Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

"რატომ ვერ ვხვდებით, რა არის წმინდა"

26 ივნისი 2015

13 ივნისის  სტიქიიდან  არც ისე დიდი დროა გასული, მაგრამ ქართულმა მედიამ  უკვე მოახერხა ტრაგედიის  ცირკად გადაქცევა. ამ ცირკის შემოქმედები კი ფედერიკო ფელინის „გზის“ ჯამბაზები  ჯელსომინა და  ძამპანო არ არიან, რომელთა მიმართაც მაყურებელი სოლიდარულია.  ამ ყველაფერის მწარმოებელი გაყვითლებული უნიჭო მედიაა, რომელსაც ჰყოფნის თავხედობა სრულიად გაუაზრებლად და სამარცხვინოდ მოეკიდოს აღნიშნულ  თემას.  ტელევიზია, რომელმაც სტიქიის ღამე  გააშუქა და ბევრის პატივისცემა დაიმსახურა, მალევე აკეთებს გადაცემას, სადაც წამყვანი ტრაგედიის ღამით  გადარჩენილ  ბავშვს დიდი სიყვარულით ეკითხება  - „დედი, რა გახსოვს იმ ღამეს? შეგეშინდა შენ, დე“ .  რეიტინგს დახამებული ხელმძღვანელობა კი მას არა თუ დაითხოვს ტელევიზიიდან ან  მინიმუმ სახალხოდ მოახდევინებს ბოდიშს, არამედ მადლობას უხდის და აგრძელებს აბსურდის ტირაჟირებას.  “მაუწყებელთა ქცევის კოდექსი“  კი შრომის კოდექსის მსგავსად  უბრალო ბუტაფორიად და  გამოუყენებელ ნივთად რჩება.

ცირკის დამაგვირგვინებელი ხაზი ტელეკომპანია „იმედმა“ქართული ჟურნალისტიკის ერთ-ერთი ფლაგმანის ეკა ხოფერიას  თოქშოუს მეშვეობით შექმნა.  კლიპს მგზავრების „ძალა ერთობაშია“ აფორმებს. ეკრანზე კი  შოუბიზნესის ცნობად სახეებთან ერთად  დატბორილი მზიურის გასასუფთავებლად გაერთიანებულ ახალგაზრდებს ვხედავთ.  მთავარი ხაზი კი მაინც ცნობად სახეებზე და მათ ჟესტიკულაციაზე გადის.

პირველ რიგში,  აღვნიშნავ, რომ მოცემული ფაქტი საერთო სოლიდარობის შესახებ ცალსახად პოზიტიური და არსებულ არაემპათიურ სივრცეში წინგადადგმული ნაბიჯია. თუმცა, სამწუხაროდ, მიწევს მარტივი ჭეშმარიტების აღნიშვნა, რომ ადამიანები, რომლებიც მუშაობდნენ მზიურში არც ოქროს თაობას წარმოადგენენ, არც გმირები არიან.  ის ყველაფერი კი,  რაც იქ  ხდებოდა არის  უბრალოდ სამოქალაქო თვითშეგნების საკითხი. მარტივი ჭეშმარიტება, მოქალაქეობრივი ვალდებულება.  თუმცა მედიამ და საზოგადოების ნაწილმა ეს თემა მაინც განსხვავებულ ჭრილში დაინახა.  აქ  კი შეიძლება ადამიანური ეგოიზმიც ჩაერთოს შემდეგი პათოსით - „შენ სად იყავი მაშინ, მე რო მზიურს და ზოოპარკს ვასუფთავებდი“. თუმცა უამრავი ახალგაზრდა მართლაც რომ გულწრფელად და ანგარების გარეშე ეხმარებოდა დაზარალებულ ოჯახებსა და ქალაქს.  მეორე მხარის სიყვითლე და შეუგნებლობა კი მათაც დასცინის.

ახლა კი დავუბრუნდეთ აღნიშნულ კლიპს, რომელიც თითქოს  ტრილოგიის დასკვნითი ნაწილია 9 აპრილის ტრაგედიას მიძღვნილ „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტებთან“ და  ჯემალ სეფიაშვილის  „გიხაროდენ“ მუსიკის ფონზე გადაღებულ კლიპთან ერთად.   „ძალა ერთობაშია“  კი შემდგომი ვულგარული კიჩია,  რომელიც აცლის რეალურ მნიშვნელობას სოლიდარობას და  ტრივიალურ გასაყიდ პროდუქტს წარმოადგენს.  მისი გმირები კი ხელოვნურობის დიდ წრეს ქმნიან, სადაც გაბრაზებული და შეწუხებული სახეები  უბრალო ფასადურობა ხდება.  ტექსტის ლირიკა მარტივია - „რატომ არ არის მე როგორც მინდა, უნდა გვჯეროდეს, უნდა გვესმოდეს, რომ ძალა ერთობაშია“.    საინტერესოა, რა განცდა დაეუფლებათ ამ კლიპის შემხედვარე  ტრაგედიით დაზარალებულებს.  საინტერესოა ისიც, რომელ ერთიან ძალაზეა საუბარი, როცა საზოგადოების უმრავლესობა არ იყო ერთიანი, როცა ვერეს ხეობას ერთგვარ სარკოფაგში  აქცევდა ხელისუფლება, რომელიც ხაზს უსვამდა როგორც მეცნიერებას, ასევე ურბანულ დაგეგმარებას.  რატომ არ გავერთიანდით პანორამას იდეის გაუქმების ირგვლივ? რატომ არ ვერთიანდებით, როცა თბილისის მერია სრულიად ანტიეკოლოგიურ და ანტიურბანულ პოლიტიკას ატარებს? რატომ არ ვერთიანდებით  მაშინ, როცა უამრავი დასაქმებული მუდმივი ექსპლუატაციის პირობებში იმყოფება და მაღაროებში დაღუპული ადამიანები ჩვენთვის ყოველდღიურობას წარმოადგენს და არა საერთო პროტესტის წინაპირობას?  რატომ არ ვერთიანდებით მაშინ, როცა  სახელმწიფო ზემო სვანეთში აშენებს  ხუდონჰესს, რომელიც ასობით ადამიანის  უსახლკაროდ დატოვებას გამოიწვევს. ამასთან ერთად  გახდება გარანტი ეკოლოგიური კატასტროფისა და კულტურული მემკვიდრეობის განადგურების. რატომ არ ვერთიანდებით მაშინ, როცა სახელმწიფო კერძო ინვესტორს ჩვენზე მაღლა აყენებს? რატომ არ გავერთიანდით, როცა საყდრისი ააფეთქეს ? რატომ არ ვერთიანდებით მაშინ, როცა სავალდებულო საჯარო სამსახური დესტრუქციულ სისტემას წარმოადგენს, რომელიც უკარგავს ადამიანს არჩევნის უფლებას  და ამის ხარჯზე მდიდრდება?  რატომ არ ვერთიანდებით უმცირესობათა  უფლებების  დაცვის  მოთხოვნით? რატომ არ ვერთიანდებით ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ, რომელიც არა თუ ავიწროებს და აპატიმრებს უდანაშაულო ადამიანებს, არამედ კლავს.

რატომ არ ვერთიანდებით სიბნელისა და ძალადობრივი ინსტიტუციების წინააღმდეგ? რატომ არ ვერთიანდებით, მაშინ როცა...

აღნიშნულ კლიპს კი ტრადიციული ქართული ცეკვა ასრულებს, რომელიც  როგორც ყოველთვის ხდება სიმბოლო პატრიოტიზმისა და გადამეტებული ქართული ნაციონალიზმის.  ეს ყველაფერი კი „საუკეთესო ერის“  მითს ამძაფრებს. მითს, რომელიც სანამ არ განადგურდება ყველაფერ რეალურს  დაასამარებს.

მანამდე კი გახდება  სიმბოლო იმ სიყალბის, რომელშიც ვიმყოფებით.       

ტრილოგია არ დასრულებულა. ცირკი გრძელდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^