ღია მწვანე ფერისაა. სავარძელში მჯდომ სახელოაკაპიწებულ დაძაბულ პაციენტს სიმშვიდეს განიჭებს.

ლაბორანტს ხელებში ვუყურებ. არ ვიცი, დაჟინებული მზერის მიზეზი ჩხვლეტისგან მიღებული ტკივილის შემსუბუქებაა თუ კავშირის დამყარების მცდელობა. იქნებ  უბრალოდ არ ვენდობი?! აღიარე, ნამდვილად ახალი შპრიცი გახსნა?! ველაპარაკები საკუთარ თავს. რამდენმა მე-მ გაიღვიძა ერთბაშად. არც ვიცი, ძნელია მოყვე ყველაფერი, რაც ასეთ დროს თავში გიტრიალებს. განსაკუთრებით ძნელია ჩემთვის, რადგან იმავდროულად ვარ პაციენტიც, სოციალური მუშაკიც, ჟურნალისტიც, NGO აქტივისტიც... დანაშაულზე დაჭერას არ ვცდილობ, უბრალოდ ინფორმაციის ფლობა ყურადღების გამახვილების ჩვევას გიყალიბებს.

მოსალოდნელი ტკივილისა ყოველ ჯერზე გეშინია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს დროში ნემსის ჩხვლეტა ისეთი სასტიკი და მტკივნეული აღარ არის, როგორც ეს ბავშვობაში იყო. იცი, რომ არ გეტკინება, მაგრამ მაინც გეშინია.

სარტყელი მკლავზე გადამიჭიმა, რამდენჯერმე შევკარი მუშტი. როგორც კი ღრუ ნემსით ვენიდან სისხლის აღება დაიწყო ყურებში სიჩუმე დავიგუბე. გავთიშე გარეშე ხმები და დავიწყე მაგიური სიტყვების ბუტბუტი. ერთხანს სხვა სამყაროსთან სწრაფად დაკავშირების მიზნით თავი შევაბრუნე.... დავიჭირე... დავიჭირე შეგრძნება, რომ სხვაგან ვარ. დგუშებს ცვლის. რა კარგია, ე.ი. ერთხელ მიჩხვლიტა... 1,2,3.. მორჩა... სტიკერს მაკრავს. ეს პირველია, ლაბორატორიაში მისვლის სიხშირესთან ერთად ძლიერდება კავშირი სხვა სამყაროსთან - მცდელობა გათიშო ტკივილი, რომელიც არ არსებობს, მაგრამ წარმოდგენილი გაქვს.

მადლობა...მიღიმის, მშვიდია, ფრთხილი, არ ჩქარობს... მოყენებული "ტკივილის" მიუხედავად შემიყვარდა. სახეს იმ დღეს ვერ ვიმახსოვრებ... სილუეტი და ფერები მახსოვს. სამაგიეროდ ოპერაციის შემდეგ ცენტრში შემოწმებებისთვის დაბრუნებულმა სამუდამოდ ჩავიბეჭდე მისი სახის ყოველი შესამჩნევი ნაწილი.

ხელი მოკეცილი მაქვს. ასე მგონია გაშლა დანაშაულია.

ხუთშაბათს იქნება პასუხი, ექოსკოპიური კვლევის შემდეგ, ერთად აიღებთ და ქეთისთან შეხვალთ.

ორშაბათი, სამშაბათი, რადიო, ეთერი, კინო, გადაცემა, მზადება, ჩაწერა, გადაღება, კონცერტი, სპექტაკლი, გამოფენებია დასაგეგმი, სცენარი დასამთავრებელი, კვლევა, ანგარიში, პრეზენტაცია, შეხვედრა, წიგნი, სტუმარი, მოქალაქე... ააააააააააააააააააა...

ხუთშაბათი... ლუბლიანა... ავადმყოფების კომუნა... სნეულების და მათი ნათესავების თემი...

ბავშვობა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გავატარე. ვმღეროდი. დაბალი, ბოხი ხმის გამო დიდხანს მრცხვენოდა. მერე მარინამ ხმის ტემბრის იშვიათობაში დამარწმუნა და მუსიკით ტკბობა დავიწყე. არ მახსოვს, ზუსტად როდის მომიწია არჩევნის გაკეთება, მაგრამ  სკოლის დამთავრებამდე სიმღერას თავი დავანებე.

ათი წლის შემდეგ  ჩემი მონღოლი მეგობრის, მუგის დაჟინებული მოთხოვნით მაგისტრატურის პირველი კურსის დასასრულს, კვლავ ავმღერდი. ჯერ ჩემი ჭია გავახარე, მერე სხვების,  მერე მივხვდი, რომ მეტია საჭირო, ცოდნა არ მყოფნიდა და ისევ გავჩერდი.

სანამ მოვიცალე 2 წელი მაინც გავიდა. ძლივს ვიპოვე კარგი პედაგოგი. ჩავატარეთ პირველი გაკვეთილი. მესიამოვნა, ავენთე, ვიგრძენი რომ ჩვენს შორის კონტაქტი დამყარდა და მუსიკალური თავისუფლების მიღწევას მასთან მუშაობით შევძლებდი. მერე მეორედ შევხვდით...

ხუთშაბათს მესამე გაკვეთილზე მივდიოდი. 11 საათზე.

9 -ზე ექოსკოპიის კაბინეტთან ავიტუზე. ჩავეწერე, მაგრამ მაინც ცოცხალ რიგში მიწევს ყოფნა.

ბუკია... შევდივარ ოლიმპიური სიმშვიდით. წამებს ვითვლი. მინდა სწრაფად დასრულდეს ეს ფორმალური პროცედურა და გაკვეთილზე გავიქცე. არ მინდა დავაგვიანო, თამუნა, ვოკალის პედაგოგი,  ეკა დოლიძემ გამაცნო. ოჰ, როგორ მიყვარხარ ეკა ამისთვის, ვფიქრობ სამკაულებისგან განიარაღების ჟამს.

- "ფეხები აქ დააწყვეთ", - მიმითითეს ექოსკოპიის აპარატთან განთავსებული სამედიცინო საწოლისკენ.

ვწვები...

ახალგაზრდა, ხორციანი, თმააწეწილი, ცოტა დაბნეული ექიმი მადგას თავზე. ღილი შევიხსენი,  არცთუ ისე ფრთხილად მისვამს ცივ, გამჭვირვალე ჟელეს. კისრის არეში მადებს საკვლევი აპარატის სხივებიან ნაწილს და გასმა-გამოსმის შემდეგ ისმის:

- თქვენ მკურნალობთ?

ყველა თავისებურად წარმოიდგენთ ამ ფრაზას, მაგრამ ისე ვერასდროს,  როგორც ის  იმ წამს ჟღერდა ჩემთვის, ფორმალურ კვლევაზე მისული პაციენტისთვის.

მძიმედ, ხისტად, დაბალი ტემბრით, მოკუმულ ბაგეებში გამოცრილი ორი სიტყვა. შეკითხვა, რომელსაც შეშფოთებული ხასიათი ჰქონდა.

რამდენიმე წამში ვახერხებ გავიფიქრო - საწყალი დედაჩემი თუ რამე მძიმე მჭირს.  თვალის ჭრილის დაბოლოებიდან ცრემლის ნაკადმა ის-ის არის უნდა დაიწყოს გადმოდენა, რომ ვპასუხობ:

- არა, რატომ მეკითხებით?! - მკაცრად და მტკიცედ გამოვთქვი.

მეორე ექიმს იხმობს, მამოწმებენ. სახეზე მიმიკა არ ეცვლება. იწერენ მონაცემებს. კვანძი, ერთი, მეორე, ზომა...

ნახევარი არ მესმის. ან როგორ უნდა მესმოდეს. მეორე დღეა, რაც ფარისებრი ჯირკვლის არსებობის შესახებ შევიტყვე.

ნეტა რა მჭირს?!

- რა არის?! ვამბობ ხმამაღლა

- იცით არაფერი - მეუბნება გამხდარი, მოწესრიგებული და ქცევით თუ ვიმსჯელებთ მეტად გამოცდილი ექიმი. რაღაც ცვლილებებია, თქვენი ექიმი აგიხსნით უფრო დეტალურად. საშიში არაფერი. სწრაფად, ღიმილიანად და უმტკივნეულოდ მიშორებს.

შეკითხვა არ მაქვს. არც ვიცი, რა შეიძლება იყოს ამ კვლევის ცუდი ან კარგი რეზულტატი. ოკ. ექიმი მეტყვის. მითხრას. ვუჯერებ და მშვიდად ვტოვებ კაბინეტს.

თქვენ მკურნალობთ?! ეს ხასიათიანი შეკითხვა მაინც ჩამესმის ყურებში და დღემდე ასეა.

ქეთის ოთახში ვარ. შუქი ჭარბად შემოდის, ბნელი კაბინეტის შემდეგ მსიამოვნებს. ქეთი ანალიზებს ეცნობა.

- ანა.

ანუნა, - ვუსწორებ მე.

- ანუნა, აქ რაღაც მცირედი ცვლილებები გვაქვს, ორი კვანძი გაქვს. ერთის ზომა ნორმაზე დიდია, ამიტომ აუცილებლად უნდა გავიკეთოთ ბიოფსია და გავიგოთ, რა ხდება.

ჰემოგლობინი ძალიან დაბალია. სხვა ყველაფერი ნორმაშია (მგონი ასე იყო).

სხვა დეტალები როგორ აღწერა, აღარ ვიცი. ზოგადად შევნიშნე, რომ მეტად ვიმახსოვრებდი, რა უნდა გამეკეთებინა, ვიდრე  - რატომ.

ე.ი მიდიხართ ჰემოლოგთან,  აი მისი ნომერი, თოდუაშია. მე ახლა თქვენ გაძლევთ კალოიანის ნომერს. სადაც იქნება მიაკითხავთ და გაიკეთებთ ბიოფსიას. მე ზეგ მივემგზავრები, ამიტომ დავურეკავ და ვთხოვ დავაჩქაროთ.

კარგით ანა, ანუნა?! - დინჯად, აუღელვებლად მეუბნება ქეთი.

- ნემსით უნდა ამოიღონ რაღაც არა?!

- კი ასეა,  გავიგებთ კვანძის ბუნებას.

- ახლა მუხლის გამოკვლევას რომ ვგეგმავდი?! ტრავმა მაქვს და ეს აუცილებლია?! ვეკითხები ქეთის. ვერ მიხვდა, რომ ვერ მივხვდი საკითხის სერიოზულობას.

- გადადეთ ახლა ფეხის გამოკვლევა. ეს უფრო მნიშვნელოვანია, - მპასუხობს და მკაცრ მზერას მაპყრობს.

- კარგით, - ვპასუხობ მე და სირცხვილისგან ვიღიმი.

კიბის თავში გავჩერდი. 1,2,3 აბა ანო, აბა აბა, ჰუუუუუ, ღრმად ჩაისუნთქე. ყველაფერი კარგად არის. ამოვისუნთქე და ამ 30-წამიანი თვითშეგონებით დაიწყო და დასრულდა აზრი, რომ რაღაც მჭირს.

ისე, დიდი ფუფუნებაა გქონდეს იმდენი დრო და თავისუფალი ადგილი თავში, რომ ამაზე იფიქრო...

ვრეკავ კალოიანთან... ჩავეწერე... ლეჩკომბინატში დღეს 7 საათზე.

მეორე ზარი თოდუაში...

მესამე ხათუნასთან... ის დროა გადამოწმება დავიწყო...

მეორე ნაწილის დასასრული

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^