საქართველომ სულ ახლახან, 13 ივნისის წყალდიდობის შემდეგ, პირველი, ინტერნეტაქტივიზმზე დამყარებული წარმატება გამოსცადა. საზოგადოება სასიამოვნოდ გააკვირვა გაერთიანების, შრომისა და სოლიდარობის ტალღამ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ინტერნეტაქტივიზმი ქვეყნის პრობლემას ეფექტურად ებრძვის. 25 ნოემბერს ფემინისტების დამოუკიდებელმა ჯგუფმა უმეტესწილად ინტერნეტში იმუშავა, რათა ქალზე ძალადობა დაეგმო და საპროტესტო აქციის გამართვა საქართველოს 25 ქალაქში მოახერხა. თუმცა ამ აქციის წარმატებაში უდიდესი როლი ითამაშა მედიამ, რომელიც 2012 წლის შემდეგ, პოლიტიკის გარდა, საზოგადოებრივი პრობლემებითაც დაინტერესდა.
მეორე შემთხვევაში კი, არც მედიას და არც სახელმწიფოს არ მოუწოდებია მოხალისეებისთვის, შებრძოლებოდნენ სტიქიას. არც წინარე შემზადება ჰქონია ამ მობილიზებას. სტიქიიდან რამდენიმე საათში მოხალისეები კრიტიკულ წერტილებში უკვე მუშაობდნენ.
13 ივნისი - მოხალისეთა გაერთიანება
13 ივნისს, ღამის 4 საათზე სამ მეგობარს - ნინო ეგაძეს, აკო ახალაიას და ლაშა გოგუას - ქალაქის სხვადასხვა ნაწილში ღვარცოფის გამო პრობლემები შეექმნათ. ისინი ერთმანეთს დაუკავშირდნენ და კონტაქტი რომ არ დაეკარგათ, შექმნეს ფეისბუქის ჯგუფი, სადაც ისინი და მათი მეგობრები ერთმანეთს გაუზიარებდნენ, სად რა მდგომარეობა იყო ქალაქში. იმ დროს მათ 150 მომხმარებელი გააწევრიანეს ჯგუფში. გვერდი შეიქმნა რადგან, როგორც ლაშა გოგუა ამბობს, სტიქიიდან რამდენიმე საათის განმავლობაში არ არსებობდა წყარო, რომელიც საჭირო ინფორმაციას ინტენსიურად გასცემდა.
ჯგუფის სამივე ადმინისტრატორს 10 წელზე მეტი გამოცდილება აქვთ მარკეტინგში. ისინი იცნობენ ინტერნეტით მობილიზების სისტემას - ამ ცოდნის გამოყენება სურდათ მათთვის და საკუთარი ახლობლებისთვის, თუმცა ორშაბათ საღამოს ჯგუფი „13 ივნისი - მოხალისეთა გაერთიანება“ 150-დან 8000 წევრამდე ავიდა.
„გვერდის წარმატება სწრაფი, უწყვეტი და უტყუარი ინფორმაციის მიწოდებამ განაპირობა“, - ამბობს გოგუა. ამ ღირებულებების გამო გვერდი მრავალმა წევრმა გააზიარა, სხვა მომხმარებლები დაამატა და ინფორმაციის ნაკადი კიდევ უფრო ინტენსიურად წამოვიდა.
სამი დღის განმავლობაში სამივე ადმინისტრატორი მოსწყდა სხვა საქმიანობებს და მთლიანად ჯგუფის მართვაზე გადაერთნენ, რათა ინფორმაცია დამუშავებულიყო.
პირველ დღეს შემოსული ინფორმაცია გადაარჩიეს და გასაგები, მოკლე შეტყობინებების სახით ჯგუფის გვერდზე დადეს. შემდეგ ეტაპზე ინფორმაცია ორ კატეგორიად დაყვეს - „ვის რა სჭირდება“ და „ვის რა აქვს“. ჯგუფის გვერდზე კი ადმინისტრატორებმა უზრუნველყვეს, რომ ეს ორი მხარე ერთმანეთს დაკავშირებოდა ან ადვილად ეპოვათ მათთვის სასურველი ინფორმაცია: „მაგალითად, ადამიანები გვეუბნებოდნენ: მე მაქვს წყალი, სად წავიღო? ჩვენ ვიცოდით, ვის რა სჭირდებოდა და რომელ ადგილზე, შესაბამისად იქ ვაგზავნინებდით. თუ იმ მომენტში იქ არ იყო ამის საჭიროება, ვაგზავნინებდით გამგეობაში, სადაც საწყობდებოდა და შემდეგ ხდებოდა დისტრიბუცია“, - ამბობს ლაშა გოგუა.
მეორე დღეს ინფორმაციის დინება გაიზარდა, საჭირო გახდა მისი სანდოობის გადამოწმება. ამ ეტაპზე შეიკრა მარკეტერების ჯგუფი, რომლებიც სტიქიით დაზარალებულ ადგილებზე განაწილდნენ. ისინი მოხალისეებს კოორდინირებას უწევდნენ და მათგან ინფორმაციას იღებდნენ. შემდეგ კრიტიკული ადგილებიდან ჯგუფის ადმინისტრატორებს ატყობინებდნენ, რისი საჭიროება იყო ადგილზე. ადმინისტრატორები ინფორმაციას აძლევდნენ შესაბამის ფორმატს - ქმნიდნენ მოკლე, მარტივად გასაგებ ტექსტს და იყენებდნენ შესაბამის ჰაშტაგებს: #დავალება, #13ივნისი.
მესამე დღეს შეიქმნა „ქოლ ცენტრი“, რომელიც სტიქიით დაზარალებული ადგილებიდან შემოსულ ზარებს მიიღებდა და ინფორმაციას საჭიროების მიხედვით გადაამისამართებდა.
სოციალურ ქსელში, მარკეტინგში, მენეჯმენტში და ივენთმენეჯმენტში გამოცდილების შედეგად სამმა ადმინისტრატორმა ეფექტურად შეძლო შემოსული ინფორმაციის დიდი ნაკადის მართვა, გადამუშავება და ჯგუფის წევრებისთვის მიწოდება. ამგვარმა ორგანიზებამ განაპირობა მოხალისეების მუშაობის სწორი კოორდინირება.
3 დღის მანძილზე ჯგუფს 50-მდე ადმინისტრატორი ჰყავდა. სარეკლამო სააგენტოებმა გადაიღეს მოკლე რგოლები, რომელიც გაავრცელეს ჯგუფში გამოყენებული ჰაშტაგებით და კიდევ უფრო გაზარდეს მოქალაქეობრივი ჩართულობა.
18 ივნისს, დილის საათებში გვერდი დაიხურა. ადმინისტრატორების ფეისბუქის გვერდები „დარეპორტდა“ და შესაბამისად გაუქმდა მათ მიერ შექმნილი ჯგუფიც. ჯგუფის მიერ გავრცელებული ბოლო პოსტი მოხალისეებს მოუწოდებდა, არ გასულიყვნენ სამუშაოდ უსაფრთხოების დაცვის მიზნით. მათ ჯგუფის წევრებს მიაწოდეს ინფორმაცია წვიმის და ქალაქში მყოფი მტაცებლების შესახებ. ამჟამად სამივეს აღდგენილი აქვს მათი ფეისბუქის გვერდი, ჯგუფის გვერდი კი 20 ივნისს ბოლოჯერ გაიხსნა, რათა მოხალისეთათვის მადლობა გადაეხადათ და გაევრცელებინათ მოძრაობის ლოგო - ლომის ბოკვრის, შუმბას გამოსახულება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ 18 ივნისს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით გამოძიება დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს. ადმინისტრატორებმა არ იციან, რა ეტაპზეა გამოძიება. გოგუას თქმით, მათ ეჭვიც კი ვერავისზე აიღეს, რადგან არც კი წარმოუდგენიათ, ვის აწყობდა ჯგუფის გაუქმება, რომელიც ქალაქის დახმარების მიზნით 22 000 ადამიანს აკავშირებდა.
ლაშა გოგუა ფიქრობს, რომ ხალხმა მეტ-ნაკლებად გაიგო, როგორ უნდა იმუშაოს ინტერნეტაქტივიზმმა, ანუ ვირტუალური სივრციდან კოორდინირებულმა ბრძოლამ სოციალურ პრობლემასთან - როგორ უნდა შექმნან ჯგუფები, სწორად მიიღონ და გაავრცელონ ინფორმაცია და ხმა მიაწვდინონ ერთმანეთს. შესაბამისად ადმინისტრატორები თვლიან, რომ #13 ივნისის მსგავსი დიდი პორტალის არსებობის საჭიროება აღარ არის და არ აპირებენ ჯგუფის აღდგენას ან სხვა ჯგუფის შექმნას. ლაშა გოგუა ამბობს, რომ პირველ ეტაპზე ამ ჯგუფმა ქაოსური ინფორმაცია დაალაგა, მაგრამ ჯგუფის ფუნქცია ნელ-ნელა იწურებოდა. რომ არ გაუქმებულიყო, ისევ გამოსაგედი იქნებოდა მოხალისეთათვის. მაგრამ ამჟამად სახელმწიფო თავის სტრუქტურებში მობილიზებას მაღალ დონეზე უზრუნველყოფს და ყველამ იცის, რა უნდა გააკეთოს, იცის, რომ გამგეობას უნდა მიმართოს და ა.შ.
ლაშა გოგოუა ჯგუფის წევრი მოხალისეების სულისკვეთებას შემდეგნაირად ხსნის: „ჩვენი თაობისთვის ტელევიზორი ძირითადი მედია აღარ არის. გადავედით მობილურებზე, სოციალურ ქსელებზე, ინტერნეტში. ინტერნეტზე წვდომა თუ გაქვს და მართავ ამ სიტუაციას, შესაბამისად მართავ მასას. ამ ჯგუფის წარმატება ის გახლავთ, რომ პრობლემა იყო ერთი, რომელთა მიმართ ადამიანები ძალიან მგძნობიარენი იყვნენ. ტრენდული გახდა თანადგომა და პოზიტივი. ეს არ იყო მართული არც პოლიტიკის მიერ, არც ეკლესიის მიერ. ბევრი ძალაა საქართველოში, მაგრამ არცერთისგან არ იყო მართული. ყველა თანაბარი ვართ, ყველა საქმეს ვაკეთებთ და გვიხარია! ეს იყო, ის ძირითადი ფაქტორი, რამაც ხალხი ერთად შეკრიბა“.
როგორ მუშაობს ინტერნეტაქტივიზმი
ინტერნეტაქტივიზმი არის კომუნიკაციური ტექნოლოგიების გამოყენება მოქალაქეობრივ მოძრაობაში სოციალურ/პოლიტიკური მიზეზების მხარდასაჭერად ან გასაპროტესტებლად. ინტერნეტაქტივიზმში ყურადღება ჩართულობაზე მახვილდება, მუშაობის პროცესში - კონსენსუსზე, დღის გეგმის ეფექტურ შედგენაზე. დეივიდ კარპფი, ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორი, თვლის, რომ ინტერნეტაქტივიზმი „ინდივიდუალიზირებული კოლექტიური ქმედების“ საშუალებას იძლევა, რაც განპირობებულია გაერთიანებაში არჩევნის მრავალფეროვნების არსებობით. მაგალითად, ინტერნეტში შესაძლებელია ერთი და იგივე მიზნის ბიუჯეტისთვის პარტნიორის მოძიება ფულის შეგროვების სხვადასხვა გზების ძიება - შესაძლებელია ერთ ანგარიშზე ჩარიცხვა, ხელიდან ხელში გადაცემა, ცალკე ფონდის შექმნა. ასევე, მოქნილად შეიძლება კონკრეტული მიზნების დასახვა, ქვეჯგუფებში გაწევრიანება. მოკლედ, ინტერნეტი საშუალებას იძლევა გადაილახოს კოლექტიური მუშაობის ბარიერები. ამის გასაღებია ორგანიზება ორგანიზატორის გარეშე, იერარქიის გაუფერულება. ინტერნეტაქტივიზმი გულწრფელი, უანგარო, სწრაფი და ეფექტური ჩანს.
წარმატებული ინტერნეტაქტივიზმის პირველი ეტაპია კომპიუტერიდან ქუჩაში გადანაცვლება. თუმცა ეს არ ნიშნავს ქსელიდან გამორთვას, რადგან აქტივისტები უმეტესად მობილურის საშუალებით რჩებიან ონლაინ. ინტერნეტაქტივიზმი არაძალადობრივია, შეიძლება იმიტომაც, რომ ინტერნეტაქტივისტების თემში ძალადობისა და დარღვევის „რეპორტიც“ ძალიან სწრაფად ვრცელდება. აქტივიზმში ჩართვის უამრავი საშუალებაა ხელმისაწვდომი და შესაძლებელია მოქმედების ექსესიური დოკუმენტირება აუდიოვიზუალით ბლოგებზე, ფეისბუქზე, იუთუბზე, ტვიტერზე. ასევე, ჩართვის პროცესი ძალიან მოქნილია, რადგან შესაძლებელია ნებისმიერ დროს შეხვიდე ქსელში და მიიღო ინფორმაცია ან #დავალება.
ჰაშტაგზე საუბრისას გაგახსენდებათ მსოფლიოში ცნობილი უამრავი სოციალურ/პოლიტიკური ინტერნეტ კამპანიები #jesusicharlie #bringbackourgirls #icebucketchallenge #arabspring.
#რაცშენგინდა
#13ივნისი - მოხალისეთა გაერთიანება - „ქოვერზე“ მითითებული ბანკის ანგარიში, სადაც დაზარალებულთა დასახმარებელი თანხა ირიცხება. ეს იყო ჯგუფი ფეისბუქზე, რომელმაც 4 დღეში 22 000-მდე მომხმარებელი გააწევრიანა და 200-მდე #დავალება შეასრულა. დავალებათა რიცხვშია დაზარალებულთა რესურსებით მომარაგება, მათი დაბინავება, ტრანსპორტით გადაყვანა, ქალაქის გაწმენდა, სამუშაო აღჭურვილობით მომარაგება. 13 ივნისის აქტივიზმს ხიბლი შემატა მუშაობისას აუდიო-ვიზუალითა და ტექსტით დოკუმენტირებამ, წარმატების და ქსელში დავალების პირნათლად შესრულების თვალსაჩინოების გავრცელებამ. ასევე, მუშაობისას კომიკური ფრაზების გავრცელებამ, მაგალითად: „გაიწიე, ნიჩაბზე არ ამყვე“; ან „ეს ვისი ხეა?“.
ინტერნეტაქტივიზმი ტექნოლოგიური რევოლუციის ნაყოფია. ინტერნეტი და სოციალური მედია ძლიერი ხელსაწყოებია სოლიდარობის გამოსახატავად - მოწოდებისთვის, მხარდაჭერისთვის. ქსელში ჩართული აქტივიზმის უმნიშვნელოვანესი დადებითი მხარეა ადამიანური ქცევის რთულ მრავალფეროვნებაზე მორგება. 13 ივნისის მოხალისეების ამ ტალღამ მკაფიოდ გამოსახა, რამდენად შეგვიძლია ვიყოთ მოქალაქეობრივად ჩართულნი მმართველი ძალისგან დამოუკიდებლად. შესაბამისად, აღმოვაჩინოთ ძალა დავიცვათ, მხარი დავუჭიროთ ან გავაპროტესტოთ სოციალურ/პოლიტიკური მიზეზები - ეკოლოგია, იმიგრაცია, ჯანდაცვა, განათლება - ერთი სიტყვით #რაცშენგინდა.