"ოდესღაც ენები შეერივნენ, გოდოლის კადნიერად შენების გამო, ახლა კი ენები ღმერთშემმეცნებლობის სიბრძნით გამდიდრდნენ. იქ ღმერთმა უმოსავო მშენებლებს დაცემა განუსაზღვრა, ხოლო აქ ქრისტემ მებადურნი სულიწმინდით გაანათლა. მაშინ უხმოვანებამ მოიტანა დასჯილობა, ახლა კი თანხმოვანებამ (συμφωνία) ახლადმოიტანა ჩვენი სულების ცხონება ". -- სულიწმინდის დღის ცისკრის აქებდითსას აწდა-ზე,
სიტყვა, ანუ ტერმინი "ხმა" (φωνή - "უხმოვანებამ, "თანხმოვანებამ"), ამ კონტექსტში უნდა ნიშნავდეს ჰარმონიულობას, წყობილობას ბგერებისა, ანუ არტიკულირებულობას, გამართულობას, გაწყობილობას, შეწყობილობას -- გამართულ მეტყველებას! ესაა ხმა (φωνή, voice, голос) და არა ხმაური (noise, τύρβη, шум).
ქართულში ხმა არის ან ადამიანის ხმა სამეტყველო ან სასიმღერო (საგალობო). ძაღლი ყეფს, კატა კნავის, ჩიტი გალობს, ძროხა ბღავის, ლომი ღმუის, დრტვინავს, ყვავი ყრანტალებს, ჩხავის, მტრედი ღუღუნებს, ღორი ღრუტუნებს, თხა კიკინებს, ცხვარი..., ვირი ყროყინობს, ცხენი ჭიხვინებს, რაღაცა კაკანებს და მე ვქაქანებ...
ბაბილონის გოდოლოს მშენებლობისას ერთი ხმა აირია უხმობაში, ანუ მრავალი ხმის არაარტიკულებულ მეტყველებაში. ადამიანები ალაპარაკდნენ და ხმა არ ისმოდა. ისმოდა კაკაფონია, ყიჟინი, ტირილი, გლოვა, ხორხოცი... დაერივნენ ადამიანები ერთმანეთს -- დისჰარმონია გამეფდა, ხელმწიფობდა სატანა აქანა...
სულიწმინდას, წესით, კვლავ ერთ ენაში და ენად უნდა შეებრუნებინა და კვლავ-ერთ-ხმად ექცია მრავალენობრიობის უხმობა...
მაგრამ, ის რაც მოხდა სხვაა. გაყოფილი ენები კი არ შეაერთა, არამედ თავად სულიწმინდა მოგვერგო --კი არ მოგვირგო, და დაიყო ენებად -- ცეცხლის ენებად, ეცხო რა თითოეულ ენას მირონად და გაჟღინთა იგი და დააორსულა სიბრძნით (ბერძნული ἐσοφίσθησαν - გაბრძენდნენ მე როგორც "სიბრძნით გამდიდრდენ" გადმოვიღე). თითოეულ ენას ჩაესახა იესოდ სულიწმინდა: სულიწმინდა ანგელოზის ხმით გადმოვიდა ქალწულ მარიამზე და ჩაესახა იესოდ, ანუ ღვთის სიბრძნედ...
სულიწმინდა "აორსულებს" ყველა სულს იესოთი, რათა ეს უკანასკნელი იშვას იმ ერში, სადაც ეს სული მოხვდა დაბადებისას...
არა მხოლოდ ებრაელ (ბერძენ, რუს, სომეხ, ქართველ, ლათინ, ამერიკელ) ერში იბადება ქრისტე ამიერიდან, არამედ თითოეულში...
რატომ არ "შე-ყო" გა-ყოფილი ენები? კომუნისტური ამბავი ხომ ერთ ენად ქცევას თეორიობდა-განიზრახავდა საბოლოოდ?! ტოტალიტარიზმის ოცნებაა ამგვარი შე-რევა/გაერთიანება (შერევა ძველქართულად სწორედ ბაბილონისეულ არევას, უმეტყველობას აღნიშნავდა)...
და ამბობს ბერძნული ეს ჰიმნი, რომ თანხმოვანება მოიტანა სულიწმინდამ. ქრისტე იბადება განსხვავებულობაშიც და ეს განსხვავებულობა ერთიან თანხმოვანებას, ანუ სიმფონიას ქმნის (συμφωνία, ასეა ორიგინალში). უმეტყველობის კაკაფონია მრავალხმიანობის ჰარმონიად ვლინდება სულიწმინდის მოქმედებით.
ერთი გაიყო და გახდა მრავალი. ეს მრავალი გაერთიანდა არა ისევ ერთში, არამედ სიმრავლის ერთიანობაში.
ჰო, ესააა გრიგოლი ღვთისმეტყველის ნეოპითაგორელებისაგან აღებული რიცხვების ღვთისმეტყველება. ერთი არსი ღმერთის გადადის ორში, რადგან ერთით არ შეიძლება ჩაიკეტოს უსაზღვრო. შეუძლებელია ერთი იყოს ღმერთი თუ ის თავად-სიკეთეა...
მაგრამ, ახლა უკვე ორში, ანუ სიმრავლეშიც შეუძლებელია ღმერთის მოქცევა, რადგან განშლადობა და დაქსაქსულობა კი არაა ღმერთი, გაყოფილობა და ურთიერთშეპირისპირებულობა, არამედ უსაზღვრო სიმრავლე ერთის. ამიტომ, ორი ისევ გადადის ერთში არ კარგავს რა თავის ორობას, ანუ სიმრავლეობას. მონადა გადადის დიადაში და უბრუნდება მონადას და ხდება ტრიადა, ანუ სამება --სამერთება ღმერთი...
ერთი ენა-ხმა, იშლება სიმრავლედ და უბრუნდება ერთებას ისე, რომ სიმრავლე კი არ განქარდება, არამედ იძენს ხარსისხს, ღვთიურობის სიბრძნეს. კაცობრიობა მეტყველებს ღმერთის მსგავსად. იგი ღმერთის სიმრავლე-ერთობას აირეკლავს ხატად საკუთარ თავში. კაცობრიობა ღმრთის ხატება-მსგავსებაა. ის ჰარმონიულია, როგორც სამება. ის საღვთო მუსიკაა -- შეუძლია იყოს...
ეს იდეალია, რა თქმა უნდა, დასახული ამოცანად...
ერთიანობა სიმრავლეში...
განსხვავებულების თანხმოვანება და არა მონოფონია, სხვა ენის დამუნჯება...
მრავალფერია ცისარტყელა ?!
და ვინ დარჩა ერთხმიანობის მოტრფიალე ან, სხვანაირად რომ ვთქვა, დისკურსში:
1. საქართველოს მონორელიგიურობის მოტრფიალენი?
თუ
2. რუსეთის იმპერია, რომელიც თვლის, რომ კვლავ იმპერიული ერთიანობა და უნიფორმობაა კაცობრიობის ხსნა სლავურ ციებ-ცხელებაში?
თუ
ორივენიცა?