Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვაკანსია უარყოფითი პერსონაჟის როლზე

27 ივნისი 2015

ერთ ძალიან შემოქმედებით პაციენტს არტთერაპიის ცნობილი ტექნიკა “ნიღაბი” შინაარსით არ მოეწონა. თეთრი ქაღალდისგან საკუთარი პროფილის გამოჭრა დაიწყო. უამრავი გამოჭრა და შავ მუყაოს დააკრა. ათობით პროფილი მარაოსავით გადაიშალა.

“არ მაქვს ნიღბები, ბევრი სახე მაქვს, ყველა ნამდვილია, მე ვარ კეთილიც და ბოროტიც, მხიარულიც და სევდიანიც….“

სამყაროში, სადაც ყველაფერი ცოცხალი ერთმანეთის საკვებად და მოხმარების პროდუქტად გაჩნდა, შეძენილი თუ თანდაყოლილი, აგრესია ბუნებრივი გრძნობაა.

თუ გასართობად ანადგურებ, ბარბაროსობაა, თუ გშია და საკვებად კლავ, ბოროტებად არ ითვლება. სად გადის ზღვარი თვითგადარჩენის  ქცევას და აგრესიას შორის,  როცა თავად შიმშილი, სურვილი, სათავეშივე გულისხმობს სხვისი გადაყლაპვის დაშვებას?

პატიოსანი ლომი სანადირო კვადრატს წესების დაცვით აკონტროლებს. როცა უძლურდება, ახალგაზრდა ლომი სხვა კვადრატიდან მოდის, დაბერებულს გლეჯს და ტერიტორიას ეპატრონება, მის ბოკვრებსაც ჭამს, რომ ამ კვადრატში თავისი გენი განავითაროს.  ომებიც იგივე პრინციპით ხდება.  სარჩო- საბადებელს ნავთობი და ოქრო მოგვიანებით დაერქვა,  თორემ უფრო ადრე ადამიანები ერთმანეთს თავს იმიტომ უჩეხდნენ, რომ ერთის ძროხამ მეორეს მიწაზე ბალახი მოძოვა.

ადამიანურ არსებობაში აგრესიის მამოძრავებელი იმპულსი მხოლოდ ფიზიკური გაგებით უსაფრთხოება არაა. უსაფრთხო ყოფაში შედის უკონკურენტო გარემოც.

რაც უფრო დაზიანებული, არათვითკმარია ეგო, ფსიქოლოგიურად დამშეული, ან დაურწმუნებელი და შეშინებული, ვინმემ მისივე შინაგანი თვალით არ აღიქვას როგორი “არარაობაა”, მით მეტად ცდილობს, თუ შანსი მიეცემა, გაწმინდოს სივრცე. რადგან ვერ ახერხებს ძლიერთან თანაარსებობაში შეიძინოს მოძრაობის სტიმული და თვითონ გახდეს უკეთესი, ერთი გზაღა დარჩენია, “უკეთესის” განადგურება.

ამგვარად დაიბადა შური, ნეგატიური გრძნობა, რომელიც აღიარების და აღტაცების  გაუკუღმართებული გამოვლინებაა. ზოგჯერ სიყვარულისაც კი, როგორც ზოგადად გვიყვარს ჩვენ ჩვენი მსხვერპლი, მაგალითად, ბატკანი. იმდენად გვიყვარს, რომ მის დანახვაზე ნერწყვი გვადგება. უმისოდ ჩაქაფული არ იქნებოდა, უჩაქაფულოდ კი ცხოვრება ნაკლებ გემოჩასატანებელი.

კონფლიქტური გრძნობები პირველ რიგში ახლო მანძილზე და გარემოცვაში ჩნდება, ოჯახის წევრებს შორისაც კი და ამ რთულ, ამბივალენტურ გრძნობას გერმანულად მშვენიერი სიტყვა “Hassliebe”, სიძულვილ-სიყვარული ჰქვია. თუმცა ხშირად, უფრო კომფორტული გამოსავალია აგრესიის გადატანა აბსტრაგირებულ, გარე ობიექტზე, რომელიც რეალურად შესაძლოა, საერთოდ არ მონაწილეობდეს აგრესორის ცხოვრებაში, არც კარიერულად კვეთდეს მის გზას, არც სასიყვარულო ასპარეზზე და არც მის ცხოვრებისეულ დაბრკოლებებში მიუძღვოდეს რაიმე სახის ბრალი.

ეს უბრალოდ იდეალური პროექციული მეთოდია, გაექცე საკუთარ რეალურ პრობლემებს, რომლის მოგვარების ძალასაც ვერ გრძნობ.

გარეშე პირის აგრესიის ობიექტად შერჩევისას უმეტესწილად სიძულვილი “ნებადართულია”, უარყოფითი პერსონაჟის როლზე გარემოდან ნაკარნახევი სახე ან ჯგუფი მტკიცდება. სიძულვილის ობიექტს ყოველგვარი ცუდობა, რადიკალურად განსხვავებული ღირებულებები და რწმენები მიეწერება. თანაც ისე დაბეჯითებით, რომ შინაგანადაც გჯეროდეს, დიახ, მინიმუმ თავის გახეთქვის “ღირსია”!

პერსონაჟი ხშირად სრულიად უცხოა და ამგვარადაც ბრძოლა უსაფრთხო. მისი  განადგურებით აგრესორი ვერ გრძნობს, რას აგებს, სჯერა, რომ მის შინაგან მარტოობას სინანული და დამატებითი დანაკარგი არ ემუქრება.

უარყოფითი პერსონაჟი სასურველია იყოს აბსოლუტურად დეჰუმანიზირებული, აბსოლუტურად ცუდი, აბსოლუტურად მტერი, “ხალხის მტერიც”კი. პერსონაჟის პორტრეტი იხვეწება, ათასი ფერით და პლასტით მდიდრდება და გარკვეული დროის შემდეგ კატეგორიული სისასტიკითაა ხელნაკრავი მასში არსებული რაიმე სიკეთე. ყოველი მისი სწორი ქცევა ბრაზითაა აღქმული.

აგრესიის მკვებავი ერთი მხრივ შინაგანი ფრუსტრაცია, ხელმოცარულობის გრძნობა, გადაღლა, სულიერი (შესაძლოა, ფიზიკურიც) დისკომფორტია.

ადამიანი, რომელსაც რაღაც სტკივა,  ერთმა სიტყვამ შეიძლება გააღიზიანოს .  ამგვარი აგრესია ფუნდამენტურად მტრული არ არის.

ასევე მეტი თანაგრძნობით შეიძლება აღვიქვათ  მაპროვოცირებელი ფაქტორების მიმართ საპასუხო  აგრესიული რეაქცია, რასაც ვერ ვიტყვით კოპირებული,  ანუ დასწავლილი აგრესიის შესახებ.

ფრანგი სოციოლოგი ტარდი აღწერს ბრბოს თვისებას, გადამდებ აგრესიას, როცა გახმაურებულ კრიმინალს მსგავსი დანაშაულის მთელი ტალღა მოჰყვება ხოლმე.

ბარემ ფროიდი და მისი “ჰიდრავლიკური თეორიაც” ვახსენოთ, ჩემგან მისი გვერდის ავლა იგივეა, კომპარტიის წევრმა ლენინი არ დაიმოწმოს:

მოგეხსენებათ, ფროიდი ინსტინქტების ერთგული კაცია და თვლის, რომ ორი ბაზისური ინსტინქტი განკარგავს ჩვენს არსებობას, აზროვნებას და ქცევას. აგრესია ხან სიკვდილის, ხანაც სიცოცხლის (გადარჩენის) ინსტინქტიდან მომდინარეობს. შიგნით მიმართული თვითდასჯაში, თვითგანადგურებაში ვლინდება, გარეთ მიმართული კი სხვების მიმართ მტრობაში.

ფროიდს მიაჩნია, რომ აგრესიის ენერგია რაღაც ფორმით უნდა განიტვირთოს, წინააღმდეგ შემთხვევაში დაგროვდება და ან ადუღებული წყალივით საკუთარ თავს ამოაშრობს, ან ერთხელაც ერთბაშად გადმოდინდება და “აფეთქებას” გამოიწვევს.

რაღაც ფორმით კი ბატონო, სპორტით, თამაშით, რომელიც მოგება-წაგებას გულისხმობს, ბოლო ხმაზე სიმღერით, დისკოტეკაზე ხტუნვით, ხანდახან ზედმეტი ჭამით და ხანაც შეშის ჩეხვით, რათქმაუნდა, უკმაყოფილების დროული გამოთქმითაც. თუნდაც, რაც ჩვენ ფილმების ყურებისას ცუდიანები მკვლელთან ერთად გვიხოცია, ესეც შეიძლებოდა გვეკმარა.

მაგრამ დავუშვათ, ინტერნეტსივრცეში “მდუღარე ქვაბიდან” ქაფის გადმოღვრა ისეთი ღვარძლით და აგრესიით მოხდა, როგორსაც ხშირად წააწყდებით, ნაკლებად სასარგებლოა. ნებისმიერი ჯგუფური ქმედებისას ადამიანების განმუხტვა კი არა, დამუხტვა ხდება და  საბოლოოდ, თუკი ვინმე მიმართულებას მისცემს, ზვავად ქცევისთვის გამზადებული საფუძველია.

ნიღაბი სიტყვამ მოიტანა და, არაჩვეულებრივად საინტერესო ფენომენია, უსახო პერსონაჟების სისასტიკის თეატრი.

შეგიმჩნევიათ, თუნდაც ინტერნეტში უმეტესწილად, ყველაზე აგრესიული ადამიანები ყალბ “პროფილს” რომ არიან ამოფარებული?

იმ ანონიმური წერილების ამბავიც ხომ გსმენიათ, 1937 წელს ერთმა ნახევარმა საქართველომ მეორე ნახევარი საქართველო რომ დაახვრეტინა?

დიახ. დეინდივიდუალიზაცია იდეალურად ეხმარება ადამიანს, “თვითონაც ვერ ხედავდეს საკუთარ თავს”, ისე ჩაიდინოს სისასტიკე, საკუთარ იდენტობაში თვითონაც აღარ იყოს დარწმუნებული. ეს მე ვარ? ვინ თქვა?

პირდაპირი გაგებით ნიღაბი, ჩაფხუტი, სპეცდავალებაზე გაგზავნილი ადამიანებისთვის საქმის შემამსუბუქებელია, როგორც თინეიჯერ გოგონებს მაკიაჟით გალესილი სახე უმსუბუქებს სოციოფობიას.

მოკლედ, შევთანხმდით, რომ მთლად ჩვენი ბრალი არაა კაციჭამიები რომ ვართ. ხოლო ის, რომ კაციჭამიები არ ვართ, უდაოდ ჩვენი დამსახურებაა.

უფრო სერიოზულად, მეტნაკლები ხსნა რაშია?

ყველა ადამიანს აქვს გარკვეული ლიტრაჟის ენერგიის აუზი. თუ სიტუაცია გვაიძულებს და იმაზე მეტს ვხარჯავთ, ვიდრე გვაქვს, ვიფიტებით, ვღიზიანდებით, ვიღრინებით და საბოლოოდ ვავადდებით. თუ ენერგია მეტი გვაქვს და ნაკლებს ვხარჯავთ, ნარჩენი ასევე აგრესიად გარდაიქმნება, დარბის ჩვენს სულში და სხეულში და საბოლოოდ დაავადებას იწვევს.

მთელი ამოცანა რეალიზებული, ბედნიერი, სიყვარულით გაბრუებული, შესაძლებლობებთან  სწორად დაბალანსებული, საკუთარი თავით კმაყოფილი ადამიანების რიცხვის გაზრდაა. სული სავსე უნდა იყოს, ცარიელ ადგილს ყოველთვის ბრაზი და შხამი იკავებს. ვცადოთ, გარდავქმნათ დამანგრეველი ენერგია სასარგებლო ქცევად, რომ მაქსიმალურად დავტკბეთ სიცოცხლით, ამ არაჩვეულებრივი მოგზაურობით.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^