ამ დღეებში ჩვენს მოქალაქეებს სპონტანურად უჩნდებოდათ იდეები, თბილისში დაიდგას ბეჰემოთი ბეგლარის, თეთრი ნაგაზის, სახელად ლედის, მოკლული თეთრი ლომის ბოკვრის - შუმბას ძეგლები. თუმცა ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულება ამ საკითხისადმი არაერთგვაროვანია. მის ერთ ნაწილს ჯერ კიდევ მაღალ-მაღალი, თვალშეუდგამი ძეგლები უფრო ეახლობლება და სწორედ ამის გამო გვესმის მათი მხრიდან ირონიული, აგრესიული, ზოგჯერ კი “პატრიოტული” და „დიდაქტიკური“ ხასიათის მსჯელობები. თითქოს ასეთი “არატრადიციული” და “არასერიოზული” ძეგლები არათუ საჭირო, არამედ ზედმეტი ბარგია.
ქალაქის ესთეტიკაში ქანდაკებას რომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ეკისრება, საკამათო არ არის. არქიტექტურის შემდეგ, ქანდაკება არის ცივილური სივრცის ერთ-ერთი უპირველესი სამშვენისი და იგი მეტყველებს იქ მცხოვრები საზოგადოების მენტალობაზე, მის მისწრაფებებსა და გემოვნებაზე.
თბილისის სკულპტურულ ძეგლებს რომ გადავხედოთ, თავისუფლად შეიძლება მათი კლასიფიკაცია. ესენია – მეფეები, მწერლები და საზოგადო მოღვაწეები, წმინდანები, ხელოვანები (მხატვრები, მსახიობები, რეჟისორები და ა.შ.), ლეგენდარული პერსონაჟები (ვეფხი და მოყმე, ქართლის დედა და ა.შ.). ასევე, აქა-იქ გვხვდება მოდერნისტული, არატრაფარეტული ძეგლებიც, რომელთა რიცხვი მცირეა და ამინდს ვერ ქმნის ერთიან “ხელოვნურ” სურათში.
80-იანი წლებიდან გამოჩნდა ფიროსმანის მეეზოვე, ბერიკები, დედა ენის ძეგლი, ცოტა მოგვიანებით - ბარათაშვილის ხიდზე მდგარი გოგო-ბიჭები; უკანასკნელ წლებში კიდევ უფრო არატრადიციული და ამის გამო დიდი ვნებათაღელვის ობიექტები – რონალდ რეიგანის ძეგლი რიყის პარკში, (მერხზე ჩამომჯდარი); ქალაქის ცენტრში, „რედისონის“ გვერდით – ველოსიპედი და სხვ. რომელთა რაოდენობა მცირეა, მაგრამ ამ ძეგლებმა თავისი გავლენა იქონიეს მოქალაქეთა მენტალობაზე.
ქანდაკებას შეუძლია, არა მხოლოდ ესთეტიკური სიამოვნება მიანიჭოს ადამიანს, ანდა, ისტორიული მეხსიერება შემოუნახოს მოქალაქეს, არამედ რევოლუცია მოახდინოს მის მენტალობაში. მართალია, რევოლუცია მტკივნეული ჩარევაა და, როგორც წესი, ზოგჯერ უმსხვერპლოდაც არ მთავრდება, სამაგიეროდ მას მოაქვს სწრაფი პროგრესი და ისეთი სიახლეები, რომელსაც ათწლეულის შემდეგ თუ მოესწრებოდა ამჟამინდელი თაობა. ჩვენი საზოგადოების ერთ ნაწილს ნამდვილად სჭირდება კულტურული შოკები, რადგან დღევანდელობისთვის დამახასიათებელი სწრაფი პროგრესის ვერმიდევნების გამო ხშირად მათი შეხედულებები ძალზე შორს დგას თანამედროვე სამყაროს გამოწვევებისგან. ეს კი აგრესიას და უსაგნო კამათს იწვევს ისეთ საკითხებზე, რომელნიც სხვა ქვეყნებში უკვე კარგა ხნის აპრობირებულია.
თუკი რამ არ სჭირდება დღევანდელ თბილისს თუ საქართველოს, ეს მეფეების და წმინდანების ძეგლებია (თუ დაიდგმება, დიდს ვერაფერს მოუტანს დღევანდელ თაობას და მომავალს), რადგან ყველა ღირსეული მეფე და წმინდანი კარგა ხნის გაძეგლებული გვყავს, ხოლო, რაც სჭირდება, არატრადიციული, დაბალ პედესტალზე მდგარი, გაადამიანურებული, ჩვენს დონეზე დაწეული ქანდაკებებია, რომელნიც სითბოს და თანაგრძნობას იწვევენ ადამიანში და უფრო მეტად აგრძნობინებენ სამყაროს თანასწორობას. მით უფრო, ფსიქოლოგიაც გვირჩევს, რომ მაღალი პედესტალები და წოწლოპინა ძეგლები მხოლოდ თრგუნავენ და აშორებენ ადამიანს ამ ძეგლთან, და სრულიად არასასურველ პროცესებს იწვევენ ფსიქიკაში. ასე რომ, დღეს ჩვენთვის უპრიანია სრულიად ახლებური, არატრადიციული და ნაკლებად ადაპტირებული ძეგლები, რომელნიც სერიოზულ ძვრებს მოახდენენ რეტროგრადულად მოაზროვნე ადამიანთა ცნობიერებაში.
როგორც ცნობილია, ხელოვნებაში მომხდარმა ამგვარმა ძლიერმა “დარტყმებმა” შეცვალეს დასავლელი ადამიანის ცნობიერება, ამიტომაც ენიჭებათ ასეთ სკულპტურებს განსაკუთრებული მნიშვნელობა. ამის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად სახელდება როდენის “კალეს მოქალაქენი”, რომელიც საგანგებოდ დაიდგა დაბალ პედესტალზე, რათა თანამედროვე ადამიანისთვის საუკუნეების წინანდელი მოქალაქეების თავგანწირვა მხოლოდ ისტორიული ფაქტი ანდა ლეგენდა კი არ ყოფილიყო, არამედ - ცოცხალი ადამიანისათვის მისაბაძი, ზნეობრივი ნაბიჯი, რომელსაც კიდევ არაერთხელ გადადგამს, ვიდრე იქნება ადამიანი.