1.
მეჩვენება, რომ ნუცა ალექსი-მესხიშვილის "კრედიტის ლიმიტის" კამერას არ აინტერესებს პოლიტიკური პირობა, რომელიც ადამიანებს ქუჩაში ტოვებს. კინოჩვენებიდან გამოსულს, გიჭირს, მოიშორო აზრი, რომ მთავარი დამნაშავე ფილმის გმირი ნინოა, უჭკუო ქალი, რომელმაც ფულთან ურთიერთობა არ იცის.
2.
მეორე პუნქტი მიურეი როტბარდის რადიკალურ ლიბერტარიანულ პროგრამას დავუთმოთ. გაყიდეთ ქუჩები! ჩვენ გვჭირდება სამყაროს ისეთი ორგანიზაცია, სადაც მიწის ყოველი ნაგლეჯი კერძო მესაკუთრის საკუთრებაა! ამავე პუნქტში ვთქვათ, რა მოხდებოდა როტბარდის ასეთი თავისუფლება რომ დაფუძნებულიყო. უსახლკაროები, ქუჩაში დარჩენილები აღმოჩნდებოდნენ პრივატულ ტერიტორიაზე, სადაც გადაადგილება, მესაკუთრის თანხმობის გარეშე, უდრის საკუთრების წესების დარღვევასა და შესაბამის პასუხისმგებლობას.
ეს იმის სათქმელად დაგვჭირდა, რომ გვეთქვა, უსახლკაროსთვის საჯარო, საზოგადოებრივი სივრცე ერთადერთი ადგილია, სადაც მისი ყოფნა დაშვებულია.
3.
უკანასკნელ წლებში ჩვენ ვაკვირდებით საჯარო სივრცეების თანდათანობით გაუჩინარებას, განსაკუთრებით, თბილისში. იყიდება მიწები; შენდება სასტუმროები, მრავალსართულიანი კორპუსები, რესტორნები. ჩემ შვილთან ერთად, თითქმის ყოველ დღე, ვდგები ასათიანზე, შემოღობილი საბურთალოს ტყე-პარკის შესასვლელთან, სადაც უცხო პირთა შესვლა სასტიკად აკრძალულია. მათთვის, ვისაც აკრძალვები არ აშინებს, უზარმაზი ბოქლომი არსებობს.
მაგრამ შემცირებული, გაქრობის პირას მისული საჯარო სივრცეები არ არის ჩვენი ინტერესის საგანი. ჩვენ გვაინტერესებს, როგორ არის ორგანიზებული საჯარო სივრცე თბილისში, როცა ის არსებობს. სხვა სიტყვებით, რას ვითხოვთ, როდესაც ვითხოვთ მეტი საჯარო სივრცის არსებობას.
4.
სან ფრანცისკოს მერმა, ფრენკ ჯორდანმა გადაწყვიტა, ქალაქში არსებული საჯარო სივრცეები დაებრუნებინა მოქალაქეებისთვის და პოლიციის დახმარებით აყარა ქალაქის ცენტრში დაბანაკებული უსახლკაროები. მას კეთილშობილური მიზნები ჰქონდა. ქალაქი ეკუთვნის ქალაქის მოსახლეობას, სიტი კომმუნიტის, ის ამბობდა. დაბანაკებული უსახლკაროები, თავიანთი ძონძებითა და ხარახურით, ქალაქის მოსახლეობას ართმევს უფლებას, ისარგებლოს საერთო სიკეთით, იმით, რაც მათაც ეკუთვნით. საჯარო სივრცის ასეთი გამოყენება ჩრდილს აყენებსო საერთო, საზოგადოებრივი საკუთრების იდეას, უსახლკაროებით დაბანაკებული ტერიტორიების ანტისანიტარიაზე რომ არაფერი ვთქვათო, მეგობრებო.
5.
საჯარო სივრცეების მზარდი რეგულირება სახეცვლილი პოლიტიკაა როტბარდის უტოპიური მანისფესტის, ამბობს სამართლის თეორისტი ჯერემი ვოლდრონი. დასავლური სახელმწიფო, სხვადასხვა ლეგიტიმურ საჯარო მიზნებზე მითითებით, არეგულირებს საჯარო სივრცეს, საჯარო სივრცეში კრძალავს ჭამას, მოფსმას, დაბანას, ტყნაურს, დაძინებას. საერთო საკუთრების ადგილი იმგვარ სივრცედ კონსტრუირდება, სადაც მხოლოდ რელაქსაცია და კეგლის თამაში შეიძლება.
უფრო მოკლედაც შეგვიძლია, მოვჭრათ. საჯარო სივრცე კრძალავს იმის კეთებას, რაც სახლში კეთდება და უნდა გაკეთდეს.
6.
როგორ შეიძლება უსახლკაროს, უპოვარს, შეშინებულს, გაყინულს ამგვარი აკრძალვები დავუწესოთ, - ცრემლებს მაჯებით იწმენდს მკითხველი.
ჩვენ გვეუბნებიან, რომ ასეთი კანონი არ მიემართება მხოლოდ უსახლკაროებს, არამედ თანაბრად - უსახლკაროს და შეძლებულს. რომ კანონი, თავის დიად თანასწორობაში, ერთნაირად უკრძალავს უსახლკაროსა და სახლიანს ხიდის ქვეშ დაძინებას.
სიმართლე პირიქით არის. კლირუოტერის სასამართლომ გააუქმა კანონი, რომელიც ბლანკეტურად, გამონაკლისის გარეშე კრძალავდა საჯარო სივრცეში დაძინებას და პოლიციას მძინარეების დაკავების უფლებას აძლევდა. სასამართლომ ამაყად თქვა, რომ არ გამეუქმებინა, კანონი შეიძლება, იმგვარად განმარტებულიყო, რომ საკუთარ მანქანაში ძილი აეკრძალა მოქალაქისთვის, თუ ეს მანქანა საჯარო სივრცეში იდგაო.
7.
საჯარო სივრცის ქართული სამოქალაქო აქტივიზმი, ვიზ ოლ დუ რესპექტ, რჩება აზროვნების ამ საზღვრებში. საჯარო სივრცისთვის ბრძოლა არის ბრძოლა ჩრდილიანი, მწვანე ადგილებისთვის, რომლებსაც შუადღისას ვეწვევით შესვენებაზე, საღამოობით - ჩვენი ბავშვიკოებით, უიქენდებზე - მეგობრებით.
ამ წესებისგან ყოველი გადახვევა ნიშნავს მიშენების გაკეთებას საჯარო სივრცეში.
8.
წარმოვიდგინე, რომ "კრედიტის ლიმიტის" გმირი ნინო სიცოცხლეს აგრძელებს "ცრემლიან სათვალეში." გემახსოვრებათ, ქეთინოს პერსონაჟი, რომელიც ნაცნობებთან შეირბენს ხოლმე რამდენიმე წუთით და ხანმოკლე მოკითხვის შემდეგ ტუალეტში გასვლის ნებართვას ითხოვს.
თუ ჭამა აკრძალულია საჯარო სივრცეში, უსახლკაროსთვის ჭამა აკრძალულია. თუ მოფსმა აკრძალულია საჯარო სივრცეში, უსახლკაროსთვის მოფსმა აკრძალულია. თუ დაბანა აკრძალულია საჯარო სივრცეში, უსახლკაროსთვის დაბანა აკრძალულია. თუ ტყნაური აკრძალულია საჯარო სივრცეში, უსახლკაროსთვის ტყნაური აკრძალულია. თუ დაძინება აკრძალულია საჯარო სივრცეში, უსახლკაროსთვის დაძინება აკრძალულია.